Skip to content

ავტორიზაცია

სახიფათოა თუ არა მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაცია?

 თაკო ბაქრაძე, წიგნის სახელოსნო
მომხრე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე


დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოებაში გავრცელებული ტერმინი "მსუბუქი ნარკოტიკი", სამედიცინო თვალსაზრისით, მცდარია. მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ მარიხუანაზე, რომლის 2-3-ჯერ მოწევაც კმარა, რომ ნარკოტიკისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისება - მიჩვევა და შემდეგში განმეორებით მიღების მოთხოვნილება გამოავლინოს; უფრო მეტიც, მარიხუანამ ერთხელ მოწევის დროსაც კი შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ფსიქიკური ძვრები, რომელზეც ფსიქიატრები დღემდე კამათობენ - არის ეს შიზოფრენია, რომელიც დაიწყო მარიხუანას მოხმარებით, თუ ჰაშიშური ფსიქოზი, რომელიც შიზოფრენიას ჰგავს. მარიხუანა ხშირად არის ის ნარკოტიკული საშუალება, რომლითაც ზოგადად ნარკოტიკების მიღებას იწყებენ და შემდეგ გადადიან სხვა ტიპის, საზოგადოების გამოთქმით, უფრო "ძლიერ" ნარკოტიკზე, მაგალითად ოპიუმზე. ანუ მარიხუანა საწყისი ეტაპია და ვთქვათ, ოპიატებისგან განსხვავებით, რომელთა მოხმარებას სჭირდება შპრიცი და მომზადება, გაცილებით ადვილად მოსახმარია. საქართველოში, ისევე როვორც მსოფლიოს 204 ქვეყანაში, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, აკრძალულია ექიმის დანიშნულების გარეშე ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალების მიღება. ბოლო წლებში დაიწყო საუბარი მარიხუანას სამკურნალო თვისებებზეც. არის ქვეყნები, მაგალითად იაპონია, სადაც მარიხუანა ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობისთვის, სიმსივნური ტკივილების დროს გამოიყენება. თუმცა იქ ასეთი გამოყენებაც მხოლოდ ექიმის დანიშნულებით ხდება. დღეს, როცა ლიბერალიზაციაზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ თუნდაც მეზობელი რუსეთი, რომელმაც დაახლოებით 10 წლის წინ მოახდინა ლიბერალიზაცია, ანუ გააუქმა ნარკოტიკების მიღებაზე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დასჯადობის მუხლი. მიიღეს შემდეგი სურათი: 2004 წელს ფსიქიატრების ყრილობაზე მთავარმა ნარკოლოგმა გამოიტანა შედეგები, რომლის თანახმად, რუსეთის 16 ქალაქში 13 წლის ასაკში თითქმის ყველა მოიხმარდა ნარკოტიკებს. 2005-ში კანონი სასწრაფოდ აღადგინეს. ასეთივე შედეგი გვაქვს ჰოლანდიაში, როცა ამსტერდამის რამდენიმე რაიონში მოხდა მოხმარების დეკრიმინალიზაცია. ფაქტობრივად, ეს იყო არა კანონი, არამედ საპროცესო შეთანხმება სახელმწიფოსა და პოლიციას შორის, რომ პოლიციას ის რაიონები არ გაეკონტროლებინა. დღეს ჰოლანდიელი კოლეგები სერიოზულად ფიქრობენ, რომ ეს დაშვება ისევ გააუქმონ, თუნდაც იმიტომ, რომ იმ კვარტალში არა მარტო მარიხუანას, სხვა ნარკოტიკებსაც მოიხმარენ; ასევე იმის გამო, რომ იქ მარიხუანა ადვილად იყიდება, ადვილადვე გამოდის გარეთ. ძალიან რთულია ამ საკითხის თავიდან ბოლომდე განხილვა. ნარკომანია არ არის ინფექციური დაავადება, რომელიც შეიძლება შეგეყაროს. როცა ლიბერალიზაციაზე ვფიქრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნარკომანები არ არიან განყენებული ადამიანები, მათ გვერდზე საზოგადოებაა, ახალგაზრდა თაობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ითვლის სტატისტიკას, რომ ერთი ნარკომანი საშუალოდ ათ ადამიანს მოიზიდავს ნარკოტიკის გასასინჯად, რომლიდანაც 3 ნარკომანი ხდება. ამაზეა ლაპარაკი. ახალგაზრდა ასაკში უფრო დიდია კანონის შიში, ვიდრე შეგნება იმისა, რომ ნარკოტიკი ცუდია. მე, როგორც ექიმს, მეცოდება ჩემი ავადმყოფები, რომლებიც ისჯებიან იმის გამო, რომ ავადმყოფები არიან. მაგრამ ეს რომ არ გვქონდეს, უარეს მდგომარეობას მივიღებდით. რაც შეეხება ამ ხალხის დახმარებას, ლიბერალიზაცია კი არა, საჭიროა, საზოგადოებამ ერთი მხრივ სახელმწიფოს, მეორე მხრივ საკუთარ თავს მოსთხოვოს, გააკეთოს რამე ნარკომანიის აღმოსაფხვრელად. დღეს ჩვენ არ გვაქვს რეაბილიტაციის ცენტრი, არა გვაქვს სავალდებულო მკურნალობის საშუალება, არადა, ნარკომანი ხშირად თვითონ თხოულობს, - ჩამკეტეთ, რომ თავი დავანებოო. მართალია, ჩვენთან სახელმწიფომ დაიწყო ზრუნვა სავალდებულო მკურნალობის სტაციონარის გაკეთებაზე, მაგრამ ეს ჯერ საკმარისი არაა. ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბევრი რამ გვაკლია. ჯერჯერობით არც საქართველო და არც ჩვენზე ბევრად უფრო მოწესრიგებული მსოფლიოს სხვა ქვეყნები ლიბერალიზაციისთვის მზად არ არიან. მით უმეტეს, ქართველებს ხასიათში გვაქვს, ოღონდ რამეზე "შევჯდეთ" და სიამოვნება მივიღოთ.
მოწინააღმდეგე
ჟურნალისტი
ნარკოტიკების "მძიმედ" და "მსუბუქად" დაყოფა, ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის გარდა, იმითაც განისაზღვრება, თუ რა დოზით იწვევს ის ფიზიკურ დამოკიდებულებას და რამდენად რთული და მტკივნეულია მისთვის თავის დანებება. ამ მახასიათებლებით დალაგებული ნარკოტიკული საშუალებების სიაში მარიხუანა ბოლოს, ყავასთან ერთად აღმოჩნდებოდა - ალკოჰოლის და თამბაქოს ქვემოთ. ბევრი მძიმე ნარკოტიკად მიიჩნევს სიგარეტს, ფიზიკური დამოკიდებულების მაღალი ხარისხისა და ჯანმრთელობისთვის საზიანოობის გამო. შეიძლება ხშირად მოისმინოთ, რომ კანაბისი (მარიხუანა და ჰაშიში) თავისთავად მაინცდამაინც საშიში არ არის, მაგრამ მის მოხმარებას შეიძლება გრძელვადიანი ცუდი შედეგი მოჰყვეს. "კარიბჭის თეორიის" თანახმად, კანაბისის მწეველი შემდეგ სხვა, მძიმე ნარკოტიკების - ჰეროინის და კოკაინის მოხმარებაზე გადადის. არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა იმის ასახსნელად, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი ეფექტი. ერთის მიხედვით, მარიხუანა ერთგვარი "პირველი საფეხურია", რომელიც შემდეგ აიოლებს სხვა, უფრო ცუდ საფეხურებზე გადასვლას. მეორეს მიხედვით, კანაბისი ტვინს დამოკიდებულ მდგომარეობაში ყოფნას აჩვევს და ამიტომ შემდეგ მწეველი უფრო ადვილად ხდება ნარკოდამოკიდებული. ამ განსხვავებულ ჰიპოთეზებს ერთი რამ აერთიანებს - მეცნიერული კვლევებით არც ერთი არ მტკიცდება. RAND-ის (გლობალური კვლევითი ორგანიზაცია, რომელსაც სხვებთან ერთად ამერიკის მთავრობაც აფინანსებს) 2002 წლის კვლევის თანახმად, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მარიხუანას მოხმარებასა და მძიმე ნარკოტიკების მიღებას შორის არ არსებობს. იგივეს ამბობს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია. მსგავსი შედეგები აჩვენა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევებმაც. 2002 წელს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის ავტორებიც ცდილობდნენ, დაედგინათ, თუ რა ეფექტს ახდენს განსხვავებული ანტინარკოტიკული პოლიტიკა კანაბისის მოხმარების ტენდენციებზე. ავტორები იკვლევდნენ მწეველებს სან ფრანცისკოსა და ამსტერდამში - ქალაქებში, რომლებშიც ნარკოპოლიტიკა სრულიად განსხვავებულია. ამერიკაში კანაბისის მოხმარება კანონდარღვევად მიიჩნევა და მსურველმა ის შავ ბაზარზე უნდა შეიძინოს, ამსტერდამში კი მისი მოხმარება კანონით დაშვებულია და 18 წელს გადაცილებულებს შეუძლიათ ნარკოტიკი მაღაზიაში შეიძინონ და საჯაროდ მოიხმარონ. კანონმდებლობაში განსხვავებების მიუხედავად, ტენდენციები ორივე ქალაქში მსგავსი იყო - კანაბისის მოხმარება მცირე დოზებით იწყება, შემდეგ იზრდება, მცირე პერიოდის განმავლობაში მაქსიმუმს აღწევს, შემდეგ კი მოხმარება დროთა განმავლობაში საგრძნობლად იკლებს ან საერთოდ წყდება. თუმცა, განსხვავებებიც იყო. ამ კვლევის მიხედვით, სან ფრანცისკოელი კანაბისის მწეველები საგრძნობლად უფრო ხშირად გადადიოდნენ კოკაინზე, კრეკზე და ოპიატებზე, ვიდრე ამსტერდამელები, იმის მიუხედავად, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლიტიკა ნიდერლანდებში უფრო ლიბერალურია, ვიდრე ამერიკაში. რით შეიძლება ამის ახსნა? კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევაში, "კარიბჭის ეფექტი" გამოიწვია არა კანაბისმა, არამედ შავმა ბაზარმა. ნარკოტიკების მომხმარებლებმა ოპიატების გასინჯვა დაიწყეს არა იმიტომ, რომ მანამდე მარიხუანას ეწეოდნენ, არამედ იმიტომ, რომ ნარკომოვაჭრესთან ჰქონდათ ურთიერთობა, რომელიც კანაბისის გარდა სხვა, მძიმე ნარკოტიკებსაც ყიდდა. ამ კვლევის მიხედვით, კანაბისის კანონით დაშვება ან აკრძალვა მისი მოხმარების ზრდაზე გავლენას არ ახდენს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰოლანდიელების მიდგომა ყველა ქვეყნისათვის ერთნაირად გამოსადეგია. ნიდერლანდების კულტურული და სოციალური ვითარება საქართველოსგან განსხვავებულია, და რთულია იმის დანამდვილებით თქმა, რომ დეკრიმინალიზაცია კანაბისის მოხმარებას არ გაზრდის. განსაკუთრებულად კანონმორჩილი საზოგადოებისთვის შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს ნივთიერების ლეგალურობას თუ არალეგალურობას. თუმცა, ქართული საზოგადოებისგან ნიდერლანდების ან ამერიკის თუნდაც მსგავსი კანონმორჩილება ძნელი წარმოსადგენია. ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ფართოდ გავრცელებული ნარკოტიკების, მათ შორის კანაბისის, მოხმარების ტენდენციებზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს არაფორმალური, სოციალური კონტროლის მექანიზმები. ეს შეიძლება იმით ავხსნათ, რომ კანაბისს უმეტესობა განტვირთვის მიზნით, სოციალური თავშეყრის ადგილებში მოიხმარს. გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ არასოდეს მოიხმარს ამ ნარკოტიკს სამუშაო თუ სწავლის სიტუაციაში. ეს თავად მწეველებს შორის არ არის მიღებული; ანუ, თვით იმ სტუდენტებისთვის, რომლებისთვისაც საღამოს, მეგობრებთან ერთად "პლანის" მოწევა პრობლემა არ არის, ლექციაზე "დაბოლილი" მისვლა მიუღებელია. რომ შევაჯამოთ: სანქციებს დიდი შედეგი არ მოაქვს. კანაბისის გამოცდილ მომხმარებელთა დიდი ნაწილი ნაკლებ ყურადღებას უთმობს კანონს და მეტს - თავისი სუბკულტურის ნორმებსა და ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულ ეტიკეტს. ამიტომ, თუ ფორმალური ნარკოპოლიტიკა არაფორმალურ, მომხმარებელთა შორის უკვე არსებულ წესებს გაითვალისწინებს, შეიძლება ამას უფრო ჰქონდეს ეფექტი.

კომენტარები

სტუმარი, იანვარი 18, 2010, 17:34:14

საინტერესოა

სტუმარი, იანვარი 22, 2010, 02:13:29

ნიკოს ტექსტი გაცილებით დამაჯერებელი და შეიძლება ითქვას საფუძვლიანია. ნაფიქრი აქვს კაცს:)) ნარკოტიკების საკითხზე მკაცრი კანონი უკურეაქციას იწვევს. ეს სტატისტიკაა. სხვა საქმეა "ნაცარქექიაზე" რა გავლენას მოახდენს მარიხუანას ლეგალიზაცია. ალბათ ნაცარსაც აღარ გაქექავს....

სტუმარი, იანვარი 25, 2010, 15:12:47

პირიქით, ნიკოს ტექსტი ბევრად ზედაპირული და ნახევრად სახუმარო ელფერისაა, ოპონენტის ტექსტისგან განსხვავებით. და რა თქმა უნდა არ შეიძლება არანაირი ლეგალიზება. და ყველას მოგიწოდებთ, მოხმარების ფაქტს თუ შეესწრებით სასწრაფოდ პატრულს დაურეკეთ!

ვახტანგ მეგრელიშვილი (შეუმოწმებელი), მაისი 14, 2010, 13:36:05

წყნარ ოკეანეში არის კუნძული სადაც მარილი ბუნებრივად არ მოიპოვება. კუნძულის მცხოვრებლებისათვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უცნობია. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისაგან სიკვდილი მსოფლიოში პირველ ადგილზეა. შეჯიბრი: ნატრიუმის ქლორიდი vs ტეტრაჰიდროკანაბინოლი შედეგი: 1 000 000:1 რომელია ასაკრძალი?

beqa (შეუმოწმებელი), ივლისი 15, 2010, 19:40:40

გულსისხლძარღვთა დაავადებებს მარტო მარილი არ იწვევს და არც ეგეთი კუნძულია ცნობილი სადაც ამ დაავადებებისგან სუფთა ზონაა, ეს მეგრელიშვილის უკბილო მცდელობაა დაემსგავსოს ბენდუქიძეს და მასავით ისაუბროს, ამოტომ მარილის და პლანის შედარება რისკის თვალსაზრისით არასერიოზულია. სიმართლე გითხრათ არც აკაკი გამყრელიძეა დამაჯერებელი, ეგენი ხომ ყველაფრის აკრძალვას და მხოლოდ მათი თანხმობით გამოყენებას ითხოვენ და საერთოდაც ხომ არ გეჩვენებათ რომ გამყრელიძე და მისთანანი ჩვენზე კი არ ზრუნავენ არამედ თავის თავზე რომ გავლენიანები იყვნენ, რა ვიცი აბა დავფიქრდეთ......

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.