9 იანვარი - საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გაფორმდა
ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკის ახალ ადმინისტრაციას შორის ოფიციალურად 2009 წლის 9 იანვარს დაიწყო. ვაშინგტონში ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს "პარტნიორობის შესახებ ქარტიას". ქარტია არასავალდებულო, დეკლარაციური ხასიათის დოკუმენტია და თანამშრომლობის მიმართულებებს ზოგადად განმარტავს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქარტიაში ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ნატო-ში სწრაფვისადმი მხარდაჭერას და მის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობას.
ამერიკის ახალ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას მიხეილ სააკაშვილი 2009 წელს არ შეხვედრია. ადმინისტრაციის ყველაზე მაღალი წარმომადგენელი, ვინც საქართველოს ამ წელს სტუმრობს, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენია. ის ხელისუფლებას "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაწყებული რეფორმების გაგრძელებას ურჩევს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღნიშნავს ამერიკის მიერ საქართველოსადმი მხარდაჭერას. 22 ივლისს ბაიდენის თბილისში ჩამოსვლას წინ უძღვის პრეზიდენტ ობამას ოფიციალური ვიზიტი მოსკოვში.
კომენტარი – გიგა ბოკერია
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილექარტია არ არის მხოლოდ დეკლარირებული მხარდაჭერა. იქ საუბარია სამხედრო თანამშრომლობაზე, კონკრეტულ პროგრამებზე. სტრუქტურირებულ, ფორმალურად გამყარებულ და პროცედურაში ჩასმულ ქმედებებს აქვს განსხვავებული ფასი. ის, რომ საქართველოსთან მიმართებაში ხელისუფლების აღმასრულებელმა ფრთამ კონგრესს უნდა ჩააბაროს ანგარიში, საქართველოსთვის დიდი მიღწევაა.
ბაიდენის ვიზიტი კიდევ უფრო თვალნათელი და მატერიალიზებული სიგნალი იყო ყველასთვის. ამ ვიზიტმა გაფანტა მითი, რომ საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს. თუმცა, მაშინ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი შეფასებები გაკეთდა. დიდი სიბრიყვეა იმის ჩათვლა, რომ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, იდენტური მთლიანობის და ამ ბრძოლის მხარდაჭერა არის ხელისუფლების მხარდაჭერა ოპოზიციის წინააღმდეგ. ასეთივე სიბრიყვეა იმის თქმა, რომ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გრძელვადიანი მხარდაჭერა შეერთებული შტატების მიერ ოპოზიციის მხარდაჭერას გულისხმობს, ხელისუფლების წინააღმდეგ. ორივე ერთნაირად მცდარი მოსაზრებაა. ერთადერთი, ვისაც ცივი წყალი გადაესხა იყვნენ ისინი, ვისაც ეგონა, რომ რევიზორი ჩამოდის, რომელიც იტყვის, ხვალ რა და როგორ უნდა გაკეთდეს.
ვთვლი, რომ ოდნავ უტრირ ებული იყო საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკის წინა ადმინისტრაციას შორის ემოციური და პირადი ურთიერთობების მნიშვნელობა. საქართველოს ეს ხელისუფლება ყოველთვის იქნება ბუშის ადმინისტრაციის მადლიერი. პრეზიდენტი ბუში იყო ამერიკის პირველი პრეზიდენტი, ვინც ესტუმრა საქართველოს და ის ყოველთვის დარჩება პირველ პრეზიდენტად, ვინც ესტუმრა საქართველოს. ბუნებრივია, პირად კონტაქტებს აქვს მნიშვნელობა პოლიტიკაში, მაგრამ არა ისე, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია - რომ შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკის საკითხები ასე წყდება. ეს აშკარად გადაჭარბებულია.
ახალ ადმინისტრაციასთან პერსონალური ურთიერთობების დალაგებას დრო სჭირდება. ამიტომ ვთვლი, რომ შეფასებების გაკეთება ნაადრევია. ამერიკაში გამოითქმის მრავალნაირი მოსაზრებები, მემარჯვენე და მემარცხენე პოლუსებზე სხვადასხვა ტიპის ჯგუფებს აქვთ საერთო სკეპტიციზმი ამერიკის პოლიტიკის ამ ასპექტის მიმართ, მთლიანად აღმოსავლეთ ევროპას ვგულისხმობ და არა ცალკე საქართველოს. მაგრამ საბედნიეროდ, ეს ორივე პოზიცია ჯერჯერობით, და იმედია დიდი ხნით, მაინც მარგინალურია.
კომენტარი – სალომე ზურაბიშვილი
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პარტია "საქართველოს გზის" ლიდერიბაიდენის ვიზიტით და ქარტიით დამთავრდა პიროვნული ურთიერთობების პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლებას და ამერიკის ადმინისტრაციას შორის და ურთიერთობები გადავიდა სხვა, პრაგმატულ ჭრილში. სწორედ ამის ნიშანი იყო ბაიდენის სიტყვა, რომელიც მან საქართველოს პარლამენტში წარმოთქვა.
ის, რომ პირადი ურთიერთობების ხანა დამთავრდა, კარგად გამოჩნდა, როდესაც სააკაშვილი გაერო-ში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ობამას ვერ შეხვდა. ეს მან ასევე ვერ მოახერხა კოპენჰაგენში. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ვიდრე საქართველო არ დაემსგავსება დემოკრატიას, ამერიკა მაინც მხარს დაუჭერს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ, იმისათვის, რომ რუსეთმა არ ჩათვალოს, რომ საქართველო მისია. მაგრამ ამავდროულად, შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია მტკიცედ მოითხოვს საქართველოსგან, შეასრულოს "ვარდების რევოლუციის" დანაპირებები, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობამ, არამედ ამერიკამაც დაიჯერა.
20 იანვარი - იწყება "საკანი #5"
"გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი, 42 წლის. 2009 წლის 20 იანვარს, პროტესტის ნიშნად, საკუთარი სურვილით აღიკვეთა თავისუფლება და გახდა პატიმარი; თვლის, რომ ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად საქართველო გადაიქცა ციხედ. იცხოვრებს საკანში მანამდე, ვიდრე საქართველო არ გათავისუფლდება რეჟიმის ტყვეობისაგან".
ამ ტექსტით დაიწყო ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ახალი სატელევიზიო პროექტი არასტანდარტული პროტესტის ფორმით - "საკანი №5".
"სააკაშვილი ჰიტლერად და სტალინად გვექცა და ჩვენ ამ გადაცემით საქართველოში დემოკრატიის დამყარებისთვის ვიბრძვით", - ამბობდა "მაესტროს" ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი.
შოუს წესების მიხედვით, პატიმარს "პაემნის" უფლება ჰქონდა. გაზაფხულის აქციებამდე და აქციების დროსაც "საკან #5"-ს პოლიტიკაზე სასაუბროდ ყოველდღე სტუმრობდნენ ოპოზიციურად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ხელოვანები და პოლიტიკოსები. "უცნობი" საზოგადოების ნაწილისთვის ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელზე პოპულარული და ძლიერი ლიდერი გახდა.
თუმცა ზაფხულში, საპროტესტო აქციების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, ტელეპროექტმა აქტუალურობა დაკარგა. ბოლო გადაცემის ჩანაწერი ეთერში 9 დეკემბერს გავიდა. მაყურებლებისადმი ბოლო მიმართვაში გია გაჩეჩილაძემ გადაცემის შეწყვეტის მიზეზად მარხვა დაასახელა, თუმცა ცნობილია, რომ პროექტის დახურვის გადაწყვეტილება "მაესტროს" ახალმა მენეჯერმა ეროსი კიწმარიშვილმა მიიღო. "საკანმა" სულ 11 თვე იარსება და ამ დროის განმავლობაში პროექტში სტუმრად დაახლოებით 500 ადამიანი მივიდა.
კომენტარი – ეროსი კიწმარიშვილი, ტელეკომპანია "მაესტროს" მენეჯერი
"საკანი #5" იყო ძალიან მოხერხებული, ორიგინალურად მოფიქრებული, მოულოდნელი, ძალიან მცირებიუჯეტიანი შოუ, ერთი მსახიობის თეატრი. ამ შემთხვევაში, ეს მსახიობი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, იყო გმირი. ეს ადამიანი ძალიან ნიჭიერად გამოხატავდა საზოგადოების განწყობას, მანიპულირებდა ამ განწყობით. პროექტი ტრანსფორმირდა ნაციონალურ იდეად, რომლის კულმინაცია 26 მაისი იყო. ის დღე რომ სხვანაირად დამთავრებულიყო, უცნობი ხდებოდა ეროვნული გმირი.
თუმცა პიკმა გადაიარა, დრამატურგია არ განვითარდა. ამის შემდეგ დაიწყო პროექტის შინაგანი ეროზია. ეს საბოლოო ჯამში, ეროვნული, საზოგადოების დეპრესიის გაგრძელება იყო.
2009 წელთან დაკავშირებით მაღალი მოლოდინები იყო და საზოგადოების ნაწილმა, რომელიც პოლიტიკურ პროცესში ჩართული იყო, იმედგაცრუების გამო, საკუთარი აგრესიის სამიზნე უცნობის სახით იპოვა. ამ დროიდან უკვე "საკანი #5" არის ერთი ადამიანის დრამა, რომელიც ჩვენ თვალწინ გათამაშდა. საბოლოოდ, ყველაფერი მისი მძიმე ავადმყოფობით დამთავრდა.
პროექტმა რაღაც თვალსაზრისით "რუსთავი 2"-ის გზა გაიმეორა. ანუ პიკურ მომენტში, მან, ისევე როგორც "რუსთავი 2"-მა, საკუთარი რეპუტაცია, იმიჯი შესწირა კონკრეტულ პროცესს.
ეს გადაცემა ამ ფორმით და ამ მოცულობით ვეღარ გაგრძელდებოდა. ჯერ ერთი, არხი რეორგანიზაციის პროცესშია, მეორეც - თვითონ გიაც ავად არის და სამკურნალოდაა წასული. ეს არ ნიშნავს, რომ უცნობი შეწყდა, როგორც სასცენო, თუ პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი სახე, ის გააგრძელებს თავის არსებობას და მეც სიამოვნებით გავაგრძელებდი მასთან თანამშრომლობას.
კომენტარები
Lela Skhirtladze (შეუმოწმებელი), იანვარი 20, 2010, 14:19:44
ახალი კომენტარის გამოქვეყნება