Skip to content

ავტორიზაცია

სუპერმერი ბრუნდება


მძლავრი ადმინისტრაციული რესურსისა და სრული მედია კონტროლის პირობებში შანსი, რომ უგულავა არ გახდება თბილისის მერი, ერთადერთია - თუ ის ამ პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს.
 ლექსო ბრეგვაძე

"ახლა დღე და ღამე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ინგლისურის და კომპიუტერის კურსებმა გაამართლოს, სხვა პროგრამებმაც კარგად იმუშაოს. ეს არის ახლა ჩემთვის ყველაზე მთავარი", - ასე პასუხობს გიგი უგულავა კითხვას - ვის მიიჩნევს ის ყველაზე ძლიერ კონკურენტად  თბილისის მერობისთვის ბრძოლაში.

თბილისის მერის კაბინეტი 21-ე სართულზეა, მერიის ახალ მისამართზე, შარტავას ქუჩაზე, ახლად გარემონტებულ შენობაში, დიდი ლიფტებითა და სუფთა დერეფნებით.

მისი ნათელი, კომფორტული ოთახის შემინული კედლებიდან ხელისგულივით მოჩანს მტკვრის მარცხენა სანაპირო. სამუშაო მაგიდასთან თბილისის რუკაა გაკრული.

"ახლა მარტო იმაზე ვფიქრობ, როგორ შევუმსუბუქო ყოფა თბილისელებს", - ამბობს უგულავა, რომელიც მართალია, ჯერ არაოფიციალურად, მაგრამ უკვე სრული სვლითაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. მას უნდა, თბილისის ისტორიაში პირველი პირდაპირი წესით არჩეული მერი გახდეს.

გიგი უგულავა პოლიტიკაში პირველად 6 წლის წინ გამოჩნდა. "ვარდების რევოლუციის" შედეგად მოსულ ხელისუფლებაში მისი პირველი სამსახური იუსტიციის, შემდეგ კი უშიშროების სამინისტროში იყო. მას მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

რამდენიმე თვის განმავლობაში უგულავა ერთ-ერთ ყველაზე დიდ და რთულ რეგიონში, სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებული იყო.

სწორედ ამ პერიოდში განთავსდა ადმინისტრაციულ საზღვარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები, დაინიშნა ავტობუსი გალის რაიონის მოსახლეობისთვის, აღდგა ჭუბურხინჯის რეგულარული შეხვედრები.

2005 წლიდან უგულავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ხდება, რამდენიმე თვეში კი თბილისის მერს, ზურაბ ჭიაბერაშვილს ცვლის. ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 თვეში უკვე მერი უგულავა მოსკოვში მიემგზავრება. ვიზიტის ოფიციალურ მიზეზზე ხელისუფლება არ საუბრობდა, თუმცა მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უგულავა მოსკოვში  საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრას ამზადებდა. შეხვედრა მართლაც შედგა - რუსეთის ქალაქ ყაზანში დსთ-ს ლიდერთა სამიტზე.

უგულავას ინიციატივა იყო აეროპორტისკენ მიმავალი ტრასისთვის ჯორჯ ბუშის სახელის დარქმევა.

2005 წლიდან უგულავა უკვე ხელისუფლების წარმომადგენელთა იმ პატარა ჯგუფს მიეკუთვნება, ვინც შიდა პოლიტიკაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. "ახალი მოვლენაა პატარ-პატარა სახელისუფლებო ავტორიტარული კუნძულების გაჩენა ცალკეული გავლენიანი პირების გარშემო. ასეთები არიან ცალკეული  მინისტრები - შინაგან საქმეთა მინისტრი [ვანო მერაბიშვილი], თავდაცვის მინისტრი [ირაკლი ოქრუაშვილი], თბილისის მერი [გიგი უგულავა] და კიდევ რამდენიმე", - ამბობს დავით უსუფაშვილი 2005 წელს მიცემულ ინტერვიუში.

გიგი უგულავა ბოლო დრომდე ხელისუფლების სახელით ხშირად მსჯელობდა  ყველაზე მწვავე საკითხებზე - მათ შორის რუსეთის (სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო, პროტესტის ნიშნად, რუსეთის საელჩოსთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა 2006 წელს), ოპოზიციურად განწყობილი "ინტელიგენციის" და ყველაზე ხისტი პოლიტიკური ოპონენტების შესახებ.

პრეზიდენტთან პირადად დაპირისპირებული რესპუბლიკური პარტიის წევრის, ვალერი გელაშვილის ბიზნეს-ინტერესების შესწავლით საპარლამენტო უმრავლესობა მას შემდეგ დაინტერესდა, რაც თბილისის მერმა გიგი უგულავამ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში გაჩენილი ხანძარი იმ სამშენებლო კომპანიის ინტერესებს დაუკავშირა, რომლის უკანაც დეპუტატი გელაშვილი იდგა. გელაშვილმა უგულავას ბრალდებებს მაშინ "ცილისწამება" უწოდა. საქმე იმით დამთავრდა, რომ ვალერი გელაშვილს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს და მანდატი გაუუქმეს. რამდენიმე თვით ადრე ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა პოლიტიკოსს სასტიკად სცემეს. ეს საქმე დღემდე არ არის გამოძიებული, გელაშვილი კი ქართული პოლიტიკიდან წავიდა. უკვე ვილნიუსიდან ტელეკომპანია "იმედთან" სატელეფონო საუბრისას დეპუტატ ვალერი გელაშვილის განცხადებით, ის ეჭვობდა, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმის უკან თბილისის მერი გიგი უგულავაც იდგა.

2007 წლის შემოდგომის მოვლენები უგულავასთვის, ისევე როგორც ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებისთვის, განსაკუთრებით დაძაბული იყო. მისი თითქმის ყველა საჯარო განცხადება უკვე სცილდებოდა თბილისის მერის კომპეტენციას. უგულავას განსაკუთრებული სამიზნე იმ  დროს ოლიგარქი ბადრი პატარკაციშვილი ხდება: "ჩვენი ოპოზიცია არა გაბადრულია, არამედ უბადრუკია", - განაცხადა უგულავამ, "გუშინ მე ვუყურებდი, როგორ შესციცინებდნენ თვალებში ჩვენი ოპოზიციის ლიდერები პატარკაციშვილს და მათ თვალებში ერთ რამეს ამოიკითხავდი: ბადრი, მომეცი ფული".  უგულავა პატარკაციშვილს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი რევოლუციის მოწყობაში ამხელდა. "პატარკაციშვილის პუტჩი საქართველოში არ გავა, მან ვერ მოახერხა და ვერ იყიდა ქართული სპორტი, ვერ მოახერხა და ვერ ჩაიჯიბა ქართული ბიზნესი, ვერ იყიდა ქართული კულტურა, მაგრამ ადვილად შეძლო ქართული ოპოზიციის ყიდვა".

მეურნის იმიჯი, რომელიც მან წინასაარჩევნოდ მოირგო, მწვავე პოლიტიკურ თემებზე მსჯელობას არ ითვალისწინებს. თუმცა ის, რომ პოლიტიკურ თემებზე საუბარი  მისთვის კვლავ პრიორიტეტული და საამაყოა, ახლაც კარგად ჩანს: საკუთარი პოლიტიკური ცხოვრების  მთავარ  მიღწევად 4-წლიანი სტაჟის მქონე თბილისის მერი აჭარიდან ასლან აბაშიძის გაძევებას მიიჩნევს.

"ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესებში. რომ არა ეს მოვლენები, ქვეყანა ვერ განვითარდებოდა, ყოველ შემთხვევაში, ასე სწრაფად. სწორედ ამას მოჰყვა ახალქალაქიდან და ბათუმიდან რუსეთის ბაზების გაყვანა. რომ არა მაისის რევოლუცია, აჭარა დარჩებოდა საქართველოს ეკონომიკაში შავ ხვრელად", - ამბობს უგულავა.

მცირე პაუზის შემდეგ ის "სწორ" პასუხსაც ამატებს:  "მთავარი მიღწევაა ის, რომ თბილისი არის განათებული, უსაფრთხო, სუფთა, კეთილმოწყობილი".

ინტერვიუს განმავლობაში გიგი უგულავამ სამჯერ გაიმეორა, რომ მისი ყველაზე დიდი შეცდომა მერობის დროს ნაციონალური პოლიტიკით ზედმეტად დაკავება იყო. "ამ 4-5 წლის განმავლობაში ჩემ ყველაზე დიდ მინუსად მივიჩნევ იმას, რომ მეტად გადართული ვიყავი ნაციონალური პოლიტიკის საკითხებზე. ჩემი საქმე არის თბილისი და თბილისელები. მაგრამ ადამიანი იცვლება, იძენს გამოცდილებას, მეც შევიცვალე. მიმაჩნია, რომ უნდა აკეთო ის საქმე, რისთვისაც ხალხმა აგირჩია და რისთვისაც ხელფასს იღებ და არა ის, რაც შეიძლება შენ მოგწონდეს".

"ნაციონალური პოლიტიკით ზედმეტად გატაცებას" უწოდებს გიგი უგულავა საკუთარ როლს მედიასთან ურთიერთობაშიც.

2009 წლის ზაფხულამდე უგულავას მედიის სახელისუფლებო კონტროლიც ევალებოდა. "რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომლები არ მალავენ, რომ მწვავე პოლიტიკური თემების გაშუქებაზე მიმართულებებს პირადად უგულავასგან იღებდნენ. მასთან თანხმდებოდა თოქ-შოუს სტუმრების ვინაობაც.

თავად უგულავა ამბობს, რომ "მედიას კი არ აკონტროლებდა, არამედ საკუთარი პოლიტიკური გუნდის მედიასთან კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი" იყო, რაც, მისი თქმით, ჩვეულებრივი პრაქტიკაა ყველა პოლიტიკური ძალისთვის.

"თქვენ რა, გიკვირთ რომ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ერთმანეთს ურეკავენ და ინფორმაციის გაცვლა ხდება? თოქ-შოუში ვარჩევდით ადამიანს, ვის უნდა ელაპარაკა გუნდის სახელით. თუმცა, ეს იყო ადრე და ჩაბარდა წარსულს. მე მაშინ ზედმეტად გადავერთე ნაციონალურ პოლიტიკაში, რაც ჩემ მინუსად მიმაჩნია. ჩემი საქმე არის მერობა, რაც ნიშნავს კონკრეტული საქმეების კეთებას კონკრეტული ადამიანებისთვის".

კომენტარები

სტუმარი, იანვარი 21, 2010, 19:19:16

"ადმინისტარციული რესურსის გამოყენება"... "ადმინისტარციული რესურსის გამოყენება"... ეს ფრაზა ხშირად გვხდება სტატიაში რეალური გააზრების გარეშე. თავად უგულავაც კი:) სიამოვნებით ახსენებს ამ ფრაზას და ეშმაკურად მას საქმის კეთების სინონიმად ხმარობს.

სტუმარი (შეუმოწმებელი), იანვარი 21, 2010, 19:19:54

ჩვენი ყური შეეჩვია იმას, რომ "ადმინისტარციული რესურსის გამოყენება" შეიძლება არა სასურველი, მაგრამ ჩვეულებრივი რამ არის. მოიძებნა ყველაზე ლამაზი სიტყვები, რითიც შეიძლება ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ჩატარებული საარჩევნო კამპანიები დახასიათდეს. სინამდვილეში, ეს ე.წ. "ადმინისტარციული რესურსის გამოყენება" არის მოსახლეობის მოსყიდვა და დაშინება. სწორად შერჩეულ სიტყვებს ძალიან დიდი ძალა აქვთ. :)

nicholas (შეუმოწმებელი), იანვარი 21, 2010, 19:32:17

ძალზედ ზომიერი და კორეკტული წერილია რომელიც კარგად ამბობს სათქმელს მართალია რამოდენიმე საკითხში არ ვეთანხმები ავტორს მაგრამ საერთო ჯამში ძალზედ კარგად ასახავს საერთო მდგომარეობას. ისე ჩვენ რომ ვთქვათ ”აგვისტოს ომის გენერლისათვის” ალბათ მთლად შესაფერი არ არი ის აქტივობები რომელზეც სტატიის ავტორი საუბრობს მაგრამ გიგის აზრით ეს აქტივობები და დანარჩენი გაყალბებები ამ არჩევნების მოსაგებად სრულიად საკმარისი უნდა იყოს, და სწორედ ეს არ უნდა დაუშვას საზოგადოებამ.

სტუმარი (შეუმოწმებელი), იანვარი 21, 2010, 20:12:09

ეს არის ძალიან უცნაური მოსაზრება -"(მერიის) კრიტიკა არ არის კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით გამყარებული. არც ერთ ოპოზიციურ ძალას იმის რესურსი არ აქვს, რომ ბოლომდე გამოიკვლიოს ის კანონდარღვევები, რაშიც შეიძლება უგულავა მონაწილეობდეს" - დაიდო ჟურნალისტური გამოძიება "ვარსკვლავების აკადემიის" ჩამონგრევის გამო, როდესაც ქალაქის მერმაც დამნაშავეებს ხელი დააფარა; ასევე, მერიის მიერ დამონტაჟებული მოედნების ჩამონგრევის შედეგად დაღუპული ბავშვების გამო, პასუხი რომ არავის არ მოეკითხა მერიაში; გააკრიტიკა ალიანსმა მაგალითად, როდესაც დიღმის პარკს გაუგებარი მიზეზების გამო მწვანე ზონის სტატუსი მოუხსნეს და გაყიდეს და უამრავი სხვა მაგალითიც არსებობს.

სტუმარი (შეუმოწმებელი), იანვარი 21, 2010, 20:12:46

ასე რომ, საფუძვლიანი კრიტიკა მერიის მისამართით უკვე არსებობს და ალბათ მედიის მხრიდან ყურადღების მისაქცევი უფრო ის არის, რომ მერია ყველა მის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას აიგნორებს, რაც ადვილად გამოსდის სახელმწიფოში არსებული პოლიციური მმართველობის სისტემის პირობებში.

სტუმარი (შეუმოწმებელი), იანვარი 21, 2010, 20:35:01

nicholas, ზომიერი და კორექტული კი არის, მაგრამ საბოლოო ჯამში სტატია კიდევ უფრო ამყარებს უგულავას უძლეველობის მითს. აქ უფრო დაბალასებულ ენაზეა მოწოდებული იგივე აზრი, რასაც სხვა მედია საშუალებები მასებისთვის გასაგებ ენაზე აკეთებენ. ეს აზრი არის წინასწარ ფატალისტური დამოკიდებულება მერის არჩევნების მიმართ - უგულავა ყველაზე ძლიერი კანდიდატია, მას მაინც ვერავინ დაამარცხებს.

სტუმარი (შეუმოწმებელი), იანვარი 21, 2010, 20:39:39

არ მგონია, რომ სტატიის ავტორი მიკერძოებულია, უბრალოდ ზედაპირზე, რაც არის იმას აღწერს და სიღრმეში არ ჩადის . დააკვირდით, რამდენჯერ მეორდება ერთი და იგივე აზრი :) : "მძლავრი ადმინისტრაციული რესურსისა და სრული მედია კონტროლის პირობებში შანსი, რომ უგულავა არ გახდება თბილისის მერი, ერთადერთია - თუ ის ამ პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს" ; "ხელისუფლების მთავარ კანდიდატს ასეთი პრობლემები არ აქვს" ; " უგულავას სერიოზულად არ ვნებს არც ერთი ოპოზიციური კანდიდატის კრიტიკა"; "პოლიტიკური გამოცდილება, ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი, მედია მხარდაჭერა და ოპონენტების სრული დაქსაქსულობა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობს."

სტუმარი (შეუმოწმებელი), იანვარი 21, 2010, 21:01:02

დაუმატეთ ამ სტატიას ამავე ამავე ჟურნალში განთავსებული ქ–ნ ჭაავას სტატია და დაინახავთ, რომ ნაციონალურ არხებს კიდევ ერთი დამხმარე დაემატა ბეჭდვით მედიაში.

nicholas (შეუმოწმებელი), იანვარი 21, 2010, 21:59:59

იმაში გეთანხმები რომ სტატიის ავტორი ერთგვარ ნიჰილიზმს ავრცელებს რომ ყველაპერი უკვე გადაწყვეტილია და რაც არ უნდა მოხდეს მერი მაინც უგულავა გახდება და ამაში არ ვეთანხმები, თუ მოვინდომებთ მაშინ აუცილებლად შევცვლით და ამის უნდა გვჯეროდეს, ეხლა ყველაზე ნაკლებადაა სასოწარკვეტილების და ნიჰილიზმის დრო. რაც შეეხება სხვა მედია-საშუალებებს ანუ ეგრეთწოდებულ ”ნაციონალურ ახრებს” იქ საერთოდ არანაირი კრიტიკა არ არი არც ნიჰილიზმიანი და არც უნიჰილიზმო.

Lela Skhirtladze (შეუმოწმებელი), იანვარი 21, 2010, 22:30:15

ქალბატონი სოფო გიგი უგულავას საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს მედიასივრცეში თუ სუპერმენ–სუპერმერის რიგითი აგიტატორობაც აკმაყოფილებს?!

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.