2008 წლის შემოდგომაზე ჩემი უფროსი მეგობარი მიმტკიცებდა, - აგვისტოს ომი გარდამტეხი აღმოჩნდება ქართული საზოგადოებისთვის, აუცილებლად დაიწყება ღირებულებათა გადაფასება, ადამიანები მიხვდებიან, რომ აზროვნებაში რაღაც ფუნდამენტურია შესაცვლელიო. მარტივად რომ ვთქვათ, ერთგვარი კათარზისის იმედი ჰქონდა.
გახსოვთ ალბათ ომამდე, როგორი აზარტით ეძებდა და პოულობდა სრულიად საქართველოს საზოგადოება, ხელისუფლებასთან ერთად, ქვეყნის მოღალატეებს, როგორ აკრავდა ზოგი კონკრეტულ პიროვნებებს "აგენტის" იარლიყს, ზოგიც კი აშორებდა. იმის მიუხედავად, ვის მხარეს იყავი, ბრალმდებლებისა თუ ბრალდებულების, ასეთი შოუები გვართობდა, სიცარიელეს გვივსებდა, როგორც ბაბუაჩემი იტყოდა, გულს გვფხანდა. აბა, რა ჯობია ასეთ საჯარო გასამართლებებს, დებატებს, თამაშებს, რომლებსაც აუცილებლად ეყოლება გამარჯვებული; რატომ არ მოგინდება ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღება და გულის გადაყოლება, თანაც ვინ იცის, იქნებ გამარჯვებულთა რიგებშიც აღმოჩნდე.
ომის შემდგომ აგენტების ძებნისთვის თავი არ დაგვინებებია - პირიქით. მაგრამ რაღაცნაირად თითქოს მაინც მოძველდა, აღარ ჭრის, ალბათ იმიტომ, რომ წესები ყველასათვის ცნობილი გახდა.
აგვისტოს ომის შემდგომ, სხვა თამაში დაიწყო - ახალი ტიპის "დამნაშავეების" ძიება, ოღონდ საქმე არა პიროვნებებს, არამედ მათ ნეშტებს ეხება.
თავდაპირველად ასეთი დამნაშავე გორის ცენტრალურ მოედანზე მდგარი სტალინის ძეგლი აღმოჩნდა. მისი ადგილსამყოფელის ლეგიტიმურობაზე საუბარი თავიდან ვებსივრცეში, "ფეისბუქზე" და ფორუმებზე დაიწყო, შეგროვდა ხელმოწერები; საზოგადოების ერთი ნაწილის მოთხოვნა გადაეგზავნა მთავრობას, მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა თავად ხელისუფლების წარმომადგენლების ერთ ნაწილს ეკუთვნის, რაც არ დამალა გიგა ზედანიამ გოგი გვახარიას გადაცემაში. შემდეგ იყო პრესა და ტელევიზია, იქ გამართული დებატები, მსჯელობა ძეგლზე, მის გავლენებზე, რუსეთის მიერ დაბომბილ გორზე, იმავე გორში ქვაში განკაცებულ სტალინზე. ჰო, სიმბოლოები ამ შემთხვევაშიც აქტუალური გახლდათ, ისევე, როგორც ქართველი ლიბერალ-პატრიოტების შედარებით ახალ მოთხოვნაში, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია, ანუ ვებსივრცეში განიხილება.
ამჯერად საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჯაბა იოსელიანის საფლავიდან ამოთხრა (პირდაპირი მნიშვნელობით!) სურს. არ გეგონოთ, რომ "მხედრიონის" ყოფილი ლიდერისთვის ვინმეს საფლავი ენანება. საქმე ისაა, რომ ესოდენ ნეგატიური მოგონებების აღმძვრელი ჯაბა იოსელიანი ქართველებისთვის ისეთ პრესტიჟულ ადგილას განისვენებს, როგორც დიდუბის პანთეონია. თუ ამ მოთხოვნის მხარდამჭერთა ნაწილის ვინაობა იცით, უთუოდ ღიმილს მოგგვრით, რომ ისინი ზუსტად ისეთივე მაღალი წარმოდგენის ბრძანდებიან პანთეონებზე, როგორც, ვთქვათ, გუბაზ სანიკიძე; მთაწმინდა ისეთი ადგილია, შემოთავაზების შემთხვევაში ცოცხლად უნდა დაიმარხოო, - რომ ბრძანა.
შესაძლოა, იოსელიანის ამოთხრის მსურველები საკუთარი შეცდომის გამოსწორებასაც ცდილობენ, რაღაცნაირად გაეპარათ ეს უღირსი კაცი ღირსთა მიწაზე. მკვდრების გადანაწილება ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც მუდმივად აწუხებს საქართველოს. სამწუხაროა, რომ თენგიზ აბულაძემ თავისი "მონანიებით" სერიოზული დაღი დაასვა ქართული საზოგადოების ცნობიერებას - საბჭოთას, ცუდის ამოთხრის მაგალითი მისცა.
ქართველი ლიბერალების კიდევ ერთ გატაცებად საბჭოთა ჰერალდიკა იქცა, გაიხსნა თემები და შეიქმნა ჯგუფები, სახელმწიფო შენობებიდან კომუნისტური სიმბოლიკების მოხსნის მოთხოვნით. ხოლო მას შემდეგ, რაც პოლონეთმა საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვის შესახებ მიიღო კანონი, ამ იდეას სწრაფადვე გამოუჩნდნენ მხარდამჭერები. როგორც ხედავთ, ქართველი ინტელექტუალების ერთ ნაწილს საკმაოდ სერიოზული ბრძოლა აქვს გაჩაღებული ძეგლებისა და მკვდრების წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მართლაც ემსგავსება თამაშს, მოსამზადებელ-გასახურებელი ეტაპით, საკმარისი რაოდენობის მხარდამჭერების შემთხვევაში კი, უფრო ფართო ასპარეზზე გატანით, თავისი დამატებითი დროითა და პენალტების სერიით.
როგორც თავად მონაწილეები ამბობენ, ასეთი თამაშები საბჭოთა ან ცუდი (იოსელიანის შემთხვევაში) წარსულისგან გამიჯვნას ემსახურება. სწორედ გამიჯვნას და არა პასუხისმგებლობის გაზიარებას. აგვისტოს ომის შემდგომ სტალინის ძეგლის აღების მოთხოვნა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საბჭოთა კავშირისგან თავის დაღწევა იმდენად გვსურს, რამდენადაც ის რუსეთთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ, პრობლემა ისევ დროშებსა და ძეგლებშია და არა ღირებულებებში. დამოკიდებულება მონუმენტური, პიროვნების გამაფეტიშებელი ხელოვნების, სიმბოლიკებისა და პანთეონების მიმართ კი არ იცვლება, არამედ კონკრეტული პიროვნებების, რომლებიც ან ქვაში არიან ჩაკირულნი, ანაც მიწაში ჩაფლულნი.
მთავარი ხდება არა საზოგადოების ჩამოყალიბება, გათვითცნობიერება ან გარდაქმნა, არამედ არასასურველი ნივთებისა და ნეშტების თვალიდან მოცილება, გადამალვა. აგენტებისა და მოღალატეების ძებნაში გაწაფულ ქართულ ხელისუფლებას ლუსტრაციის კანონი ჯერაც არ მიუღია, აღარაფერს ვამბობ ერთგვარ, მცირე მასშტაბის "ნიურნბერგის პროცესზე", სადაც არა უბრალოდ კონკრეტული პიროვნებების, არამედ ზოგადად საბჭოთა კავშირის, უმთავრესად კი ქართული საბჭოთა ისტორიის გასამართლება მოხდებოდა. ეს, რასაკვირველია, ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე კვარცხლბეკზე მდგარი და საფლავში მწოლიარე საფრთხეებთან გამკლავება.
მე პირადად ასეთი მოთხოვნები (სტალინის გადატანა, ჯაბას ამოთხრა, სიმბოლიკის აკრძალვა) უფრო მეტად მახსენებს და მაახლოებს "ბოროტების იმპერიასთან", თუნდაც იმიტომ, რომ საბჭოთა ღირებულებებისა და დამოკიდებულებებისგან თავისუფალი საზოგადოება ძეგლებს, მკვდრებსა და დროშებს არ დაუწყებს ბრძოლას.
კომენტარები
სტუმარი, იანვარი 23, 2010, 00:09:09
ახალი კომენტარის გამოქვეყნება