Skip to content

ავტორიზაცია

შაშკინის მოულოდნელი განცხადებები

იანვარი 22, 2010 ნინო ბექიშვილი

განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გუშინ, 21 იანვარს დავით პაიჭაძესთან „დიალოგში“ორი მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

პირველი: მან თქვა, რომ განათლების სამინისტროსთვის პრიორიტეტულია კონსტიტუციური შეთანხმებია საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის და სწორედ ისაა მთავარი განმსაზღვრელი დოკუმენტი სამინისტროსა და ეკლესიის ურთიერთობაში.

კონსტიტუციურ შეთანხმების მიხედვით, -„ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლა ნებაყოფილობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით.

საქართველოს „კანონში ზოგადი განათლების შესახებ“ ნათქვამია, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკურგაერთიანებებისაგან, რასაც აქამდე სამინისტროს წარმომადგენლები ხშირად იმეორებდნენ ხოლმე და უკანასკნელ წლებში ისიც მოხერხდა, რომ სკოლა მეტ-ნაკლებად გათავისუფლდა ეკლესიის ზეწოლისგან.

დღევანდელ სიტუაციაში, როცა ეკლესიას ძალიან დიდი ავტორიტეტი და რეიტინგი აქვს, საკონსტიტუციო შეთანხმებაში ნახსენები სიტყვა, „ნებაყოფლობითი“ იმას ნიშნავს, რომ მავან სკოლის დირექტორს შეუძლია დაეყრდნოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, დააყენოს „ზოგადი განათლების კანონზე“ მაღლა, არად ჩააგდოს ის ფაქტი, რომ მის სკოლაში შეიძლება სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი ბავშვები სწავლობდნენ, შემოიტანოს საგანი „მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ“ და ამ საგანს ანაფორიანთა დასიც შემოაყოლოს თან (რაღაც ახალი საგნის შემოღების აუცილებლობაზე პატრიარქმაც ისაუბრა თავის საშობაო ეპისტოლეში, თუმცა, რა საგანზე იყო საუბარი, ნამდვილად გაუგებარი დარჩა, ერთად იყო შეყრილი ზრდილობა- ეთიკაცა და ქართული სუფრის ტრადიციებიც).

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმების დისკრიმინაციულობაზე არა მხოლოდ ადგილობრივი ექსპერტები, არამედ, საერთაშორისო საზოგადოებაც საუბრობს. საკმარისია გავიხსენოთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შარშანდელი მოხსენება საქართველოში რელიგიური თავისუფლებების შესახებ, სადაც საკმაოდ მკაცრადაა გაკრიტიკებული ზემოთნახსენები შეთანხმება. ამ ფონზე განათლების ახალი მინისტრის განცხადება ნამდვილად მოულოდნელი იყო. შეიძლება, შაშკინმა უბრალოდ არ იცის, რა წერია ამ შეთანხმებაში და არც ექსპერტების დასკვნებს იცნობს, მაგრამ ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრობაციის სამინისტროში მუშაობისას ეკლესიასთან საკმაოდ მჭიდრო და ახლო ურთიერთობის გამო, მას დასაშვებად მიაჩნია ასეთივე ტიპის დამოკიდებულებები სკოლასა და ეკლესიას შორის.

ახლა ერთი ფაქტი მახსენდება. დიმიტრი შაშკინს რამდენიმე თვის წინ შევხვდი და ვუთხარი, რომ არასრულწლოვან განსასჯელებთან საპატრიარქომ ტარიელ სიკინჭილაშვილი მიავლინა, ადამიანი, რომელმაც ნორაშენის ეკლესიის ეზოში ვანდალურად მოთხარა თამამშევების საფლავები და საქართველო ლამის საერთაშორისო საკანდალში გაახვია, თანაც, საკმაოდ აგრესიული ადამიანია-მეთქი, მაგრამ მაშინ მინისტრმა ნორმალურად არც კი მომისმინა.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მოულოდნელობა ის იყო, რომ სკოლის დირექტორებს სამინისტროს პრეს-ცენტრის ნებართვის გარეშე მედიასთან ურთიერთობა ეკრძალებათ. დავით პაიჭაძის დაჟინებულ კითხვაზე, რას ნიშნავდა ეს შეზღუდვა, მინისტრმა უპასუხა, სამინისტროს პრეს-ცენტრი მხოლოდ კოორდინაციას გაუწევს დირექტორებსო. თუმცა, სამინისტროს გადაწყვეტილებაში მხოლოდ დახმარება რომ არ იგულისხმება, დღესავით ნათელია. თუ დასჭირდებათ, დირექტორებს ისედაც, ყოველგვარი აკრძალვების გარეშეც შეუძლიათ სამინისტროს პრეს-ცენტრს მიმართონ. განათლების სამინისტრო ამ აკრძალვით არღვევს ადამიანის უფლებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ და ასევე, არად აგდებს საქართველოს კონსტიტუციას.

აქამდე ასე ვიცოდი: მედიისთვის კომენტარს არ აკეთებდნენ მღვდლები - საპატრიარქოს კურთხევის გარეშე (მათ მხოლოდ ყვითელ პრესაში ქადაგება არ ეკრძალებათ) და ძალოვანები - შასაბამისი სამინისტროების ნებართვის გარეშე. მაგრამ სკოლის დირექტორი არც მღვდელია, არც პროკურორი და არც ციხის დირექტორი, ის თავისუფალი საჯარო პირია, რომელსაც საზოგადოებისგან დასამალი არაფერი არ უნდა ჰქონდეს. თანაც, სკოლის დირექტორი არჩევითი თანამდებობაა. მართლია, ეს არჩევითობაც ხშირად ფიქციიაა, მაგრამ მაინც.

ხვალ მთავრობამ რომ გადაწყვიტოს და დიმიტრი შაშკინი კულტურის მინისტრად მოგვევლინოს, მან, ასე ინერციით შეიძლება მედიასთან ურთიერთობა თეატრებისა და მუზეუმების დირექტორებსაც აუკრძალოს.

 

კომენტარები

Guram Nikolashvili, იანვარი 22, 2010, 14:44:56

ნინო, რეალურად კონსტიტუციური შეთანხმება და ძემოთხსენებული ამონარიდი კანონიდან არანაირად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ჩვეულებრივ ეს სიტუაცია უნდა გავიგოთ მარტივად: სახლემწიფო თავისუფალია ყოველგვარი ვალდებულებისაგან ასავლოს რომელიმე რელიგია და პირიქით, ვალდებულია დაიცვას საჯარო სასწავლებლები რელიგიური ზეგავლენისგან. მაგრამ, თუკი ამავე თავისუფლების მიხედვით, რითაც სასწავლებლებს შეუძლიათ ასწავლონ რელიგიური შინაარსის შემცველობის რაიმე კურსი, სახელმწიფო აცხადებს, რომ კურსის შედგენა და პედაგოგთა აკრედიტაცია მოხდება საპატრიარქოსთან შეთანხმებით. ანუ ეს საკონსტიტუციო შეთანხმება მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა რაიმე კურსის შეტანა დადგება დღის წესრიგში. შაშკინი ამ დოკუმენტებს რისთვის იყენებს და საერთოდ რასაც აკეთებს მთავრობა ეკლესიასთან მიმართებაში, ეს ცხადია და ამაზრზენია. სკოლის პედაგოგი მითუმეტეს ვერ გამოიყენებს რაიმე შეთანხმებას უპირატესად მითუფრო იმ პირობებში როცა თურმე ინტერვიუს მიცემის უფლებაც არ ქონიათ.
სასწავლო კურსს რაც შეეხება, ჩვენთან საკონსტიტუციო შეთანხმების მერე რეალურად არაფერი გაკეთებულა იმ ქვემდებარე კანონებისა თუ პოლიტიკის მხრივ, რაც ამ დოკუმენტს აამუშავებდა და რაც დევს კიდეც ამ დოკუმენტში. თუნდაც რუსეთში ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია და საინტერესო და მდიდარი გამოცდილება არსებობს ამ სფეროში თანამშრომლობისაც და დაპირისპირებისაც. გარდა ეკლესიური გავლენისა, რუსეთში მებრძოლი ათეიზმს კვლავ საკმაო დასაყრდენი გააჩნია. ამ თემაზე მაგალითისთვის იხილეთ ეგრეთ წოდებული ათი აკადემიკოსის წერილი და მის გარშემო ატეხილი აურზაური.

mata (შეუმოწმებელი), იანვარი 22, 2010, 15:50:21

ეს ყველაფერი კომიკურ სახეს იღებს, რადგან პრინციპულად განათლებასთან მიმართებაში არანაირი ინსტიტუციონალური შეხედულება არ არსებობს.ალბათ გრანტებიც გაქრა, ხელმოცარულნიც აღარ უნდა რომ იყვნენ... აქაც გამოსავალი და არჩევნების ხარჯზე რელიგიურ ინსტიტუციას გადააბარეს განათლებაზე პასუხისმგებლობა :)))

გოჩა (შეუმოწმებელი), იანვარი 22, 2010, 19:07:21

ეკლასიამ ისე ღრმად შეაღწია განათლების სისტემაში, მას უკვე იქიდან ვეღარავინ გააგდებს. არამარტო რელიგიის "ისტრიის" მასწავლებელს, არამედ ქართული ენის, ფიზიკის, ისტორიის..... მასწავლბელს მართლა ჰგონია რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და კიდე ათასი პარამეცნიერული იდოტია... ამას იმეორებენ გაკვეთილზეც. სახელმწიფომ პირწმინდად წააგო .... ეკლესიამ მოიგო. ეკლესიის მოგება განათლების წაგებაა.

მომთაბარე (შეუმოწმებელი), იანვარი 23, 2010, 18:29:22

ცოტა არ იყოს ბუღის დაყენებად მეჩვენა ეს წერილი. აი რატომ - კონსტიტუციური შეთანხმებიდან მოყვანილ ამონარიდში ყურადღება გამახვილებულია სიტყვაზე "ნებაყოფლობითი" და არა "სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლა ნებაყოფილობითია", რის გამოც მთელი შემდეგი დასკვნები მცდარი მიმართულებითაა წაყვანილი. სწავლა ნებაყოფლობითია, გულისხმობს მოსწავლის არჩევანის თავისუფლებას, თუ არ მოუნდა, არ დაესწრება მსგავს გაკვეთილებს. მინისტრის მეორე განცხადება ძალიან არ მომწონს, მაგრამ ამ წერილის პირველი ნაწილის შემდეგ მიჭირს ბოლომდე ვენდო და კონტექსტის სისწორეში არ შევიტანო ეჭვი :)

pozitivi (შეუმოწმებელი), იანვარი 23, 2010, 19:05:22

ვეთანხმები მომთაბარეს.

დოქტორი (შეუმოწმებელი), იანვარი 23, 2010, 19:44:57

სანამ ეკლესია ჩრდილში იყო (70 წელი) მაშინდელ საზოგადოებას რა ღირებულებები ჰქონდა ახსნას არ საჭიროებს, დღეს კი როცა ეკლესიამ მორალი, სიყვარული, განათლება, კაცთმოყვარეობა წამოწია წინაპლანზე, სჯობს განსჯა იმისა, თუ "დარჩენილი" დაკნინებული საზოგადოებრივი აზროვნება (როგორც ნალექი) როგორ შეიცვალოს. განათლებასა და მეცნიერებას ხელშეწყობა სჭირდება. რაშიც აუცილებელია როგორც სტატიაში მითითებული ორგანიზაციების ძალისხმევა ასევე აუცილებელია ყველა სოციალური ორგანიზმი და ორგანიზაცია ამაზე ფიქრობდეს და ხელს უწყობდეს ჯანსაღი მიდგომით და აზროვნებით. ხაზგასასმელია ისიც რომ ისტორიულად ეკლესია იყოს ქართული საგანმანათლებლო სივრცის სულისჩამდგმელი. ამიტომაა რომ დღეს განათლება ასეთი ღირებულებითაა წარმოდგენილი.

ზურა (შეუმოწმებელი), იანვარი 24, 2010, 16:32:58

რატო ეშინია "ამდენ განათლებულს" ადამიანს ეკლესიის? მე როცა სკოლაში ვსწავლობდი იყო რელიგიის გაკვეთილები კვირაში ერთხელ, მაგრამ დასწრება არ იყო სავალდებულო, ჩემს სკოლაში მაჰმადიანი მოსწავლეებიც იყვნენ, ზოგი უბრალოდ ესწრებოდა ამ გაკვეთილს და არ იღებდნენ მონაწილეობას. უბრალოდ ვერ ვხვდები ერთ რამეს, რატო ვართ ყველაზე მაქსიმალისტები ამ საკითხთან მიმართებაში , რატო ვატყუებთ ხალხს თითქოს მსოფლიოში არსად აღარ აქცევდნენ ყურადღებას ეკლესიას და რწმენას.. და თუ ადამაინი აღიარებს ღმერთს ,მან იგი უნდა აღიაროს ბოლომდე ყოველგვარი "მაგრამ"-ის გარეშე..

ზურა (შეუმოწმებელი), იანვარი 24, 2010, 16:34:58

ბატონო, გოჩა რასაც ლაპარაკობთ იმაზე ფიქრობთ ხოლმე?

nicholas (შეუმოწმებელი), იანვარი 25, 2010, 00:38:09

saidan modis eseti agresiaa eklesiis mimart zalian mikvirs, jurnalisti ro xar imas ki ar nishnavs ro yvelanairi sisulele unda dawero, eseti yviteli presisatvis damaxasiatebeli upasuxismgeblo statia tu daibechdeboda am almanaxshi namdvilad ar megona

monopolist (შეუმოწმებელი), იანვარი 26, 2010, 15:33:28

სამწუხაროდ ამ გადაცემისთვის არ მიყურებია დეტალურად ვერ გავარჩევ ავტორის წერილს, უბრალოდ მეორე ნაწილზე ინფორმაცია არაა სწორი ფორმით მოწოდებული. დირექტორებისთვის არავის არაფერი არ აუკრძალია, მათ უბრალოდ უთხრეს თუ რაიმე კითხვა ექნებოდათ ახალ რეფორმებთან დაკავშირებით ეკითხათ პრეს ცენტრში. სანამ უშუალოდ ჩავლენ და ადგილებზე გააცნობენ ახალ რეფორმებს სიღრმისეულად. მარტივია თქვა ციხეების მინსიტრმა აუკრძალა დირექტორებს ლაპარაკიო და რთულია იკითხო , მოიძიო , დარეკო სინამდვილეში რა იყო.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.