Skip to content

ავტორიზაცია

რეალურია თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზაცია?

მომხრე
მედიამკვლევარი
რამდენიმე დღეში გაირკვევა, არსებობს თუ არა პოლიტიკური ნება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაირკვევა, შეუძლიათ თუ არა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს საკუთარ კერძო პარტიულ ინტერესებზე უარის თქმა და კანონის უზენაესობის პატივისცემა. სულ ცოტა ხანში საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტი დაამტკიცებს სამეურვეო საბჭოს შვიდ ახალ წევრს. ამჟამად ვითარება ასეთია: არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი მხარს უჭერს "მედია კლუბის" ინიციატივას, რომ საპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვან პოლიტიკურ კვოტებზე და სამოქალაქო საზოგადოებას დაუთმონ ასპარეზი. ეს იქნება პირველი მცირე ნაბიჯი მაუწყებლის სრული დეპოლიტიზაციისაკენ. არხის პოლიტიკური გავლენისაგან გათავისუფლებას ბევრი სკეპტიკოსი ჰყავს. ნაწილი მიიჩნევს, რომ საბჭოს წევრების შერჩევის ერთადერთი სწორი მექანიზმი ხალხისგან არჩეული ხელისუფლების მიერ მათი შერჩევაა. ბევრი სვამს კითხვას, თუკი საქართველოს პრეზიდენტი ფილტრავს კანდიდატთა სიას და პარლამენტის წევრები საბჭოს წევრებს ამტკიცებენ, როგორ შეიძლება ეს პროცესი თავისუფალი იყოს პოლიტიკური გავლენისგან. შევეცდები, მოვიყვანო ის არგუმენტები, რაც მაფიქრებინებს, რომ არხის დეპოლიტიზაცია არა მხოლოდ სასურველი და აუცილებელია, არამედ სავსებით შესაძლებელიც. არხის დეპოლიტიზაცია შესაძლებელია იმიტომ, რომ კანონი მაუწყებლობის შესახებ პირდაპირ ავალდებულებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენისაგან. მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-15 მუხლში ძალიან მკაფიოდ წერია, რა სამართლებრივ საფუძველზე შეიქმნა საზოგადოებრივი მაუწყებელი: "პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით, ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას". ამავე კანონის მე-16 მუხლში წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება. არხის დეპოლიტიზაცია შესაძლებელია, თუკი აღდგება მაუწყებლის დაფინანსების ის საკანონმდებლო მუხლი, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლის ბიუჯეტი შიდა ეროვნული პროდუქტის 0.15%-ით უნდა განისაზღვროს. უახლოეს დღეებში სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტში სწორედ ამ საკანონმდებლო ინიციატივით შევა. ამას ითხოვს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოც და მედიის სფეროთი დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების ნაწილიც. სავარაუდოა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდება, რაც მაუწყებელს სახელმწიფო დაფინანსებისაგან დამოუკიდებელს გახდის და მასზე ფინანსური ზეწოლის შესაძლებლობას შეასუსტებს. არასწორია არგუმენტი, რომ საბოლოოდ მაინც პარლამენტი ირჩევს სამეურვეო საბჭოს, რაც სწორედაც საბჭოზე პოლიტიკურ გავლენას ნიშნავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ბი-ბი-სი. მისი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებას ატარებს კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტის საჯარო მოხელე, რომელიც თავმჯდომარეობს შესარჩევ კომისიას. კომისიაში შედიან დამოუკიდებელი ექსპერტი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. კომისიის რეკომენდაციები მიდის ჯერ კულტურის, მედიისა და სპორტის სახელმწიფო მდივანთან, შემდეგ პრემიერ-მინისტრთან და შემდეგ დედოფალთან. სწორედ კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებითა და ღია, გამჭვირვალე შესარჩევი პროცესის შედეგად დედოფალი ნიშნავს საბჭოს 12 წევრს. მიუხედავად იმისა, რომ შესარჩევ პროცესში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოხელეები და დედოფალი იღებენ მონაწილეობას, პროცესი არაპოლიტიკურია და ბი-ბი-სი ბოლომდე ასრულებს საკუთარი რეგულაციის უმნიშვნელოვანეს პუნქტს: მაუწყებელი დამოუკიდებელია მთავრობისგან და ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს. გეთანხმებით, რომ დიდი ბრიტანეთი, მისი პოლიტიკური თუ მედია კულტურა განსხვავდება საქართველოსგან, მაგრამ ოდესღაც ჩვენც უნდა დავიწყოთ ამ მიმართულებით სიარული, რომ მუდმივად არ ვიყოთ განვითარებადი დემოკრატიების რიცხვში. კარგი იქნება, თუკი სამოქალაქო საზოგადოება დაიწყებს დისკუსიას საბჭოს წევრების შერჩევის სხვა მოდელებზეც. ერთ-ერთი ასეთი მოდელი შეიძლება იყოს სამოქალაქო საზოგადოების შეთანხმების შედეგად დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შემდეგ თავად შეარჩევს საბჭოს წევრებს; ასევე, შეიძლება სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფებმა დაასახელონ კანდიდატები და გამჭვირვალე საჯარო დისკუსიების შედეგად სამოქალაქო საზოგადოებამ შეარჩიოს საბჭოს წევრები, დაასაბუთოს, რის საფუძველზე შეარჩია ისინი და სია და რეკომენდაციები პარლამენტს წარუდგინოს დასამტკიცებლად. შესაძლოა ბევრი სხვა მოდელის მოფიქრებაც. მთავარია ფიქრი დავიწყოთ და გადავწყვიტოთ, რომ ჩვენ ყველას გვინდა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი, პროფესიული და მაღალხარისხიანი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი აფინანსებს.
მოწინააღმდეგე
რესპუბლიკური პარტიის წევრი
კითხვა, "რეალურია თუ არა, საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს დეპოლიტიზირებული“, ფაქტობრივად რიტორიკულია. საქართველო რომ ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო იყოს, ან თუნდაც მისი განვითარების ვექტორი იყოს აქეთკენ მიმართული, მაშინ კიდევ შეიძლებოდა იმაზე კამათი, თუ რა დოზით უნდა შუქდებოდეს ამ ტელეარხზე უმცირესობების პრობლემები, რა თემატიკა უნდა იყოს პრიორიტეტული და საერთოდ არის თუ არა პოლიტიკის ადგილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, სადაც ნაციონალური მასშტაბის ტელევიზიები მთლიანად დაკავებულები არიან ხელისუფლების პროპაგანდით. ეს არ მომხდარა თავისუფალი არჩევანის საფუძველზე, ეს არის ხელისუფლების შეგნებული და მიზანმიმართული პოლიტიკა. ამიტომ რაზედაც უნდა იყოს ლაპარაკი, რეალურად განხეთქილების ვაშლის როლში გამოდის საინფორმაციო პროგრამები. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ვიდრე ხელისუფლება უარს არ იტყვის ინფორმაციის მონოპოლიაზე, ნებისმიერი საკითხი, რაც კი საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეხება, მათი მხრიდან განხილული იქნება მხოლოდ ერთი თვალთახედვით: შეიცავს თუ არა ესა თუ ის ინიციატივა ხელისუფლებისთვის არასასურველი ინფორმაციის გადაცემის თუნდაც პოტენციურ საფრთხეს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას არ დააკმაყოფილებს არც ერთი ვარიანტი, რაც კი ინფორმაციაზე მის მონოპოლიას დაემუქრება. "მედია კლუბის" ინიციატივაც, რომელიც გარკვეულწილად კომპრომისული ვარიანტია და მხოლოდ პერსონალურ ცვლილებებს ითვალისწინებს, სწორედ ამ კონტექსტში განიხილება. არადა, ცოტა არ იყოს სახალისოც კია იმის ყურება, როგორ ცდილობენ ხელისუფლების ადეპტები ინფორმაციაზე მონოპოლიის გამართლებას რაღაც ფსევდოინტელექტუალური არგუმენტებით: წერენ სტატიებს, იხსენებენ სალივანის, ალტმარკის თუ ღობეგლეჯიაშვილის საქმეებს, პარალელებს ავლებენ C-span-თან და BBC-თან. მოკლედ, ისე უჭირავთ თავი, თითქოს წინასწარ არ ჰქონდეთ დასკვნა გამოტანილი და მართლა პრობლემის გადაწყვეტაზე მსჯელობდნენ. რა თქმა უნდა, შესაბამისი პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა დეპოლიტიზაციის ადეკვატური მექანიზმის შემუშავება, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ასეთი ნება არ არსებობს. "მედია კლუბის" ინიციატივასაც ხელისუფლება მეტ-ნაკლებად მშვიდად ხვდება, რადგან აქ დამაბრკოლებელ ფაქტორად საპარლამენტო ოპოზიცია გამოდის - სწორედ ისინი არ თმობენ თავიანთ არაოფიციალურ კვოტას მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევნების ჩაწყობილ თამაშში. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ხელისუფლების მოთხოვნით ხდება, მაგრამ ფორმალურად ხელისუფლება არაფერ შუაშია. ამიტომ ამ ვითარებაში მას დასავლეთთანაც ვერ "ჩაუშვებ“, პირიქით, მთელ დისკუსიას ის დემოკრატიული პროცესის შემადგენელ ნაწილად გაასაღებს და აქეთ შეიძლება დაიწეროს ქულები. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი დარჩება ისეთი, როგორიც არის. თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობლემა არ გადავა საზოგადოებისა და ხელისუფლების დაპირისპირების სიბრტყეში, ეს საკითხი მკვდარი წერტილიდან არ დაიძრება. ერთადერთი გზა, რამაც შეიძლება აიძულოს ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს, არის სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და დასავლეთის (როგორც ცალკეული სახელმწიფოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების) ერთობლივი წნეხი. უაღრესად მნიშვნელოვანია იმის დაფიქსირება, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებებს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების ფართო სპექტრი ითხოვს. მაგრამ ამისთვის ერთი პატარა ბარიერის გადალახვაა საჭირო: სამოქალაქო საზოგადოების წიაღში უნდა დაიძლიოს ის კომპლექსი, რომ მათ ოპოზიციასთან გააიგივებენ. სახელისუფლო პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ასეც მოიქცევა, თუმცა, ვისაც რეალური შედეგის მიღწევა სურს, მას ნაკლებად უნდა აინტერესებდეს, რას დაწერს ამაზე ნოდარ ლადარია, თუ ყველაფერი ღიად, საჯაროდ და კონკრეტული მოთხოვნების საფუძველზე გაკეთდება, ოპოზიციასთან იდენტიფიცირების "შავი პიარი“ აზრს დაკარგავს. დიდი და ძმური ერთობა აქ ნამდვილად არაა აუცილებელი. ყველა ინიციატივა, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებრივ მაუწყებელზე სახელისუფლო კონტროლის შესუსტებისკენ, პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან ავტომატურად იქნება მხარდაჭერილი, მათ ხომ, საკუთარი ბორკილების გარდა, დასაკარგი არაფერი აქვთ. პარადოქსია, მაგრამ დღეისათვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამომავლო დეპოლიტიზაცია დიდწილადაა დამოკიდებული ამ თემის პოლიტიზაციაზე. ეს არ არის გარანტია, მაგრამ არის შანსი. სხვა შემთხვევაში კი, შანსი არ არის, სამაგიეროდ არის გარანტია, რომ არაფერი შეიცვლება.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.