19 ნოემბრის დილის 4 საათზე ახოსპირელის ქუჩის მაცხოვრებლები ნგრევის ხმამ გააღვიძა. "ისეთი ხმით იზრიალა, გვეგონა, მიწისძვრა იყო", - იხსენებს იქვე, მეზობლად მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე. მოღნისის წმ. გიორგის ჯვარგუმბათოვანი ტიპის ტაძრის ნგრევა გუმბათის ჩამოქცევით დაიწყო, რასაც ორი კედლის ჩამოშლა მოჰყვა. ნგრევამ ორი სახლის სახურავი, ორი მეზობლის წყალ-კანალიზაციის ქსელი და ავტომობილი დააზიანა. ძველი თბილისის გამგეობამ მეორე დილასვე დაიწყო კედლების იმ ქსოვილის მოშლა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას. როგორც ადგილობრივები იხსენებენ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მათ გამოეხმაურნენ. მჭიდრო განსახლების გამო, ეკლესიის სიძველე მეზობლად მცხოვრებ ოჯახებს მუდმივი საფრთხის ქვეშ აყენებდა. მეზობლები აგროვებდნენ ხელმოწერებს და განცხადებებით აკითხავდნენ ხან მერიას, ხან გამგეობას და ხან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მაგრამ მათი მოთხოვნა, რომ ტაძრისთვის მიეხედათ, უპასუხოდ რჩებოდა.
ტაძრის მძიმე მდგომარეობაზე 2007 წელს ერთ-ერთ სტატიაში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თეიმურაზ ბერიძეც საუბრობდა, - "ერთხანს მანდ სადურგლო სახელოსნო იყო. შემდეგ კი ხალხური რეწვის მუზეუმი გადმოიტანეს. ახლა სავალალო მდგომარეობაშია, დაკეტილია და ინგრევა. ტაძრის გუმბათზე თუნუქი გადამძვრალია, კარიბჭეები ჩაკეტილი - ხე ძველი, ხოლო ამომტვრეული ადგილები დაჟანგული თუნუქით არის აჭედილი. ტაძარი სავსეა ნაშალი მასალით, სახურავზე ხეებია ამოსული, კედლები კი დამსკდარი და დანესტიანებული. როგორც ჩანს, საკურთხევლის ქვეშ გრუნტმა დაიწია, შედეგად აღმოსავლეთის მკლავი გადახსნილი და გადაქანებულია".
მიუხედავად სავალალო მდგომარეობისა, ჩამონგრევამდე ეკლესიის რესტავრაცია არ დაწყებულა. იქვე მეზობლად მცხოვრები ადამიანები ირწმუნებიან, რომ ტაძრის ნგრევის მიზეზი მისი "უპატრონობა" გახდა. "ამ ტაძრის ძირში ვცხოვრობ და ყოველ წუთას მქონდა მოლოდინი, რომ ეს მოხდებოდა. რა ინსტანციაშიც არ მივედი, ყველგან ერთი პასუხი ჰქონდათ, - ეროვნული შუღლის გაღვივებას ვერიდებითო", - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი ქეთი გარსევანიშვილი.
24 ნოემბერს, ახოსპირელის ქუჩაზე ეკლესიის ჩამონგრევა ერევანში საქართველოს საელჩოსთან 500-მდე დემონსტრანტმა გაააპროტესტა, პლაკატებით "არა უმოქმედობას!, "არა კულტურულ გენოციდს!" "ქართველებო, თქვენც ხომ ქრისტიანები ხართ". ისინი სომხური სამოციქულო ეკლესიისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭებასა და ეკლესიების დაბრუნებას ითხოვდნენ.
სომხეთის უმაღლესმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება და მართლმადიდებლური ეკლესია სომხური ძეგლის მოუვლელობაში დაადანაშაულა. "საქართველოს ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულება არ პასუხობს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლურ დამოკიდებულებასა და ეთნიკური უმცირესობების კულტურულ-ისტორიული ძეგლების დაცვას ავალდებულებს", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, უკვე შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ჯერ შეისწავლის ძეგლს და შემდეგ დაიწყებს მის რესტავრაციას. 2007 წელს თბილისში კულტურული ძეგლების ხელახალი შესწავლა და აღრიცხვა დაიწყო. მოღნისის ეკლესია სხვა სომხურ ეკლესიებთან ერთად ამ კულტურული მემკვიდრეობის სიაში დარჩა.
ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით, ძეგლის რეაბილიტაცია იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ ამ უბანში ცალკეული შენობების რეაბილიტაცია უშედეგოდაა მიჩნეული. მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის ისტორიული უბნების საერთო რეაბილიტაცია მიწისქვეშა სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების შემდეგ იწყება. "ჩვენი დასკვნით, მოღნისის ნგრევა ბოლო მიწისძვრის შედეგი იყო. სამწუხაროდ, უბნური რეაბილიტაცია, რომელიც 2010 წელს ამ ეკლესიასაც შეეხებოდა, ვერ მოესწრო", - ამბობს ნიკოლოზ ანთიძე.
საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლის მიხეილ ავაქიანის თქმით, სომხური ეკლესიისთვის ამ ტაძრების გადაცემის შემთხვევაში, ისინი ეკლესიებს სახელმწიფოსთან ერთად სათანადო მოვლა-პატრონობას გაუწევდნენ და მოღნისის ძეგლის შენარჩუნება მოხერხდებოდა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის ქონების გადაცემა. ეკონომიკის სამინისტროში კი ამბობენ, რომ მსგავსი მოთხოვნით არავის მიუმართავს. ძეგლის სარეაბილიტაციო გეგმის შექმნით ის პრობლემა არ მოგვარებულა, რაც სომხურ და სხვა ტრადიციულ ეკლესიებს აქვთ საქართველოში.
1356 წელს აშენებულ "მუღნუ სურბ-გევორქის" ეკლესიას მე-18 საუკუნეში სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა. ის XX საუკუნის 30-იან წლებამდე მოქმედი იყო, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლებამ სომხურ ეკლესიას არ ჩამოართვა. საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ეკლესიების საკითხი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართულმა სახელმწიფომ ვერ მოაგვარა. საეკლესიო ქონების რესტიტუციის უფლება მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას, კონკორდატის საფუძველზე მიეცა. დანარჩენ ტრადიციულ კონფესიებს საქართველოში რელიგიური სტატუსი არ აქვთ. კანონი მათ მხოლოდ კერძო არასამეწარმეო იურიდიულ პირად დარეგისტრირების საშუალებას აძლევს.
ტრადიციული რელიგიები ამგვარ რეგისტრაციაზე უარს აცხადებენ. "სომხური ეკლესია საქართველოში, უკვე 15 საუკუნეა, არსებობს და როგორ შეიძლება რეგისტრაცია გაიაროს დღეს ამ ეკლესიამ როგორც ახლად შექმნილმა ორგანიზაციამ? ეს შეურაცხმყოფელია სომხური ეკლესიისათვის", - ამბობს სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარი მამა ნარეკი.
სომხური ეკლესია, სტატუსის გარდა, ექვსი ეკლესიის დაბრუნებას ითხოვს, მათგან ერთი ახალციხეშია - "სურბ-ნშანი", ხუთი კი თბილისში - "შამხორედ სურბ-ასტვაცაცინ" და "სურბ-მინასი" ავლაბარში, "მუღნუ სურბ-გევორქი" ახოსპირელის ქუჩაზე, "სურბ-ნშანი" ვერცხლის ქუჩაზე და "ნორაშენი" ლესელიძის ქუჩაზე.
ისინი ე.წ. "სადავო" ეკლესიების სიას მას შემდეგ მიეკუთვნებიან, რაც საპატრიარქომ მათ ფლობაზე პრეტენზია თავად განაცხადა. "ქართველ მეცნიერებს აქვთ მოსაზრება, რომ ეს ეკლესიები თავდაპირველად იყო ქართული და მას შემდეგ, რაც გაუქმდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია, რუსმა ეგზარქოსებმა ისინი სომხურ ეკლესიას გადასცეს, მაგრამ ამას მეცნიერულად დასაბუთება სჭირდება", - ამბობს საპატრიარქოს რელიგიებს შორის კავშირების ცენტრის ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა.
რესტავრატორი შალვა მელიქიძე მოღნისზე წინასწარ შესწავლით სამუშაოებში მონაწილეობს. ის ამბობს, - "ტაძარი თავიდან ბოლომდე სომხურია: მშენებლობის სტილით, ფორმით, ღია დიდი სარკმლებით, თუმცა საფუძვლიანად რომ შევისწავლით, მაშინ უფრო დანამდვილებით ვიტყვით". მიუხედავად იმისა, რომ ეს ეკლესიები რეესტრშიც სომხურად არის მოხსენიებული, საპატრიარქო მათი წარმომავლობის შესწავლას მაინც ითხოვს.
2008 წელს საპატრიარქო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ამ ეკლესიების წარმომავლობას დაადგენდა. კომისია არ შედგა, რადგან სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ უარი თქვა მასში მონაწილეობაზე. მამა ნარეკი ასეთი კომისიის შექმნას ისეთივე აბსურდად მიიჩნევს, როგორც სიონისა და ქაშუეთის ეკლესიების ქართული წარმომავლობის დასადგენად კომისიის შექმნას.
2005 წლის საანგარიშო მოხსენებაში სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა პარლამენტს რეკომენდაციით მიმართა, რომ საკითხი მოწესრიგებულიყო, მაგრამ მაშინ დეპუტატებმა არც კი მოუსმინეს ომბუდსმენს და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.
საპატრიარქოსა და სომხურ ეკლესიას შორის დაპირისპირება, უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. 1995 წლის 15 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ნორაშენი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესიად აკურთხეს და მართლმადიდებლური წირვა ჩაატარეს. ეს ფაქტი ადგილობრივმა სომხურმა თემმა გააპროტესტა და საპატრიარქო იძულებული გახდა, ტაძარი დაეტოვებინა. 1995 წლიდან მოყოლებული პერმანენტულად მწვავდება ურთიერთობები სომხურ ეკლესიასა და საპატრიარქოს შორის.
2008 წლის 16 ნოემბერს ნორაშენის ეკლესიის გვერდით მდებარე მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზმა ტარიელ სიკინჭილაშვილმა თვითნებურად გადააადგილა ნორაშენის ეზოში ორი სომეხი მეცენატის საფლავის ქვები, რასაც ადგილობრივი სომხები კვლავ გამოეხმაურნენ და საფლავის ქვები უკან დააბრუნეს. ამ ფაქტს მოჰყვა სხვადასხვა ქვეყანაში ქართულ საელჩოებთან სომხური დიასპორის საპროტესტო აქციები.
სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის აზრით, ამგვარი ქმედება საქართველოს სახელმწიფოს ულახავს სახეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ასევე ქართულ-სომხურ ურთიერთობებსაც უშლის ხელს. თუ იქნება სახელმწიფოს ნება, საკითხის მოგვარება სამართლებრივად შესაძლებელია. ამას მოწმობს ორი მოქმედი სომხური ეკლესიის არსებობა თბილისში, რომლებიც სომხურმა მხარემ თავისი ძალებით გაამაგრა და დღეს ღვთისმსახურებას ეწევა. "ამ ნების არარსებობა გამოწვეულია იმ არაჯანსაღი ურთიერთმიმართებით, რომელიც არსებობს საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოს ეშინია საპატრიარქოსი", - ამბობს ბექა მინდიაშვილი. მისივე თქმით, სახელმწიფო ქონების დაბრუნებას ისევე უნდა მიუდგეს, როგორც ეს მოხდა მართლმადიდებლური ეკლესიების მიმართ, ყველა იმ ეკლესიას უნდა დაუბრუნოს ქონება, რომლებსაც 30-იან წლებში ჩამოართვეს.
მოღნისის ეკლესიის სარეაბილიტაციო ჯგუფის შექმნა ჯერ კიდევ ვერ წყვეტს საერთო საკანონმდებლო დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას რელიგიური უმცირესობების მიმართ. გაურკვეველია იმ ხუთი ეკლესიის ბედიც, რომლებიც ასევე სავალალო მდგომარეობაშია და, უყურადღებობის შემთხვევაში, მათი ჩამონგრევის საფრთხეც დღითი დღე იზრდება.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება