Skip to content

ავტორიზაცია

მესამე კვირა საბჭოში

იანვარი 26, 2010 ლიკა ჩახუნაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებელი

25 იანვარი, ორშაბათი

დღეს ჩემი ჯერია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მორიგი სხდომის შესახებ მოგითხროთ.

დავიწყებ ბოლოდან.

სხდომის დასრულების შემდეგ ერთი საათი ვიცადე ნინო დანელიასა და საბჭოს კიდევ ორ წევრთან ერთად, რათა მენახა "მოამბის" იმ გამოშვების ჩანაწერი, რომელშიც, ბატონ გია ჭანტურიას მტკიცებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოეხმაურა უკრაინულ მედიაში გავრცელებულ, არჩევნებთან დაკავშირებული სატელეფონო საუბრების თემას.

შეგახსენებთ, რომ ამ ჩანაწერში მოსაუბრეთა ხმები ვანო მერაბიშვილისა და გივი თარგამაძის ხმებს ჩამოჰგავს, ხოლო საუბარში გაჟღერებული გეგმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობად მიიჩნიეს.

სწორედ ამ სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით მოგვმართა საბჭოს ახლად არჩეულ წევრებს 21 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე "ალიანსი საქართველოსათვის" თანათავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, კანონის "მაუწყებლობის შესახებ" აღსრულებისა და "აუდიტორიის დროული ინფორმირების უზრუნველყოფის" მოთხოვნით. 22 იანვარს ჩვენ  საზოგადოებას შევპირდით, რომ პრობლემაზე ჩვენი მანდატის ფარგლებში ვიმუშავებდით და ამ საკითხს სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის წინაშე დავსვამდით.

ჩვენი დღევანდელი სხდომის ერთი ნაწილი, ბუნებრივია, ბატონ გია ჭანტურიასთან ერთად იმის განხილვას დაეთმო, უნდა გაეშუქებინა საზოგადოებრივ მაუწყებელს ეს ამბავი თუ არა და, თუ დიახ, მაშინ როგორ.

ბატონმა გია ჭანტურიამ ჩვენი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს თემა საერთოდ არ გააშუქა, უსაფუძვლოდ მიიჩნია და კონტრარგუმენტად "მოამბის" ოთხსაათიანი გამოშვების, რომელიც ეთერში 20 იანვარს (16:14 წუთზე) გავიდა, ჩანაწერი წარმოადგინა.

სიუჟეტს იწყებს "მოამბის" წამყვანი: "უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოო მონაცემები გამოაქვეყნა. მაჩვენებლები უცვლელია. მეორე ტურში ვიქტორ იანუკოვიჩი და იულია ტიმოშენკო გადიან."

გამოსახულებაზე დადებული ხმა იცვლება: "პარალელურად უკრაინაში რუსული წყაროები ავრცელებენ ვანო მერაბიშვილისა და გივი თარგამაძის სატელეფონო საუბარს, რომელშიც საქართველოდან უკრაინაში დამკვირვებლების წაყვანა იგეგმება."

ეთერში ბრუნდება "მოამბის" წამყვანის ხმა: "გაიმარჯვებენ თუ არა დემოკრატიუ;ლი ძალები უკრაინაში? რა პროგნოზები კეთდება. თემას პირდაპირ ეთერში თამარ ურუშაძე განაგრძობს..."

ბატონ გია ჭანტურიას არ ვეთანხმები - ზემოთ მოყვანილ ერთ წინადადებას ვერაფრით მივიჩნევ მნიშვნელოვანი მოვლენის თაობაზე აუდიტორიის "დროულ და ყოველმხრივ ინფორმირებად", რასაც მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი საზოგადოებრივ მაუწყებელს ავალდებულებს (საზოგადოებრივი მაუწყებლის შინაარსობრივი ვალდებულებები, მუხლი 16, პუნქტი გ).

დავუბრუნდეთ არსებითს - ახალი ამბის ღირებულების (news value) განსაზღვრის საყოველთაოდ გაზიარებული საბაზისო კრიტერიუმების თანახმად უნდა მიეჩნია თუ არა ეს ამბავი მნიშვნელოვან ახალ ამბად საზოგადოებრივ მაუწყებელს?

ბატონი გია ჭანტურია დაგვთანხმდა, რომ ეს ამბავი იმსახურებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურადღებას, თუმცა ის კატეგორიულად წინააღმდეგია იმისა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში გადასცეს იმგვარი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის წარმომავლობა არ არის  ნათელი, ხოლო ავთენტურობა -  დადასტურებული.

ბატონი გია ჭანტურიას თქმით, საუბარი მიხეილ სააკაშვილსა და იულია ტიმოშენკოს შორის მხოლოდ იმიტომ გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, რომ იგი საზოგადოებრივ მაუწყებლამდე ოფიციალური წყაროდან, ამ შემთხვევაში  პრეზიდენტის კანცელარიიდან, მივიდა.

ბატონმა ლევან გახელაძემ შეგვახსენა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა და სამეურვეო საბჭო ერთხელ უკვე გადაჰყვა სატელეფონო საუბრების ჩანაწერების ეთერში გადაცემას (ბატონი ლევანი  გულისხმობდა ფილმს "ნოემბრიდან ნოემბრამდე". ეს პარალელი საკამათოა, თუმცა აქ აღარ გავაგრძელებ).

იმაზეც შევთანხმდით, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა საშუალება და ვალდებულება, დამოუკიდებელი ჟურნალისტური მოკვლევა ეწარმოებინა და ეს ამბავი საზოგადოებამდე  დეტალებით შევსებული მიეტანა.

საბოლოოდ გადავწყვიტეთ, საქმე განსახილველად დამოუკიდებელ არბიტრს გადავცეთ - თებერვალში საზოგადოებრივ მაუწყებელში BBC World Service Trust-ის წარმომადგენლები ჩამოდიან, რომელთაც ვთხოვთ, BBC-ის სტანდარტებიდან გამომდინარე, შეაფასონ, ამ შემთხვევაში რა იქნებოდა სწორი სტრატეგია საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან.

BBC World Service Trust-ის ექსპერტების მოსაზრებებს აუცილებლად გაგაცნობთ, მანამდე კი ჩემს ვერსიას გაგიზიარებთ იმის შესახებ, თუ რატომ არ დაუთმო ერთ ძალზე ზოგად და არაფრისმთქმელ წინადადებაზე მეტი, ისიც დღის და არა საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამ საკითხს, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ სატელეფონო საუბრები "რუსთავი2"-მა და "იმედმა" საკმაოდ ვრცლად გააშუქა. გასაგებია ბატონი გია ჭანტურიას არგუმენტი უკანონოდ მოპოვებული და დაუდასტურებელი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ეთერით ტირაჟირებასთან დაკავშირებით, გასაგებია ისიც, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტის დაცვა მოეთხოვება წყაროების გადამოწმებასთან დაკავშირებით, ვიდრე ამის უფლებას შეიძლება აძლევდნენ თავს კომერციული მაუწყებლები. მაგრამ ვფიქრობ რომ მათთვის, ვინც საზოგადოებრივ მაუწყებელში გასულ კვირას გადაწყვეტილებას იღებდა იმის თაობაზე, ეს ამბავი ეთერში უნდა მოხვედრილიყო თუ არა, ზემოთ დასახელებული და სხვა მსგავსი, პროფესიულ სტანდარტებთან დაკავშირებული, არგუმენტები საერთოდაც მეორეხარისხოვანი იყო. პოლიტიკური მიზანშეწონილება იყო ის მთავარი კრიტერიუმი, რომელიც ამ ამბის შესაფასებლად გამოიყენეს. ახალი ამბების სამსახურის უფროსმა, შემთხვევის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად ვერ აიღო პასუხისმგებლობა მის ეთერში გაშვებაზე. შეგახსენებთ, რომ ამ დროს გენერალური დირექტორი საქართველოში არ იმყოფებოდა  - ბატონი გია ჭანტურია პრაღაში "რადიო თავისუფლებასთან" აწარმოებდა მოლაპარაკებას. უკრაინაში იყო სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ლევან გახელაძე - უკრაინული წარმოების სატელევიზიო აღჭურვილობის ხარისხის შესაფასებლად.

ჩვენ ვშიშობთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ დავდგებით ანალოგიური პრობლემის წინაშე და ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა შევქმნათ ასეთ შემთხვევებზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი. დიდ იმედს ვამყარებთ ახალი ამბების მონიტორინგზე, რომელსაც თებერვლიდან BBC World Service Trust-ის წარმომადგენლები განახორციელებენ. ჩვენ უკვე მივიღეთ დაპირება, რომ მოგვეცემა საშუალება, ახალი ამბების მზადების პროცესს ბრიტანელ კოლეგებთან ერთად დავაკვირდეთ.

მოკლედ სხვა საკითხებზეც.

საზოგადოებრივი მაუწყებელი სიგნალის გავრცელების ავტონომიური ინფრასტრუქტურის აწყობაზე ფიქრობს, ისეთზე, რომელიც ჯერ ანალოგური, ხოლო 2015 წლიდან ციფრული ინფორმაციის გადაცემას შეძლებს. სახსრები ამგვარი ინფრასტრუქტურისათვის ბიუჯეტში, რომელიც წინა კვირას დავამტკიცეთ, გათვალისწინებული არ არის, თუმცა თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და სამეურვეო საბჭო მიიჩნევს, რომ ამ გზით წასვლა საზოგადოებრივი მაუწყებლის სახსრებს დაზოგავს, აუდიტორიას გააფართოვებს და სიგნალის ხარისხს გააუმჯობესებს, დღის წესრიგში ბიუჯეტის ტექნიკური ნაწილის კორექტირება  დადგება და მიმწოდებლის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.

ისე რომ არ გამომივიდეს, რომ ტენდერის გამოცხადებამდე საიდუმლო გავთქვი, ძალიან ზოგადი აღწერით შემოვიფარგლები.

უკრაინული კოპანიისგან, რომლის პროდუქციითაც საქართველოში სამი ტელეარხი უკვე სარგებლობს, აღჭურვილობის შეძენა ამერიკულზე მინიმუმ 4-ჯერ ნაკლებ ფასად შეიძლება. ბატონ ლევან გახელაძის განმარტებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი გლობალური ფინანსური კრიზისია, რაც უკრაინელ მომწოდებლებს აიძულებს კლიენტებთან მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდნენ.

სახსრების დაზოგვას რა სჯობს, მაგრამ ჩვენ სწორედ ამ სიიაფემ დაგვძაბა, ვინაიდან საქმე ისეთ აღჭურვილობას ეხება, რომელიც ექსპლუატაციაში დიდხანს უნდა დარჩეს.  გაგვახსენდა გამონათქვამი, "მე ისეთი მდიდარი არ ვარ, რომ თავს იაფი ნივთების შეძენის უფლება მივცე", და ვიკითხეთ, რამდენად საიმედოა? რამდენად გვაქვს გარანტია რომ მალე მისი შეცვლა არ მოგვიწევს?

ნებისმიერ შემთხვევაში მომწოდებელი ტენდერით  შეირჩევა, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ  შესაძლო ტენდერის  ამ პოტენციური მონაწილის შესახებ ინფორმაციის მოძიებას უკვე ხვალიდანვე შევუდგეთ.

8-10 თებერვალს BBC World Service Trust-ის წარმომადგენელბი სემინარს ჩაატარებენ სამეურვეო საბჭოს წევრებისათვის იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მაუწყებლის შინაარსობრივი და ფინანსური მონიტორინგი. ამ სემინარს მოუთმენლად ველოდებით და BBC World Service Trust-ის წარმომადგენლებისთვის უამრავი კითხვა გვაქვს დაგროვილი, მათ შორის ერთი სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევის წესს ეხება, რომლის შესახებ დღეს საბჭოს წევრებმა ბევრი ვიკამათეთ.

გვინდა, რომ გამოვნახოთ გზა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს კომპეტენტური და მოუკერძოებელი ადამიანებით, იყოს რეპრეზენტატიული და მისი ლეგიტიმურობის ხარისხი იყოს მაღალი. საბჭოს ზოგიერთი წევრი სკეპტიკურადაა განწყობილი - ისინი ფიქრობენ, რომ ამ პრობლემის მოგვარება ფორმალიზებული წესების მეშვეობით შეუძლებელია ისეთ საზოგადებაში, რომლის თვითორგანიზების ხარისხი დაბალია და სადაც არა კანონი, არამედ პოლიტიკური ნებაა ყველაფრის განმსაზღვრელი. ჩვენ მაინც გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით ამას მოვახერხებთ. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხზე საზოგადოებრივი დისკუსიის ინიცირებას და ინტერესით მოვისმენთ რჩევებს BBC World Service Trust-ის ექსპერტებისგანაც.

მეორე არხის შესახებ ბატონმა გია ჭანტურიამ დღეს გააკეთა განცხადება და ამიტომ ამაზე ვრცლად აღარ ვისაუბრებ. მოკლედ შევაჯამებ ყველაზე მნიშვნელოვანს. 15 თებერვლისთვის მზად იქნება ორი სტუდია, რომელთაგანაც ერთში პოლიტიკური პარტიები ბრიფინგებს მოაწყობენ, მათი პრეს-სამსახურების მიერ მოწვეულ ჟურნალისტებისათვის, ხოლო მეორეში - გაიმართება დებატები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის. პირველ სართულზე, სტუდიებთან ახლოს, იქნება მომცრო პრეს-ცენტრი, სადაც ჟურნალისტები შეძლებენ კომპიუტერითა და ინტერნეტით ისარგებლონ. ორივე სტუდიიდან გადაცემები პირდაპირ ეთერში გავა.

მეორე არხით პირდაპირ ეთერში გავა პარლამენტის პლენარული სხდომები და ის საკომიტეტო მოსმენები, რომელთა გადაცემასაც პოლიტიკური პარტიები მიიჩნევენ საჭიროდ.

დროთა განმავლობაში მეორე არხი  სხვადასხვა ტიპის გადაცემით დაიტვირთება - ეს  შეიძლება იყოს დოკუმენტური ფილმები ცნობილი პოლიტიკოსების შესახებ, ამა თუ იმ ქვეყნის პარლამენტარიზმის ისტორიის შესახებ და სხვა.

მეორე არხი ეთერს დაუთმობს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, დაწყებულს გამგებლით და დასრულებულს მინისტრით, რათა მათ  ანგარიში ჩააბარონ საზოგადოებას.

დღევანდელ სხდომაზე ისიც გადავწყვიტეთ, რომ მომავალი კვირიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფციაზე მუშაობას შევუდგეთ. ვვარაუდობთ, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება. გვინდა, შემდეგ სხდომაზე კონცეფციაზე მუშაობის პრინციპები შევათანხმოთ და სამოქმედო გეგმა დავსახოთ.

შემდეგ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მარკეტინგის განყოფილებისაგან ველოდებით მარკეტინგისა და პიარის ინტეგრირებული გეგმის კონცეფციას. შეგახსენებთ, რომ წინა სხდომაზე მარკეტინგისათვის გათვალისწინებული მუხლი ბიუჯეტიდან ამოვიღეთ და ამ მიმართულებით ხარჯებს გაწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს, თუკი დავრწმუნდებით, რომ მარკეტინგის განყოფილება საკითხს ინოვაციურად უდგება.

და ბოლოს, დღეს გენერალურმა დირექტორმა თხოვნით მოგვმართა, მისი ხელფასი შეგვემცირებინა დაახლოებით 5%-ით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ხელფასი კი არ უნდა შემცირდეს, არამედ პირიქით, უნდა გაიზარდოს. ამის საშუალებას მოგვცემს ორგანიზაციული სტრუქტურის გამართვა, ხარჯების ოპტიმიზაცია და რესურსების სწორი მენეჯმენტი.  თუმცა ამაზე სხვა დროს. დღეს ჩვენ ბატონი გია ჭანტურიას თხოვნა ხელფასის შემცირების შესახებ დავაკმაყოფილეთ.

კომენტარები

bee (შეუმოწმებელი), იანვარი 26, 2010, 18:59:38

საზ. მაუწყებელზე კი გავიდა სააკაშვილის და ტიმეშენკოს საუბარი, ოღონდ ამ საუბრიდან ერთი სიტყვა იყო ამოღებული - 'ბოეცი' - სიტყვა, რომელიც მიანიშნებდა რომ კაი კუნთებიანი ბიჭები იგზავნებოდნენ არჩევნებზე. ministry of truth -ობა მოინდომეს :))

ქეთევანი (შეუმოწმებელი), იანვარი 27, 2010, 12:25:56

,, ხოლო საუბარში გაჟღერებული გეგმა" ეს რა ჯანდაბაა?! ჯერ წერა ისწავლეთ და მერე წავიკითხავ! სიტყვაზე არ ამბობენ ,,გააჟღერას", მელოდია, მუსიკა ჟღერს! შეიგნეთ ეს ერთხელ და სამუდამოდ,ასე სასტიკად რომ ანაგვიანებთ ქართულ ენას და ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ამას აკეთებენ ადამიანები, ჟურნალისტები რომ ჰქვიათ! უსირცხვილოებო!

asd (შეუმოწმებელი), იანვარი 27, 2010, 14:18:50

ქალბატონო ქეთევან, ნერვებს (და კლავიატურაზე ძახილის ნიშანს) მოუფრთხილდით. აი, თქვენ თუ არ წაიკითხავთ ამ ბლოგს, ბევრი რამე შეიცვლება მაგით.

sssiimmmaarrtttlllee (შეუმოწმებელი), იანვარი 27, 2010, 16:24:17

ქ-ნ ქეთევანს რომ საყვედურობთ, ცდებით - მართალია ეს ქალბატონი. მართალია, რადგან (შეიძლებოდა დამეწერა - ვინაიდან), (ფრჩხილის შემდგომ უნდა დაისვას მძიმე), ადამიანებს, რომლებიც ამგვარ თანამდებობებზე მუშაობენ და ბევრს საუბრობენ საზ.მაუწყებლის კონცეფციაზე, გამართულად წერა მოეთხოვებათ. გააჟღერას ნაცვლად უნდა ვთქვათ - გაახმიანა, ისიც, უკიდურეს შემთხვევაში. ასევე დიდი შეცდომაა - გაკეთებულ იქნა, შეჭმულ იქნა... და მსგავსი, სრულიად უაზრო წინადადებები, სიტყვათა წყობები. ახლა კი მთავარი - ასე მეჩვენება, რომ მეურვეთა ახალი გუნდის ნაწილი, ანუ, გოგონები "ნამეტნავად" ზედაპირულად მსჯელობენ. და "ახურებენ" იმაზე, რაც "გასახურებელი" არ ან ნაკლებადაა.

maia (შეუმოწმებელი), იანვარი 27, 2010, 21:10:42

არფრთოვანებული ვარ კომენტარებით. ე ი ამ ბლოგის და ამ საკითხების მერე, ”გააჟღერა”-ს, ვნებით გვარსა და ფრჩხილებთან მძიმის დასმაზე მეტი პრობლემა ვერ დაინახეთ? სხვა არაფერია თქვენთვის საინტერესო? ეს არის საზოგადოების დამოკიდებულება საზოგადოებრივ მაუწყებელთან? -მაშინ გასაგებია, რატომ წავსულვართ ასე წინ ჩვენ ადა ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი!

მგ01 (შეუმოწმებელი), იანვარი 28, 2010, 15:26:06

ერთხელ დარდუბალას შემქმნელთა შეხვედრაზე გია ჭანტურიამ თქვა პირველი არხი ტელევიყია არააო, ეს არის გაზეთი კომუნისტი რომ იზო და მერე საქართველოს რესპუბლიკა იმისი სატელევიზიო ვარიანტიო. ჰოდა მას მერე პირველი არხი თვისობრივად დიდად არ შეცვლილა

Irma (შეუმოწმებელი), იანვარი 29, 2010, 17:10:10

Lika, ver gavige, xelfasi ratom unda moematos dgen direqtors? zalian damabneveli da konteqstidan amovardnili chans es cinadadeba ganvrcobis da shemdgomi dasabutebis greshe. radioshi tqven aghnishnet rom xefasebis fondshi didi kontrastebi sheinishneba, anu zogs zalian maghali xefasi aqvs da zogs zalian dbaali, carmoudgenelia generaluri direqtori ar iyos am maghalxelfasianta rigshi, rodesac misi cinamorbedi xshirad gamxdara scoredac rom maghali xefasis gamo kritikis sagani. iqneb ori sityit ganavrcot. mapatiet fontistvis

Irma (შეუმოწმებელი), იანვარი 29, 2010, 17:46:52

Likas vusmine radio Palitraze da minda aghvnishno rom zalin aghtacebuli davrchi misi administrirebisa da menejmentis sakitxebshi gatvitcnobierebulobit da gamartuli saubrit. Me am sferoshi var 10 celze metia da ar movelodi am temebze ase profesionalurad saubars jurnalistisagan. Damrcha shtabechdileba rom mas am sferoshi specialuri ganatleba an xarisxi aqvs (MBA?)

ავთანდილი (შეუმოწმებელი), თებერვალი 2, 2010, 13:31:00

მოხარული ვარ, რომ ყოველ კვირა გვეძლევა საშვალება, გავეცნოთ პირველ არხზე მიმდინარე მოვლენებს. ლიკა მე თქვენ გიცნობთ, როგორც პრინციპულს, სამართლიანს, და კარგ პროფესიონალს. ამიტომაც დიდი იმედი მაქვს, რომ პირველი არხი გახდება მართლაც საზოგადოებრივი , თქვენი და თქვენი თანამოაზრეების ძალისხმევით. საინტერესო იქნება თუ გაგვაცნობთ როგორი საბიუჯეტო დაფინანსება გაქვთ, ეს ყოველწლიური ლიმიტირებული თანხაა, თუ მისი მოცულობა ვინმე ჩინოსანის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული?.

marta (შეუმოწმებელი), თებერვალი 6, 2010, 20:23:34

უცნაური რამ უთხოვია გენ. დირექტორს. რა ხელფასი დაუნიშნეთ ამჟამად? და რადგან გეცოტავებათ, რამდენს ვარაუდობთ მომავალში?

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.