განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საჯარო სკოლებში შემოღებული იქნება გამოსაშვები გამოცდები ("განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები 2010-2011
www.mes.gov.ge "). თავისი ზოგადი მიზნებით, ახალი ინიციატივა განათლების რეფორმის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. გამოცდებისთვის სწორი პარამეტრების განსაზღვრა, როგორიცაა დრო, ადგილი, მასშტაბი, ფუნქცია და ადმინისტრირება, საკვანძო იქნება მათი წარმატებისთვის.
ქვემოთ განვიხილოთ ახალი ინიციატივის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები, და გამოვთქვათ რამდენიმე მოსაზრება პროცესის დაგეგმვის შესახებ.
რეფორმის კონცეფცია იმთავითვე ითვალისწინებდა სისტემის იმგვარ ევოლუციას, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის პროცესში სკოლების როლს გაზრდიდა. ჩარიცხვის პერსპექტიული სქემა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგი + ჯამური სასკოლო შეფასება (რომელიც, შესაძლოა, გამოსაშვებ გამოცდებსაც მოიცავდეს) + დამატებითი ცნობები აბიტურიენტის აკადემიური ან სამოქალაქო ღირსებების შესახებ (კონკურსების შედეგები, სპორტული მიღწევები, საქველმოქმედო საქმიანობა და ა.შ.) + გასაუბრება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
გამოსაშვები გამოცდები, როგორც ვხედავთ, შესაძლებელია, გახდეს ამ ხედვის განხორციელების საფეხური. ამისათვის საჭიროა მათი ეტაპობრივი ჩატარება, სკოლაში შეფასებისათვის საჭირო რესურსების თანმიმდევრული განვითარებით, და მთლიანობაში პროცესში სკოლის აქტიური მონაწილეობით. ამასთან ერთად, გამოსაშვებ გამოცდებს უნდა ჰქონდეთ უნიკალური, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ფუნქცია.
ინიციატივის მიზნები
სამინისტროს დოკუმენტი ასახელებს ახალი ინიციატივის ორ ძირითად მიზანს: "სკოლის ატესტატის პრესტიჟის ამაღლება"და "მოსწავლეთა დასწრების გაუმჯობესება".
"სკოლის ატესტატის პრესტიჟის ამაღლება"
ამ მიზნის გააზრებისას მნიშვნელოვანია ადეკვატური მოლოდინების ჩამოყალიბება. განვიხილოთ ორი ერთმანეთთან დაკავშირებული მოლოდინი, რომელზეც ხშირად საუბრობენ. პირველი - გამოცდის დაწესების გამო, მოსწავლეები უკეთ ისწავლიან და, მეორე - რაც მეტია გამოცდა, უკეთესია.
სისტემის ზოგიერთ ნაწილებში და გარკვეული დროით, შესაძლოა, მართლაც მივიღოთ დადებითი ეფექტი. თუმცაკი, გრძელვადიან პერსპექტივაში გამოცდების რაოდენობასა და განათლების ხარისხს შორის სანდო კორელაცია დადგენილი არ არის. ამავე დროს, არსებობს რისკი იმისა, რომ გამოცდების რაოდენობის მკვეთრ ზრდას, შესაძლოა, მოყვეს მოსწავლეთა ჩართულობის შემცირება, რაც ობიექტურად უარყოფითი მოვლენაა, და ამასთან ერთად ეწინააღმდეგება ინიციატივის მეორე მიზანს.
სკოლის პრესტიჟი უპირატესად დამოკიდებულია მოსწავლისთვის მიწოდებულ ცოდნაზე, ამ ცოდნის გამოყენების უნარსა და ღირებულებებზე. განათლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, რაც განათლების სისტემის უნივერსალურ ამოცანას წარმოადგენს, მიიღწევა მთელ საგანმანათლებლო ციკლზე ეფექტური კონტროლის დაწესებით. განათლების ხარისხის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს - მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს სამინისტროს დოკუმენტი ჯეროვან ყურადღებას უთმობს. ხარისხის მართვის სისტემაში საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს აგრეთვე სკოლების აკრედიტაციამ. მხოლოდ ერთჯერადი აქტით - თუნდაც მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარებული გამოსაშვები გამოცდებით - შეუძლებელია 12-წლიანი საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესების მოლოდინი გვქონდეს.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, მოსწავლის კომპეტენციები ფასდება მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში. მოსწავლემ, მშობელმა, მასწავლებელმა და ადმინისტრაციამ იციან, რომ მოსწავლის ჯამური შეფასება არის მათი ერთობლივი მრავალწლიანი შრომის შედეგი.
გამოცდებმა შეიძლება ხელი შეუწყოს სკოლის პრესტიჟის ამაღლებას. ამისთვის ისინი უნდა "ჩავაშენოთ"ზოგადი განათლების ხარისხის მართვის სისტემაში, როგორც მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტი.
"მოსწავლეთა დასწრების გაუმჯობესება"
ცნობილია, რომ მაღალ კლასებში დასწრება უფრო დაბალია, ვიდრე დაბალ კლასებში. ამავე დროს, იმისთვის, რომ გარკვეული დროის შემდეგ გავიგოთ, თუ როგორ შეიცვალა ვითარება, ზუსტად უნდა დავადგინოთ ამ ფენომენის სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და გეოგრაფიული ჭრილები და შევისწავლოთ მისი გამომწვევი მიზეზები.
მოსწავლეთა დაბალ დასწრებაზე საუბრისას ხშირად გავიგებთ შემდეგ ახსნას: მოსწავლე მხოლოდ იმ საგნებით ინტერესდება, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბარებს. ამ საგნებში ის კერძო რეპეტიტორთან ემზადება, ხოლო დანარჩენ საგნებს აცდენს. თუ ეს ასეა, ჩნდება ორი კითხვა: 1. გამოსაშვები გამოცდები როგორ შეცვლის ამ რეალობას და 2. როგორ იმოქმედებს გამოცდები იმ მოსწავლეებზე, რომლებიც არ აპირებენ სწავლის გაგრძელებას?
"დასწრება, როგორც მოსწავლის შეფასების სავალდებულო კომპონენტი", აღნიშნავს სამინისტროს დოკუმენტი. ეს მოთხოვნა სრულიად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, რომელიც ავალდებულებს სკოლებს, შეფასების სქემაში გაითვალისწინონ მოსწავლის დასწრების მონაცემები. ყველა წარმატებულ საგანმანათლებლო სისტემაში, საპატიო მიზეზის გარეშე, გაკვეთილზე დაგვიანება ან გაცდენა მოსწავლისთვის მძიმე შედეგებით მთავრდება - ნიშნის დაკლებიდან იმავე კლასში დატოვებამდე.
მაშასადამე, მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შესაძლებელია ორი ძირითადი ფაქტორის შეხამებით - განათლების ხარისხის გაუმჯობესებითა და ადმინისტრირების გამკაცრებით. მოსწავლეს უნდა მოეთხოვოს დასწრება, პედაგოგს დასწრების მიუკერძოებელი აღნუსხვა, სკოლას კონტროლის სისტემის გამართული მუშაობა, ხოლო რესურს-ცენტრს - მონიტორინგი. 2008-2009 წლებში ადმინისტრირების გამკაცრების მიმართულებით რამდენიმე წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა, და ეს მიმართულება უნდა გაძლიერდეს.
პროცესის დაგეგმვა
საგამოცდო ინიციატივის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების შეფარდების ანალიზს შემდეგ საგამოცდო პარამეტრებამდე მივყავართ.
1. ფუნქციათა გამიჯნვა - გამოსაშვები გამოცდა თავისთავადია, ის არ ითავსებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფუნქციას. გამოსაშვები და მისაღები გამოცდები სხვადასხვა ცოდნასა და უნარებს ამოწმებს. გამოსაშვები გამოცდა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ნაწილი სკოლის ძალისხმევისა, დაადგინოს თუ რამდენად შეესაბამება კურსდამთავრებულის კომპეტენცია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. მისაღები გამოცდა კი მიზნად ისახავს იმის ამოცნობას, თუ რამდენად არის მზად აბიტურიენტი ახალი, უფრო რთული ცოდნის მისაღებად. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენ ვსაუბრობთ გამოსაშვებ გამოცდებზე, რომელიც არის სასკოლო შეფასების ორგანული ნაწილი, და არა სკოლის გასასვლელში დადგმული შლაგბაუმი.
2. ერთობლივი ადმინისტრირება - გამოსაშვებ გამოცდებს ერთობლივად ატარებენ სკოლები და გამოცდების ეროვნული ცენტრი. სკოლები ჩართულები არიან, როგორც გამოცდების მომზადებაში, აგრეთვე მათ ადმინისტრირებაში. ამგვარი მიდგომა შესაძლებლობას მოგვცემს, სკოლებს განვუვითაროთ შეფასების თანამედროვე მეთოდიკა, რაც ასევე ხელს შეუწყობს ინიციატივის პირველი მიზნის მიღწევას - სკოლის პრესტიჟის ზრდას.
3. ეტაპობრივი მიდგომა - თავდაპირველად, 2011 წლიდან გამოცდები ტარდება რომელიმე ერთ ქალაქში, სადაც სკოლების რაოდენობა 5-6-ს არ აღემატება, წარმატებული გამოცდილების შემდგომი გავრცელებით.
პილოტირება შესაძლებლობას მოგვცემს, უკეთ დავაკვირდეთ პროცესს, გავაანალიზოთ მიღებული შედეგები და, საჭიროების შემთხვევაში, კორექტივები შევიტანოთ ამ ახალ, განათლების ხარისხის გაუმჯობესების პოტენციალის მქონე ინიციატივაში.
*სტატია დაიწერა "ლიბერალის" რედაქციის თხოვნით
კომენტარები
zo-na (შეუმოწმებელი), იანვარი 26, 2010, 20:05:32
izunia (შეუმოწმებელი), იანვარი 26, 2010, 20:42:33
nana (შეუმოწმებელი), იანვარი 26, 2010, 20:58:18
სტუმარი (შეუმოწმებელი), იანვარი 26, 2010, 21:23:28
V V V (შეუმოწმებელი), იანვარი 26, 2010, 22:01:55
zo-na (შეუმოწმებელი), იანვარი 26, 2010, 23:50:49
სტუმარი (შეუმოწმებელი), იანვარი 27, 2010, 00:00:55
ბაბუ (შეუმოწმებელი), იანვარი 27, 2010, 15:39:51
ახალი კომენტარის გამოქვეყნება