გამოცდების ახალი სისტემით შესაძლებელი გახდება ზოგადი განათლების ფუნქციისა და მაღალი მნიშვნელობის დაბრუნება. ზოგადი განათლება რომ უმაღლესი განათლების მიღების აუცილებელი წინაპირობა იყო, აქამდე ცხადდებოდა მხოლოდ თეორიულად, მაგრამ პრაქტიკულად სხვაგვარად გახლდათ. ჩვენთან მოსწავლის აქტიური ყოფნა სკოლაში შემოიფარგლებოდა იმით, რომ ის ემზადებოდა 4 საგანში, რადგან სკოლა განიხილებოდა როგორც უმაღლესი განათლების დანამატი. ამიტომ ხშირი იყო გაცდენები, უდისციპლინობა, ყალიბდებოდა საზოგადოების ინდიფერენტულობაც სკოლის მიმართ. ჩვენ ცნობიერებაში უნდა დაბრუნდეს იმის აღქმა, რომ სკოლა პიროვნების ჩამოყალიბების და მისი ბედის განსაზღვრის უმნიშვნელოვანესი იარაღია.
საგამოცდო სისტემის შეცვლის გადაწყვეტილება ახალი გამოწვევა და სტიმულია სკოლებისთვის. სკოლის დირექტორებიცა და მასწავლებლებიც დაფიქრდებიან, როგორ გარდაქმნან სისტემა ოპერატიულად ისე, რომ ამ გამოწვევებს უპასუხონ. მაგრამ პარალელურად, საჭიროა, ადმინისტრაციის უფლებებიც გაიზარდოს. დღეს მე, როგორც დირექტორი, მასწავლებლებს ვერ ვაფასებ, ეს კანონით არ არის განსაზღვრული. არადა, მათი შეფასება უნდა შემეძლოს. ყველაზე კარგად ვიცი, ჩემი მასწავლებლები ვინ არიან და თუ სახელმწიფო ამ შეფასებაში არ მენდობა, აბა, რაში მენდობა? ანუ ძალიან მნიშვნელოვანია საკადრო პოლიტიკის პრინციპულობაც. კარგი განათლება დაკავშირებულია კარგ მასწავლებელთან. იმის გამო, რომ არ კონტროლდებოდა მოსწავლეების სასკოლო შედეგები, შესაბამისად არ კონტროლდებოდა მასწავლებლების პროფესიონალიზმიც. ბოლო კვლევები კი ადასტურებს, რომ ჩვენი პედაგოგების მომზადების ხარისხი ევროპაში უკანასკნელ ადგილზეა. ახალი სისტემის შემოღება კი აჩვენებს, ვინ ვინ არის.
ახალი სისტემის შემოღებით მშობლებიც გააქტიურდებიან. არავინ შეურიგდება იმას, რომ მათ შვილებს სუსტი პედაგოგები ჰყავდეს. 10 საგანში შვილის მომზადებას ვერავინ მოახერხებს, სამაგიეროდ, სკოლას მოსთხოვენ მაქსიმუმს. სკოლა უკეთ შეასრულებს თავის ფუნქციას, რადგან ზოგადი განათლება მოსწავლის სწორედ სისტემურ მომზადებას ნიშნავს. აღარ იარსებებს მეორეხარისხოვანი საგნები, რომელთა გაცდენაც ბოლო დროს მიღებული ნორმა იყო.
გამოწვევა უნდა მიიღოს, თავის მხრივ, სახელმწიფომაც. დარწმუნებული ვარ, გამოცდების პირველი შედეგები არ იქნება კარგი, ამან კი, წესით, სახელმწიფოს განათლების სისტემის დაფინანსების გაზრდისკენ უნდა უბიძგოს. იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო დაფიქრდება ხარისხიანი განათლების მეტ ანაზღაურებაზე. მნიშვნელოვანია მასწავლებლების სერტიფიცირება. იმ პედაგოგებმა, რომლებიც მაღალ შედეგებს აჩვენებენ, უნდა მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება. სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს იმაზეც, რომ შეცვალოს და დახვეწოს სტანდარტები და პროგრამები. სტანდარტი სავალდებულო მინიმუმია, ჩვენ შემთხვევაში კი, ეს საოცნებო მაქსიმუმია. ახლა რომ მოვთხოვოთ მოსწავლეებს იმ სტანდარტების მიხედვით გამოცდების ჩაბარება, რაც გვაქვს, სახარბიელო შედეგს ვერ მივიღებთ. სტანდარტები უნდა გამარტივდეს, თუმცა არ უნდა გახდეს პრიმიტიული.
ახალ ინიციატივაში ვხედავ რისკებსაც, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია. როგორც აცხადებენ, თავდაპირველად მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ძალიან დაბალი იქნება. ამ ინიციატივას არ ვემხრობი. ეს ერთგვარი დათმობაა და იმედი მაქვს, რომ ეს დათმობა არ იქნება ძალიან დიდი, რათა სისტემის დისკრედიტაცია არ გამოიწვიოს. ვფიქრობ, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უნდა იყოს გონივრულად დაბალი და ისეთი, რომელსაც ყველა ვერ გადალახავს. ყველა ბავშვი, ვინც შედის სკოლაში, არ უნდა ამთავრებდეს სკოლას. კონსტიტუციურად, მხოლოდ 9 კლასის დამთავრებაა სავალდებულო.
საერთო ჯამში, ამ სისტემის ამოქმედების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი პედაგოგთა მოტივაციაა. თუ მაღალ კომპეტენციას და კვალიფიკაციას მოსთხოვ პედაგოგს, მაღალი ანაზღაურებაც უნდა შესთავაზო მას. ეს იქნება გამოცდა გამოცდების ეროვნული ცენტრისთვისაც, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ამ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი და საბოლოო მიზანი კი ალბათ ის არის, რომ უნდა ამაღლდეს კონკურენცია მოსწავლეებს შორის უკეთესი განათლების მისაღებად.
კომენტარები
სტუმარი, იანვარი 26, 2010, 22:10:56
სტუმარი, იანვარი 27, 2010, 01:09:07
სტუმარი, იანვარი 27, 2010, 05:54:24
სტუმარი, იანვარი 27, 2010, 11:28:24
სტუმარი, იანვარი 27, 2010, 22:10:42
სტუმარი, იანვარი 28, 2010, 22:32:02
სტუმარი (შეუმოწმებელი), იანვარი 29, 2010, 18:07:51
შალვა ნათელაშვილი (შეუმოწმებელი), იანვარი 30, 2010, 08:44:53
გელა დოლიძე (შეუმოწმებელი), იანვარი 30, 2010, 15:26:28
me (შეუმოწმებელი), თებერვალი 5, 2010, 06:23:24
ახალი კომენტარის გამოქვეყნება