Skip to content

ავტორიზაცია

განათლება "ჩინეთის კედლის" მიღმა

იანვარი 26, 2010 რუსუდან ფანოზიშვილი

12-22 იანვარი განათლების სისტემაში დიდი ცვლილებების კვირეული იყო. სასკოლო გამოსაშვები გამოცდების დამატება კი - ის კომპონენტი, რომელსაც, ჩემი წარმოდგენით, მთლიანად უნდა შეეცვალა მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების ცხოვრება. ბუნებრივია, მაინტერესებდა რას ფიქრობდნენ სკოლებში.

ისე წავედი 20-ში დილით  სკოლების ჩამოსავლელად, რომ წინასწარ ინტერვიუზე არავის შევთანხმებივარ. სულ ასე ვაკეთებდი ხოლმე - როცა პედაგოგების ანდა მოსწავლეების აზრი მაინტერესებდა სკოლებში პირდაპირ მივდიოდი, შესვენებაზე ანდა გაკვეთილების შემდეგ - ყველას იოლად ვესაუბრებოდი.

იმ დილას კი, მგონი, დავითარსე. პირველივე სკოლიდან ცივი უარით გამომისტუმრეს - მინისტრის ახალი ბრძანებაა, სანამ იქ არ აიღებთ ნებართვას, არც მე, არც ერთი მასწავლებელი და არც ერთი მოსწავლე არ დაგელაპარაკებითო.

არც მოსწავლეებიო! არ უთქვამთ მოსწავლეებთან ინტერვიუს ჩაწერის ნებართვა მშობლებს უნდა ჰკითხოთო, მითხრეს ნებართვა  სამინისტროდან აიღეთო.

რამდენიმე დღეში მინისტრმა სავალდებულო ნებართვის აუცილებლობა ასე ახსნა: სამინისტროს პრესსამსახური დირექტორებს კოორდინიერებას გაუწევსო. პრაქტიკულად  ეს ტოტალურ ცენზურაში  გამოვლინდა. ერთ-ერთ სკოლაში  კანცელარიის შეშინებული თანამშრომელი შემევედრა, "შენი ჭირიმე,  დირექტორს დაელოდე, არავის დაელაპარაკოო," ძალიან აღელვებული ჩანდა, პრობლემები არ გვინდაო.

მეორე სკოლაში  მოსწავლეებთან შემახვედრეს, მშობლების ნებართვის გარეშე, ოღონდ თვითონ შემირჩიეს, ვისთან უნდა მელაპარაკა - ანუ, ვინ იქნებოდა "უსაფრთხო".

ახლა ყველა, სკოლის დარაჯით დაწყებული, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელით დამთავრებული - მინისტრთან იქნება კოორდინაციაში. მის გარეშე საკუთარ აზრს ვერავინ გამოთქვამს. მათი  აზრი მინისტრის აზრისგან განსხვავებული არასდროს იქნება. არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მათ  უკან დიდი სისტემა დგას. . ამიტომ "ჩემი აზრით" - ასე წინადადებას ვეღარ დაიწყებს. მათი აზრი ამიერიდან ზუსტად ის იქნება, რასაც სამინისტრო ფიქრობს.

ზოგიერთმა პედაგოგმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ, დაიწყო  დირექტორებისგან ნებართვის აღება ინტერვიუებზე. მერე დირექტორებმა "შესაფერისი" მასწავლებლების შერჩევის პრაქტიკა განაახლეს, ხოლო მასწავლებლებმა -  "შესაფერისი" საუბრები: ინტერვიუზე თუ დაგთანხმდნენ, უმრავლესობა ან ძალიან შეშინებულია, ან კითხვებს არც უსმენს და წინასწარ გამზადებული ფრაზებით გპასუხობს: ხელისუფლების საწინააღდეგო არაფერი აქვთ (არადა შეიძება ხელისუფლებაზე არც ეკითხები) - არ უნდათ რომ ცუდ ტონად ჩაეთვალოთ - ყველაფერი კარგია - რას ამბობ მადლობის მეტი რა გვეთქმის, და ა შ.

მერე მასწავლებლებმა და დირექტორებმა უკვე "შესაფერისად მოლაპარაკე ბავშვების" შერჩევა დაიწყეს.  მერე - ინტერვიუს წინ მათი დარიგებაც. ამას კი მალევე მოჰყვა, ინტერვიუს დროს ბავშვების გვერდით დგომა, თვალებში ყურება, თავის ქნევა კმაყოფილების და თავის გადაქნევა - უკმაყოფილების ნიშნად (არ  ვაჭარბებ, მე პირადად მქონია ასეთი შემთხვევები).

განათლების სამინისტროს შიგნით სისტემური პრობლემები  მას შემდეგ დაიწყო, რაც იქ სასჯელაღსრულების მინისტრი მივიდა. მისი მინისტრობის პირველივე კვირას, როცა ერთ-ერთი განყოფილებიდან ერთი ჩვეულებრივი, "უწყინარი" ინფორმაცია ვითხოვეთ, გვითხრეს - შაშკინის პრესსამსახურის უფროსისგან უნდა აიღოთ ნებართვაო. "რამდენ სკოლას გადაეცა ოქროსა და ვერცხლის მედლები 2009 წელს?" - ჩვენს ამ კითხვაზე პასუხი კი იცოდნენ, მაგრამ ამ ინფორმაციის გაცემაზე ნებართვის ასაღებად სამინისტროს სამი განყოფილების თანამშრომლები ერთ ადამიანთან მამისამართებდნენ, რომელიც განათლების სამინისტროში საერთოდ არ მუშაობდა: ქალბატონთან, რომელიც შაშკინის სასჯელაღსრულების სამინისტროში ყოფნის დროს პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა და რომელმაც მედლების სტატისტიკასა და მათ ნიუანსებზე ბევრი არაფერი იცოდა.  ამიტომ ვიდრე, სასჯელაღსრულების პრესსამსახურის  უფროსი  მედლების სპეციფიკასა და სკოლების რაოდენობაში გაერკვა, იქამდე სტატია ვერ დავწერეთ.

ამიერიდან სამინისტროს ნებისმიერი ცენტრის თანამშრომელი თანახმაც რომ იყოს ინტერვიუზე, ჯერ მისი ცენტრის პრეს-სამსახურს უნდა გაუგზავნო კითხვები, შემდეგ რესპონდენტმა უნდა მოამზადოს პასუხები, რომლებიც ჯერ უნდა გაუგზავნოს თავის პრეს-სამსახურს, მან შეათანხმოს სამინისტროს პრეს-სამსახურთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებ შენ. თუკი, ბოლოს გაოცებული იკითხავ, მე ხომ ინტერვიუსთვის შეხვედრა მინდოდაო, პრეს-სამსახურის თანამშრომელი თავაზიანად გიპასუხებს, შეხვედრა კი, მაგრამ ასე, დაწერილი და რედაქციაში ფოსტით მორთმეული პასუხები, ნუთუ, თქვენთვის უფრო კომფორტული არ არისო?

თუ მაინც იმარჯვე და რესპონდენტთან პირისპირ მოახერხე გასაუბრება, მაშინ რა ხდება? აი, მე რა შემემთხვა: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეპარტამენტის ხელმძღვნელს ინტერვიუს დროს გვერდით მისი  პრესსამსახურის თანამშრომელი  ედგა, ნათქვამს გაფაციცებული უსმენდა და თანხმობის ნიშნად ზუსტად ისე უქნევდა თავს, როგორც პატარა ბავშვს - მშობელი. მერე, თვითონაც რომ ჩაერთო საუბარში ხელოვნური თავაზიანობით და უფრო "სწორი" პასუხებიც დაამატა, გადავწყვიტე მეტი კითხვა აღარ დამესვა.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს განათლების მთელ სისტემას დიდი გალავანი შემოარტყეს, რომლის იქითაც ჩიტიც ვერ გადაფრინდება. იმედი მაქვს, რომ ამ ჩემს შთაბეჭდილებებს თქვენსასაც მიამატებთ, ან უბრალოდ, დასკვნას თქვენ გამოიტანთ და გაგვიზიარებთ.

კომენტარები

ნინო გოგუა, იანვარი 26, 2010, 20:38:09

:(

და უკვე იმასაც აღარ იტყვიან მასწავლებლები ღიად, რას ფიქრობენ ამ ჩაკეტილობაზე :(

სტუმარი (შეუმოწმებელი), იანვარი 26, 2010, 22:50:36

გული დამარტყამს! ოღონდ მართლა! :(((

სტუმარი (შეუმოწმებელი), იანვარი 27, 2010, 01:54:49

რაზე უნდა ილაპარაკო განათლების სისტემაში, სადაც მთავარი უწყების ხელმძღვანელი დიმა შაშკინია???? უკეთესს რას უნდა ველოდოთ მისგან? ყველაზე ცუდი ის არის, სკოლები მორჩილად ასრულებენ ამ ინსტრუქციას! და ახლა სად არიან პედაგოგთა პროფკავშირები, რატომ არ იღებენ ხმას?

Tiko (შეუმოწმებელი), იანვარი 27, 2010, 01:56:27

საინტერესოა, რატომ არ აპროტესტებენ ამ აბსურდულ მითითებას სკოლების "არჩეული" და "დამოუკიდებელი" დირექტორები?

Tamuna (შეუმოწმებელი), იანვარი 28, 2010, 12:31:56

ruso, mainteresebs, tuki romelime pedagogi an direqtori gadawyvets, rom saministros gverdis avlit dagelaparakos, ra sasjeli elit mat -- gafrtxileba? sayveduri? xelfasis daqvitva? jarima? tanamdebobidan datxovna? tu ra?

Rusudan Panozishvili (შეუმოწმებელი), იანვარი 28, 2010, 15:17:32

tamuna - საინტერესო შეკითხვაა. ეგ უნდა გავარკვიოთ.

Stephen Jobs (შეუმოწმებელი), იანვარი 28, 2010, 15:17:47

ეს, ისევ თქვენი ბრალია, ანუ, პირადად თქვენი კი არა, საერთოდ ჟურნალისტების. საქმე იმაშია, რომ ერთს ეუბნები და მეორეს წერენ. ხშირად, სრულიად საპირისპიროს. ხშირად მქონია ასეთი შემთხვევა , ამიტომ, მხოლოდ გადამოწმების შემდეგ ვაძლევ უფლებას ტექსტის გამოქვეყნებისა. თუმცა, არის გაზეთები, რომლებსაც ეგრევე ვაბრუნებ უკან, რადგან, აპრიორი ვიცი, რასაც დაწერენ და რა კუდს გამოაბამენ.

სტუმარი გიორგი ბერუჩაშვილი (შეუმოწმებელი), თებერვალი 4, 2010, 20:02:28

გმადლობთ რუსუდან სტატიისათვის და პროფესიულ პრინციპთა ერთგულებისათვის. პირაკრული მასწავლებლის, მშობლისა და დირექტორის მეტი რა გვინახავს საბჭოურ ეპოქაში. ამათ ჰგონიათ განსხვავებულები არიან. არა ბატონო – საკუთარი და სხვისი შინაგანი თავისუფლების პატივისმცემლებს ერთი სამშობლო აქვთ, რომელ ენაზეც არ უნდა ლაპარაკობდნენ. ამათი – მასობრივი შეგნების მქონე (რევოლუციონერი პატიოსანი მაინცაა თავის ფანატიზმში) რევოლუციაზე მიტმასნლების სამშობლო კონფორმიზმია – ერთზე ფიქრი და მეორის კეთება. საცოდავნი, დარწმუნებულნი რომ არიან იმაში, რომ თავიანთ ბავშვებს საქართველოს სამომავლო განვითარების სამსახურში აღებული გასამრჯელოთი კვებავენ. პროფესიული განათლების კანონში და ,,ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნები"–ს დოკუმენტებში ჩაგახედათ პროფესიონალის თვალით, მოზარდებს რა მოეთხოვებათ . . . დანარჩენი ხოსე ორტეგა ი გასეტი–სთან. მან ამ ვაჯბატონთა აზროვნების დიაპაზონზე და ფსიქიკაზე ჯერ კიდევ 1930 წ. გამოაქვეყნა ნაშრომი (,,მასების ამბოხი"), რომელზედაც ევროპის თაობები აღიზარდა. მხოლოდ საუკუნის მიწურულს (1993 წ., ბაჩანა ბრეგვაძე) თარგმანი ერთ–ორ ინტელექტუალს თუ ექნება წაკითხული.

anano (შეუმოწმებელი), მარტი 10, 2010, 01:05:41

sakutar tvalebs ar vujereb.. gmerto chemo, ra marazmia.. geshinodet (!) sabchota kavshiri burndeba, tu ragac amgvari situciaa xo??? tu ase gagrzelda AGARASODES DAVBRUNDEBI da TU ODESME SHVILI MYAVDA, SAQARTVELOSHI AR MIVIYVAN SKOLASHI - diiid politikur dawesebulebashi

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.