Skip to content

ავტორიზაცია

სააკაშვილის ეპოქა

იანვარი 27, 2010 ნინო რობაქიძე

რომ არა გუშინწინდელი რვასაათიანი "ქრონიკა", არაფრით არ გამახსენდებოდა, რომ 24 იანვარს 6 წლის წინ, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენი პრეზიდენტი სულ ახალია. არ მახსოვს საინფორმაციო გამოშვება, სადაც ან სააკაშვილის  და ნაციონალური მოძრაობის რეიტინგებზე არ იყოს ორწუთიანი სიუჟეტი, ან ვინმე მთავრობიდან ლენტს არ ჭრიდეს ან მშიერს არ აპურებდეს, ან პრეზიდენტის პირდაპირი ჩართვა მაინც არ იყოს. შესაბამისად განცდა მაქვს, რომ სულ არჩევნებია, რომ ეს არჩევნები სულ სააკაშვილის გამარჯვებით მთავრდება და ჩვენი პრეზიდენტიც სულ ახალია. არადა თურმე, უკვე  მთელი ეპოქა უკავშირდება მის სახელს.

"სააკაშვილის ეპოქა" - ეს ფრაზა "ქრონიკის" 25 იანვრის სიუჟეტში  ხუთჯერ გამეორდა. დაახლოებით წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, რა იგულისხმება ამ ფრაზაში, გეტყვით, რომ სიუჟეტში თხუთმეტჯერ გამეორდა სიტყვა "რეფორმა", რომელსაც სხვადასხვა შემთხვევაში ერთვოდა განსაზღვრებები: "მასშტაბური", "ყველაზე დიდი", "სწრაფი", "უფრო სწრაფი", "ძალიან სწრაფი", "სასიამოვნო", "ლიბერალური". "სააკაშვილის ეპოქის"  რეფორმები ზოგჯერ ყოფილა "არასასიამოვნო" და "არაპოპულარული", მაგრამ სამაგიეროდ მათ გამო საქართველოს "დემოკრატიის შუქურა" თავად  ჯორჯ ბუშმა დაარქვა.

სიუჟეტი, რომელიც "დემოკრატიის შუქურის" პრეზიდენტის ექვსწლიან მმართველობაზე გვიამბობდა, ტელეკომპანია "იმედის" მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში  7 წუთს გაგრძელდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ეკრანზე ჩანდა ტიტრი სიუჟეტის მოკლე შინაარსით და სათაურით: "რეფორმების ეპოქა - 6 წელი სააკაშვილის ინაუგურაციიდან", მაგრამ არც ერთი წამით არ გამოჩენილა სიუჟეტის ავტორის გვარი და სახელი. ჟურნალისტის ვინაობა არც წამყვანს - ლაშა ხარაზიშვილს უთქვამს. უბრალოდ გვითხრა - ნახეთ "ჩვენი" სიუჟეტიო. ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ ამ სიუჟეტის მომზადებაში "ქრონიკის" მთელმა კოლექტივმა მიიღო მონაწილეობა და ერთი ჟურნალისტისთვის ავტორობის მიწერა არ იქნებოდა სამართლიანი.  პირადად მე ძალიან მაინტერესებს კონკრეტულად ვის კალამს ეკუთვნის სიუჟეტის გამხსნელი ფრაზა:

" მისი გაპრეზიდენტება ზუსტად 6 წლის წინ პარლამენტის წინ ჩატარებული ინაუგურაციით დაიწყო. ასე დაიწყო საქართველოში ყველაზე დიდი გარდაქმნების, რეფორმებისა და პოლიტიკური ვნებათა ღელვის ბობოქარი პერიოდი, რომელიც, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორიაში შევა, როგორც სააკაშვილის ეპოქა."

ასევე ძალიან მაინტერესებს, მარტო მე ვარ, ვინც სიტყვა "სიღნაღიზაცია" პირველად გუშინ გაიგო, თუ კიდევ არიან ჩემნაირი ჩამორჩენილები? კიდევ კარგი განმარტება მომიყოლეს:  "სააკაშვილი ეპოქამ გააჩინა ტერმინი "სიღნაღიზაცია" ანუ ძველი ქალაქების მთლიანად აღდგენა და აშენება სიღნაღის მაგალითზე."

ჩემთვის ასევე აღმოჩენა იყო, რომ "სააკაშვილი პრეზიდენტობის განმავლობაში ოპოზიციის მასირებული პოლიტიკური შეტევების ობიექტი ძლიერი მმართველობის, საქართველოს დასავლური ორიენტაციისა და რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო" გამხდარა.  სამართლიანი სასამართლო, დამოუკიდებელი არჩევნები, სიტყვის თავისუფლება, საომარი რიტორიკის შეწყვეტა - ოპოზიციის ეს მოთხოვნები  "ქრონიკის" ჟურნალისტებს არ დამახსოვრებიათ.

თუ ამ სიუჟეტისთვის აპლოდისმენტებს "ქრონიკის" მთელი რედაქცია მიიღებს, მოკრძალებული შენიშვნებიც ალბათ ყველას ეკუთვნის. ექვსწლიანი ეპოქის ერთერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ყოფილა ის, რომ სააკაშვილმა "1 წლით შეიმოკლა თავისი საპრეზიდენტო ვადა და დანიშნა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები".  თუმცა ჟურნალისტების მთელ გუნდში არავის მოუვიდა აზრად იმის თქმა, თუ რატომ მოიკლო წარმატებული მმართველობის ერთი წელი ქვეყნის პრეზიდენტმა, რატომ უძღვოდა პრეზიდენტის რიგგარეშე არჩვნებს წინ  საგანგებო მდომარეობა.  სააკაშვილის ეპოქაში,  2007 წლის 7 ნოემბერი, მშვიდობიანი მიტინგის დარბევა სააკაშვილის მთავრობის ყოფილ წევრს გია ნოდიასაც კი გაახსენდა "კურიერის" სიუჟეტში. ასევე  არ ახსენეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გახსნილი საქმე - პრემიერ მინისტრის ტრაგიკული სიკვდილის ოფიციალური ვერსია, რომლისაც, ჩემი აზრით,  საქართველოს  მოქალაქეების უმრავლესობას  არ სჯერა. სააკაშვილის ეპოქის დასახასიათებლად არც "მინისტრების კარუსელი" გამოადგათ იმედელებს და არც პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვიდან ოპოზიციაში გადასული თითქმის მთელი მთავრობა - თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი. არადა სწორედ ეს ადამიანები ჩაუდგნენ სათავეში ოპოზიციურ მოძრაობას სააკაშვილის წინააღმდეგ. სამაგიეროდ, ამ სიუჟეტში მოხვდა უკვე 2009 წლის 9 აპრილის შემდეგ გამართული საპროტესტო მიტინგები, საინტერესო კონტექსტში:

"იყო შეიარაღებული ამბოხებები, იარაღის ჟღარუნი თბილისში და საკნები ქალაქის ცენტრში." თუმცა თუ გავითვალისწინებთ სიუჟეტის უკვე ნახსენებ მონაკვეთს, რომლის თანახმადაც სააკაშვილს ოპოზიცია რუსეთთან დაპირისპირების გამო ერჩოდა, ფაქტების ეს წყობაც ლოგიკური ხდება.

თუმცა შინაურ და გარეულ მტრებს ვერ შეუჩერებიათ სააკაშვილის დიდი, პატარა და საუკუნის პროექტები. რეალურად ქცეულა "ოცნება ოცდაოთხსაათიანი დენის შესახებ". და კიდევ ერთი ციტატა ამ სიუჟეტიდან:

" სააკაშვილის ეპოქამ გვანახა როგორ კეთდება ნულოვანი ტოლერანტულობა."  საუბარია ნულოვან ტოლერანტობაზე კრიმინალის, კორუფციის და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში და აქვე გაგრძელება: " ნულოვანი ტოლერანტობის შედეგია ისიც, რომ ჩვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ ქრებიან კანონიერი ქურდები."  მე მესმის იმედელების - მათი ტელეკომპანიის  ერთ-ერთი ჟურნალისტი მაგალითად თვლის, რომ "ლეჟავა და მსგავსი ოპო პოლიტიკოსებისგან" ცნობებს სანდოდ ვერ მიიღებს, რადგან "ყიფიანების ამბები ლეჟავას თემებია, ქურდებზე რეპორტაჟს რომ აკეთებს, აშკარად სიამოვნებას განიცდის, ამიტომ დაინტერესებული მხარეა:)".  http://www.facebook.com/natia.koberidze?v=feed&story_fbid=263487738156
საუბარია 24 იანვარს "კვირის რეპორტაჟში" გასულ ნანა ლეჟავას სიუჟეტზე, რომლითაც იგი ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის მთავრობის წევრები დღესაც არ ამბობენ უარს ე.წ. "კანონიერი ქურდების" დახმარებაზე.

როგორც ჩანს, ნაციონალური არხებისთვის  დღეს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, რომ სააკაშვილის გაპრეზიდენტებიდან ერთ თვეც არ იყო გასული, რომ კომერციული ტელე-არხების ეთერიდან მოიხსნა ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური თოქ-შოუები. ამას მოჰყვა ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე მედია საშუალების დახურვა და მედიის უფლებების დამცველი ჯგუფის "ჟურნალისტები საზღვრების გარეშე" მიერ  გამოქვეყნებული პრესის თავისუფლების ყოველწლიური რეიტინგები, რომელშიც  საქართველომ 73-დან  99-ე ადგილზე გადაინაცვლა. ასე რომ, საერთაშორისო რეიტინგებში, რომელთა ნაწილის შედეგები ზეპირად ვისწავლეთ, მხოლოდ წინსვლა არ ყოფილა. არც რეფორმები ყოფილა ერთმნიშვნელოვანი.

რეფორმირებული სამართალდამცავი სტრუქტურების  იმიჯზე სერიოზულად იმოქმედა 19 წლის ამირან რობაქიძის და 27 წლის სანდრო გირგვლიანის გახმაურებულმა მკვლელობებმა. რასაც მოჰყვა სასამართლო პროცესებისთვის გამოცხადებული უნდობლობა და ბოლოს სასამართლო დარბაზებში ვიდეოგადაღება აიკრძალა. კანონპროექტის განმარტებით დოკუმენტში ნათქვამია, რომ სასამართლო სხდომაზე ტელეკამერები "ხელს უწყობს პროცესის ანგაჟირებას და მხარეთა მიერ შეგნებული პროვოკაციების მოწყობას". მართლაც, ტელეკამერები ძალიან ბევრ რამეს ცვლის და არა მარტო სასამართლო სხდომებზე. ტელეკამერებს რეალობის შეცვლაც შეუძლიათ - შავ-თეთრის მხოლოდ თეთრად დანახვა. მთავარია გრძნობდე იმას, როდის და რაზე უნდა დახუჭო თვალები და ყურებიც. ეს კი არც ისე ადვილი საქმეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დღეს ამ საქმიანობაში ერთმანეთს სამი ყველაზე რეიტინგული მაუწყებელი ეჯიბრება - "იმედი", "რუსთავი 2" და საზოგადოებრივი არხი. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, რომ აქვე გამარჯვებულიც დასახელდეს - როგორც ახალი "იმედის" ხელმძღვანელობა გვპირდებოდა, არხი მართლაც ამარცხებს კონკურენტებს ნომინაციაში "ფართოდ დახუჭული თვალები"... და ყურებიც.

P.S. ლინკი ამ შედევრის საცქერად:
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=25-01-2010%2020:09

კომენტარები

marika (შეუმოწმებელი), იანვარი 27, 2010, 18:14:55

როგორც ახალი "იმედის" ხელმძღვანელობა გვპირდებოდა, არხი მართლაც ამარცხებს კონკურენტებს ნომინაციაში "ფართოდ დახუჭული თვალები"... და ყურებიც....ნამდვილად ეკუთვნის ტელეკომპანია “იმედს“ ამ ნომინაციაში პირველი ადგილი!:):)

სტუმარი (შეუმოწმებელი), იანვარი 27, 2010, 21:14:47

Natia Koberidze: ფრთხილად იხილეთ, მაგრამ ემანდ რაიმე ცუდი არ წამოგცდეთ და ტრადიციები არ შეურაცყოთ!:)) http://www.facebook.com/natia.koberidze?v=feed&story_fbid=263487738156 ჟურნალისტმა, ნათია კობერიძემ ჯერ სიტყვ ა"შეურაცხყოფის" სწორად გამოთქმა და წერა ისწავლოს და შემდეგ აკრიტიკოს სხვა ჟურნალისტები.

mai (შეუმოწმებელი), იანვარი 27, 2010, 22:19:49

ნინო, საინტერესო სტატიაა, მაგრამ ჩემთან არ ხსნის სიუჟეტის ლინკს. კარგი იქნება, რომ ვინმეს აატვირთინოთ იუთუბზე, რომ უცხოეთში მყოფებმაც ვნახოთ. ძალიან დავინტერესდი თავად სიუჟეტით-რამდენად მიესადაგება მას თქვენი შეფასებები.

nicholas (შეუმოწმებელი), იანვარი 28, 2010, 00:52:02

ძაან მომეწონა სტატია, მე არ მინახია ეგ სიუჯეტი და ძაან გული დამწყდებოდა თუ დემოკრატიის ისეთ ახალ გირებებულებზე არ იქნებოდა საუბარი როგორიცაა: ასფალტი, შადრევანი, შუქი 24სთ, და რავიცი იმდენი გვაქ როო ვეგარც ვიხსენებ ყველას :)))

stumari (შეუმოწმებელი), იანვარი 28, 2010, 01:02:24

"სიღნაღიზაცია" ფრაზა მგონი თვითონ მიშამ ახსენა, მესტიის რეკონსტრუქციაზე საუბრისას: მესტიის სიღნაღიზაცია უნდა განვახორციელოთო:), რაც როგორც მესტიისთვის, ასევე თავად სიღნაღისთვისაც შეურაცხმყოფელი ფრაზა იყო. ნიშნავს რომ თითოელი ქალაქის თუ სოფლის უნიკალურობას ვერ ხედავ.

Natalia Darchia (შეუმოწმებელი), იანვარი 28, 2010, 01:04:02

Nino, zalian kargi da saintereso statiaa, bevr ragacashi getanxmebi, bevri usamartlobaa... tv-s arvukureb da araferi minaxavs, isev da isev shengan tu gavigeb raime axals da sainteresos :) MAGRAM, me mainc chems azrze vrchebi :) - aritkva shecdomebze araferi da nu itkva :))) "saakashvilis epoka" namdvilad xmamagali natkvamia, magram bevri repormebis periodia vetanxmebi da kvelafris migceva ertbashad arsheidzleba... ETAPOBRIVAD! rasac bevri shecdomebic mokveba tavistavad iko es ubeduri shemtxvevebi tu sxva arasasiamovno momentebi idea moitxovs msxverpls, es exla itkvit arahumanuria, magram sazogadoebistvis ketdeba isev da isev da rogorc dostoevski cerda - smert' staruxi pracentshici stoit jizni golodnogo studenta :) ak ragac konkretul shedarebas arvaketeb, ise pirobitat ... statia ki zalian momecona da mititebul siujetebsac vnaxav mere :)

Nata (შეუმოწმებელი), იანვარი 28, 2010, 11:27:17

ukve 6 weli gavida? martla ar maxsovda. ise, kargia, mteli es epoqa 21-e saukunit rom ifargleba. es yvelaferi me-20 saukunis miwuruls rom dacyenuliyo, siujetshi albat iqneboda frazebi, rom "ager ukve 2 saukunea qartvelebi axdenili ocnebebis epoqashi vcxovrobt da rom es yvelaferi im shuquris damsaxurebaa, romelic ukve 2 saukunea gvinatebs gzas" p.s. statia martla momewona, mshvenivrad davicye dila...

ელენე (შეუმოწმებელი), იანვარი 28, 2010, 11:57:32

ნატალია დარჩია ყველაზე ძალიან თქვენს დამოკიდებულებაზე მწყდება გული, დიდი ბოდიში, მაგრამ სანდრო გირგვლიანის ადგილზე თქვენი ძმა ან ახლო მეგობარი, რომ ყოფილიყო მაინც ასე იფიქრებდით? სასამართლოს უკანონოდ თქვენი კერძო საკუთრება რომ ჩამოერთმია მაინც? სამსახურიდან რომ უკანონოდ გაეშვით მაინც? და აღარ ჩამოვყვები, უბრალოდ გაგიმართლად და არ შეგეხოთ, თორე 21-ე საუკუნეში ქუჩა, რომ განათებული უნდა იყოს და 24 საათი დენი უნდა გვქონდეს ეგ გასაგებია, ამისთვის ფულს ვიხდით გადასახადების სახით მოქალაქეები. ღმერთმა დაგიფაროთ, რომ რამე ისეთი უკანონობის მსხვერპლი გახდეთ ოდესმე, რაც უკვე მრავლად ვიხილეთ ამ ხელისუფლების პირობებში, მაგრამ გისურვებთ, რომ მეტად გქონდეთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება ჩამოყალიბებული. მე არაფერი შემხებია, მაგრამ ყველაფერს ისე განვიცდი, როგორც საკუთარს, რადგან ვიცი, რომ დღეს თუ ხმა არ ამოვიღე, ხვალ მეც აღმოვჩნდები იმავე მდგომარეობაში, უსამართლობა ნებისმიერი ფორმით მიუღებელია, მე ვერ ვიცხოვრებ პრინციპით კარგად ვარ და მერე რა, რომ ჩემს იქით პრობლემებია. ყველაზე დიდი სურვილი მაქვს, რომ თქვენნაირი ხალხი გამოფხიზლდეს! კეთილი სურვილებით, ელენე

ლელი (შეუმოწმებელი), იანვარი 28, 2010, 12:29:51

და შემთხვევით მაგ სიუჟეტში არ იყო საუბარი, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა?! იქნებ ეგეც დაამატონ, თან ისე რომ, ამ ადამიანების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდონ და მისამართები სადაც დასაქმდნენ. მე ვთვლი რომ საქართველოში მარტო პენსიონრების პრობლემა არ დგას ! პენსიონრებს კიდევ რა უჭირთ . რა ქნას 40-60 წლამდე დაუსაქმებელმა ადამიანმა? წარმოიდგინეთ , მას არც პენსია ეკუთვნის, არც მუშაობს და არავითარი შემოსავალი არ აქვს პრაქტიკულად.რათ უნდა იმ ადამიანს 24 საათიანი გრაფიკით დენი, თუ იმის საფასური ვერ გადაიხადა. კარგია , კარგი გზა და განათებნული ქუჩები, თუ კი მას თან პურიც მოყვება . :)

გიორგი (შეუმოწმებელი), იანვარი 28, 2010, 15:41:35

Natalia Darchia: rogorc dostoevski cerda - smert' staruxi pracentshici stoit jizni golodnogo studenta : ერთი შეკითხვა გამიჩნდა. ეს სტარუხა სამაჩაბლო და სამხრეთ ოსეთია და იმ მოვლენების დროს დახოცილი და მიტოვებული ქართველი ჯარისკაცები აფრიან და მშიერი სტუდენტი კი დაგებული ასფალტია? თუ ეს სტარუხა არის უკანონოთ ჩამორთმეული მიწები დანგრეული სახლები, უკანონოდ და უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანები და მშიერი სტუდენტი კი უგემოვნებოთ დადგმული შადრევანები. მოდით აიღეთ სასწორი და დააწყეთ ერთ მხარეს ამ 6 წელიწადში გაკეთებული სიკეთე და მეორე მხარეს გაკეთებული სისულელე თუ ბოროტება არც ვიცი რა დავარქვა. ვნახოთ რომელი გადაწონის. ნინიკო მაგარი სტატიაა როგორც ყოველთვის.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.