Skip to content

ავტორიზაცია

"ქართული დესანტი" უკრაინაში


ერთადერთი, რაც ქართველ დამკვირვებლებს დონეცკსა და ლუგანსკში შეეძლოთ, იქ ჩატარებული არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება იყო.
ქართველი დამკვირვებლები უკრაინაში, იანვარი 2010

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსულმა და უკრაინულმა საინფორმაციო საშუალებებმა „ქართველ დამკვირვებელთა" სია გამოაქვეყნეს. მათ შორის მოხსენიებულნი არიან ირაკლი კოდუა, დათა ახალაია და შოთა უტიაშვილი. დონეცკის მერიის მიერ გადაღებულ ფოტოებში ჩანს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ამბობს, რომ უკრაინაში დამკვირვებლები ძირითადად თბილისის საკრებულოდან, პარლამენტიდან, სამთავრობო სტრუქტურებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან გაგზავნეს.

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს არც ერთ კანდიდატს არ უჭერდა, მისთვის უკრაინელი ხალხის ნებისმიერი არჩევანი პატივსაცემი და მისაღები იქნებოდა.

თუმცა, მალე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ასე არ იყო. არჩევნებამდე 3 დღით ადრე გავრცელდა სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი, სადაც ხმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილისას ჰგავს, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის იულია ტიმოშენკოს მსგავსი ხმის მქონე ქალბატონს „გამოცდილი და ბრძოლისუნარიანი" ხალხით დახმარებას ჰპირდებოდა.  საუბრის დასაწყისში ქართული აქცენტის მქონე პიროვნება ამბობს: გააფრთხილეთ  იულია ტიმოშენკო, რომ პრეზიდენტი და პრემიერი „ღია ეთერით" ისაუბრებდნენ, ანუ ამ საუბრის მოსმენა შესაძლებელი იყო. საუბრისას "მიშა" ამბობს,  რომ  უკრაინაში გივი ყველაფერს მიხედავს. ქალბატონი "იულია",  თავის მხრივ, მოსაუბრეს ჰპირდება, რომ უკრაინის ცესკო-ს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებდა.

ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიის წარმომადგენლებმა ცესკო-ში ქართველი დამკვირვებლების აკრედიტაციაზე თავიდანვე უარი განაცხადეს. იანუკოვიჩმა გამოთქვა ეჭვი, რომ ქართველ დამკვირვებლებს მიზნად დონეცკსა და ლუგანსკში არჩევნების ჩაშლა ჰქონდათ. ტრადიციულად იანუკოვიჩის მხარდამჭერი ქალაქ დონეცკის მერმა განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა საქართველოდან ყველა მსურველი დამკვირვებლის მიღებას. ქართველ დამკვირვებელთა უმეტესობას კი სწორედ დონეცკსა და მის მოსაზღვრე ლუგანსკში სურდათ არჩევნების მონიტორინგი. "რეგიონების პარტიის" უარის გამო, უკრაინის ცესკო-მ ქართველებზე აკრედიტაციები ვერ გასცა.

იულია ტიმოშენკომ ცესკო-ს გადაწყვეტილება მართლაც გაასაჩივრა და კიევის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომ ქართველი დამკვირვებლების აკრედიტაციის თხოვნა უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაეკმაყოფილებინა. ეს განჩინება იანუკოვიჩის პარტიის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 17 იანვარს უკრაინის ცესკო-მ ქართველ დამკვირვებლებს აკრედიტაციაზე კვლავ უარი უთხრა.

ფარული სატელეფონო ჩანაწერების სერიალი არჩევნების მეორე დღეს გაგრძელდა. შემდეგ ჩანაწერში ხმა, რომელიც ჰგავს საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძისას,  კონსტანტინეს ქართულად ესაუბრება. ფარული ჩანაწერი უკრაინულმა მედიამ გაავრცელა. საუბრიდან ჩანს, რომ ქართველ დამკვირვებლებს დონეცკში არჩევნებზე დასაკვირვებლად პრობლემებს უქმნიან. ახსენეს ვინმე ლაშა და გია. "გივი" უკმაყოფილოა ლაშას დახმარებით და იმუქრება, რომ მასზე ძებნა გამოცხადდება და უმჯობესია თავი რუსეთს შეაფაროს. ამავე სატელეფონო საუბარში ის  კონსტანტინეს ჰპირდება, რომ დონეცკს დიდ პრობლემებს შეუქმნის, იქ 8 ათას კაცს გაგზავნის და ეს ამბავი მარტივად არ მორჩება. ეს საუბარი, უკრაინული მედიის ცნობით, 11 იანვარს შედგა.

კიდევ ერთ ჩანაწერში ერთმანეთს ორი მამაკაცი, პარლამენტარ გივი თარგამაძის მსგავსი ხმის მქონე პიროვნება და შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის მსგავსი ხმის მქონე პიროვნებას ესაუბრება. საუბრიდან ირკვევა, რომ ქართველ დამკვირვებელთა უკრაინაში გადასაყვანად თვითმფრინავები არ ჰყოფნით. ხალხი, 2 საათია, აეროპორტში ზის და დონეცკში გადაფრენას ელოდება. ამ საუბრიდან ირკვევა, რომ დონეცკის აეროპორტი ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავებს არ იღებს. საუბარი 14 იანვარს შედგა. ამ დღეს უამინდობის მომიზეზებით დონეცკის აეროპორტმა ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავები მართლაც არ მიიღო. თუმცა, 400-მდე ქართველი დონეცკში აეროპორტის დახურვამდე უკვე ჩასული იყო. "იულიას უთხარი, თავისი თვითმფრინავები გამოუშვას", -  ასეთ გამოსავალს პოულობს ამ საუბრის მონაწილე ვანო.

საბოლოო ჯამში ე.წ „ქართული დესანტის" თემით მხოლოდ ვიქტორ იანუკოვიჩმა იხეირა. მან ამომრჩეველს საგანგებო მობილიზაციისკენ მოუწოდა და დონეცკში ხმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 76 პროცენტი მიიღო.

უკრაინის ცესკო-მ ქართველ დამკვირვებელთა სია საეჭვოდ მიიჩნია და შესასწავლად უკრაინის გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა. ქართული მხარე სიებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამს.

რა ევალებოდათ ქართველ დამკვირვებლებს? რას შეცვლიდნენ ისინი, აკრედიტაციების ფლობის შემთხვევაში? როგორც ჩანს, დონეცკსა და ლუგანსკში იანუკოვიჩის მოსალოდნელი მაღალი მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ უშტატო "დამკვირვებლებმა" არაერთხელ აღნიშნეს, რომ  დონეცკში ე.წ „საარჩევნო კარუსელები" დააფიქსირეს, თუმცა უცხოელ დამკვირვებლებს მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დამაკმაყოფილებლად შეაფასეს, "დამკვირვებელმა" გივი თარგამაძემ თქვა, რომ დონეცკში არჩევნები უპრეცედენტოდ გაყალბდა და ქართველი დამკვირვებლები თავიანთ დასკვნაში ამას დააფიქსირებენ.

უკრაინაში კი 7 თებერვალს გადამწყვეტი მეორე ტური გაიმართება. საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ეცდება დამკვირვებლების დარეგისტრირებას, თუმცა 17 იანვრის გამოცდილების შემდეგ არ არის გამორიცხული, ტიმოშენკოს ქართველი მონიტორების დახმარების გარეშე მოუწიოს ფონს გასვლა.

2000 ქართველი დამკვირვებლის სამდღიანი მივლინების ხარჯებზე არც ერთი სახელისუფლებო უწყება კომენტარს არ აკეთებს. ინფორმაციას არ ფლობს არც მერიის და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურები, მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებელთა სიაში ყველაზე მეტი გვარი ამ ორი უწყების თანამშრომლებს ეკუთვნით. მხოლოდ თითო ჩარტერული რეისი, თუკი ავიაკომპანიას თანხა საერთოდ გადაუხადეს,  სახელმწიფოს დაახლოებით 30 ათასი ევრო უნდა დასჯდომოდა. კომუნიკაციის, სასტუმროს და სხვა ხარჯები, უხეში დათვლით, დაახლოებით 2 მილიონი დოლარი გამოდის.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.