Skip to content

ავტორიზაცია

სახადი № 5


ოპტიმისტური ტრაგედია პროლოგით და ეპილოგით
ზვიად გამსახურდია
პროლოგი
თუ არ ვცდები, ზაზა ფირალიშვილის ერთი ძველი სტატიის სათაური იყო "დაბრუნება ისტორიაში". ავტორი, თავის მხრივ, მერაბ მამარდაშვილს დაესესხა, რომელიც ხშირად ამბობდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა თუნდაც იმიტომაა აუცილებელი, რომ ჩვენი თავი დავინახოთ, გავარკვიოთ, ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ.
ოცი წლის წინ ჩვენ დავბრუნდით ისტორიაში და დავინახეთ ჩვენი თავი. დიდად აღფრთოვანებული არ დავრჩით ნანახით, მაგრამ თუკი ისტორიის ყველაზე დიდი გაკვეთილი ისაა, რომ ამ გაკვეთილს არავინ სწავლობს, საქართველოს შემთხვევაში, ასე ნამდვილად არ არის. მთელი ჩვენი უახლესი ისტორია სწორედაც რომ ერთგვარი განსწავლის პერიოდია, გარკვეულ ილუზიებთან დამშვიდობების წლები, უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ სახიფათო ილუზიებთან და საკმაოდ მძიმე დამშვიდობების.
და ყოველი მათგანი იყო არა მარტო ილუზია, არამედ ერთგვარი სახადიც, ავადმყოფობა, რომელიც არცთუ სასიამოვნო გადასატანია, მაგრამ გადატანის შემდეგ იმუნიტეტს გიმუშავებს და მეორედ უკვე აღარ შეგეყრება. ვერ ვიტყვი, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ეს იმუნიტეტი მთელ საზოგადოებას გამოუმუშავდა, მაგრამ პოლიტიკურად აქტიურ ნაწილში, იმ წრეებში, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება და ხორციელდება, ამგვარი ტენდენცია აშკარაა.
ამ თვალთახედვით, საქართველოს ისტორია პერმანენტული ავადმყოფობა-გამოჯანმრთელების ისტორიაა, ოღონდ გამოჯანმრთელების პერიოდი ძალიან ხანმოკლეა ხოლმე, თან გადატანილ სახადს გართულებებიც სჩვევია და მანკიერი ეფექტებიც.

ჯაბა იოსელიანი
სახადი №1. ეთნოცენტრული
პირველად იყო ზვიადი. უფრო ზუსტად, ეთნოცენტრული ნაციონალიზმი, რომელმაც ეროვნული მოძრაობის პერიოდში ვულკანივით ამოხეთქა და ისეთი ამაზრზენი სახით წარდგა ჩვენ წინაშე, კინაღამ სრულ ნიჰილიზმში გადაისროლა მთელი მოაზროვნე საზოგადოება. აქ არ იყო არაფერი ახალი. ათწლეულების მანძილზე იკვებებოდა ქართული ნაციონალიზმი იმ მითით, რომ არაქართველები შეგნებულად ცდილობენ, ფეხი მოიკიდონ ჩვენ მიწა-წყალზე, ნელ-ნელა შეგვავიწროვონ და განგვდევნონ. ეს მიეწერებოდა არა მარტო კრემლის ფარულ ზრახვებს, არამედ თვით არაქართულ ეთნოსებსაც, რომლებიც დემოგრაფიული ანექსიისთვის გამზადებულ ზომბებად იყვნენ წარმოდგენილები. მარტო ლიტერატურული ნაწარმოებები იმდენია შექმნილი ამ თემაზე, რომ მთელი ანთოლოგიაც კი შეიძლება შეადგინო - მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნებიდან" დაწყებული, მუხრან მაჭავარიანის ლექსებით დამთავრებული ("გუგულის კვერცხი ესოდენ უხვად ჯერ არ ყოფილა ჩვენში"  და ა. შ.).
ედუარდ შევარდნაძე
მოკლედ, ეს ინფექციური დაავადება, კარგა ხანია, გვჭირდა, ოღონდ შედარებით მიყუჩებული ფორმით. დამოუკიდებლობის მათრობელა ჰაერმა მხოლოდ მისი აქტივიზირება მოახდინა. აქტივიზირებული მითი კი ძალიან მახინჯი გამოდგა. ის გამოიხატა ბორჯომის რაიონიდან ოსი მოსახლეობის მასობრივ გამოსახლებაში, ეთნიკური ნიშნით ხალხის სამსახურებიდან დათხოვნასა თუ საშინლად შეურაცხმყოფელი ეპითეტების რახარუხში ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან.
რაოდენ უარყოფითადაც უნდა შევაფასოთ 1991-92 წლების საშობაო გადატრიალება (და ცხადია, უარყოფითად უნდა შევაფასოთ), შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ეს კოშმარი ფაქტობრივად გამსახურდიას ხელისუფლებასთან ერთად დამთავრდა. არანაირი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დივიდენდების მომტანი ეთნოცენტრული ნაციონალიზმი მას შემდეგ აღარ არის. ერთხანს პირადობის მოწმობაში ეროვნების აღნიშვნა და მიწაზე კერძო საკუთრების არაქართველებისთვის დაკანონება რჩებოდა უკანასკნელ ბასტიონებად, მაგრამ ეს ორი ბასტიონიც ისე დაეცა, სერიოზული რყევები არ გამოუწვევია. დღეს მხოლოდ მარგინალური ჯგუფები თუ ოპერირებენ იმ სქემებით, ოდესღაც ეროვნულობისა და ქართველობის უცილობელ ატრიბუტად რომ ითვლებოდა. ეთნიკურ დაპირისპირებაზე აპელირება გახდა არაპოპულარული და პრინციპულად მიუღებელი.
კონტრარგუმენტის სახით, ვიღაცამ, შესაძლოა, აფხაზეთის ომი და ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები გაიხსენოს, მაგრამ აქ უფრო პოლიტიკური ფაქტორები მოქმედებდა, თუ არ ჩავთვლით სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმებას, რაც გამსახურდიას დროს მოხდა და დიდწილად იყო გაპირობებული ეთნოცენტრული ნაციონალიზმის სტერეოტიპებით.
მოკლედ,  ეთნოცენტრული ნაციონალიზმის სახადი მძიმე დანაკარგებით, მაგრამ  მაინც მოვიხადეთ, თუმცა, საბჭოთა პერიოდში შეყრილი ინფექციური დაავადებების ნუსხა ამით არ ამოწურულა.

მიხეილ სააკაშვილი და ილია მეორე ბაგრატის ტაძარში
სახადი №2. ქურდული
შემდეგი სახადი, რომელმაც გამსახურდიას დამხობის შემდეგ უაღრესად მწვავე და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმა მიიღო, იყო კრიმინალური რომანტიზმის მითი.
ეს მითიც დიდი ხნის განმავლობაში იძერწებოდა ჩვენ ცნობიერებაში. მართალია,  „კეთილშობილი ყაჩაღის"  სტერეოტიპი მარტო ქართული კულტურისთვის არაა დამახასიათებელი, მაგრამ ეს ვერაფერი შვებაა. ლეგენდებს „ინტელექტუალ ქურდებზე", „მაგარ მომპარავ ტიპებზე" თუ უბრალოდ „კაი ბიჭებზე" ქართულ-საბჭოურ მითოპოეტურ სამყაროში საპატიო ადგილი ეკავა. კრიმინალური რომანტიზმი აღიქმებოდა სიყალბით სავსე საბჭოური რეალობის ალტერნატივად და ცოტა ვინმე თუ ფიქრობდა, რომ ეს ალტერნატივა კი არ იყო, არამედ ამ რეალობის ნაწილი.
მაგრამ ჯაბა იოსელიანმა და მხედრიონმა შეძლო ის, რასაც ვერანაირი პროპაგანდა ვერ შეძლებდა. კრიმინალური რომანტიზმი  რეკორდულად მოკლე დროში დისკრედიტირდა. თანამედროვე დათა თუთაშხიებს და არსენა ოძელაშვილებს ლიტერატურული არქეტიპების კეთილშობილებისა არაფერი ეცხოთ, ქურდებზე ხომ საერთოდ აღარც ღირს სიტყვის დაძვრა. ძალმომრეობის და უსამართლობის შემხედვარე ქართული საზოგადოება შეუძლებელია, დარჩენილიყო ძველი ილუზიების ტყვეობაში. კრიმინალური რომანტიზმი მორალურად სწორედ იმ პერიოდში მოკვდა. დღეს სააკაშვილი ტყუილად წარმოადგენს ქურდული სამყაროს განადგურებას დიდ ჰეროიკულ ქმედებად  - ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხი იყო, თან საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი. ქურდული მაგიისგან განხიბვლა გაცილებით ადრე მოხდა.
სახადი №3. ინტელიგენტური
შევარდნაძის მმართველობის დროს დასრულდა კიდევ ერთი დიდი ილუზია - მითი ქართულ ინტელიგენციაზე. ამ სოციალურმა ფენამ, რომელიც საბჭოთა პერიოდში ქვეყნის უდიდეს მორალურ და ინტელექტუალურ ავტორიტეტს წარმოადგენდა, 90-იან წლებში ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა. ეს ცხადია, არ ნიშნავს, რომ კარგ ხელოვანს თუ მეცნიერს არავინ აფასებდეს  მისი პროფესიული საქმიანობის გამო, მაგრამ ინტელიგენციამ დაკარგა პოლიტიკური ავტორიტეტი, ერის ლიდერისა და წინამძღოლის მისია. თუკი ადრე ქვეყნის მოწყობის საკითხებზე მწერალს პირდაპირ მოეთხოვებოდა პოლიტიკური ლიდერობა და, თუკი თავს არიდებდნენ ამ საქმეს, ყველა მიტინგზე ისმოდა, - სად არიან ქართველი მწერლებიო, - ეს სოციალური როლი ინტელიგენციამ დაკარგა, სხვა სოციალური როლი კი არც ჰქონია.
90-იანი წლების ბოლოსთვის ინტელიგენციის გავლენა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებზე პრაქტიკულად ნულამდე დავიდა, მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძე მუდმივად ცდილობდა ნომენკლატურული ინტელიგენციის აქტივიზირებას. "რუსთავი2"-ის ჟურნალისტები  და არასამთავრობო სექტორის „ცნობილი სახეები" გაცილებით ქმედით ზემოქმედებას ახდენდნენ მიმდინარე პროცესებზე, ვიდრე პრეზიდენტთან დაახლოებული მეცნიერები თუ პოეტები. პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველ წლებში ასეთი რამ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.
ისიც უნდა ვთქვა, რომ ინტელიგენციის, როგორც გავლენიანი სოციალური ფენომენის მნიშვნელობა ბოლო დროს უკიდურესადაა გაზვიადებული როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ. ამის ნათელი მაგალითი იყო სააკაშვილის  რეკლამირებული ვიზიტები გურამ დოჩანაშვილთან და მუხრან მაჭავარიანთან, ასევე ძველი ინტელიგენციის წარმომადგენელთა ხშირი სტუმრობები „მაესტროს" საკანში. სინამდვილეში არანაირი პოლიტიკური სარგებელი ინტელიგენციის სოციალური როლის რეანიმირების მცდელობას არ მოაქვს. ამას ადასტურებს ყველა სოციოლოგიური კვლევა, რაც კი საქართველოში ჩატარებულა. პოლიტიკოსებს ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ არავის აღარ მოსდის თავში, მოუწოდოს მათ, - რომელიმე ხელოვანს ან მეცნიერს დაუჯერეთო.
და ეს სწორია, რადგან იყო კულტურული ადამიანი, კარგი რეჟისორი ან ფიზიკოსი, სულაც არ ნიშნავს ერის ლიდერობას. მითი ინტელიგენციის წინამძღოლობაზე წარსულს ჩაბარდა, ინტელიგენციამ ვერ შეძლო იმ მოლოდინების გამართლება, რასაც საზოგადოება მათზე ამყარებდა. პატიოსანი ინტელიგენტები ჩუმად იყვნენ, ამ ფენის ნომენკლატურულმა წარმომადგენლებმა კი იმდენჯერ წარმოაჩინეს თავი რეტროგრადებად და ხელისუფლების უპრინციპო მხარდამჭერებად, რომ იმ სოციალური კაპიტალის ნარჩენებიც გაფლანგეს, რაც შემორჩენილი ჰქონდათ.

სახადი №4. ნომენკლატურული
ორიოდ სიტყვით კიდევ ერთ, შედარებით მსუბუქ სახადზე.
თუკი ეთნოცენტრული ნაციონალიზმი, კრიმინალური რომანტიზმი და ინტელიგენციის პოლიტიკური ავტორიტეტი თითქმის მთლიანად იყო გაპირობებული ადრეულ ეპოქებში ჩამოყალიბებული სააზროვნო სტერეოტიპებით და თავისი ისტორიული ფესვები ჰქონდა, მითი კომუნისტური ნომენკლატურის პროფესიონალიზმის შესახებ პრაქტიკულად გამსახურდიას მმართველობის ხანაში იშვა.  ეს იყო  ერთგვარი უკურეაქცია კარვის ქალების, მედოლე პრეფექტების და სხვა არაკომპეტენტური კადრების აღზევებაზე. მათ ფონზე ძველი საბჭოთა ნომენკლატურა მართლაც ზესოლიდურად გამოიყურებოდა,
გამსახურდიას ხანმოკლე ზეობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რათა 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ბრალეულობის კომპლექსით დამძიმებული ნომენკლატურა, მთლიანად  გათავისუფლებულიყო ყოველგვარი მორალური პასუხისმგებლობისგან. შეუწყნარებლობის ისტერიული ატმოსფერო, არაკვალიფიციური კადრები, ხელისუფლების ოპონენტების მოღალატეებად, მტრებად და კრემლის აგენტებად შერაცხვა - დროზე უფრო კარგი მკურნალი აღმოჩნდა. ნომენკლატურის საზოგადოებრივი რეაბილიტაცია იმდენად სწრაფად მოხდა, რომ 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ედუარდ შევარდნაძის მთავარი კონკურენტი ჯუმბერ პატიაშვილი გახდა. არადა, როდესაც ზვიად გამსახურდია პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგად მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ცეკას ორი მდივნის სამომავლო კონკურენციას დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე გამოუსწორებელი ფანტაზიორიც ვერ წარმოიდგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ გამსახურდიას დამხობა თავის დროზე „ნომენკლატურულ რევანშად" მოინათლა, სწორედ შევარდნაძის მმართველობამ დაამსხვრია კომუნისტური ნომენკლატურის პროფესიონალიზმის ახლადფეხადგმული მითი. როგორც კი მართვის სადავეები კვლავ ამ ხალხის ხელში აღმოჩნდა, მაშინვე ცხადი გახდა, რომ ნომენკლატურა უფრო კორუფციული ურთიერთობების აწყობასა და წილში ჩაჯდომაში იყო დახელოვნებული, ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურების მართვაში.
ერთი შეხედვით, ეს დიდი არაფერი სახადია, მაგრამ განსხვავებით, ვთქვათ, ბალტიისპირეთის ნომენკლატურისგან, ქართული ბიუროკრატია გაცილებით კორუმპირებული გახლდათ და ძალიან შორს იდგა სახელმწიფოებრიობისგან. ეს პრაქტიკამაც დაადასტურა და იმდენად დამაჯერებლად დაადასტურა, რომ  საქართველო ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა მთელი პოსტკომუნისტური სივრცის მასშტაბით, სადაც ნომენკლატურის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს დაეკავებინათ წამყვანი პოზიციები პოლიტიკურ სპექტრში.

უკუკავშირი
შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილს, თუკი იგი სერიოზულად მოიწადინებდა ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას, საამისოდ თითქმის იდეალური პირობები დახვდა.
დისკრედიტირებული ეთნოცენტრიზმი, დისკრედიტირებული ქურდები, დისკრედიტირებული ნომენკლატურა და გავლენადაკარგული ინტელიგენცია - ასეთ წინაპირობებს ნებისმიერი დემოკრატი ხელისუფალი ინატრებდა ნებისმიერ პოსტკომუნისტურ ქვეყანაში, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა სააკაშვილს იმ დროისათვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, უკეთესი სასტარტო პოზიცია მართლაც ძნელი წარმოსადგენია.
თუმცა, ძველი ილუზიებისგან გათავისუფლების საფასური გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა პოლიტიკოსებისა და საზოგადოებრივი აქტივისტების ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც 90-იან წლებში გამოიზარდა და საქართველოშიც და საზღვარგარეთაც აღიქმებოდა ქვეყნის ლიბერალურ რესურსად. ამასთან, ეს იყო თაობა, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა ფასეულობათა გადაფასების მტკივნეული პროცესი. ცხადია, ამ პროცესს უკვალოდ არ ჩაუვლია, შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი პრაქტიკულად განასახიერებენ მთელი იმ მანკიერი ეფექტების აკუმულირებულ ერთობას, რაც თან ახლდა წინა ოთხი სახადის მოხდას.
ეთნიკური ნაციონალიზმის დისკრედიტაციის მანკიერი ეფექტი იყო ნიჰილისტური დამოკიდებულება „ქართველობის" ანუ, ფაქტობრივად, ქართული კულტურის და ისტორიის მიმართ. რამდენადაც ქართული იდენტობა დიდწილად ასოცირდებოდა ეთნოცენტრიზმთან, გამსახურდიას მმართველობამ ახალგაზრდა თაობის ლიბერალურ ნაწილში გააჩინა სერიოზული კონსერნები  საერთოდ ქართული იდენტობის მიმართ, რომელიც წმინდა წყლის ნიჰილიზმში გადაიზარდა, მათთვის „ქართული" და „ნეგატიური" პრაქტიკულად სინონიმებად იქცა.  

კომენტარები

სტუმარი (შეუმოწმებელი), იანვარი 30, 2010, 17:01:36

Истинные слова кажутся парадоксальними , но никакое другое учение не может их заменить ! )))))))))

Giogeosun Tsivtsivadze (შეუმოწმებელი), იანვარი 30, 2010, 17:07:25

Истинные слова кажутся парадоксальними , но никакое другое учение не может их заменить ! )))))))))

ana (შეუმოწმებელი), იანვარი 30, 2010, 23:45:01

როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო იყო. ბატონო დავით, წერეთ, წერეთ, წერეთ...:))) ასე ყოვლისმომცველად , ძალიან ცოტა ადამიანი თუ მოახერხებს ისაუბროს ჩვენ უახლეს ისტორიაზე. ჩემი აზრით, სახადი 1 მაინც ყველაზე დამანგრეველი იყო ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის, თუნდაც იმით, რომ ის აღმოჩნდა კატალიზატორი მისი მომდევნო პროცესებისა. სამწუხაროდ, ის ბოლომდე დაძლეული არ არის. შეიძლება ეთნოცენტრული დისკურსი აღარ გვხდება, მაგრამ შემთხევევითი არ იყო, რომ სააკაშვილის პერიოდში, გამსახურდიას მოღვაწეობის რეაბილიტაცია მოხდა , რის შემდეგაც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის თვალში, ის გმირად არის აღქმული. სააკაშვილს ეს "სახადი", თავისი მილიტარისტული პოლიტიკის გასატარებლად დასჭირდა, შედეგად კი - ეთნოცენტრული პოლიტიკა, ამჯერად უკვე ფორმებშეცვლილი, მაგრამ ისეთივე აგრესიული, უკან მოგვიბრუნდა. ამიტომ, მე-2,3,4 სახადებისგან განსხვავებით ამ დააავდების თავიდან "გააქტიურება" მოსახლეობაში საკმაოდ ადვილად ხერხდება... და ალბათ ვერც დავძლევთ ბოლომდე, სანამ მოსახლოების უმრავლესობა არ გააცნობიერებს , რომ ქვეყნის დაშლის კატალიზატორი სწორედ ეთნოცენტრული პოლიტიკა იყო ( და ჩვენს ხელში იყო ამ პოლიტიკაზე უარის თქმაც) და სანამ თავად გამსახურდიას მოღვაწეობა არ შეფასდება სათანადოდ . ძალიან საინტერესო იყო და მოუთმენლად ველოდები თქვენს ახალ ნაშრომებს. :)

ana (შეუმოწმებელი), იანვარი 30, 2010, 23:48:42

ასევე ძალიან მომწონს პაატა ქურდაძის მოსაზრებაც, პირველი სახადის თემას ეხება ესეც:): " საერთოდ, გამსახურდიების საგა , ამ ოჯახის "მარტოობა", ხან მარკესის ას წლიან სევდას, ხან "ადამსების ოჯახის" მხიარული მისტიკის ასოსიაციებს აღძრავს ჩემში. უფრო ხშირად კი სინანულს , რომ დღემდე ამ ოჯახის ზოგიერთი ქარიზმატული წევრის როლი საქართველოს გამოთაყვანებაში ჯეროვნად არავის შეუფასებია" (პაატა ქურდაძე,"მისტრალი და ქარბორბალა")

გიორგი (შეუმოწმებელი), თებერვალი 3, 2010, 00:27:26

მოგესალმებით ბატონო დავით, დიდი ინტერესით გავეცანი თქვენს სტატიას და ბევრ საკითხში ვერაფრით დაგეთანხმებით. გეთანხმებით, რომ სახადების ნაწილი მართლაც სახადად მიმაჩნია თუმცა გადახდის დრო არა. მაგალითად, ,,კრიმინალური რომანტიზმი’’ (თუმცა მას რომანტიზმს არ ვუწოდებდი) ნამდვილად სახადი იყო ქართველი ერისთვის თუმცა ჯაბას დროს ნამდვილად არ გადაგვიხდია, ალბათ არ გახსოვთ კარგად, ჯაბა იოსელიანმა მხედრიონით კანონიერი ქურდების ავტორიტეტი დააკნინა თუმცა ის ისევ კრიმინალური მხედრიონით შეცვალა და ეს ისევ ,,კრიმინალური რომანტიზმი” იყო. თუმცა გააქრო თუ არა შევარდნაძემ მხედრიონის მითი, ,,კრიმინალურ რომანტიზმში” ადგილი ისევ ქურდებმა დაიბრუნეს. რომანტიზმათ კი ამ ყველაფერ არ მივიჩნევ რადგანაც ეს უფრო ტრაგი რეალობა იყო ხალხის მენტალობაში მჭიდროდ გამჯდარი (არ დამავიწყდება დედებს როგორ ულოცავდნენ შვილის კანონიერ ქურდად ,,მონათვლას”) და ეს ყველაფერი კეთილდღეობას გულისხმობდა. ეგ სახადი მიშას დროს მოვიხადეთ (ქუთაისში კანონიერი ქურდის ზვიადაძის სახლს როგორც კი დააწერეს პოლიცია იქვე დამთავრდა ეს რომანტიზმიც). ვეთანხმები სახადს ,,ინტელეგენციური”, ასევე 100% გეთანხმებით, რომ სოციალური როლი ინტელეგენციას პოლიტიკური ლიდერობის არ უნდა გააჩნდეს და ეს სახადიც მოვიხადეთ. თუმცა ვფიქრობ პირიქით შევარდნაძის დროს ,,ინტელეგენციის’’ სოციალური როლი პირიქით გაიზარდა, რადგანაც ედუარდის პოლიტიკა ამ კასტის წახალისებით არსებობდა, მათ მოიყვანეს ედუარდი, მათ ჩამოაშორეს პოლიტიკური მტერი მას ზვიადის სახით, და ესენი ასხამდნენ დითირამბებს საკუთარი პრივილეგიების სანაცვლოდ. ასე რომ სახადი ,,ქურდული’’ და სახადი ,,ინტელეგენტური” მოვიხადეთ და მასთან ბრძოლა დაიწყო ზვიადიმ, რასაც შეეწირა და დაამთავრა მიშამ, რასაც თითქმის შეეწირა, გადარჩა, თუმცა რეიტინგი გაუნახევრა.(კარგად გადახდილი არ გვაქვს ეს სახადი რადგანაც ამათ წინააღმდეგ ბრძოლა რეიტინგის მატების მაგივრად უკუ შედეგს იძლევა, თუმცა ვაფასებ მიშას რომ მაინც მიდის ამ ყველაფერზე). რაც შეეხება სახადი №1. ეთნოცენტრული, ამას ვერ ვიზიარებ, ეს იყო გზა საიდანც დავიწყეთ ქართველებმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენება, თუმცა ზემოთ ხსენებულ სახადებთან ბრძოლას, დამოუკიდებელი საქართველოს იდეამ ვერ ძლია და ისევ ამ სახადების ტყვეობაში გაგვყინა 11 წელი.

ზაზა (შეუმოწმებელი), თებერვალი 5, 2010, 03:38:45

ox.. erti anaxa mag baton davits ras ushvebodnen samegreloshi mxDRIONELEBI ADGILOBRIV MOMOSAXLEOBAS !!! NETA RAS FIQROBS RODESAC ZVIAD GAMSAXURDIAS OAJXS ADAMSEBIS OJAXWS UCODEB ES DEGENERATI

ana (შეუმოწმებელი), თებერვალი 5, 2010, 03:55:10

გიორგი , მერე როგორი იყო ეს გზა, საიდანაც დავიწყეთ "დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენება" ? ვისი სიტყვებია ეს: "ვიმეორებ, აფხაზი ერი არ არსებობს" ; "ყველას გაუმარჯოს თავის ისტორიულ სამშობლოში"... იმ პიროვნების ხომ არა , ვინც სათავეში ედგა ახალი სახელმწიფოს ჩამოყალობებას? ეს თუ არ არის "ეთნოცენტრიზმი" , მაშინ რა არის "ეთნოცენტრიზმი"? ვის მოუნდებოდა ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება ? თუ, ასეთი ტიპის პოლიტიკური დისკურსი უკვალოდ ქრება და შედეგებს არ ტოვებს? ამდენი წელი გავიდა და როგორ შეიძლება, რომ კიდევ ვერ ვხვდებოდეთ, მართლა რა მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდა "სახადი 1" ჩვენთვის.

ana (შეუმოწმებელი), თებერვალი 5, 2010, 04:02:49

ზაზა, ეგებ კარგად წაიკითხოთ სტატია. სადმე დაინახეთ, რომ დ. ზურაბიშვილი მხედრიონზე რაიმეს კარგს ამბობდა? :) პირიქით, ჯაბა იოსელიანის პერიოდი ამ სტატიაში "სახადი 2 " ქვეთავში არის შესული. ის მოხსენიებულია, როგორც "უაღრესად მწვავე და ჯანმრთელობისთვის საშიში! " ასევე - "ჯაბა იოსელიანმა და მხედრიონმა შეძლო ის, რასაც ვერანაირი პროპაგანდა ვერ შეძლებდა. კრიმინალური რომანტიზმი რეკორდულად მოკლე დროში დისკრედიტირდა."

Haan (შეუმოწმებელი), თებერვალი 6, 2010, 04:40:01

zazas. samegrelos mosaxleoba be tbilisshi mjavs nanaxi 1991 oktombershi. chemi tvalit mak nanaxi rogor cemdnen rustavelze xalxs joxebit da armaturit. da saertod ratom cavida mxedrioni samegreloshi da ara tushetshi??? ratom icavdit ise gamcarebulad gamsaxuridas? sakartvelosadmi megrelebis sijvarulis magaliti 1993 seltemberia - soxumis dacema da zviadistebis roli am tragediash. gamsaxurdia gijvardat mxolod imitom rom eas kaci mamit ijo megreli. tkven xart uzneo balvanebi.

ლუბა ელიაშვილი (შეუმოწმებელი), თებერვალი 7, 2010, 16:56:34

საინტერესო წერილია ბატონო დავით, თუმცა ვერ გავიზიარებ თქვენს ოპტიმიზმს, იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოხსენებული სახადის მოხდით სამომავლოდ იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ მათ წინააღმდეგ. უკიდურესი სოციალური სიდუხჭირე, ადამიანისათვის თვითრეალიზაციის ასპარეზის სიმცირე,დამარცხებილის კომპლექსი და კიდევ უამრავი სხვა ფაქტორი ნოყიერი ნიადაგია, ყველა ამ მითის თავიდან ასაღორძინებლად და გასააქტიურებლად. (გაიხსენეთ მეორე მსოფლიო ომის წინაპერიოდის გერმანია.) თუ ამას, განათლების სისტემის ფაქტობრივ მოშლას, საყოველთაო შიშს და პიროვნების კულტად ქცევის დაუძლეველ მოთხოვნილებასაც დავამატებთ თან იმ არადემოკრატიულ გარემოსაც გავითვალისწინებთ, სადაც თავისუფალი აზრი მუდმივად იდევნება ხოლო საშუალო ფენა სრულიად უუფლებოა საშიში პერსპექტივა დაიხატება... მე ასე მეჩვენება და იმედია ვცდები, თქვენ კი თუ მშვიდობიანი განვითარება და შემდგომი პროგრესი რეალურად გჩვენებათ, ღმერთმა გისმინოთ.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.