17 იანვრის ღამე პრეზიდენტობის ორმა კანდიდატმა ერთმანეთის მეზობლად გაათენა. კაცმა - "ინტერკონტინენტალის" ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, ქალმა - "ჰაიატის" საუკეთესო აპარტამენტებში. მანძილი სასტუმროებს შორის ხუთი წუთის სავალია ფეხით. მათი საარჩევნო ღამის სცენარებიც ძალიან ჰგავდა ერთმანეთს - როგორც კი საარჩევნო უბნები დაიხურა და ექვსი ეგზიტ-პოლის შედეგი ცნობილი გახდა, ვიქტორ იანუკოვიჩი და იულია ტიმოშენკო ჟურნალისტების წინაშე გამოჩდნენ.
იანუკოვიჩის შტაბში გამარჯვებას ზეიმობდნენ. თანაგუნდელებისგან განსხვავებით, თავად ვიქტორ ფიოდოროვიჩი უფრო თავშეკავებულად იქცეოდა. შესაძლოა, ძველი გამოცდილების გათვალისწინებით, გამარჯვების წინასწარ აღნიშვნა ცუდად აქვს დაცდილი (შეგახსენებთ, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს "რეგიონების პარტიის" ლიდერმა სპეციალური ტელემიმართვა ჩაწერა, სადაც მადლობას უხდიდა უკრაინელ ხალხს იმისათვის, რომ იგი პრეზიდენტად აირჩიეს); ან კიდევ, შესაძლოა, ბოლომდე მაინც არ არის დარწმუნებული, რომ საბოლოოდ გაიმარჯვა. ასეა თუ ისე, მომავალი გეგმების შესახებ მწვავე კითხვებს იანუკოვიჩმა თავი აარიდა და ჟურნალისტებს მხოლოდ ის უთხრა, რომ გამარჯვების შემთხვევაში სიღარიბეს დაძლევს, ქვეყანას გაამთლიანებს და საკუთარ ქმედებებზე ყოველთვის აგებს პასუხს.
"იულია ტიმოშენკოს ბლოკის" ლიდერს მშვენივრად ესმოდა, რომ პირველ ტურში მეორე ადგილზე უკეთეს შედეგს ვერ მიაღწევდა. წინასაარჩევნო რეიტინგები მას სწორედ ამას უწინასწარმეტყველებდნენ. ეს ცუდი არ არის. ცუდია ის, რომ სხვაობა პირველ და მეორე ადგილებზე გასულ კანდიდატებს შორის 10 პროცენტია. ეს კრიტიკული ციფრია ქალბატონი ტიმოშენკოსთვის და ეს თავადაც კარგად იცის. სწორედ ამიტომაც, არჩევნების შემდგომი ღამე იმის მტკიცებაში გაატარა, რომ ყველა ეგზიტ-პოლი გაყალბებულია, გარდა იმ ერთისა, სადაც მასა და იანუკოვიჩს შორის სხვაობა 4 პროცენტზე ოდნავ მეტია. სამწუხაროდ სწორედ ეს ეგზიტ-პოლი აღმოჩნდა მცდარი. ახლა იულია ვლადიმიროვნამ კამპანია ფაქტობრივად თავიდან უნდა დაიწყოს.
ალექსანდრ ტურჩინოვი - უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი და ტიმოშენკოს მარჯვენა ხელი დარწმუნებულია, რომ "ტიმოშენკოს ბლოკის" ლიდერი ამ ათ პროცენტს უპრობლემოდ დაძლევს. "დარწმუნებული ვარ, რომ იანუკოვიჩის ხელი არასოდეს შეეხება პერესოპნინსკის ევანგელეს! (ევანგელე, რომელზეც ფიცს დებს უკრაინის პრეზიდენტი)", - განუცხადა ჟურნალისტებს იულია ვლადიმიროვნამ. სოციოლოგები და პოლიტოლოგები ნაკლებად ოპტიმისტურები არიან.
"ვერ ვხედავ იდეას, რომელიც დაეხმარება ტიმოშენკოს რეიტინგის გაზრდაში. ასეთი იდეა არ არსებობს", - ამბობს კომპანია Ukraine Sociology Service-ის დირექტორი ალექსანდრ ვიშნიაკი. "განსხვავებით 2007 წლისგან, როცა ტიმოშენკოს რეიტინგი ყოველ მეორე კვირას იზრდებოდა, 2009-ში მსგავსი არაფერი ყოფილა", - ამბობს იგი. ვიშნიაკი მიიჩნევს, რომ ლიდერებს შორის შვიდპროცენტიანი სხვაობაც კი კრიტიკულია, რომ არაფერი ვთქვათ ათპროცენტიანზე. შეიძლება თუ არა სურათი შეიცვალოს იმ ამომრჩეველთა ხარჯზე, რომელთაც პირველ ტურში საკუთარი ხმები სერგეი ტიგიპკოს, არსენი იაცენიუკს და ვიქტორ იუშჩენკოს მისცეს? სოციოლოგი ვიშნიაკი დარწმუნებულია, რომ ეს ამომრჩეველი სურათს ვერ შეცვლის, რადგან მათი დიდი ნაწილი იანუკოვიჩს "ნაკლებ ბოროტებად" მიიჩნევს და, აქედან გამომდინარე, ტიმოშენკოს ხმას არ მისცემს. "სავარაუდოდ, მეორე ტურში კანდიდატებს შორის სხვაობა იანუკოვიჩის სასარგებლოდ კიდევ უფრო დიდი იქნება", - ვარაუდობს ალექსანდრ ვიშნიაკი.
ფონდ "დემოკრატიული ინიციატივის" დირექტორი ირინა ბეკეშკინა მიიჩნევს, რომ კანდიდატებს შორის სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა სავსებით შესაძლებელია. "ტიგიპკომ, იაცენიუკმა, იუშენკომ, გრიცენკომ და ტიაგნიბოკმა ერთად დაახლოებით 30 პროცენტი დააგროვეს! ეს ციფრი დაახლოებით ორად გაიყოფა. ტიგიპკოს ელექტორატისთვის იანუკოვიჩი უფრო მისაღებია. იაცენიუკის, იუშენკოს, გრიცენკოს და ტიაგნიბოკის ამომრჩეველი კი უფრო ტიმოშენკოს სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ასე რომ, "იულია ტიმოშენკოს ბლოკის" ლიდერს მაინც აქვს შანსები, თუმცა ძალიან ბუნდოვანი", - ამბობს ირინა ბეკეშკინა. "მეორე მხრივ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამომრჩეველთა ხმები ჩემოდანი არ არის, რომელიც შეიძლება აიღო და სხვას გადასცე", - დასძენს იგი. მისი აზრით, იანუკოვიჩის დასამარცხებლად ტიმოშენკოს დიდი ბრძოლა ელის. 7 თებერვლამდე, არჩევნების მეორე ტურამდე მან რამდენიმე რთულ ამოცანას უნდა გაართვას თავი. პირველ რიგში ქვეყნის დასავლეთ და ცენტრალურ რაიონებში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა უნდა უზრუნველყოს, და მეორე - იაცენიუკის, იუშჩენკოს, გრიცენკოს და ტიაგნიბოკის ამომრჩევლისთვის მომხიბლავ კანდიდატად უნდა იქცეს. ყველაზე საუკეთესო ვარიანტი კი ტიმოშენკოსთვის ის იქნება, თუ იგი შეძლებს დაარწმუნოს ტიგიბკო, რომ მეორე ტურში მხარი მას დაუჭიროს.
ტიმოშენკოს შტაბში ამბობენ, რომ იულია ვლადიმიროვნა მზადაა, ყოფილ ბანკირთან თანამშრომლობის ნებისმიერი ვარიანტი განიხილოს. მაგალითად, შესთავაზოს მას პრემიერ-მინისტრის პოსტი. მან მანამდეც არაერთხელ დაპატიჟა ტიგიპკო და იაცენიუკი თავის გუნდში. "მე კარგად მესმის მათი, ვინც ხმა მისცა ტიგიპკოს და იაცენიუკს - მათ უნდათ ცვლილებები. და მე უზრუნველვყოფ ამ ცვლილებებს. მე კარგად მესმის მათი, ვინც ხმა მისცა იუშჩენკოს - მათ სურთ, რომ უკრაინა შედგეს როგორც ევროპული ქვეყანა. და მე უზრუნველვყოფ ამ გზას!"
თუმცა, ჯერჯერობით არც ტიგიპკოს, არც იაცენიუკს და არც იუშჩენკოს არ გაუკეთებიათ განცხადებები იმის თაობაზე, რომ მეორე ტურში ვინმეს მიემხრობიან. მიზეზი ის არის, რომ თითოეულ ამ კანდიდატს სურს, უკრაინის პოლიტიკურ ორბიტაზე მომავალშიც დარჩეს; დარჩეს როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი მოთამაშე და არა როგორც მეფის ვასალი.
ამ არჩევნებზე იუშჩენკოს კრახი ცალკე განხილვის თემაა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გახდება პრეზიდენტი - იანუკოვიჩი თუ ტიმოშენკო - 17 იანვარს უკრაინაში "ნარინჯისფერი" ხუთწლედი დასრულდა. ხუთი წლის წინ "იულია ტიმოშენკოს ბლოკის" ლიდერი ვიქტორ იუშჩენკოს მარჯვენა ხელი იყო, თუმცა დღეს ისინი მთავარი ოპონენტები და დაუძინებელი მტრები არიან. დღეს უკრაინის პრეზიდენტი ღიად აცხადებს, რომ იანუკოვიჩი კი არა, ტიმოშენკოა ნამდვილი ბოროტება: "თუ ჩვენ ზერელედ მივუდგებით არჩევნებს, მაშინ კრიმინალებს მოვიყვანთ ხელისუფლებაში. კორუფციის მასშტაბებით იანუკოვიჩი ტიმოშენკოს ვერც შეედრება". ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ იდგა იგი 2005 წელს კრიმინალთან ერთად, იუშჩენკო პასუხობს, რომ ცხოვრებაში ერთი შეცდომის უფლება ყველას აქვს. უკრინელებს მსგავსი განცხადებებით ვერ გააკვირვებ. კონფლიქტი მაიდანის თანამებრძოლებს შორის დიდი ხნის წინ დაიწყო და ძალიან შორს წავიდა.
2005 წელს უმაღლესი რადას მიერ პრემიერ-მინისტრად ტიმოშენკოს დანიშვნიდან შვიდ თვეში იუშჩენკომ იგი ამ თანამდებობიდან გაათავისუფლა. მაგრამ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა იუშჩენკომ ტიმოშენკოს უღალატა. მათი რთული ურთიერთობების ისტორია 2001 წელს იწყება. მაშინ პრემიერ-მინისტრმა იუშჩენკომ არაფერი გააკეთა საკუთარი ვიცე-პრემიერის - ტიმოშენკოს დასაცავად, რომელიც თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამ გათავისუფლების შემდეგ ტიმოშენკო დააპატიმრეს. თუმცა, საგამოძიებო იზოლატორი "ლედი Ю"-ს დიდი პოლიტიკის გზაზე მხოლოდ დაეხმარა. იგი ძლიერი ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი გახდა და სათავეში ჩაუდგა მოძრაობას "უკრაინა კუჩმას გარეშე". ამ დროს იუშჩენკომ მას მეორედ უღალატა - კუჩმასთან ერთად ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, სადაც ოპოზიციონერები გათანაბრებულები იყვნენ... ფაშისტებთან. თუმცა, ძალიან მალე იუშჩენკო თავად შეუერთდება ამ "ფაშისტებს" და წლების შემდეგ სწორედ ეს "ფაშისტები" უზრუნველყოფენ მის გამარჯვებას მაიდანზე.
დღეს პრეზიდენტი ამბობს, რომ 2005-ის იანვარში ტიმოშენკომ მაიდანზე წინასწარ დარიგებული ხალხი შეყარა, რომლებიც სკანდირებდნენ "იულია-პრემიერი". ანუ, რომ არა ისინი, ტიმოშენკო პრემიერი არ გახდებოდა. სინამდვილეში, იუშჩენკო თვალთმაქცობს. ცხადია, მას იმ დროსაც კარგად ესმოდა, რომ მისი თანამებრძოლი საკმაოდ დამოუკიდებელია და მორჩილი, ადვილად მართვადი პრემიერი ვერ იქნებოდა. თუმცა, ამ თანამდებობაზე სხვა ვინმეს დანიშვნა კიდევ უფრო საშიში იყო: მაიდანი ამას ღალატად ჩაუთვლიდა. ამიტომ, რადიკალურ ნაბიჯზე პრეზიდენტი მოგვიანებით წავიდა. 2005 წლის შემოდგომაზე დიდი კორუფციული სკანდალი აგორდა, რომელშიც გარეული აღმოჩნდა სახელმწიფოს მეთაურის უახლოესი გარემოცვა. თანაც, ბრალდებები არა "რეგიონების პარტიის" შტაბიდან, არამედ ალექსანდრ ზინჩენკოს მხრიდან წამოვიდა. ზინჩენკო მაშინ პრეზიდენტის სამდივნოს ხელმძღვანელობდა. ამ სკანდალს არა მხოლოდ იუშჩენკოს უახლოესი გარემოცვის, არამედ ტიმოშენკოს მთავრობის გადადგომაც მოჰყვა. ახალი პრემიერი იური ეხანუროვი გახდა, იუშჩენკოს უახლოესი გარემოცვის წევრი, რომელსაც ამ სკანდალთან კავშირი არ ჰქონია. ეს გადაწყვეტილება პასუხობდა "სახალხო პრეზიდენტის" პროგრამას, რომელიც ხალხს კორუფციის დამარცხებას დაჰპირდა. და სავარაუდოდ, დღეს იუშჩენკოს დამსახურებათა ნუსხაშიც კი ჩაეწერებოდა, რომ არა მოვლენები, რომლებიც შემდეგ განვითარდა.
2006 წელს უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ეხანუროვის მთავრობამ ახალი რადას წინაშე საკუთარი უფლებამოსილება მოიხსნა. ახალ პარლამენტში სადეპუტატო მანდატების დიდი ნაწილი "რეგიონების პარტიას" ერგო, მეორე ადგილზე კი, პროგნოზების მიუხედავად, არა იუშჩენკოს "ნაშა უკრაინა", არამედ "იულია ტიმოშენკოს ბლოკი" გავიდა. ტიმოშენკოსა და იუშჩენკოს პარტიებს შორის წინასწარ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სწორედ "ტიმოშენკოს ბლოკს" უნდა დაესახელებინა პრემიერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა. რომან ბესსმერტნიმ, რომელიც მაშინ "ნაშა უკრაინას" სათათბიროს ხელმძღვანელი იყო, საჯაროდ განაცხადა, რომ "ნაშა უკრაინა" პრემიერ-მინისტრის პოსტზე ტიმოშენკოს დაუჭერდა მხარს. თუმცა, "ნაშა უკრაინას" თავმჯდომარემ ვიქტორ იუშჩენკომ ჯერ მომავალი კოალიციის პროგრამის შემუშავება მოითხოვა და მხოლოდ შემდეგ - თანამდებობების განაწილება. როგორც შემდეგ გაირკვა, კოალიციის ფორმატის შესახებ მოლაპარაკებები თვალის ახვევა იყო. ამ ყველაფრის მიღმა, იუშჩენკო ვიქტორ იანუკოვიჩთან ვაჭრობდა. ორ ფრონტზე თამაში იმით დასრულდა, რომ "რეგიონების პარტიამ" "ნაშა უკრაინას" გარეშე შექმნა კოალიცია და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენების უფლება მოიპოვა (2006 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უკრაინა საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა და პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წამოყენების უფლება საპარლამენტო კოალიციას მიენიჭა).
უკრაინელები დღე და ღამე ტელევიზორებთან ისხდნენ და უყურებდნენ, როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ისინი თანაუგრძნობდნენ კუთხეში მიმწყვდეულ პრეზიდენტს და მისგან თამამ, გადამწყვეტ ნაბიჯებს ელოდნენ. ნუთუ იუშჩენკო პრემიერად "კრიმინალს", "ფალსიფიკატორს", "კრემლის ხელდასმულს" დანიშნავს? მაიდანის იდეალები სადღაა? ვიქტორ იუშჩენკო დიდხანს ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს დანებდა.
ორმა ვიქტორმა ხელი მოაწერა ეროვნული ერთიანობის უნივერსალს, რომლის შესრულებასაც იანუკოვიჩი არ ჩქარობდა. "ძალზე შეურაცხყოფილი ვარ. მეგონა, თუ ადამიანი ხელს მოაწერდა დოკუმენტს, ის აუცილებლად შეასრულებდა იმას, რაც იქ წერია. ასე ფიქრი დიდი შეცდომა იყო. თურმე, გულუბრყვილო ვიყავი", - იტყვის მოგვიანებით იუშჩენკო. მაგრამ ხალხი, ვინც მაიდანზე იდგა, მისი მონანიების მიმართ უკვე გულგრილია. პრეზიდენტის რეიტინგის დაცემა შეუქცევად პროცესად იქცა, რომელსაც ვერც უმაღლესი რადას დათხოვნამ და ვერც ვადამდელი არჩევნების დანიშვნამ ვერ უშველა.
იულია ტიმოშენკოს რეიტინგი კი, პირიქით, საფუარიანი ცომივით იზრდებოდა. იგი თავისი ამომრჩევლების თვალში ინტრიგებისა და ღალატის მსხვერპლად იქცა. თუმცა, ტიმოშენკოს ბიოგრაფიაშიც არის "რეგიონების პარტიასთან" ურთიერთობის ფაქტები: ტიმოშენკო ჯერ კიდევ "ნარინჯისფერი რევოლუციის" დროს აწარმოებდა მოლაპარაკებებს "დონეცკელებთან" და ამდენად გასაკვირი არ იყო, რომ 2005 წელს "რეგიონების პარტიის" დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ტიმოშენკოს კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
როცა ტიმოშენკოს გამოუჩნდა პერსპექტივა მეორედ გამხდარიყო უკრაინის პრემიერ-მინისტრი, იგი ისევ დაუმეგობრდა იუშჩენკოსა და მის "ნაშა უკრაინას". ვადამდელი არჩევნების შემდეგ "ნარინჯისფერი კოალიციის" შექმნა უმაღლეს რადაში ბოლოს და ბოლოს მოხერხდა და ტიმოშენკო მეორედ გახდა მთავრობის ხელმძღვანელი. ცხადია, მაიდანის მომხრეებს ტიმოშენკოს და იუშჩენკოს დაახლოება გაუხარდათ, მაგრამ გრძელვადიანი მეგობრობა პოლიტიკოსებს ისევ არ გამოუვიდათ. უკვე ორი წელია, რაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი კატა-თაგვივით იქცევიან - მუდმივად საქმეს ურჩევენ ერთმანეთს, ერთმანეთის მიმართ ბრალდებებსა და სალანძღავ სიტყვებს არ იშურებენ. ისინი ისე გაერთნენ სახელისუფლებო ოლიმპოზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლაში, რომ ქვეყნის მართვისთვის დრო არც ერთს აღარ რჩებოდა. შედეგად კი, აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც მაიდანის გმირები ხალხს შეჰპირდნენ, ცარიელ დაპირებად დარჩა. და ეს არა მარტო მატერიალურ კეთილდღეობას, არამედ მუდმივ ღირებულებებსა და იდეალებსაც ეხება.
უკრაინელები ვერ გახდნენ ერთსულოვანი, ერთიანი ერი. მათ შორის წყალგამყოფი ისევ დნეპრია. მექრთამეებს არ ეშინიათ არავისი და არაფრის, რადგან არც ერთი მსხვილი კორუფციონერი პასუხისგებაში მიცემული არ არის.
კუჩმისტები არა თუ დარჩნენ ხელისუფლებაში, არამედ მათ ორდენებიც კი მიიღეს "სამშობლოს წინაშე ღვაწლისთვის". სხვათა შორის, პრეზიდენტმა ამაზეც მოიხადა ბოდიში.
უკრაინა ვერ მივიდა უფრო ახლოს ნატო-სთან და ევროკავშირთან, არადა 2004 წელს წარმატების უზარმაზარი შანსი ჰქონდა.
უფრო მეტიც, ნახევარზე მეტი უკრაინელი იმედგაცრუებულია დემოკრატიით და მკაცრ მმართველზე ოცნებობს. ისინი დიდი სიამოვნებით მისცემდნენ ხმას ალექსანდრ ლუკაშენკოს ან ვლადიმირ პუტინს, ასეთი შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ.
და მაინც, რევოლუცია არ იყო ამაო. უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ საკუთარი ინტერესებისა და პრინციპების დაცვა. და თუ მათი ლიდერი მათ მიზნებს ღალატობს, პასუხი ძალიან მკაცრი და ადეკვატური იქნება. სოციოლოგები მეორე ტურშიც იანუკოვიჩს უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას. მსხვილი ბიზნესი, უკრაინელი ოლიგარქებიც ფსონს "რეგიონების პარტიაზე" დებენ. მოკლედ, შეიძლება უკვე ინაუგურაციისთვის მზადების დაწყებაც. და მიუხედავად ამისა, ვიქტორ იანუკოვიჩს ჭირის დღესავით ეშინია ახალი მაიდანის, რომელიც შეიძლება კიდევ ერთხელ შეიკრიბოს მის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, ყოველი შემთხვევისთვის, არჩევნების ღამეს იანუკოვიჩმა ლურჯი კარვები დასცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან და დედაქალაქის ყველა მოედანი ჩაკეტა.
მაგრამ, უკრაინელები მაიდანზე აღარ მივლენ. ისეთ მოვლენებს, როგორიც მაიდანზე 2005 წელს ხდებოდა, თაობების შეცვლა სჭირდება. უფრო ხშირად ხალხი რევოლუციებისთვის მზად არ არის. ფასიანი "მაიდანები" კი რეჟიმებს ვერ ცვლიან.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება