Skip to content

ავტორიზაცია

რევოლუციით გაცრუებული იმედები


პოსტრევოლუციურმა ხელისუფლებამ უკრაინაში ვერ შეძლო დაპირებების შესრულება - ვიქტორ იუშჩენკო რეფორმების ნაცვლად შიდა სახელისუფლებო ომში ჩაერთო.

კოსტ ბონდარენკო
ინტერვიუ კიევის გორშენინის სახელობის მართვის ინსტიტუტის დირექტორთან კოსტ ბონდარენკოსთან

ეთანხმებით თუ არა იმ აზრს, რომ ნარინჯისფერმა რევოლუციამ ვერ გაამართლა იმედები, ვერც უკრაინაში და ვერც ქვეყნის გარეთ?

დიახ, უკრაინელები ბევრ საკითხში გაწბილებულები დარჩნენ, და ის, რომ ნარინჯისფერი რევოლუციის სიმბოლოს, ვიქტორ იუშჩენკოს რეიტინგი დღეს 4-დან 5 პროცენტამდე მერყეობს, იმის დადასტურებაა, რომ ადამიანებს იმედები გაუცრუვდათ. მაიდანმა უკრაინელებს გადაჭარბებული მოლოდინი გაუჩინა, რომ ხელისუფლების დამხობის შემდეგ მოვიდოდა ახალი ძალა - ძველი კომპლექსებისგან თავისუფალი პოლიტიკოსები, რომლებმაც ოპოზიციონერობა გაიარეს, და უფრო მორალურები არიან, ვიდრე კუჩმა; სულით ევროპელები, რომლებსაც საკუთარი სიტყვის შესრულება ძალუძთ; რეფორმატორები, რომლებიც ხორცს შეასხამენ სამართლიანობის პრინციპებს. იყო მოლოდინი, რომ ქვეყანაში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდებოდა და საშუალო ფენა გაიზრდებოდა. არსებობდა იმედი, რომ დაიძლეოდა კორუფცია.

სინამდვილეში კი ქვეყანა კიდევ უფრო კორუმპირებული გახდა, ვიდრე მანამდე; გაჩნდა ახალი პრივილეგირებული ფენა და ახალი მმართველობის პირველივე წელს დაიწყო ნეპოტიზმის გაფურჩქვნა. აღმოჩნდა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ბიზნესის გავლენის სფეროების განაწილება დაიწყო. ქვეყანაში აყვავდა "მანილოვშჩინა" - იუშჩენკო ახალ რეფორმას იწყებდა და მალევე ივიწყებდა მას. აღმოჩნდა, რომ ქვეყანა არ ჩქარობდა ევროპული განვითარების გზას დადგომოდა. ბოლოს ნარინჯისფერ ბანაკში განხეთქილება მოხდა; 2006 წლის ზაფხულში იუშჩენკოსა და იანუკოვიჩის კავშირმა კი ახალი სისტემის უვარგისობა ცხადყო.

ნარინჯისფერი რევოლუციის არსი, ისევე როგორც რუსეთის 1905 წლის, ან საფრანგეთის 1830 წლის რევოლუციების, ის იყო, რომ უკრაინის ბურჟუაზიამ პირველად აღიქვა თავი პოლიტიკურ ძალად. მან პირველად გამოთქვა პრეტენზია ქვეყნის შეცვლაში მონაწილეობაზე. მაგრამ ბურჟუაზიას  სატყუარად იუშჩენკო მისცეს, დანარჩენი სისტემა კი უცვლელი დარჩა. მთავარია, უკრაინამ გააცნობიეროს: ბურჟუაზიის გამარჯვების შემდეგ აუცილებელია, საკუთარ თავში ლენინისა და ნაპოლეონ მესამეს მსგავსი პოპულისტების ხელისუფლებაში მიყვანის სურვილი ჩაკლას.

უკრაინელ ამომრჩეველს დავუბრუნდეთ, რომელიც 2004-ში მაიდანზე იდგა - რამდენად იყო მათი მოტივაცია იუშჩენკოს და მისი გუნდის მხარდაჭერა და რამდენად იანუკოვიჩისა და არჩევნების გაყალბებისადმი პროტესტი?

მაიდანი - ეს იყო კოლექტიური არაცნობიერის ნაყოფი. იქ მდგომი ადამიანები გარდაქმნებს ითხოვდნენ. თუ მათ ჰკითხავდით: "რა არის თქვენი პროგრამა?", ვერც ერთი ვერ ჩამოაყალიბებდა პასუხს - ვერც იუშჩენკო და ვერც ბაბა პარასკა. ყველას უნდოდა "უკეთესობა". თითოეული მათგანისთვის იუშჩენკო გარკვეულ სიმბოლოს წარმოადგენდა, იანუკოვიჩი და ფალსიფიკაციები კი სერიოზული კატალიზატორი გახდა. ეს რომ არა, პროტესტი სამზარეულოებს არ გაცდებოდა.

როგორ მოხდა, რომ ოპოზიციური ბრძოლის ასეთი დიდი გამოცდილების მქონე გუნდი 2004 წლამდე უპროგრამოდ მივიდა? რა შედეგები ჰქონდა ამას ქვეყნისთვის, მას შემდეგ რაც ეს გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა?

ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ არა მარტო უნდა მოიპოვოს ძალაუფლება, არამედ ის უნდა აქციოს უფრო მაღალი მიზნების ხორცშესხმის იარაღად. ჩვენს პოლიტიკოსებს კი, ვინც მაიდანიდან მოვიდა ხელისუფლებაში, არ გააჩნდათ პროგრამა მაქსიმუმი. ვერ ხვდებოდნენ, რისთვის სჭირდებოდათ ეს ძალაუფლება. ამ გუნდის პროგრამა პირადი ინტერესების განხორციელება გახდა.

უკრაინამ იმედი დაკარგა. ახლა, სულ ცოტა, ათი წელია საჭირო, რომ ადამიანებმა ისევ იმედით ცხოვრება ისწავლონ. დღეს ხალხს მხოლოდ საკუთარი თავის სჯერა და არა პოლიტიკოსების. სახელისუფლებო ინსტიტუტებმა კვლავ დაკარგეს ავტორიტეტი. დღეს არ არსებობს არც ერთი პოლიტიკოსი, რომლის ნდობის რეიტინგი მისივე უნდობლობის რეიტინგს აჭარბებდეს. მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ყველა სახელისუფლებო ორგანო ტოტალურად კორუმპირებულია. ჩვენი კვლევებით, მოქალაქეთა 72 პროცენტი, რომელიც საარჩევნო უბნებზე მივიდა, სრულიად დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდება. არჩევნებსაც კი არ ენდობიან.

რევოლუციური მმართველობის დამყარების შემდეგ, რატომ არ ჩაერია მართვაში უკრაინის მოსახლეობა? რა არის ეს - სამოქალაქო საზოგადოების მოუმწიფებლობა, ხელისუფლების არადემოკრატიულობა თუ ტოტალური უნდობლობა, რაზეც თქვენ საუბრობთ?

ეს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის თავისებურებები გახლავთ. სისტემამ, რომელიც შერბიცკის დროს აშენდა, ისე უცვლელად გამოიარა კრავჩუკის, კუჩმას და იუშჩენკოს პერიოდები, რომ მხოლოდ საკუთარ ცინიზმს ხვეწავდა. ის ეფუძნება აღებ-მიცემობას, კორუმპირებულობას და იმას, რომ კორუფციის დონე იერარქიულ კიბეზე აღმასვლასთან ერთად მატულობს. სისტემა დახშულია, შესასვლელში მკაფიო იდენტიფიკატორით - "ჩვენიანი-უცხო", და იქ პოტენციური დისიდენტი ვერასდროს შეაღწევს. ამ სისტემაგამოვლილ პოლიტიკოსებს სხვანაირად აზროვნება არ შეუძლიათ. ამ სისტემის შიგნიდან განადგურება პრაქტიკულად შეუძლებელია, ის ან სრულიად უნდა მოვიცილოთ, ან ლათინოამერიკანიზაციის პირობებში ცხოვრებისთვის ვიქნებით განწირულები.

უკრაინა უნიკალურია იმითაც, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე აქ ქვეყნისა და სახელმწიფოს გამიჯვნა მოხდა. ისინი ახლა ორ სხვადასხვა სიბრტყეზე თანაარსებობენ; სახელმწიფო - როგორც სახელისუფლებო ინსტიტუტების სისტემა, ქვეყანა - როგორც საზოგადოებრივი, პირადი და სხვა ურთიერთობებისა და ინიციატივების სისტემა. ქვეყანა ძალიან დინამიკურად ვითარდება, აი, სახელმწიფოს კი ლპობა შეეპარა. დღეს სახელმწიფო მთავარი მტერია, რომლის წინააღმდეგ გაერთიანდა უკრაინის აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი.

თქვენი აზრით, უკრაინისგან განსხვავებით, როგორ მოახერხეს ხელისუფლებაში დარჩენა მათ, ვინც საქართველოში ვარდების რევოლუცია მოახდინა?

მიხეილ სააკაშვილმა რევოლუციის შემდეგ პირველ წლებში მოახერხა ერთმმართველობა დაემყარებინა; თანაც საქართველოს კონსტიტუცია ორხელისუფლებიანობის პირობებს არ ქმნის. უკრაინის 2004 წლის რევოლუციას თან ახლდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რამაც ორხელისუფლებიანობა უზრუნველყო. კორუფციული ვერტიკალი და ძალაუფლების მექანიზმები თითქმის თანაბრად გაიყო - პრეზიდენტსა  და პრემიერს შორის. რევოლუციური ძალები ერთმანეთს ბიუჯეტზე, ძალოვანებსა და სხვა სფეროებზე ზეგავლენის გამო წაეკიდნენ.

პოსტრევოლუციური პროცესები უკრაინასა და საქართველოში პროგრესად მიგაჩნიათ თუ ერთი ადგილის ტკეპნად?

სუსტი მმართველი და დიქტატორი - ეს მახინჯი მოვლენებია, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს. საფრანგეთმა რობესპიერის დიქტატურა გადაიტანა, უკრაინას და საქართველოს იუშჩენკოსა და სააკაშვილზე გავლით მოუწევთ სიარული.

თქვენი პროგნოზით, როგორ განვითარდება სიტუაცია უკრაინაში? ქვეყანა პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების მიმართულებით წავა?

თუკი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გახდება - ეს ომის გაგრძელებას ნიშნავს, რადგანაც ტიმოშენკო, ნახევარი წლით მაინც, პრემიერ-მინისტრად რჩება. ეს იქნება ომი სახელისუფლებო განშტოებებს შორის; ნახევარი წლის შემდეგ კი პარლამენტის ვადამდელი არჩევნებია. თუ პრეზიდენტად ტიმოშენკო მოვა - ეს იქნება მთელი ძალაუფლების ერთ მუშტში მოქცევის მცდელობა. ამას, სავარაუდოდ, წინ აღუდგება საზოგადოების ნაწილი. პირველ და მეორე ვარიანტსაც კონფლიქტამდე და ახალ რისკებამდე მივყავართ.

ახალი რევოლუცია?

არა, არა. ახალი რევოლუცია ჩვენთან უახლოესი 5-7 წლის განმავლობაში შეუძლებელია, იმიტომ რომ არსებობს გარკვეული ისტორიული რიტმი, რომლის დროსაც ადამიანებმა საკუთარი რევოლუციური პოტენციალი უნდა დააგროვონ. ეს პერიოდი არანაკლებ 10 წელიწადს გასტანს. დაახლოებით ასეთი ვარიანტი ელის უკრაინას, შესაძლოა - საქართველოსაც.

 

* ესაუბრა ჟურნალისტი ოლგა რეკა, სპეციალურად "ლიბერალისთვის",  კიევი, უკრაინა

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.