Skip to content

ავტორიზაცია

უკრაინის არჩევანი


ფერადი რევოლუციების შემდეგ უკრაინამ დემოკრატია აირჩია, საქართველომ კი ავტორიტარული რეჟიმი. სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2004-2006 წლებში

დემონსტრანტები, კიევი 2004
უკრაინასა და საქართველოში მომხდარ პროცესებს შორის, ცხადია, რომ ბევრი საერთოა და, ამავე დროს, ძალიან დიდი განსხვავებებიც. მთავარი სხვაობა ისაა, რომ უკრაინამ უფრო სრულყოფილად მოახერხა დემოკრატიული პროცესების ბოლომდე მიყვანა. ამის დასტურია ის პერიპეტიები, რომელიც უკრაინის რადაში ხდებოდა. ბუნებრივია, ამას თან ახლდა ბევრი სიძნელე შიდა პოლიტიკაში - უკრაინამ ვერ მიაღწია სტაბილურობას, ხელისუფლებამ ვერ გაატარა ყველა ის რეფორმა, რომელიც საჭირო იყო ქვეყნისთვის, მაგრამ მთავარია, რომ არ დაარღვია  დემოკრატიული პრინციპები. ეს არის არჩევანი - შეიძლება სუსტი იყო, მაგრამ ფუნდამენტური ღირებულებების ერთგული დარჩე. საქართველომ რადიკალურად სხვა - ავტორიტარული რეჟიმის  გზა აირჩია. ამას შეიძლება თავისი დადებითი მხარეც  ჰქონოდა, მაგალითად ის, რომ სწრაფად გაგვეტარებინა რეფორმები. მაგრამ ჩვენ ამ მხრივაც ვერ შევძელით ისეთი ძვრების მიღწევა, რომ გვეთქვა, მოდი, დღეს გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი ადმინისტრაცია და ძლიერ პარლამენტზე ხვალ გადავიდეთ.

არა მგონია, რომ კორუფცია და სხვა პრობლემები, რომელიც არის უკრაინაში, არ იყოს ჩვენთან.  საქართველოში  კორუფცია ვითომ აღმოიფხვრა, მაგრამ სინამდვილეში კორუფცია ელიტური გახდა. იგივე ხდება  უკრაინაშიც  და იგივე  ეხება უშუალოდ იუშჩენკოსაც, რაც გახდა კიდეც მისი დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი. მაგრამ ეს დემოკრატიული პროცესია და შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ ძლიერი პარლამენტის არსებობის პირობებში; ანუ უკრაინაში, საქართველოსგან განსხვავებით, ერთმა ხელისუფალმა, თავის კლანებთან ერთად, ვერ აიღო ყველა ბერკეტი საკუთარ ხელში. ამ მხრივ, უკრაინა ბევრად უფრო ცოცხალი ორგანიზმია დღეს, ვიდრე საქართველო. დღეს უკრაინაში არავინ ამბობს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია. ეს არის დემოკრატია თავისი პლუსებით და მინუსებით. ჩვენთან ნასახი არ არის დემოკრატიის და მსგავსი პროცესების, ამიტომ არის ქვეყანა გაყინული.

დღეს ორივე ქვეყანა ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფება. მე იმედი მაქვს, რომ უკრაინაში ეს არჩევნები არ შეცვლის ქვეყნის ორიენტაციას და დემოკრატიული პროცესები გაგრძელდება. მგონია, რომ თუ ტიმოშენკო გაიმარჯვებს, უკრაინას მკვეთრად პროევროპული ხელისუფლება ეყოლება, მაგრამ იგივე ტიმოშენკო უთუოდ დაიწყებს ურთიერთობების დალაგებას მოსკოვთან და თუ იანუკოვიჩი გახდება პრეზიდენტი, უკრაინაში  არ იქნება ცალსახად პრორუსული რეჟიმი. უკრაინის მომავალი დაბალანსებულ პოლიტიკაშია, ის უნდა იყოს ევროპასა და რუსეთს შორის, მაგრამ  მიმართული ევროპისკენ. სხვა არჩევანი მას არ აქვს.

არც საქართველოს აქვს სხვა ალტერნატივა, მან უნდა გააგრძელოს სვლა ევროპისკენ, უნდა შექმნას  დემოკრატიული რეჟიმი და, რაც უნდა რთული იყოს, მოიფიქროს როგორ დაარეგულიროს ურთიერთობა რუსეთთან. რაც უფრო მეტი დრო გადის, ეს მით უფრო რთული ხდება.

ჩვენი და უკრაინის გზა უალტერნატივოდ ევროპისკენ მიმავალი გზაა და სწორედ ამაშია ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პარალელი - ჩვენ ევროპის გარეშე ვერ განვიხილებით! ამის გარეშე, ორივე ქვეყანა ისევ რუსეთის არეალში დარჩება.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.