Skip to content

ავტორიზაცია

მეოთხე კვირა საბჭოში

თებერვალი 2, 2010 ნინო დანელია

რა შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უნიკალობა და როგორ უნდა მოხდეს საბჭოს დეპოლიტიზაცია?

აქ არ არის პასუხები; პასუხები ერთად უნდა ვიპოვოთ

გუშინ მგონი პირველი დღე იყო, როცა ჩვენი შეკრება გასცდა ფორმალობას და ყველანი შევეცადეთ, რომ ყოველგვარი წინასწარგანწყობების გარეშე გვემუშავა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საბჭოს ყველა წევრი შეთანხმდა, რომ გვჭირდება ძალიან მკაფიო კონცეფცია საზოგადოებრივი მაუწყებლის თოთოეული სატელევიზიო არხისათვის და შევთანხმდით, რომ მომავალი კვირის დასაწყისში გვექნება კიდეც სამუშაო ტექსტი. ლევან გახელაძე ამ საკითხებზე საკუთარ ხედვას წარმოადგენს. პარალელურად, შეიქმნება მეორე მუშა ჯგუფი, რომელშიც შევა საბჭოს ყველა დაინტერესებული წევრი და ასევე, იმუშავებს მაუწყებლის კონცეფციაზე. ვფიქრობთ, რომ ეს ორი ტექსტი კარგი დასაწყისი იქნება ძირითად პრინციპებზე შესათანხმებლად. გვინდა მოვიფიქროთ, რითი შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იყოს უნიკალური სატელევიზიო სივრცეში; რა იქნება ისეთი, რაც მაყურებელს გაუჩენს ამ არხის ყურების სურვილს; შევეცდებით, რომ რამდენიმე მიმართულება, რამდენიმე სფერო, რამდენიმე სეგმენტი მაინც განვსაზღვროთ და რაც ყველაზე მთავარია, ვაწარმოოთ განსაზღვრული კონცეფციისა თუ პროგრამული პრიორიტეტების შესრულების მონიტორინგი, მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი გენერალურ დირექტორს მათი დაცვა მოვთხოვოთ. უკვე წარმოვიდგინე სკეპტიკოსების რეაქცია მუშა ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით. დაახლოებით ისეთი, საპარლამენტო კომისიის შექმნას რომ მოყვება ხოლმე - მუშაობის იმიტაციას რომ ნიშნავს ხშირად და არა რეალურ შედეგს. პასუხად მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ორივე ტექსტი მზად იქნება 15 თებერვალს და მათი განხილვაც, შესაბამისად, შორს ვერ გადაიდება.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ესაა საბჭოს წევრის არჩევის წესის განსაზღვრა. საჭიროა, ისეთი მექანიზმის მოფიქრება, რომელიც ხელს შეუწყობს საბჭოს დეპოლიტიზაციას, ანუ იმას, რომ საბჭოს წევრების შერჩევა არ იყოს დამოკიდებული პოლიტიკური პარტიების კვოტებზე, ან რაიმე სხვა ტიპის პოლიტიკურ შეთანხმებებზე. ამ საკითხის გადაწყვეტა მნიშვნელოვანია, რადგან მეტია იმის ალბათობა, რომ პოლიტიკურად დამოუკიდებელი საბჭო აირჩევს ასევე პოლიტიკურად დამოუკიდებელ დირექტორს, მხოლოდ მისი პროფესიონალიზმის საფუძველზე. რასაკვირველია, არასოდეს არის სრული გარანტია, მაგრამ ცხადია, რომ პოლიტიკურად დამოუკიდებელი საბჭო ნაკლებად მოექცევა პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენის ქვეშ და უფრო პროფესიული  გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებს.

კარგია, რომ მომავალ ორშაბათს ვგეგმავთ სემინარს BBC World Service Trust -თან, სადაც ამ საკითხებზე შეკითხვებიც გვექნება და მათ რეკომენდაციებსაც მოვისმენთ.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე საკითხზე დავიწყოთ საჯარო მსჯელობა და ამ დისკუსიაში მონაწილეობა აქტიურად მიიღოს სამოქალაქო სექტორმა, ყველამ, ვისაც მედიის თავისუფლებისა და პროფესიონალიზმის საკითხები აინტერესებს.

ვფიქრობ, რომ ახლა ყველაზე ნაკლებად გვჭირდება სკეფსისი, პირიქით, იქნებ ყველანი ჩავერთოთ ამ პროცესებში და რამე რიგიანი მოვიფიქროთ, რომ ყოველ წელს ველოსიპედის აღმოჩენა არ გვიწევდეს.

გარდა ამისა, ვილაპარაკეთ ეუტელსატის ცუდ საქციელზე და იმაზე, რომ "პერვი კავკაზსკის" სატელიტიდან გათიშვაში რუსეთის ხელი ურევია. ამას ანონიმურ დიპლომატზე დაყრდნობით, გაზეთი "ფიგაროს" 27 იანვრის ნომერიც იუწყება.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ბატონი ნოდარ სარჯველაძე წერს რაღაც დოკუმენტს, პირობითად, საბჭოს სხდომის რეგლამენტს. კარგად ვერ ვხვდები რაზე იქნება ეს დოკუმენტი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება ლაპარაკი ვის რამდენი კითხვის დასმის შესაძლებლობა აქვს სხდომის განმავლობაში ან რამდენჯერ შეუძლია კომენტარის გაკეთება. დანარჩენი კი ვნახოთ.

კომენტარები

Guram Nikolashvili, თებერვალი 4, 2010, 00:26:16

absoluturad stsori midgomaa es musha jgufebi, sxva gza martlac araa.  tumca mainc mgonia rom male gachndeba is signali, rac procesis gatselvis manishnebeli iqneba. modi ase vtqvat, archevnebamde realurad verafers moastsrebt, da archevnebis shemdeg ki vindzlo raghaceebic datmon, tumca amas didi efeqti ar eqneba

marta (შეუმოწმებელი), თებერვალი 6, 2010, 19:18:07

კანონში არც წერია, რომ საბჭო პარტიულობის პრინციპი უნდა კომპლექტებოდეს. მეურვეების "არჩევის წესი" ნუთუ თავად ახლახანს დანიშნული მეურვეების განსასაზღვრია? 15-ვე წევრი რომც შეთანხმდეთ, რა მექანიზმით აპირებთ "წესები" თავზე მოახვიოთ პრეზიდენტსა და პარლამეტს?

marta (შეუმოწმებელი), თებერვალი 7, 2010, 08:15:38

არხების "კონცეფცია" რას ნიშნავს, რის შემუშავებაზეც შეთანხმდით? მომავალი პერიოდის პრიორიტეტების ჩამოყალიბება იგულისხმება? სხვათაშორის , საკმაოდ კარგი პრიორიტეტები გამოაქვეყნა სამეურვეო საბჭომ შარშანაც (2009-2010 წლის) და იქნებ, ძველ წევრებსა და გენ. დირექტორს მოსთხოვოთ ანგარიში, თუ რამდენად შეძლეს სამაუწყებლო პროგრამებით დაგეგმილი მიმართულებების განხორციელება და რამდენადაა ჩადებული წლევანდელ 32 მილიონიან ბიუჯეტში "პრიორიტეტებით" გათვალისწინებული გეგმები.

მანანა (შეუმოწმებელი), თებერვალი 8, 2010, 20:20:09

ნინო, დღეს საზ.მაუწყებელმა უკრაინაში საპრეზიდენტო არცევნებთან დაკავშირებულ სიუჟეტში ფაქტი გააყალბა: მოქალაქემ, რომელიც უკრაინის ცსკ–ს წინ იდგა განაცხადა სხვა რამ (კარგად ისმის მისი ტექსტი რუსულად), საზ.მაუწყებლის სიუჟეტში კი მისი ტექსტი სულ სხვანაირად თარგმნეს. როგორ უნდა მოვიქცეთ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საკუთარი ჯიბიდან ვაფინანსებთ ამ არხს? ჩვენსავე ხარჯზე ვატყუებინოთ თავი? რის უფლებას გაძლევთ ასეთ დროს კანონმდებლობა სამეურვეო საბჭოს წევრებს? ან რა ფორმით უნდა ამოქმედდეს ასეთ დროს "მაუწყებლის შსახებ კანონი"? ან "მაუწყებლის ქცევის კოდექსს" რომ არღვევს ეს არხი სამეურვეო საბჭოს რეაგირების უფლება არა აქვს? სიუჟეტი გავიდა დღეს 8 თებერვალს.

marta (შეუმოწმებელი), თებერვალი 9, 2010, 08:22:23

იმას გარდა, რომ "მოამბის " რეპორტაჟში ინტერვიუების ინფორმაცია ფალსიფირებული იყო . ამასთან, "მოამბემ" უნდა შეწყვიტოს კონკურენტი არხების მასალებისა და ინფორმაციების დუბლირება. კორესპოდენტის გაშვება კიევში და მივლინების თანხების ხარჯვა რაღა საჭირო იყო, როცა იგივე რესპონდენტებს უფასოდაც მშვენივრად მოვუსმინეთ რუსთავი2-ის რეპორტაჟით ? ამხელა ხელფასები ხომ უნდა გაამართლონ, რასაც ვუხდით?

marta (შეუმოწმებელი), თებერვალი 9, 2010, 08:31:33

ამასთან, კარგია ქალბატონი შორენა შავერდაშვილი მეგობრების დახმარებით საკუთარ საიტის "დაქოქვაზე" ასე რომ ზრუნავს , მაგრამ, ბიძგი საზოგადოების საიტსაც არ აწყენდა და იქნებ, ეს დისკუსია იქ გადაიტანოთ. მეტი წამკითხავიც ეყოლება და მონაწილეც. სადაც მეურვეებს შრომას კარგად გინაზღაურებთ. საკუთარი პროფესიონალიზმიც იქვე დახაჯეთ .

NATO (შეუმოწმებელი), თებერვალი 9, 2010, 13:10:26

marta (შეუმოწმებელი), თებერვალი 9, 2010, 08:31:33 , რაც შეეხება საიტების დაქოქვას - ვინმენ დაუშალა საზოგადოებივ მაუწყებელს ,რომ იქაც დაწერონ ბლოგები? მე როგორც ვიცი, შორენა შავერდაშვილიც, ნინოც და ლიკაც, იქ უბრალოდ ”მეურვეები” არიან და საზოგადოებრივის საიტზე ბლოგები იქნება თუ არა - ამის განსაზღვრა, მათი არც კომპეტენცია და არც ვალდებულებაა. რაც შეეხება ლიბერალს - მისი რედაქტორი კი ნამდვილად არის შავერდაშვილი და მისი საქმეა, რა თემაზე განათავსებს ბლოგებს და კარგადაც მოუფიქებიათ ;)))) თანაც, ვერ დაგეთანხმებით, რომ იქ დაწერილ ბლოგებს გაცილებით უფრო მეტი წამკითხავი ეყოლება, ვიდრე ამ საიტზე.

სტუმარი გიორგი ბერუჩაშვილი (შეუმოწმებელი), თებერვალი 9, 2010, 16:52:54

1.პირველი არხის უნიკალურობაზე საუბრის დაწყებამდე იქნებ ჯობდეს მისი ახალი ამბების საინფორმაციო ბლოკი და დილის გადაცემები თინეიჯერ–წამყვანთაგან გავანთავისუფლოთ. საშუალო ასაკის განათლებული ადამიანები, ეთერში რომ ერთმანეთს ღლაბუცს არ აკადრებენ, განა გამოილია საქართველოში? რა უბედურებაა რომ ამ მხრივ რომ ყველა სატელევიზიო არხი ერთმანეთის ასლია. განა ეს არაა ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერების უნიფორმულობის უტყუარი ნიშანი? რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ (ილია, აკაკი ვაჟა, ნიკო ნიკოლაძე, მიხაკო და გრიგოლ წერეთლები, მერაბ მამარდაშვილი, აკაკი ბაქრაძე და სხვ. მრავალნი), რომ პიროვნების შინაგანი თავისუფლების გარეშე,არ არსებობს მისი რეალური თავისუფლება. რა უნდა ასეთ ხალხს საზოგადოებრივ ასპარეზზე და ისიც . . . ტელევიზიაში. ქალაქში ვერ გაგვივლია – ყველგან უნიფორმა, ტელეარხებზე –უნიფორმა, რად გვინდა ასეთი დამოუკიდებლობა ჩვენზე განათლებულს, კანონმორჩილს, თავაზიანს, დახვეწილს თუ ვერ დავინახავთ და საზოგადოებრივ ასპარეზზე გზას არ გავუხსნით. აი, ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ცნობილი, ჯანსაღ საზოგადოებრივ ურთიერთობათა შენების მდგრადი კოცეფცია. მანდამაინც ,,ქართული ველოსიპედი" გვინდა? ჰოდა გვაქვს კიდევ ...უკვე ოცი წელია. 2. პარტიული აზროვნება რისი შემოქმედია წმიდა ილია მართალის, მიხაკო წერეთლის, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის, მერებ მამარდაშვილის, აკაკი ბაქრაძის და სხვათა გამოცდილებიდან ვერ დავინახეთ? დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციად სახელდებულ პარტიათაგან, რომელიმეს აქვს ხელისუფლების კონსტრუქციული, არსებითი კრიტიკული პოზიცია ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხში, როგორიც ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული ქვეყნის სამეურნეო მოწყობაა? მასმედიაში გინახავთ ან გსმენიათ რამდენადმე კვალიფიციური მსჯელობა ევროკავშირის მიერ სავალდებულოდ გამოცხადებული – ეროვნული ლისაბონის სტრატეგიის დაფუძნების გადაუდებელ აუცილებლობაზე? 3. მედიაში ცვლილებები,ჩვენი აზრით, უნდა დაექვმდებაროს პრინციპს – ,,ჯერ მცირეზე იფიქრე" (Think small first). ჯერ კიდევ ნიკო ნიკოლაზე გვაფრთხილებდა; ,,საზოგადოების და ლიტერატურის ნორმალური ზრდის დროს ყოველი ახალი თაობა იმით არის ნაყოფიერი წინამორბედზე, რომ პირველი ნაბიჯებისთანავე სარგებლობს წინაპართა შრომის ნაყოფით. მომარაგებულია იმათი დაგროვილი ცოდნით. გაძლიერებულია იმათი მემკვიდრეობით და შემდგომ გზას იწყებს იმ პუნქტიდან, სანამდე მამებმა მიაღწიეს. ასეა ცივილიზებულ ადამიანებში. წერა–კითხვის უცოდინარ ველურებში კი ყოველი ახალი თაობა ასპარეზზე ტიტველი, დედიშობილა გამოდის, სრულებით უცოდინარი წინაპართა საქმეების, ამოცანების და გამოცდილებისა, რაც ზეპირგადმოცემით ერგოთ მამებთან საუბარში და უფრო მეტად ბებიების ზღაპრებით. ამის შემდეგ მათ არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ მემკვიდრეობითობის პროგრესი".

marta omiadze (შეუმოწმებელი), თებერვალი 10, 2010, 06:57:18

პატივცემულო მეურვეებო, უკვე 10 თებერვალია. აღარ გავიდა მე-5 კვირა? ნუ გვაფიქრებინებთ რომ შეკითხვებმა დაგაფრთხოთ და ამიტომ შეწყვიტეთ ბლოგების ფოსტვა.

Elene Asatiani, თებერვალი 10, 2010, 17:11:00

Marta: საზოგადოებრივ მაუწყებელში BBC-ს სამდღიანი ტრეინინგი გაიმართა. მეურვეებს ერთი სული აქვთ თავიანთი შთაბეჭდილებები გაგიზიარონ.
ასე, რომ გპირდებით კვირის ბოლომდე აუცილებლად წაიკიხავთ "მეხუთე კვირას საბჭოში"  და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.