15 იანვარს "ნაციონალური მოძრაობის" 98 ხმით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალ თავმჯდომარედ პარლამენტმა ზურაბ ხარატიშვილი აირჩია. უახლოესი 5 წლის განმავლობაში, ყველა არჩევნებს, მათ შორის 2010-ში - თვითმმართველობის, 2012-ში - საპარლამენტო და 2013-ში საპრეზიდენტო არჩევნებს სწორედ ის ჩაატარებს.
ზურაბ ხარატიშვილი ფინანსისტია. 1992 წლიდან იგი აუდიტორად და ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა კერძო და არასამთავრობო სექტორში. ცესკო-ს თავმჯდომარედ არჩევამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ლევან გახელაძის თქმით, ხარატიშვილი, მაუწყებლის ფინანსური მონიტორინგისა და ბიუჯეტის დაგეგმვის გარდა, "მუშაობდა იმაზეც, რომ ბორდის საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალე ყოფილიყო. მისთვის ეს ფასეულობათა სისტემის ძირითადი კომპონენტია". თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხშირად სწორედ მისი მუშაობის ბუნდოვანობისა და დახურულობის გამო აკრიტიკებდნენ.
საარჩევნო სისტემასთან შეხება ზურაბ ხარატიშვილს პირველად 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდიდან მოუწია. მაშინ ის ცესკო-ში ფინანსური მონიტორინგის საბჭოს წევრი იყო.
"მისი როგორც პროფესიონალი აუდიტის გამოცდილება იმ მომენტში საბჭოს ძალიან დაეხმარა", - ამბობს იურისტი გიორგი ჩხეიძე, რომელიც ამ საბჭოში, ხარატიშვილთან ერთად, პარტიების მიერ არჩევნების პერიოდში ფინანსების არასწორი განკარგვის შემთხვევებს იკვლევდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ალპეს" პროექტების მენეჯერისთვის, რომელმაც ხარატიშვილის კანდიდატურა წარადგინა, მნიშვნელოვანია ახალი თავმჯდომარის პიროვნული თვისებებიც. მერაბ ბასილაია ამბობს: "ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ხარატიშვილის კანდიდატურა წარვუდგინეთ პრეზიდენტს, მისი რეპუტაციაა. აქამდეც არასდროს ყოფილა რომელიმე პოლიტიკური მხარის მხარდამჭერი, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. მისი მიზანია არჩევნების კანონის დაცვით ჩატარება. ის არასდოს ჩაიდენს მიუღებელ საქციელს".
ზურაბ ხარატიშვილი ცესკო-ს პირველი თავმჯდომარე უნდა გამხდარიყო, რომელსაც, ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი აირჩევდა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი 14 კანდიდატიდან პრეზიდენტის არჩევანი იმ სამ კანდიდატზე შეჩერდა, რომლებიც ხელისუფლებისადმი ლოიალური პოზიციით გამორჩეულმა სამმა ორგანიზაციამ "ალპემ", "თავისუფლების ინსტიტუტმა" და "ახალი თაობა ახალი ინიციატივამ" დაასახელა. მათ შორის მოხვდა ლევან თარხნიშვილი ("თავისუფლების ინსტიტუტის" კანდიდატი), რომელიც ოპოზიციის სრული უნდობლობით სარგებლობს და სწორედ მისი შეცვლა იყო ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა.
თარხნიშვილი ადმინისტრირებას 2008-2009 წლებში ჩატარებულ არჩევნებს უწევდა. ამ წლებში გამოქვეყნებულ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში საუბარია არჩევნების დროს მომხდარ დარღვევებზე და ნათქვამია, რომ ცესკო-ს აპარატს ამ დარღვევებზე რეაგირება არ მოუხდენია.
"ცესკო-ს მუშაობაში იყო ბევრი ხარვეზი, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ არაადეკვატურად რეაგირებდნენ დარღვევებზე. შეიძლება დასჯილიყო მხოლოდ კომისიის რამდენიმე წევრი და თავმჯდომარე ძალიან ელემენტარული სანქციებით. დარღვევაზე რეაგირება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ მომდევნო არჩევნები იყოს უკეთესი", - განმარტავს თამარ ქაროსანიძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი.
2009 წლის გაზაფხულზე არასაპარლამენტო ოპოზიციის აქციების საპასუხოდ, ხელისუფლება საარჩევნო კოდექსზე სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც სწორედ იმ ხარვეზებს გამოასწორებდა, რომლებიც 2 წლის განმავლობაში ლევან თარხნიშვილის ცესკო-ს თავმჯდომარეობის დროს იყო პრობლემატური. თარხნიშვილის პრეზიდენტის სამეულში მოხვედრა, ფაქტობრივად, ამ კომპრომისის გაბათილებას ნიშნავდა.
პრეზიდენტის მიერ შერჩეულ თითოეულ კანდიდატს მხარს მხოლოდ ერთი ორგანიზაცია უჭერდა, თუმცა წარდგენილ 14 ადამიანს შორის იყო "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ეკა სირაძე, რომელიც ერთდროულად 27-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაასახელა.
"მოულოდნელი იყო, რომ ჩვენი და სხვა დიდი რეპუტაციის 26 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი პრეზიდენტის მიერ შერჩეულ სამეულშიც ვერ მოხვდა. მიჭირს, ვიპოვო არგუმენტი, რის გამოც ასეთი რეპუტაციის მქონე კანდიდატზე უარი ითქვა", ამბობს თამარ ქაროსანიძე.
ეკა სირაძის არასამთავრობო ორგანიზაციას არჩევნების პროცესის მონიტორინგის დიდი გამოცდილება აქვს. მისი ხელმძღვანელობის დროს ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OშჩE), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (შIDA) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მონიტორინგის მისიები. ეკა სირაძე არასოდეს ყოფილა პოლიტიკური პარტიის წევრი ან აქტიური მხარდამჭერი. საერთაშორისო მედიისთვის მის მიერ დაწერილი ანგარიშები საქართველოში არჩევნების შეფასებისას ერთ-ერთი ყველაზე სანდო წყაროა.
პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატურიდან თავმჯდომარის არჩევაზე უარი თქვა ცესკო-ში შემავალი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ. "ხელისუფლებას ჰქონდა მიზანი, გარეშე პირებისთვის ეჩვენებინა, რომ თითქოს ის ოპოზიციასთან დათმობაზე მიდის. მაგრამ სინამდვილეში ეს იყო მაკიაჟი. სამ თარხნიშვილს შორის არჩევანის გაკეთებას ბოიკოტი ვარჩიეთ", - ამბობს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი გოჩა ჯოჯუა.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის სქემა, რომელიც ხელისუფლების დათმობითი, კომპრომისული პოლიტიკის დადასტურება უნდა ყოფილიყო, პრეზიდენტის მიერვე ორჯერ დაირღვა. პირველად, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან საკუთარი რჩეულები კოდექსით განსაზღვრულ ვადაზე გვიან - 10 იანვრის ნაცვლად, 12 იანვარს წარადგინა (პრეზიდენტის თხოვნით პარლამენტმა კანონში თარიღი შეცვალა); და მეორედ, როდესაც, მიუხედავად არასამთავრობო სექტორის ჩართულობისა, სააკაშვილის მიერ შერჩეულ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა ვერც ერთი კანდიდატი, რომელსაც არასამთავრობოების უმრავლესობის და ოპოზიციის ნდობა ჰქონდა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და კიდევ 25-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით მიმართეს, სადაც პრეზიდენტს კანდიდატთა სამეულის შერჩევის კრიტერიუმების განმარტება სთხოვეს. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრის, პავლე კუბლაშვილის თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევნებმა ზუსტად იმ სქემით ჩაიარა, რაზეც ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებასთან შეთანხმდნენ. "თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, რატომ არ მოხვდა მათთვის სასურველი კანდიდატი სამეულში, იცოდნენ, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და სხვა ვერავინ განმარტავს. მაგრამ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი არც ერთი კანდიდატი არაა სადავო პიროვნება და თითოეული მათგანი არასამთავრობო სექტორმა დაასახელა, როგორც ეს კანონით იყო განსაზღვრული. რაც შეეხება ვადებს, როცა ისინი ამბობენ, რომ რაღაც კატასტროფა მოხდა ვადის გადატანით, მე მგონი, ცოტა არაობიექტურები არიან".
პრეზიდენტის მიერ დასახელებული და მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეული საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე მოვალეობის შესრულებას 19 იანვრიდან შეუდგა. ზურაბ ხარატიშვილს კარგად ესმის, რომ ახალ თანამდებობაზე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და ნდობის გარეშე მუშაობა რთული იქნება. "პოლიტიკოსებს ძალიან უყვართ ცესკო-ს თავმჯდომარისთვის პირობების წაყენება და მისგან დაპირებების მოსმენა, რაც, ჩემი აზრით, არასწორია. მთლიანად კომისიის გადაწყვეტილებაზე ერთ კაცს როგორ უნდა მოეთხოვოს პასუხი?" - ამბობს ის "ლიბერალთან" ინტერვიუში.
კომენტარები
Tiko (შეუმოწმებელი), თებერვალი 3, 2010, 18:49:30
Guram Nikolashvili, თებერვალი 4, 2010, 00:20:49
Lela Skhirtladze (შეუმოწმებელი), თებერვალი 4, 2010, 12:06:47
ახალი კომენტარის გამოქვეყნება