"მომავალი წლიდან სამომხმარებლო ბაზარზე შემოსული გენმოდიფიცირებული პროდუქცია მარკირებული იქნება და მომხმარებელი მის შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა ოქტომბერში. გენმოდიფიცირებული პროდუქტის ნიშანდებაზე პრინციპული გადაწყვეტილება თითქოს უკვე მიღებულია. ორთვიანი ვადაც, რაც გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირების შესახებ კანონპროექტის მოსამზადებლად იყო საჭირო - ამოწურული. მიუხედავად ამისა, არც კანონპროექტი არსებობს და არც პოლიტიკური ნება. ქართველ მომხმარებელს კი ისევ არ აქვს საშუალება, იცოდეს, ნამდვილად ბიოლოგიურად სუფთა ნაწარმს ყიდულობს თუ - არა.
პრობლემას ართულებს ისიც, რომ საზოგადოებას ზოგადად ურჩევნია ნატურალური პროდუქციის შეძენა, მაგრამ ბევრი არაფერი იცის გენური ინჟინერიის შედეგად მიღებული საკვები ნაწარმის ავ-კარგზე. კომპანია "ეი-სი-თი კვლევის" მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების თანახმად, საქართველოს ურბანული მოსახლეობის მხოლოდ ნახევარმა იცის, რას ნიშნავს გენმოდიფიცირებული პროდუქცია. მათი 80% ამ ტიპის პროდუქციას ჯანმრთელობისათვის უკიდურესად საშიშად აღიქვამს. უპირატესობას კი ქართული წარმოების ნატურალურ პროდუქტს ანიჭებს.
თუმცა, ეს არჩევანიც გაუაზრებელია. მეცნიერები ჯერ კიდევ დავობენ გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქციის საზიანოობაზე. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე ავტორიტეტული ევროპული კვლევითი ცენტრის მიერ უამრავ სამეცნიერო ცდაზე დამყარებული მოსაზრება, რომ გენური ინჟინერიით დამზადებული საკვების მიღება მომხმარებლის სასიცოცხლო ორგანოების დეგრადირებას იწვევს, რასაც შედეგად იმუნიტეტის დაქვეითება, ალერგიები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა და მრავალჯერადი ინტოქსიკაციის საფრთხე მოჰყვება.
ამ კვლევებს ანგარიშს უწევენ მთელ მსოფლიოში და განვითარებული ქვეყნების მოსახლეობამ ყოველთვის იცის - გენურად დამუშავებულ პროდუქტს ყიდულობს თუ არა. რამდენიმე ევროპული ქვეყანა უკვე გამოცხადდა გენმოდიფიცირებული პროდუქტისგან თავისუფალ ზონად, მათ შორისაა საბერძნეთიც. იმ ქვეყნებში კი, სადაც აკრძალვები არ მოქმედებს, მოქმედებს მკაცრი კანონმდებლობა გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირების შესახებ, რამაც ასეთ პროდუქტზე ფასების მკვეთრი დაცემა გამოიწვია - მომხმარებლის აბსოლუტური უმრავლესობა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს ირჩევს.
ჩვენთან კი არც პროდუქტის ხარისხზე, არც ეკოლოგიურ სისუფთავეზე და არც ჯანმრთელობისათვის საშიშ დანამატებზე მონაცემები არაფერს ამბობს. არ არსებობს გენმოდიფიცრებული პროდუქტის კონტროლის მექანიზმიც, მიუხედავად იმისა, რომ ამის დადგენა საქართველოში არსებულ კერძო და სახელმწიფო ლაბორატორიებშიც შეიძლება. კანონი მომწოდებლებს მხოლოდ იმას ავალდებულებს, რომ მყიდველს ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყნისა და პროდუქტის შემადგენლობის შესახებ მიაწოდოს. მთავრობა ამას წლების განმავლობაში ამართლებდა იმით, რომ არ სურდა, ქვეყანაში იმპორტისთვის შეეშალა ხელი. ამიტომ ის, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი ჩვენთან 1996 წლიდან შემოდის, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერიმენტებით დგინდება, რომლებიც პროდუქციას შესამოწმებლად პერიოდულად მუდამ აგზავნიან უცხოურ ლაბორატორიებში.
საქართველომ, უკვე მეორე წელია, აიღო საერთაშორისო ვალდებულება, აკონტროლოს გენმოდიფიცირებული პროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია და მისცეს მომხმარებელს საშუალება, თავად აირჩიოს ეკოლოგიურად სუფთა და გენმოდიფიცირებულ პროდუქტს შორის სასურველი.
თუმცა, გენდმოფიცირებულ ინგრედიენტებს ქართველი მწარმოებლებიც ისე მოიხმარენ ადგილობრივი პროდუქციის შესაქმნელად, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ. ამიტომ ქართული წარმოება ავტომატურად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს სულაც არ ნიშნავს. ანუ, თუ ვთქვათ, კარტოფილი ახალქალაქისაა, მის ეკოლოგიურ სისუფთავეზე ეს ფაქტორი სულაც არ მეტყველებს. გლეხმა შეიძლება, არც იცოდეს, რომ გენმოდიფიცირებულ თესლს იყენებს, რადგან არ არსებობს შესაბამისი მარკირება. "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" ხელმძღვანელის, გიორგი მაღრაძის აზრით, "საწარმოები, რომლებიც საკუთარ პროდუქტს იმპორტირებულ ინგრედიენტებზე, მაგალითად სოიოს ფხვნილზე ამზადებენ, უნდა იყვნენ ინფორმირებული ამ პროდუქტის შესახებ. ისე, როგორც ყველა მომხმარებელს აქვს უფლება, იცოდეს, რაში იხდის ფულს - გენმოდიფიცირებულ და ჯანმრთელობისთვის საშიშ პროდუქტში თუ ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმში".
არასამთავრობო ორგანიზაციების დათვლებით, ბაზარზე საკვები დანამატები და მარცვლეული კულტურების თესლების 90% გენმოდიფიცირებულია. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის შეძენა მხოლოდ მაშინ არის გარანტირებული, თუ მომხმარებელი ბიოპროდუქციის დილერს მიმართავს ან ლაბორატორიულად შეამოწმებს შესაძენ პროდუქტს.
ფაქტი კი ის არის, რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი ვერანაირად ვერ უწევს კონკურენციას გენმოდიფიცირებულ პროდუქტს. მაიონეზებისა და სხვა საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ბედია" ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქართულ კომპანიას შორის, რომელიც საკუთარი ინიციატივით 4 წლის განმავლობაში გერმანულ ლაბორატორიებში ამოწმებდა, იყო თუ არა მისი პროდუქტი გენმოდიფიცირებული. "ბედია" მხოლოდ საქართველოში დამზადებულ საკვებ ინგრედიენტებს იყენებდა და შედეგიც შესაბამისი იყო - პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა რჩებოდა. თუმცა "ბედიას" პროდუქციაზე განსაკუთრებული მოთხოვნა ბაზარზე არ იყო, რადგან არ ხდებოდა და დღემდე არ ხდება სუფთა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ერთმანეთისგან გარჩევა. ამიტომ ვერც "ბედიას" უპირატესობა მტკიცდებოდა.
როგორც გიორგი მაღრაძემ აღნიშნა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც კომპანიის მიერ საკუთარ პროდუქტზე ზრუნვა მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვას უდრის, მაგრამ ეს ბევრ მეწარმეს არ ესმის. გიორგი მაღრაძის აზრით, იმპორტირებული პროდუქტების მარკირება პირველი და აუცილებელი ნაბიჯი უნდა იყოს ქართული სამომხმარებლო ბაზრის სწორი განვითარებისთვის. თუმცა იმ პირობებში, როცა პარლამენტის მიერ ხუთი წლის წინ "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" მიღებული კანონის ამოქმედება კიდევ ხუთი წლით გადაიდო, მწვანეთა მოძრაობის ლიდერი განსაკუთრებულ აქტივობას მთავრობის მხრიდან არც გენმოდიფიცირებული პროდუქტებისათვის ნიშანდების დართვის საკითხში ელოდება.
"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არიან ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ საკითხზე მუშაობის გაჭიანურებით. კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება უჭირთ, თუმცა იმავეს ამტკიცებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები - რომ არა კონფლიქტი მთავრობის მიერ ზურგგამაგრებული კომპანიებისა თუ კერძო პირების ინტერესებთან, საქართველოს, განვითარებული ქვეყნების მსგავსად, უკვე დიდი ხნის წინ ექნებოდა გენმოდიფიცირებული პროდუქტისა და ცოცხალი ორგანიზმების შესახებ შესაბამისი კანონმდებლობა.
მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს საქართველოს მეზობლად ორი მსხვილი მომწოდებლის ბაზარზე არსებული ვითარებაც. რუსეთში "როსსელხოზნადზორმა" არაერთხელ აღმოაჩინა გენმოდიფიცირებული შემცველობის ლაბორატორიულად შეუმოწმებელი ტონობით თევზის პროდუქცია და ძეხვეული. ეს ის პროდუქციაა, რომელიც შემდეგ ქართულ ბაზარზე ხვდება. "რაც შეეხება თურქეთს, ამ ქვეყნიდან ჩვენთან გენმოდიფიცირებულთან ერთად ვადაგასულიც დიდი რაოდენობით შემოდის", - ამტკიცებს გიორგი მაღრაძე, თუმცა კონკრეტულ იმპორტიორებს ვერ ასახელებს.
"მომავალი წლიდან საბაჟო-გამშვები პუნქტები პროდუქტის ნიმუშის აღების საშუალებებით აღიჭურვება და მათი შემოწმებაც საქართველოს შესაბამის ლაბორატორიებში მოხდება", - განაცხადა ოქტომბერში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლები დღემდე ერიდებიან, დაასახელონ ამ ინიციატივის ამოქმედების კონკრეტული თარიღი.
შესაძლოა, ხელისუფლების წარმომადგენლების ერთ-ერთი არგუმენტი გენმოდიფიცირებული პროდუქციის შესახებ კანონის წინააღმდეგ ახლაც ის იყოს, რომ არ სურთ, ქვეყანაში იმპორტსა და ბიზნესის განვითარებას შეუშალონ ხელი. თუმცა, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა", სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტებისა და მეწარმეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს არგუმენტი მცდარია. გენმოდიფიცირებული შემცველობის პროდუქტზე, შესაძლოა, მოთხოვნა ბუნებრივად მართლაც შემცირდეს, ბიოპროდუქციის ფასი კი გაიზარდოს, მაგრამ ეს შედეგი მხოლოდ დროებითია და ამ სფეროს მარეგულირებელი კანონის წინააღმდეგ არგუმენტად ვერ გამოდგება. მით უფრო, რომ კანონის გაჭიანურებით და საერთაშორისო ვალდებულებების იგნორირებით იზღუდება მოქალაქეების უფლება, გააზრებული არჩევანი გააკეთონ ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოსა და საეჭვო პროდუქტს შორის.
კომენტარები
სტუმარი (შეუმოწმებელი), თებერვალი 19, 2010, 21:44:14
ახალი კომენტარის გამოქვეყნება