| ფოკუსი | 8 თებერვალი, 2010 |
ეგზიტ პოლების მონაცემებით, იულია ტიმოშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა. "რეგიონების პარტიის" ლიდერის შტაბში უკვე გამარჯვებას ზეიმობენ და პრემიერ მინისტრს ურჩევენ, რაც შეიძლება მალე თავად დატოვოს თანამდებობა. ზეიმობს ყველა ვიქტორ იანუკოვიჩის გარდა, რომელიც ჟურნალისტებს არ ხვდება, ვიდრე ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალურ შედეგებს არ გამოაქვეყნებს. და სწორადაც იქცევა. მის ბიოგრაფიაში უკვე არის ერთი ფალსტარტი, როცა მან საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და სამადლობელო ვიდეო-მიმართვაც კი ჩაწერა უკრაინელი ხალხის მიმართ, როცა ორჯერ მიიღო ვლადიმირ პუტინის მილოცვა და როცა არ დაიჯერა, რომ მაიდანზე იდგა ასობით ადამიანი ნარინჯისფერი დროშებით, რომლებსაც მისი პრეზიდენტობა არ უნდოდათ.
იანუკოვიჩმა წინასწარი შედეგებით კი იგებს, მაგარამ ეს არ ნიშნავს საბოლოო გამარჯვებას. ტიმოშენკომ ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო: იმის ნაცვლად, რომ ლიდერებს შორის მეორე ტურში სხვაობა გაზრდილიყო, როგორც ამას სოციოლოგები წინასწარმეტყველებდნენ, ტიმოშენკომ მისი შემცირება მოახერხა, თანაც ორჯერ! იანუკოვიჩს ჯერ არ გაუმარჯვია - რადგან მხოლოდ 3 და თუნდაც 6 პროცენტით ჩამორჩენა ჯერ კიდევ იმედის მომცემი სხვაობაა. "ვიდრე არ დაითვლება უკანასკნელი ოქმი, რაიმე შედეგზე საუბარი შეუძლებელია. ჩვენ ვიბრძოლებთ თითოეული ხმისთვის", - განაცხადა იულია ტიმოშენკომ. მისი მარჯვენა ხელი, ალექსანდრ ტურჩინოვი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ტიმოშენკოს ბლოკის იურისტები მთელი რიგი საარჩევნო უბნების შედეგებს გაასაჩივრებენ. საბაბები - მცირედი, მაგრამ მაინც არსებობს: ტიმოშენკოსა და იანუკოვიჩის მხარდამჭერები მათ მთელი დღის განმავლობაში ითვლიდნენ.
. . .
"იანუკოვიჩი - კრიმინალი და უზრდელი"!
"ტიმოშენკო - ავანტიურისტი და ცრუპენტელა"!
"იანუკოვიჩის დროს კრიმინალური გაგების კანონებით ვიცხოვრებთ"!
"ტიმოშენკოს დროს საერთოდ არ იქნება არანაირი კანონი, მხოლოდ ხელით მართვა"!
"პრეზიდენტი იანუკოვიჩი - ქვეყნის სირცხვილია!"
"პრეზიდენტი ტიმოშეკო - უკარაინული ეკონომიკის დაღუპვაა"!
ამგვარი კომენტარებითაა აჭრელებული უკრაინული და მისი მეზობელი ქვეყნების ფორუმები და ბლოგები. ქუჩური დიკუსიებისას ვიქტორ იანუკოვიჩისა და იულია ტიმოშენკოს მომხრეები სულაც უცენზურობაში გადაიჭრებიან ხოლმე. როდესაც კამათი ჩიხში შედის, გაისმის უკანასკნელი, მომაკვდინებელი არგუმენტი: "ჩემი კანდიდატი უკეთესია! რითია უკეთესი?! შენსას მაინც ჯობია"!
ის ამომრჩევლები, რომლებმაც პირველ ტურში "მესამე ძალისთვის" ხმის მიცემა ამჯობინეს ან საერთოდაც იგნორირება გაუკეთეს არჩევნებს, უხმოდ განზე იყვნენ გამდგარები - ისინი ყველაზე რთული არჩევანის წინაშე დადგნენ, მათ "ნაკლები ბოროტება" უნდა ამოეცნოთ და მას მიმხრობოდნენ. არადა, როგორ გინდა მიემხრო ვინმეს, როდესაც "ერთი კანდიდატისთვის ხმის მიცემა საშიშია, მეორესთვის კი - სამარცხვინო"? ეს ხუმრობაა. ხუმრობა, რომელსაც მეორე ტურის წინ ძალიან ხშირად იმეორებდნენ ამომრჩევლები.
პირველი ტურის შემდეგ იმაზე, თუ რა ელის უკრაინას ორი კანდიდატიდან ერთ-ერთის გამარჯვების შემთხვევაში, აღარავინ ფიქრობდა. ეს თავად პრეზიდენტის პოსტის პრეტენდენტებსაც ეხებათ. ბოლო რამდენიმე კვირა ისინი უკვე დაპირებებსაც აღარ იძლეოდნენ, მხოლოდ ურთიერთკრიტიკით იყვნენ დაკავებულები. თანაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელმაც პირველ ტურში იულია ტიმოშენკოზე 10%-ით მეტი ხმა დააგროვა, ბოლო დროს უკვე კრიტიკაც ეზარებოდა. რა საჭიროა? ყველა სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, მას გამარჯვება განაღდებული ჰქონდა. რეგიონების პარტიის ლიდერი ტიმოშენკოსთან წინასაარჩევნო ტელედებატზეც კი არ მივიდა და გამოვიდა, რომ მთელი საეთერო დრო კონკურენტს დაუთმო.
მეორე მხრივ, თუკი არჩევნების შედეგები წინასწარ ასეთი ნათელი იყო, რაღატომ აკრავდნენ "რეგიონალები" მოედნებზე პლაკატებს, რატომ ათავისუფლებდნენ თანამდებობიდან შინაგან საქმეთა მინისტრს და საარჩევნო კანონში რისთვის ითხოვდნენ შესწორებას, რომელიც საარჩევნო კომისიებს კვორუმის გარეშე მუშაობის უფლებას მისცემდა?
საარჩევნო კომისიები უკრაინაში პარიტეტულ საფუძველზე ყალიბდება: ადგილების ნახევარი რეგიონების პარტიის წარმომადგენლებით ივსება, ნახევარი - "იულია ტიმოშენკოს ბლოკის" წარმომადგენლებით. თუკი წინათ ნებისმიერი გადაწყვეტილება ხმების ორი მესამედით მიიღებოდა, ცვლილებების მიხედვით, ორიც საკმარისია - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და მდივნის, რომლებიც თავის ხელმოწერებსა და ბეჭედს დასვამენ. მეტიც, ამ კომისიიდან ნებისმიერი წევრის გარიცხვა შეიძლება, მაგალითად - სხდომაზე დაგვიანებისთვის.
ცვლილებების მიზანი ნათელია - ვიქტორ იანუკოვიჩი დარწმუნებულია, რომ ტიმოშენკო არჩევნების ჩაშლას გეგმავდა, მან კი ხელი შეუშალა: "ტიმოშენკოს ფრაქცია ყველანაირად ცდილობდა, დაებლოკა რადას მუშაობა და ამ კანონის მიღების საშუალება არ მიეცა. ისინი არჩევნების ჩაშლის მექანიზმს ამზადებდნენ - საარჩევნო უბნები და საოლქო კომისიები ტიმოშენკოს ბლოკის კვოტით შერჩეულ კომისიის წევრებს უნდა დაეტოვებინათ, რომ კვორუმი არ შემდგარიყო. ეს ნიშნავს, რომ კომისიები ვეღარ იმუშავებდნენ".
ერთი შეხედვით, რეგიონების პარტიის ლიდერის სიფრთხილე სრულიად ლოგიკურია. მაგრამ 2004 წლის ფალსიფიკაციებს თუ გავიხსენებთ, დასაიმედებელი ბევრი მაინც არაფერია. სად არის გარანტია, რომ სწორედ ის თავმჯდომარე და მდივანი არ ცდუნდებიან და თავიანთ კანდიდატს ორ-სამ პროცენტს არ წაუმატებენ, ქვეყნის აღმოსავლეთში - იანუკოვიჩს, დასავლეთში კი - ტიმოშენკოს?
იულია ტიმოშენკოს "რეგიონების პარტიის" მიერ მოთხოვნილ ცვლილებებზე მყისიერი რეაქცია ჰქონდა - უცხოელ დიპლომატებთან დაიჩივლა და მასობრივი საპროტესტო აქციებით დაიმუქრა, იმ შემთხვევაში, თუკი იუშენკო შესწორებებს ხელს მოაწერდა: "საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე კანონში შევიდა ცვლილებები, რომლებიც სრულიად ანადგურებს არჩევნებს, ყალბ, უკონტროლო და არაკეთილსინდისიერ პროცესად აქცევს მას. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ იანუკოვიჩს საკუთარი წარმატების არ სჯერა, და ფალსიფიკაციის ხარჯზე სურს შედეგის მიღწევა... დაზუსტებით ვამბობ, თუკი ეს კანონი ძალაში შევა... ჩვენ ხალხს გამოვიყვანთ".
რამდენად მიზანშეწონილია პრეზიდენტის ინიციატივა რეგიონული ტელეკომპანიების ფინანსური ამნისტიის შესახებ? |
|
|
სამაუწყებლო კომპანია "გურიას" აღმასრულებელი დირექტორი
|
|
|
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე
|
|
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება