| თვალსაზრისი | 8 თებერვალი, 2010 |
მნიშვნელობა არ აქვს, ეს დაზიანებული მცხეთის ძეგლები და ბაგრატის ტაძარია, თუ აბანოთუბანში ლამის მთელი უბნისხელა სასტუმრო; ბათუმის "შერატონი" თუ თბილისის "რედისონი"; პრეზიდენტის სასახლე თუ სიღნაღის "რატუშა"; ან ქუთაისში მშენებარე, ლომების ქანდაკებებით დახუნძლული ოპერა - ეს ყველაფერი მხოლოდ უკანონობისა და არქიტექტურის ტოტალური პოლიტიზირების შედეგია. არა მარტო გავლენიანი და მდიდარი ადამიანები, არამედ მერიისა და ხელისუფლების წარმომადგენლებიც კანონს დღემდე შეუნიღბავად არღვევენ.
კანონდარღვევების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი კოჯრის გზის გვერდით, სოლოლაკის ქედზე შუშის უზარმაზარი შენობაა. ის რუსეთში მოღვაწე ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა.
კოჯრის გზის მიმდებარედ, სოლოლაკის ქედის განაშენიანების გეგმაზე მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტებში ჯერ კიდევ XX ს-ის 80-იანი წლებიდან ფიქრობდნენ. შესაბამისი პროექტებიც არსებობდა. ერთი მათგანი თავად მაქვს ნანახი "თბილქალაქპროექტში". 90-იანი წლებიდან ამ ადგილის ათვისება ივანიშვილის ფულით დაიწყო, თუმცა, თუ მშენებლობის არეალს შევაფასებთ, დასრულებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.
ის ფაქტი, რომ ივანიშვილისთვის 1996 წელს გადაცემული ტერიტორია თბილისის ისტორიულ ნაწილს, ხოლო კოჯრის გზა მიმდებარე ფერდობებით ლანდშაფტის დაცვის ზონას ეკუთვნის - არავინ გაითვალისწინა. იმ დროს კორუმპირებული საქმიანი წრეებისთვის ძველ უბნებში უკანონო და შეუსაბამო მშენებლობების წამოწყება იოლი იყო.
1996 წლის 14 მაისის თბილისის მერიის #08.70.554. განკარგულებით, "საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებას" (ანუ ბიძინა ივანიშვილს) მთაწმინდის რაიონში, სოლოლაკის ხეივანში, სასტუმროსა და ბიზნეს-ცენტრის ასაშენებლად 4750კვმ. ფართობი გამოეყო. როცა საქართველოს მთავარი საქმშენინსპექციის უფროსის თანამდებობაზე ყოფნისას საქმის შესწავლა დავიწყე, მაშინდელი დოკუმენტებიც შევამოწმეთ და ივანიშვილის სახელი არსად ფიგურირებდა, სამაგიეროდ თავიდანვე ცნობილი იყო პროექტის განმახორციელებელი შპს "ინტერსერვისი", რომლის მისამართიც ბანკი "ქართუს" მისამართს ემთხვეოდა. ისე კი, "ინტერსერვისის" თანამშრომლები ჩვენთან საუბრებში არც არასდროს მალავდნენ, რომ ეს მიწა და შენობაც ივანიშვილის საკუთრება იყო.
ორი წლის შემდეგ აქ საცხოვრებელი კომპლექსის აშენება გადაწყდა. მომდევნო წლებში ივანიშვილის საკუთრებაში, აგრეთვე, აღმოჩნდა კოჯრის გზაზე ყოფილი წყალსაცავის ნაგებობა, რომლის ადგილზეც 2004 წელს ახალი შენობა აღიმართა - ივანიშვილის კომპლექსის "სამეთვალყურეო სახლი". ამას მოჰყვა ბოტანიკური ბაღის ხელოვნური კაშხლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასაკუთრებაც.
2004 წელს, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ქვეკომისიის ერთსულოვნად უარყოფითი დასკვნის მიუხედავად (ოქმი #3 15.10.1004წ.), მაშინდელმა მინისტრმა გოკა გაბაშვილმა ივანიშვილს ხელოვნური ტბის გაშენებისა და საცხოვრებელი კომპლექსის აგების ნებაც მისცა. საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობაზე კულტურის სამინისტრომ უარი გვითხრა და ეს 2005 წელს მხოლოდ სასამართლოს ძალით შევძელით. ამ ობიექტის შიგნიდან დათვალიერებისა და შემოწმების უფლება ვერ მივიღეთ.
"სამეთვალყურეო სახლის" ზემოთ არსებული ცოტაძე/ტიფანის "მინი სასტუმროც" მალე ივანიშვილის საკუთრება გახდა. ამის შემდეგ მცირე აეროდრომის, ხელოვნური გვირაბისა და ტბის გაშენება, აგრეთვე მოპირდაპირე ფერდობზე ახალი გზისა და მოცულობებისთვის გრუნტის მომზადება დაიწყო, რომელიც ბოტანიკის ინსტიტუტის ტერიტორიასთან ერთად (იქ მდგარი რამდენიმე ძველი შენობით) ივანიშვილის საკუთრებად იქცა.
დღეს აქტიურად მიმდინარეობს ახალი მშენებლობა ხელოვნური გვირაბის მეორე მხარეს და რა ფუნქციის შენობა (თუ შენობები) შენდება ამ ადგილას, უცნობია. თუმცა, ყველა ეს აშენებული თუ მშენებარე ნაგებობები, გვირაბთან ერთად, ამ ადგილის "ოკუპაციას" უფრო ჰგავს, ვიდრე საცხოვრებელ კომპლექსს. ამ ტერიტორიის "ათვისების" იდეა თავში ქართველებს არასდროს მოსვლიათ. ალბათ იმიტომაც, რომ სოღანლუღ-შავნაბადა-ტაბახმელას ქედთან ერთად, თბილისთან დამაკავშირებელ კოჯრის გზასაც ყოველთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. დღეს კი სამხედრო ფუნქციას თავი რომ დავანებოთ, ამ გზაზე უზარმაზარი კომპლექსის წამოჭიმვა მიუღებელია ურბანისტული თვალსაზრისითაც. შინდისი-ტაბახმელა-ოქროყანის ახალი განაშენიანების შემდეგ იქაურ მრავალრიცხოვან მოსახლეობას მხოლოდ ეს გზა აკავშირებს თბილისთან და ამიტომ შეზღუდული სიგანის მქონე გზის ხელოვნური გვირაბით გადახურვა და იქვე წინასწარ შეუსწავლელი და აშკარად სტიქიური მშენებლობების წამოწყება დაუშვებელია.
შუშის ეს მონსტრი, ძველი თბილისისა და მისი არქიტექტურული მემკვიდრეობის გარდა, არსებული ლანდშაფტის სრული უგულებელყოფით არის აგებული, რაც არქიტექტურის უპირველესი პირობაა - ადამიანის შექმნილი ჰარმონიულად უნდა ესადაგებოდეს არსებულ გარემოს. რაც შეეხება მეორე მხარეს - შენობის ფუნქციურ გამართულობას - შენობათა ეს ერთობლიობა, საცხოვრებელი სახლის გარდა, ყველაფრის ასოციაციას ბადებს.
ისტორია სხვა ყველაფერთან ერთად არქიტექტურითაც იწერება. ივანიშვილი ჩვენ თვალწინ საკუთარი მოსაზრებითა და გემოვნებით შექმნილი არქიტექტურით წერს "ახალი" თბილისის (აგრეთვე გრიგოლეთის, ბაკურიანის და სხვ.) ისტორიას. მან, ერთი მხრივ, ქველმოქმედება დაიწყო თავის სამშობლოში, მეორე მხრივ კი, საკუთარი ქვეყნის დედაქალაქს, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესვლის კანდიდატ ქალაქს თავზე ჯიღასავით დაადგა უსახური და მდარე არქიტექტურა, რაც უკანონობის გარდა, თბილისის, როგორც უძველესი ქალაქის, თვითმყოფადობის გაუფასურება და არად ჩაგდებაა.
ქველმოქმედება უდიდესი სიკეთეა, მაგრამ როგორ შეიძლება თუნდაც უდიდესი ქველმოქმედება საკუთარი დედაქალაქის აუთენტურობის შელახვის საპირწონედ იქცეს?
ევროკავშირში ინტეგრაციამდე ჯერ ძალიან შორია, მაგრამ თუკი საქართველო ოდესმე მართლაც გახდა დემოკრატიული და სამართლებრივი ქვეყანა, მაშინ მას მოუწევს სწორი არჩევანის გაკეთება ივანიშვილის "ჯიღასა" და ძველ თბილისს შორის.
რამდენად მიზანშეწონილია პრეზიდენტის ინიციატივა რეგიონული ტელეკომპანიების ფინანსური ამნისტიის შესახებ? |
|
|
სამაუწყებლო კომპანია "გურიას" აღმასრულებელი დირექტორი
|
|
|
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე
|
|
კომენტარები
ana (შეუმოწმებელი), თებერვალი 9, 2010, 22:54:24
ana (შეუმოწმებელი), თებერვალი 9, 2010, 22:57:22
marta omiadze (შეუმოწმებელი), თებერვალი 10, 2010, 06:53:00
zo-na (შეუმოწმებელი), თებერვალი 10, 2010, 13:26:54
სტუმარი (შეუმოწმებელი), თებერვალი 10, 2010, 15:32:28
kolega (შეუმოწმებელი), თებერვალი 11, 2010, 18:03:06
სტუმარი ქართველი (შეუმოწმებელი), თებერვალი 12, 2010, 11:21:41
ახალი კომენტარის გამოქვეყნება