Skip to content

ავტორიზაცია

მსხვერპლისა და მოძალადის ჩაკეტილი წრე


მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის მიმართ ძალადობისგან ოჯახის წევრებს კანონი იცავს, მსხვერპლი ხშირად ბედს ეგუება. ამის მთავარი მიზეზი საზოგადოების სტერეოტიპებია.
 სოფო კირთაძე, წიგნის სახელოსნო

4-ოთახიან ბინაში ახლა 11 ადამიანი ცხოვრობს. მეტს ვერ მიიღებენ. ერთ ოთახს სამი ან ოთხი იზიარებს. დილით, სანამ ერთი მათგანი საერთო ოთახში სოციალურ  მუშაკს ესაუბრება, მეორე სამზარეულოშია, ჩაის იდუღებს. მესამე სამუშაოდაა წასული, შვილები კი სკოლაში ჰყავს. ბინა გადასარევი რემონტით არ გამოირჩევა, სამაგიეროდ მყუდროა, სუფთა და თბილა. საკვებით და სხვა საჭირო წვრილმანებით უზრუნველყოფილები არიან. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ოჯახი გგონია. მხოლოდ ამ "ოჯახში" არ არიან მამები, ბებიები, ბაბუები. აქ ყველა დედაა, ან შვილი. ოჯახის ყველა წევრს საკუთარი ამბავი აქვს, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ - თითოეული მათგანი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. სწორედ ამიტომ ცხოვრობენ ახლა აქ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თავშესაფარში.

2006 წელს, ოჯახში ძალადობის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განხილვისას თემა ქართველმა დეპუტატებმა სასაცილოდ აიგდეს. მართალია, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობით კანონი მაინც მიიღეს, თუმცა მისთვის არც სახელმწიფო და არც საზოგადოება მზად არ აღმოჩნდა. განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც გენდერული თუ სხვა სახის სტერეოტიპები მყარად ფესვგადგმულია, ფაქტს, რომ ოჯახში ძალადობა ხდება, ხშირად დაზარალებულიც ვერ აცნობიერებს. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კი ოჯახში გამართულ ჩხუბს, ფიზიკურ შეურაცხყოფას და ურთიერთობის სხვა ძალადობრივ ფორმებს ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს.

ოჯახური ძალადობა მრავალპლასტიანი პრობლემაა, რომელიც ორი ადამიანის ურთიერთობას სცდება და პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ოჯახის დანარჩენ წევრებზეც ახდენს. პრობლემის გადაჭრას კი ხელს ის სტერეოტიპი უშლის, თითქოს ოჯახური ძალადობა მხოლოდ ისაა, როცა ქმარი ცოლს სცემს. "მოძალადეებად არ იბადებიან, მიზეზი ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორისაა ბავშვობაში მიღებული ტრავმაც, რადგან ბავშვი ყველაფერს განაზოგადებს და ფიქრობს, რომ თუკი მის ოჯახში, ვთქვათ, მამა სცემს დედას, ეს ნორმალურია და ყველგან ასე ხდება", - აცხადებს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრ "საფარის" დირექტორი ნატო ზაზაშვილი.

ოჯახური ძალადობის შესახებ ჩატარებული 2008 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში, შემთხვევათა 47 პროცენტში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი დედაა. დაახლოებით 25 პროცენტში - შვილები, ბებია და ბაბუა - 15%, მამა კი - 11 პროცენტში. ამავე კვლევის მიხედვით, ძალადობის გავრცელებული ტიპებიდან ჩვენთან ყველაზე ხშირია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა.

29 წლის ლეილა თბილისიდან ოციოდე კილომეტრის დაშორებით მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანიდანაა. მეუღლის მშობლების სახლში 9 წელი იცხოვრა. "მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს კიდევ 2 ბინა ჰქონდა, 13 ადამიანი ვცხოვრობდით ერთად. დედამთილი მეუბნებოდა, - მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ შეძლებთ ცალკე ცხოვრებასო. ჩემ ქმარს წინააღმდეგობა მისთვის არასოდეს გაუწევია და მეც, თუ რამეს ვიტყოდი, რამდენიმე თვე ხმას არ მცემდა. 9 წელი ჩადრით ვიარე, და ოდნავ მოკლე კაბას ვერ ვიცვამდი, იმიტომ რომ დედამთილს ასე სურდა. იქ არარაობა ვიყავი. უფროსი შვილი სკოლაში დადიოდა, მაგრამ არ ვიცოდი რომელში, მხოლოდ შვილების გაჩენა და რეცხვა მევალებოდა. არც ის ვიცოდი, ჩემი ქმარი სად მუშაობდა და რამდენს გამოიმუშავებდა. ვერ გავუძელი ასე ცხოვრებას და გამოვიქეცი, უფრო სწორად გამომაგდეს 3 შვილით, მეოთხეზე ორსულად ვიყავი". ლეილა ახლა ქალთა დახმარების ქსელის თავშესაფარში ცხოვრობს. იქვე ჰყავს შვილებიც და სურს, ცხოვრება თავიდან დაიწყოს; რამე ხელობა შეისწავლოს, მაგალითად პარიკმახერობა, და მუშაობა დაიწყოს.

გართულებული ანდა მუდმივი ოჯახური კონფლიქტის გამო, სარეაბილიტაციო ცენტრს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მიმართავენ. ეს მაშინ, როცა, კვლევის მიხედვით, პატრულის ცხელ ხაზზე შესული ყოველი მე-4 ზარი ოჯახურ ძალადობას ეხება.

პატრულის გამოძახების უფლებას დაზარალებულებს 2006 წელს მიღებული კანონი აძლევს. ამავე კანონის მიხედვით, ძალადობის მსხვერპლს უფლება აქვს, ე.წ. შემაკავებელი ორდერის გაცემა მოითხოვოს. ამ შემთხვევაში  ოჯახის მოძალადე წევრი ვალდებულია, დაზარალებულისგან გარკვეული ვადით დისტანცია დაიცვას. თუმცა, ოჯახში მომხდარი ინტიმური დრამა ხშირად  სახლის კედლებს შიგნით რჩება. კვლევის მიხედვით, მოძალადისთვის ორდერის გამოწერაზე თვითონ დაზარალებულები ამბობენ უარს, რადგან მათი სურვილი ოჯახის წევრის დასჯაზე მეტად, ოჯახის შენარჩუნებაა.

ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა ქალები ისევ ბრუნდებიან სახლში, სადაც საშინელი შეურაცხყოფა მიაყენეს. ფსიქოლოგები კი ამბობენ, რომ ძალადობა არასდროსაა ერთჯერადი. "შეიძლება მშვიდი პერიოდი დიდხანს გაგრძელდეს, თუმცა პრობლემა ოდესმე ისევ თავს იჩენს", - ამბობს ფსიქოლოგი რუსუდან ფხაკაძე. ამიტომ თავშესაფრებში ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს მათ პოტენციურ მოძალადესთან ურთიერთობასაც ასწავლიან.

ფსიქოლოგები იმასაც ამბობენ, რომ აუცილებელია ოჯახის მოძალადე წევრთან მუშაობაც, მით უფრო მაშინ, თუ ფსიქოლოგიური ტრავმა ძალიან მძიმეა ან მსხვერპლს ერთდროულად ოჯახის რამდენიმე წევრი ჩაგრავს.

ამ პრობლემებით თავშესაფარს ძირითადად ის ქალები აკითხავენ, რომლებიც ქორწინების გარეშე ორსულდებიან და აღარც მშობლების ოჯახები უშვებენ შინ.

გორის რაიონიდან დევნილი 23 წლის მაია ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარ "სახლში" ცხოვრობს. ორსულობის პერიოდში ძალადობა მან ჯერ ქმრისგან განიცადა, მასთან დაშორების შემდეგ კი სახლში ანალოგიურ დამოკიდებულებას ძმისგან იტანდა. ამან მისი და ბავშვის ჯანმრთელობაც შეარყია. დედა-შვილს რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა, თუმცა ძალადობის კვალი კვლავაც ეტყობათ. მაიას საშვილოსნოსთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ბავშვს ნერვული სისტემა დაუზიანდა.

ოჯახში, თუნდაც არაპირდაპირი ძალადობის დროს, ბავშვი ყოველთვის ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია, და ამას სტატისტიკაც ადასტურებს. "3 წლიდან ბავშვებს ენურეზი, უმიზეზო ტირილი, შფოთვები აქვთ, ისევე როგორც კუჭის პრობლემები, ებმით ენა, შიშები აქვთ ხმაურზე. გარდატეხის ასაკში ძალიან აგრესიულები არიან. ახასიათებთ უნდობლობა. ინტერესის დაკარგვა მეგობრების, სკოლის მიმართ", - აცხადებს ფსიქოლოგი ელენე სამუშია. ზოგჯერ ბავშვებს მსგავს მდგომარეობაში დედის უყურადღებობა აგდებს, რომელსაც, მეუღლესთან გამუდმებული კონფლიქტის გამო, შვილზე ზრუნვის ძალა აღარ რჩება და უყურადღებობით თვითონვე ძალადობს ბავშვზე.

თუმცა, ხდება ისეც, რომ მუდმივი ფსიქიკური სტრესით გადაღლილი და დაშინებული დედა შვილის ფსიქიკას მასზე გადამეტებული ზრუნვით აზიანებს. ქალბატონ ცირას ქმარმა და მულმა უფროსი შვილი წაართვეს. თვითონ უმცროს ვაჟთან ერთად ახლა თავშესაფარში ცხოვრობს. 11 წლის ბიჭს დედა გვერდიდან არ იცილებს იმის შიშით, რომ ეს ბავშვიც არ დაკარგოს. შედეგად, ბიჭი იმდენად მიეჯაჭვა მშობელს, რომ სკოლაშიც ვეღარ დადის მარტო და დამოუკიდებლად მარტივი გადაწყვეტილების მიღებაც კი უჭირს.

ხშირად ბავშვები დანაშაულის გრძნობითაც იტანჯებიან, რადგან მშობლებს შორის ძალადობრივი ურთიერთობის მიზეზად საკუთარი თავი მიაჩნიათ.

ოჯახში ძალადობის საკითხებზე, არასამთავრობო სექტორის პარალელურად, ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა - ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდი მუშაობს. ორგანიზაციას პროფილი საგანგებოდ გაუფართოვეს, რადგან სახელმწიფომ ვერ შეასრულა პირობა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრების მშენებლობა აგვისტოს ომის მიზეზით დღემდე ვერ დაასრულა. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ დაპირებული ორი თავშესაფარი თბილისსა და გორში წელს აუცილებლად დასრულდება.

ორი თვის წინ შედარებით დაიხვეწა კანონმდებლობა. ოჯახური ძალადობის შესახებ კანონის მიღებიდან 4 წლის თავზე კანონმდებლებს ამ თემაზე აღარ უცინიათ. სიახლეა ისიც, რომ მოძალადე ოჯახის წევრს შემაკავებელი ან დამცავი ორდერების დარღვევებისას პირველ ჯერზე მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრება, რომ მკაცრმა სანქციამ მსხვერპლიც არ დააშინოს და ეს არ გახდეს პატრულის გამოძახებისგან თავის შეკავების მიზეზი. ადმინისტრაციული სასჯელი კატეგორიულად არ ითვალისწინებს ფულად ჯარიმას, რომ არ დამძიმდეს ისედაც სტრესში მყოფი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა და ახალი კონფლიქტის საფუძველი არ გახდეს. "ამიტომ ადმინისტრაციული ჯარიმა 7-დან 30 დღემდე პატიმრობა იქნება და მხოლოდ მეორედ დარღვევის შემთხვევაში აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე", - ამბობს ფონდის ხელმძღვანელი მარი მესხი.

წელსვე უნდა შეიქმნას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედი საბჭოც. თუკი მსხვერპლს არ სურს პოლიციასთან დაკავშირება, შეეძლება, დასახმარებლად საბჭოს მიმართოს.

თუმცა, სახელმწიფოს ეს ინიციატივები პრობლემის აღმოსაფხვრელად საკმარისი არაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება და ძალადობის გამაღვივებელ სტერეოტიპებთან დაპირისპირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოების უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით კი რაიონებში მცხოვრები მოსახლეობა, დიდხანს ვერ გააცნობიერებს, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფის მოთმენით საკუთარ შვილებსაც აზარალებენ. მხოლოდ სტერეოტიპების შერბილების შემდეგ იქნება შესაძლებელი, მსხვერპლმაც და მოძალადემაც გაიაზრონ, რომ ოჯახში ძალადობა - ეს არა მხოლოდ ინტიმური კონფლიქტია, არამედ დანაშაული, რომელიც კანონით ისჯება.

კომენტარები

ლელა (შეუმოწმებელი), თებერვალი 14, 2010, 19:15:34

ძალიან კარგი სტატიაა: ლაკონური და პრობლემის არსის წარმომჩენი. დიდი მადლობა ნათიას!

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.