ახალი საგნის შესახებ, რომელსაც თავდაპირველად "სამხედრო-პატრიოტული აღზრდა" ეწოდა, შემდეგ კი, "სამოქალაქო თავდაცვად და უსაფრთხოებად" გადაკეთდა, განათლების სამინისტროსგან ბევრი ვერაფერი შევიტყეთ. ამიტომ ამ საგანზე მსჯელობა კვლავინდებურად საქართველოს მთავრობის და მმართველი უმრავლესობის წევრების განცხადებებიდან გამომდინარე მოგვიწევს. დავუკვირდეთ ახალი საგნის იმ ელემენტებს, რომელზეც პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მინისტრმა შაშკინმა ისაუბრეს. ამ ელემენტებიდან შეკითხვებს მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების სკოლაში სწავლება არ იწვევს:
სამოქალაქო თავდაცვა: საქართველოს პრეზიდენტი და განათლების მინისტრი გვეუბნებიან, რომ არსებული საფრთხეების გამო, აუცილებელია, საქართველოს მოსახლეობამ, ისრაელის მოსახლეობის მსგავსად იცოდეს, როგორ მოიქცეს დაბომბვების დროს. თუკი, საქართველო მართლაც ის ქვეყანაა, რომელსაც გამუდმებით ემუქრება ომის საფრთხე, მაშინ გაუგებარია, რატომ უნდა ისწავლებოდეს სამოქალაქო თავდაცვა მხოლოდ სკოლაში (ისრაელის სკოლებში კი, რამდენადაც ვიცი, სამოქალაქო თავდაცვა საერთოდ არ ისწავლება); და გაუგებარია, რატომ არ უნდა იქმნებოდეს სამოქალაქო თავდაცვის ცენტრები მთელ ქვეყანაში, რომელიც მოსწავლეების გარდა, საქართველოს მთელ მოსახლეობას, ასწავლიდა, როგორ დაიცვას თავი საომარ ვითარებაში.
ქართული ჯარის ისტორია: მინისტრმა შაშკინმა გადაცემაში "დიალოგი დავით პაიჭაძესთან" (21.01.2010) თქვა, რომ საგანი "სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება" გულისხმობს ქართული ჯარის ისტორიის შესწავლას და რომ მთელი ეს კომპლექსი საშუალებას გვაძლევს, "ვიმუშაოთ სამხედრო-პატრიოტულ საკითხებზე სკოლებში". მინისტრის სიტყვებიდან ჩანს, რომ სამხედრო პატრიოტიზმი მხოლოდ ახალი საგნის სათაურიდან გაქრა და არა მისი შინაარსიდან. თუმცა მინისტრ შაშკინს არ დაუსაბუთებია, რატომ არის საჭირო ქართული ჯარის ისტორიის შესწავლა საქართველოს ისტორიისაგან დამოუკიდებლად. დასაბუთება მინისტრმა შაშკინმა ჩაანაცვლა მოსაზრებით, თითქოს "ეს კეთდება იმისათვის, რომ ბავშვმა იგრძნოს თავი უფრო უსაფრთხოდ, რომ ბავშვს არ შეექმნას პრობლემები". მინისტრი შაშკინის მოსაზრებები ვერანაირად ვერ ხდის უფრო გასაგებს ვერც ქართული ჯარის ისტორიის სწავლების აუცილებლობას, ვერც იმას, როგორ იგრძნობს ბავშვი თავს უსაფრთხოდ, თუ ქართული ჯარის ისტორიას ისწავლის. არგუმენტების უქონლობა კი გვაფიქრებინებს, რომ ან მინისტრს თვითონ არ აქვს კარგად გაცნობიერებული, რა საგანი უნდა დანერგონ სკოლებში, ან არ სურს იმაზე საუბარი, რომ ეს საგანი სინამდვილეში არა პრაქტიკულ ანდა საგანმანათლებლო, არამედ იდეოლოგიურ მიზნებს ემსახურება.
ქართული არმიის შეიარაღების მიმოხილვა: რაში უნდა სჭირდებოდეს სკოლის მოსწავლეს იმის ცოდნა, რა შეიარაღება აქვს ქართულ ჯარს? საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეიძლება ჰქონდეს რეკრუტირების ცენტრები, სადაც ქართული არმია ახალგაზრდების დაინტერესებას და მოზიდვას უნდა ცდილობდეს, მაგრამ დაუშვებელია სკოლის ამგვარ რეკრუტირების ცენტრად გადაქცევა. ჯარის და ჯარისკაცობის პროპაგანდა სკოლაში კი მის მილიტარიზაციას ნიშნავს და სხვა არაფერს.
რა მიზანს ემსახურება "სამხედრო-პატრიოტული აღზრდა" სკოლაში? პრეზიდენტი ამის აუცილებლობას ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევებით ასაბუთებს. ეჭვს არ იწვევს პრეზიდენტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ "საქართველოს სჭირდება თავისი თავის დაცვა", მაგრამ "სამხედრო-პატრიოტული აღზრდა" ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების გამოწვევებზე აშკარად არაადეკვატური პასუხია. ვერც პრეზიდენტმა და ვერც განათლების მინისტრმა ვერ შეძლეს იმის დასაბუთება, თუ რა საჭიროა სკოლებში სამხედრო-პატრიოტული სწავლება ვერც განათლების და ვერც თავდაცვის ამოცანებიდან გამომდინარე. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ინიციატივას სხვა, იდეოლოგიური საფუძვლები აქვს.
აღზრდა ბავშვებში და მოზარდებში სასურველი ქცევების, ფასეულობების და ნორმების მიზანმიმართულ დანერგვას ნიშნავს. თანამედროვე აღზრდა გულისხმობს პასუხისმგებელი, დამოუკიდებლად მოქმედი და მოაზროვნე, ემანსიპირებული ინდივიდის, მოქალაქის ჩამოყალიბებას. ასეთ მოქალაქეს შესწევს იმისი უნარი, სხვისი კარნახის გარეშე, გადაწყვიტოს, რაში მდგომარეობს მისი ქვეყნის ინტერესები, რომელ პარტიას მისცეს ხმა არჩევნებზე, სამხედრო-პატრიოტი იყოს თუ პაციფისტი. სამხედრო-პატრიოტიული აღზრდა - როგორც სავალდებულო სასკოლო საგანი ან საგანთა ერთობლიობა - არა მარტო სკოლის მილიტარიზაციას ნიშნავს, არამედ მის იდეოლოგიზაციასაც - მოსწავლეებისათვის გარკვეული მსოფლმხედველობის თავზე მოხვევას. ჩემი ვარაუდით, ეს მსოფლმხედველობა "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ფრთის ახალი იდეოლოგიაა, რომელიც ძლიერ სახელმწიფოს არა ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, არამედ ძლიერ ჯართან და პოლიციასთან აიგივებს. ეს იდეოლოგია პირველ რიგში მოზარდების და ახალგაზრდებისკენაა მიმართული. მისი საბოლოო მიზანი არა მოქალაქეების, არამედ მილიტანტი პატრიოტების აღზრდაა. რეზერვის სისტემა და პატრიოტთა ბანაკები ამ იდეოლოგიისათვის, როგორც ჩანს, საკმარისი ასპარეზი არ აღმოჩნდა, ამიტომაც, სკოლაში უნდა მიიღოს საყოველთაო და სავალდებულო ფორმა.
კომენტარები
gigi avaliani (შეუმოწმებელი), თებერვალი 11, 2010, 21:42:50
usa (შეუმოწმებელი), თებერვალი 11, 2010, 22:20:29
ნინი თედეევა (შეუმოწმებელი), თებერვალი 11, 2010, 23:59:59
usa (შეუმოწმებელი), თებერვალი 12, 2010, 02:35:32
თიკო ასათიანი (შეუმოწმებელი), თებერვალი 12, 2010, 12:58:26
თიკო ასათიანი (შეუმოწმებელი), თებერვალი 12, 2010, 13:00:02
giorgi juruli (შეუმოწმებელი), თებერვალი 12, 2010, 17:33:11
zaza (შეუმოწმებელი), თებერვალი 12, 2010, 19:56:54
სტუმარი (შეუმოწმებელი), თებერვალი 12, 2010, 20:00:17
giorgi juruli (შეუმოწმებელი), თებერვალი 12, 2010, 23:47:46
ახალი კომენტარის გამოქვეყნება