• მთავარი
  • სტატიები
  • ბლოგები
  • საავტორო სვეტები
Subscribe
  • გამოწერა
  • არქივი
  • მოგვწერეთ

საჯაროობა მერიულად, ანუ "პეშკომ პასტაიმ" ბატონებო!

დასაბეჭდი ვერსია

ბუნებრივია, დაგაბნევდათ ეს სათაური, თანაც ორი, მაგრამ დაბნევა მაშინ უნდა გენახათ, როდესაც წელს  21 იანვარს, ზამთრის ერთ მშვენიერ დღეს მერიის შენობიდან გამოვიტანე ჩვენი ორგანიზაციის, "ტფილისის ჰამქრის" მერიისადმი მიმართვის პასუხი და იქ, გზადაგზა საოცრებები ამოვიკითხე. საქმე იმაშია, რომ გასული წლის 7 დეკემბერს თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება "ტფილისის ჰამქარმა" წერილით მიმართა თბილისის მერიას და მოითხოვა მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთი მეტად საინტერესო საბჭოს სხდომებზე დასწრება. სრულად ამ საბჭოს ასე ეწოდება: "საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭო". ეს ის საბჭოა, სადაც თბილისის ისტორიულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, ჩვენი აზრით, მეტად უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს და ნამეტანი აფორიაქებს ხოლმე ჩვენს გონებასა და გრძნობებს და არცთუ იშვიათად გვიბიძგებს სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციებისაკენ.

წერილში მერიას უბრალო რამეს ვთხოვდით: ჩვენი ორი წარმომადგენლისათვის მიეცა ნება რეგულარულად დასწრებოდა საბჭოს სხდომებს, რათა წინასწარ გვცოდნოდა ის საკითხები, რომლებიც იქ იხილება. ეს იყო და ეს. მიმართვის პასუხს ლამის ორი თვე ველოდით. თავად განსაჯეთ, 2009 წლის 7 დეკემბერს შეტანილ წერილზე 20 იანვარს გვიპასუხეს, ამ შუალედში კი  არ მოგვცეს საბჭოზე დასწრების უფლება. არადა, სწორედ ამ დროს განიხილა და დაამტკიცა საბჭომ მაგალითად აღმაშენებლის გამზირზე - პლეხანოვზე (რა ვქნა, ასე ვეძახი მაინც იმ პროსპექტს) რეაბილიტაცია-რესტავრაციის მასშტაბური სამუშაოები. ამ გადაწყვეტილებამ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და უამრავი შეკითხვა გააჩინა ხელოვნებათმცოდნეებსა და რესტავრატორებს შორის. დარწმუნებული ვიყავი, რომ მერიის ჩინოვნიკები რამე მიზეზს მოძებნიდენ და საბჭოზე დასწრების უფლებას არ მოგვცემდნენ. ასე ყველაფერი აგიხდეთ, მაგრამ იქვე საოცრად მაინტერესებდა რა მიზეზს მოიგონებდნენ უარის სათქმელად. ხანდახან ვფიქრობ, რომ ამ ჩვენს უაღესად საინტერესო ქვეყანაში ვერაფერი გამაოცებს-მეთქი. მე რომ  ჩემს გაუოცებლობაზე ვბჭობდი იმ დროს "მერიელი" მოხელე ვინმე არისი ბოჭოიძე, თურმე იცინოდა, ან სულ მცირე საოცარ პასუხზე ფიქრობდა. აფერუმ, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსო არისი ბოჭოიძევ! თქვენმა 2010 წლის 20 იანვრის უსტარმა კი არ გამაოცა, პირიც კი დამაღებინა! იმდენად, რომ მერიიდან პასუხწამოღებული 161-ე სკოლასთან გავჩერდი და რამდენჯერმე გადავიკითხე   პასუხი, სადაც წერია: "საბჭო შედგება 13 წევრისგან, სადაც პარიტეტი არის დაცული სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიასა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. სხდომები მიმდინარეობს მცირე დარბაზში, სადაც საბჭოს წევრებსა და მოწვეული პირების (დაინტერესებული მხარეების) განთავსება არის მხოლოდ შესაძლებელი". აი, ეს მოიწერა ბატონმა არისი ბოჭოიძემ. 14 სართულიან შენობაში განთავსებული მერიის თანამშრომელი ამბობს, ჩვენთან სივიწროვეა და "ჰამქრის" ორ წევრს ვერაფრით დავატევთო და მერე რა, რომ საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ თბილისის მერის 2009 წლის 15 იანვრის N10 ბრძანების, მე-9.2 მუხლის თანახმად, საბჭოს სხდომის ორგანიზების და მისი მიმდინარეობის წესი  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განისაზღვრება, ხოლო ამ კოდექსის 32-ე მუხლი ამბობს, რომ ყველა კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროს ჩაატაროს  სხდომები. გარდა იმ შემთხვევევებისა, როდესაც კანონით დადგენილი წესით გამოყენებულ იქნება სხდომის დახურვის შესაძლებლობა. აი, ასეა სიტყვა-სიტყვით თქმული კანონების ენაზე.  ჰამქრელებმა,  საპასუხო წერილში ქალაქის მერიას მივწერეთ,  ჯერ ერთი,  ბატონი არისის უსტარი პირდაპირ და უხეშად არღვევს საჯაროობის საფუძვლებს და  მეორეც, თქვე დალოცვილებო, თუ მაგოდენა მერიაში 2 კაცის ადგილი გაგჭირვებიათ, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ საბჭოს სხდომების უფრო ფართო დარბაზში გამართვას-თქო. ვიცით, რომ ამ პასუხის პასუხს ისევ ორი თვის შემდეგ მოაყოლებენ, რატომღაც გვგონია, რომ იმ პასუხში კიდევ უფრო საოცარი რამეები ეწერება (ნეტაიმც შევცდეთ, ნეტაიმც!) და ისღა დაგვრჩება სასამართლოში ვაფრინოთ საქმე. ისიც ვიცით, რომ სასამართლოს მსგავსი საკითხების განხილვისათვის 5 თვიანი ვადა აქვს. ჰოდა, თუ ყველაფერი ასე ჩვენებური ვარაუდით წავიდა, შეიძლება, არაფერი დარჩეს იმისგან, რის გამოც იმ საბჭოზე დასწრება გვსურს, ანუ იმ კულტურული მემკვიდრეობიდან, რომლის ბედსაც არცთუ იშვიათად ხელაღებით და უსულგულოდ (ჩვენი შეფასებაა ამგვარი) წყვეტენ ხოლმე მერიის "უვიწროვეს" სხდომათა დარბაზებში.  დასასრულ, ორი რამის თქმა მსურს - ერთი იმის, რომ ჩვენ, ჰამქრელები გარდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს სხდომებზე დასწრებისა, აწ უკვე მოვითხოვთ ჩვენი ორგანიზაციის  და ეკოლოგიური პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის თითო-თითო წარმომადგენლის საბჭოში სრულფასოვან წევრებად შეყვანას.  წლების მანძილზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისათვის განკუთვნილ ადგილებს უძრავი ქონების და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ინაწილებდნენ. ისინი ძირითადად საკუთარი კომპანიების ჯიბეზე და ინტერესებზე ზრუნავდნენ და არა ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობაზე. მეორეც - გპირდებით, რომ უახლოს მომავალში უფრო წვრილად და გასაგებად აგიხსნით, რას წარმოადგენდა წლების მანძილზე გრძელსახელწოდებიანი საბჭო, რომლის სინდისზეც თბილისის ისტორიულ ნაწილში განხორციელებული არაერთი უკანონობაა, ის უკანონობები, რომლებსაც სხვადასხვა მანქანებით სწორედ საბჭომ მისცა დასტური. ასევე ჩამოგითვლით იმ გვარ-სახელებსაც, რომლებიც "საზოგადოებრივი სექტორის" კვოტას იკავებდნენ იმ საბჭოში.  ამ წერილს სულ მალე გაახლებთ, დარწმუნებული ვარ იმაზე გაცილებით მალე, ვიდრე ჩვენს მიერ არჩეულ-დაქირავებული "მერიელი" მოხელე არისი ბოჭოიძე  უცნაურ პასუხთა ახალ ნაზავს მოიფიქრებს და მოგვწერს.

0 0
ალექსანდრე, ყოჩაღ, კარგი სტატიაა :) სასაცილო იქნებოდა შენი წერილის შინაარსი, სატირალი რომ არ იყოს. პასუხის პასუხს ნუ დაელოდებით. დარწმუნებული ვარ არ გიპასუხებენ. ჯობია სასამართლოს მიმართოთ და მოითხოვოთ საბჭოს დაევალოს საჯაროობის უზრუნველყოფა. არისი ბოჭოიძეს კი ნამეტნავად ნუ "გატისკავ" რამეთუ არ იცის რასა იქმს. მაგისთანებს რომ აზრს ეკითხებოდნენ "იქ", შესაძლოა ეგეთი წერილები არც გამოსულიყო გარეთ. ლევანი
ნამდვილად არასწორი გადაწყვეტილებაა რისი გაბათილებაც სასამართლოთი შეგიძლიათ ძალიან სწრაფად და ადვილად. ისე გეტყვით რომ თქვენ ორგანიზაციას დიდი ზიანი მიაყენა ერთ ერთ აქციაში ახლების ჩართვამ.
ალეკო მაგ საბჭოს დებულებაში, მუხლი 3 თ) ქვეპუნქტი წერია: საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება საჯარო მოსმენების ორგანიზება მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. საბჭოს წევრთა ვინაობას რომ ჩამოთვლი თან მიაწერე ვინ სად მუშაობდა და რამდენი ხანია რაც საბჭოში ზიან.
გოგოლის "მკვდარი სულები" მაგონდება. იქ როგორი ბატონიცაა, ყმებიც ისეთივენი არიან. ჩვენშიც ასეა, ქვეყნის ბატონი ეგზოტიკური სუბიექტია და ჩინოვნიკობაც ეგზოტიკური სულელების ლეგიონითაა წარმოდგენილი.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.


ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.