Skip to content

ავტორიზაცია

"ჩრდილოვანი" კანდიდატები


გამარჯვების მისაღწევად ირაკლი ალასანიამ მერყევი ამომრჩევლის გადაბირება უნდა შეძლოს. ამ ხმებს კი მას ხელისუფლებასთან ერთად რამდენიმე "ჩრდილოვანი" კანდიდატიც ეცილება.
 სოფო კირთაძე

თბილისის მერობის ერთ-ერთ ოპოზიციურ კანდიდატს დავით იაკობიძეს ხშირად უწევს იმის განმარტება, თუ რატომ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. მისი პასუხი ასეთია: "ახლა თბილისს რომ ვუყურებ, ისეთივე ქაოტურ სიტუაციაშია, როგორშიც ფინანსთა სამინისტრო იყო ჩემი მინისტრობის პირველ დღეებში. მაშინ წარმატებით განვახორციელე ის რეფორმები, რაც საჭირო იყო. ახლაც, ვფიქრობ, იმავეს გაკეთებას შევძლებ".

თბილისის ეკონომიკური ურთიერთობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბოლოს 1993-1997 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა.

მისი კანდიდატურა თბილისის მერის არჩევნებში 2009 წლის ნოემბერში "საქართველოს დემოკრატიულმა პარტიამ" წარადგინა. პარტიის ხელმძღვანელია საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გია თორთლაძე.

იაკობიძე "საქართველოს დემოკრატიული პარტიის" და მისი ლიდერის პოზიციას სრულად იზიარებს. ის ამაყობს, რომ მისი გუნდი მმართველ პარტიასთან კონსტრუქციულად თანამშრომლობს. "ძნელია, ვიპოვოთ საკითხები ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის მაშინ, როდესაც ზოგი ამბობს, თითქოს საქართველომ დაიწყო ომი. ჩვენი კონსტრუქტივიზმიდან გამომდინარე, ჩემთვის გაუგონარია, ვთქვათ, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. ასეც რომ იყოს, არ მიმაჩნია, რომ ეს უნდა ვთქვათ", - ამბობს იაკობიძე. მისი თქმით, მათი ოპოზიციური პარტიის მთავარი მიზანი, ხელისუფლებასთან დაპირისპირება კი არა, "ქვეყნის აღმშენებლობისთვის" ბრძოლაა.

ყოფილი ფინანსთა მინისტრი ქალაქის მთავარ პრობლემებად მისი იერსახის დაკარგვას და ბიუჯეტის "გაუაზრებელ" ხარჯვას მიიჩნევს. "სუფთა ჰაერი გვინდა, მტკვარი სუფთა უნდა იყოს, სასმელი წყალი კარგი უნდა გვქონდეს. უფრო უნდა დავმშვენდეთ. მერე ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ პრობლემებს მოვაგვარებთ", - ამბობს იაკობიძე. იგი თვლის, რომ სოციალური პრობლემების მოგვარება ქალაქის მერის საქმე არ არის და გიგი უგულავას აკრიტიკებს პენსიების 10 ლარით მომატების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

იაკობიძე მერობის სხვა კანდიდატებს არ ეჯიბრება. ერთი მხრივ, ის ამბობს, რომ "მთავარი არჩევნებში გამარჯვება არ არის", მეორე მხრივ კი, ამატებს: "ჩემთვის მნიშვნელოვანია არჩევნებში მაქსიმალური ხმების მოპოვება". გადაწყვეტილი აქვს, რომ თუ დამარცხდა, პოლიტიკაში აღარ დარჩება და  სტუდენტებთან მუშაობას გააგრძელებს.

არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, პოლიტიკაში დარჩენას არ აპირებს არც მერობის კანდიდატი გია ჭანტურია. "მონაწილეობა ოლიმპიური პრინციპით, მხოლოდ გამარჯვებისთვის, ჩემთვის მისაღები არ არის", - ამბობს თბილისის მერობის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი.

 

გია ჭანტურია 1995 წლიდან საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას ხელმძღვანელობდა. ის აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სისტემათა განვითარების საკითხებში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული იყო. ჭანტურია თანამდებობიდან 2004 წლის 9 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა გაათავისუფლა. ახლა სპეციალურ საექსპერტო ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელიც სუფსის ნავთობტერმინალის კომპლექსის განვითარებისთვის მუშაობს.

ჭანტურიას მერობისთვის ბრძოლა ქრისტიან-დემოკრატებმა გადააწყვეტინეს. ჩამოყალიბებული გეგმა, თუ რისი შეცვლა სურს თბილისში, ჯერ არ აქვს, - "ჯერ უნდა დავინახო, რა პრობლემები და რა სიმძიმის საკითხები დგას ჩემ წინაშე", - ამბობს გია ჭანტურია არჩევნებამდე 3 თვით ადრე.

ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი უგულავას საქმიანობას ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს. მოქმედი მერის ნაკლოვანებებზე კი პრინციპულად არაფერს ამბობს. მასთან საუბარში ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თავად რომ არ იყრიდეს კენჭს, არჩევნებში იგი ხმას უგულავას მისცემდა: "ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ერთ რამეს: თუ ვხედავთ, რომ კონკურენტი, ასე ვთქვათ, უკეთესად ხედავს პერსპექტივებს, მეტის გაკეთება შეუძლია, უნდა დავაფასოთ. მე სიამოვნებით დავეხმარები, რითაც კი შემიძლია ყველას, თუ უკეთესი ალტერნატივა იქნება. უნდა მივეჩვიოთ ერთმანეთთან თანამშრომლობას. ეს არ უნდა იყოს ბრძოლა"!

პოლიტოლოგ გია ნოდიას აზრით, კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში არა გამარჯვებისთვის, არამედ "ხმების მაქსიმალური რაოდენობის" დასაგროვებლად მიდიან, ამ ხმებს ხელისუფლებას ვერ წაართმევენ. "არ მგონია, ხელისუფლებას რაიმე სახის პრობლემები შეუქმნან. მგონია, რომ უფრო მეტად ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს მოიზიდავენ. იმის თქმა, რომ ქრისტიან-დემოკრატების, თორთლაძის კანდიდატები და ნიკა ივანიშვილი რაიმე რადიკალურ ცვლილებას მოახდენენ. არ შეიძლება, მაგრამ ხმების რაღაც ნაწილს წაართმევენ ოპოზიციას", - ამბობს ნოდია.

სოციოლოგი გოჩა ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ ქრისტიან-დემოკრატებს სტაბილური ამომრჩეველი ჰყავთ და მათი ხმები ავტომატურად ჭანტურიასთან წავა. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 8,7 პროცენტი დააგროვა და ნაციონალების და გაერთიანებული ოპოზიციის შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა. თუმცა, მას მერე პარტიის იმიჯი მნიშვნელოვნად შეირყა.

"მაშინ თარგამაძის მხარდამჭერი იყო არა პროსახელისუფლებო ელექტორატი, არამედ ოპოზიციური ელექტორატი. მას მხარს უჭერდა მკვეთრად ოპოზიციური ამომრჩეველი. იმ დროს ხელისუფლებისადმი ლოიალურობის იმიჯი ქრისტიან-დემოკრატებს ნაკლებად ჰქონდათ. დღეს სურათი შეიცვალა", - განმარტავს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.

კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ამომრჩეველი ქრისტიან-დემოკრატებს და გია თორთლაძის პარტიას კვაზიოპოზიციურ პარტიებად განიხილავს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არიან განწყობილნი: "მათ სერიოზულად არ უყურებს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი. ისინი უგულავას ხმებს ვერ წაართმევენ, თუმცა ვერ მოიზიდავენ ვერც საპროტესტო ხმებს".

სავარაუდოდ, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ნაწილისთვის მიმზიდველი კანდიდატურა იქნება პოლიტიკაში მოულოდნელად დაბრუნებული შევარდნაძის ხელისუფლების კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, ნიკა ივანიშვილი. ივანიშვილი კახა თარგამაძის მინისტრობის დროს საგზაო პოლიციას ხელმძღვანელობდა.

დაბრუნება, როგორც თავად ამბობს, 2009 წლის აპრილის აქციებმა გადააწყვეტინა. "აქციებში ჩართული ვიყავი, როგორც ყველა მომიტინგე, როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავდა ხელისუფლების მიმართ". მაშინ ოპოზიციამ მხარდამჭერებს იმედები გაუცრუა. ივანიშვილი ახალ გუნდთან ერთად ამის გამოსწორებას გეგმავს. ივანიშვილი, დიდი ხანია, მეგობრობს ლევან გაჩეჩილაძესთან. სტუმრობდა გია გაჩეჩილაძის გადაცემა "საკანი #5"-ს. თუმცა, დაუჭერენ თუ არა ღიად მხარს გაჩეჩილაძეები, არ იცის - "ეს ლევანის გადასაწყვეტია. ძალიან გამიხარდება თუ ვითანამშრომლებთ. ამაზე არ გვისაუბრია".

წინა ორი კანდიდატისგან განსხვავებით, ივანიშვილი დამარცხების შემთხვევაშიც გეგმავს პოლიტიკაში დარჩენას. ის ამ არჩევნებს "ტრამპლინს" უწოდებს: "ეს იქნება, გარკვეულწილად, ჩვენი ახალი პოლიტიკური ძალის გამოცდა. გვინდა, ჩვენი ძალები მოვსინჯოთ. იმ ქალაქში, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, შევცვალოთ სიტუაცია სიკეთისკენ".

ივანიშვილს ჭანტურიასა და იაკობიძისგან ისიც განასხვავებს, რომ ის არ ერიდება გიგი უგულავას კრიტიკას: "მიმაჩნია, რომ ყველას თანაბარი შანსები გვაქვს, გარდა ერთისა, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატია და აქვს ბერკეტები, რომ ჩვენგან განსხვავებული მოქმედებები ჩაატაროს". თუმცა, კრიტიკა მაინც ზომიერია.

ნიკა ივანიშვილთან დაახლოებული პირი, ანონიმურობის დაცვის პირობით ჰყვება, რომ ივანიშვილს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა შესთავაზეს. გარიგება ასეთია: მან არჩევნებში ოპოზიციას ხმების ნაწილი უნდა წაართვას, სანაცვლოდ კი, საკრებულოში მისი პარტია 4 ადგილს მიიღებს.

ნიკა ივანიშვილი ჯერჯერობით უპარტიოა. ის მერობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. თუმცა მაისის არჩევნებისთვის მას პარტია უკვე ექნება. პარტიისა და საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია თებერვლის შუა რიცხვებში იგეგმება. გუნდის წევრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ არჩევნებში ბრძოლისას გვერდით მისი მეგობარი, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორი ნიკა ტაბატაძეც იქნება, რომელიც ამერიკიდან საქართველოში რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა. "ნიკამ უნდა გადაწყვიტოს, ეთანხმება თუ არა ჩემ პოლიტიკურ შეხედულებას. თუ გადაწყვეტს და რაიმე მონაწილეობას მიიღებს ჩვენ პოლიტიკურ ორგანიზაციაში, მხოლოდ გაგვიხარდება", - ამბობს ივანიშვილი.

თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი თვით ადრე ორი ყველაზე ძლიერი კანდიდატია - ხელისუფლების მხრიდან გიგი უგულავა, ოპოზიციიდან კი ირაკლი ალასანია. წინასწარი გამოკითხვებით, ორივე მათგანს სტაბილური ელექტორატი ჰყავს. თუმცა, არის ეგრეთ წოდებული შუალედური ხმები, რაც, სოციოლოგების ვარაუდით, ამ შემთხვევაში ამომრჩევლების თითქმის 40%-ს შეადგენს. უგულავა  და ალასანია ერთმანეთს ყველაზე მწვავედ სწორედ ამ ხმებისთვის დაუპირისპირდებიან.  საპარლამენტო ოპოზიციისა და საინიციატივო ჯგუფის კანდიდატები ამ შუალედური ხმებიდან უმეტესად ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის, ანუ პოტენციურად ალასანიას ამომრჩევლების ხმებს რომ მიიზიდავენ, ამას არც ნიკა ივანიშვილი უარყოფს: "შეიძლება მართალიც იყოს, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა წავართვათ ერთმანეთს ხმები, მაგრამ ადამიანებს უნდა მივცეთ არჩევანის საშუალება. ეს დემოკრატიაა".

ასეთი დემოკრატიის პირობებში, ირაკლი ალასანიას წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი გამოწვევა საკუთარი კანდიდატურის სხვა ოპოზიციური კანდიდატებისგან მკაფიო გამიჯვნა იქნება. ალასანიამ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს უნდა დაანახოს, რომ ნებისმიერი ხმა, რომელსაც რომელიმე "ჩრდილოვანი" კანდიდატი მიიღებს, საბოლოოდ გიგი უგულავას ყულაბაში აღმოჩნდება.

კომენტარები

zaza (შეუმოწმებელი), თებერვალი 16, 2010, 10:45:26

გამოცემა ლიბერალი რა ალასანიასი არის ?!!:)))))) ირაკლიმ მეტი ვერ გაქაჩა და ლიბერალით აპირებს ბრძოლას. ეჰ რა ყველა ერთნაირები ხართ, სხვადასხვა შესაძლებლობებით :((((

Elene Asatiani, თებერვალი 16, 2010, 11:27:45

ზაზა, თქვენი კომენტარის პასუხად:  http://liberali.ge/node/1057 ეს ლინკი წაიკითხეთ :)

eka (შეუმოწმებელი), თებერვალი 16, 2010, 22:34:38

რა საოცარი რამაა ეს ლიბერალი, ზოგი გვეუბნება ალასანიასი ხართო, ზოგმა უგულავასიო, ზოგმა რადიკალურად ოპოზიციურიო, და ზოგმა კიდევ სახელისუფლებოო, ხო ესეთიც მიმისმენია, სოროსელებიო, და სოროსის დაფინანსებული აბა რა იქნებაო... თუმცა ეს სწორედაც რომ კარგია, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მოვწონვართ, ანუ არცერთის წისქვილზე ვასხამთ წყალს ..

სტუმარი (შეუმოწმებელი), თებერვალი 17, 2010, 02:09:43

კარგი სტატიია და ჩემი აზრით, ზუსტი ანალიზი! ლიბერალელებო, ასე გააგრძელეთ!

სტუმარი (შეუმოწმებელი), თებერვალი 17, 2010, 02:13:49

ამ "გაიშნიკს" რაღა უნდა? ბიზნესები ექნება ხელისუფლების რისხვისგან დასაცავი და ამიტომაც დათანხმდა ალბათ გაპოლიტიკანებას. ისე ნაცებს რა დარხეული აქვთ, ასეთი საგანძური ხალხის ამოქექვა რომ დაიწყეს ალასანიასთვის ხმების წასართმევად?!

maia (შეუმოწმებელი), თებერვალი 18, 2010, 02:09:58

სტუმარი (შეუმოწმებელი), თებერვალი 17, 2010, 02:13:49 - "ისე ნაცებს რა დარხეული აქვთ, ასეთი საგანძური ხალხის ამოქექვა რომ დაიწყეს ალასანიასთვის ხმების წასართმევად?!" - ara mgonia nacebs kondet darxeuli. egeni karg mdgomareobashi arian tavistvis mshvidad. ai, samagierod alasania ras aketebs ver gavige. arc tavistvisaa, arc mshvidad

rezi (შეუმოწმებელი), თებერვალი 19, 2010, 23:39:28

ZAZA AR GRCXVENIA AMXELA KACS :))))? GULCRPELAD MIPASUXE

mashikori (შეუმოწმებელი), მარტი 14, 2010, 04:28:18

საოცარია, რის მიხედვით ხდება პოლიტიკოსების შეფასება! მართლაც, ინტელექტუალური ყამირია საქართველოში. ე.ი არც პოლიტიკური გამჭრიახობა, არც პოლიტიკური გამბედაობა არ აინტერესებს არავის, მთავარი ყოფილა, რომ წყნარად ლაპარაკობს, მაგრამ რას და რისთვის, ან ვისთვის - ეს არავის აინტერესებს! იმბეცილები მომრავლდა საქართველოში

სტუმარი (შეუმოწმებელი), მარტი 20, 2010, 00:08:27

ძალიან მომწონს ჟურნალი "ლიბერალი" და მათი ანალიზი. ეს სტატიაც ობიექტურად მიმაჩნია. ჩემი აზრით ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას. მჯერა ქართველი ხალხის,ირაკლი ალასანიასი და მისი გუნდის. ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ!

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.