მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, შესაძლოა, გალღვეს. ამას არ გამორიცხავენ არც კონფლიქტში მონაწილე მხარეები და არც შუამავლები.
აშშ-ს სენატის სადაზვერვო კომიტეტში 2 თებერვალს სამხრეთ კავკასიაში არსებულ საფრთხეებზე ისაუბრეს. კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის უფროსმა დენის ბლერმა თქვა: "კავკასიის გადაუწყვეტელი კონფლიქტები ევრაზიის რეგიონში ყველაზე ფეთქებადსაშიშია. საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის ცხოვრებაში მოსკოვის მზარდი სამხედრო და პოლიტიკურ-ეკონომიკური მონაწილეობა, ასევე, რეგიონში დაფიქსირებული ცალკეული ძალადობის ფაქტები ქმნის დაძაბულობას, რომელმაც შეიძლება ბრძოლების განახლებამდე მიგვიყვანოს".
აშშ-ს დაზვერვის სამსახურის პირველი პირი ამბობს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განახლების საფრთხე რეალურია.
მისი თქმით, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც, აშშ-ს მხარდაჭერით, სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები დათბა.
"სომხეთ-თურქეთის დაახლოებამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ დელიკატურ ურთიერთობაზე იმოქმედა. მთიანი ყარაბაღის გამო, კონფლიქტის განახლების რისკი იზრდება", - აცხადებს ბლერი.
მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი 1994 წელს დასრულდა. კონფლიქტის სამივე მხარემ - ერევანმა, სტეფანაკერტმა და ბაქომ, რუსეთის მედიატორობით, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი "გაყინულად" ითვლება, ამ 16 წლის მანძილზე ორმხრივმა სროლებმა და სნაიპერების ტყვიებმა 3000-ზე მეტი სომეხი და აზერბაიჯანელი ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.
გასულ წელს სომხეთ-თურქეთის დაახლოების გამო ყარაბაღის მოლაპარაკების პროცესი გართულდა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ და მთიანი ყარაბაღის სამშვიდო პროცესში ჩართული სხვა სახელმწიფოები მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირებას სათანადოდ არ ცდილობენ. ერდოღანის აზრით, მედიატორებმა სომხეთზე ზეწოლა უნდა მოახდინონ, რათა იგი "აზერბაიჯანის ტერიტორიების დეოკუპაციას" დათანხმდეს. ერდოღანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთის პარლამენტი ციურიხში დიდი ზარ-ზეიმით ხელმოწერილი სომხურ-თურქული ოქმების რატიფიკაციას დიდი ხნით გადადებს.
სომეხი ლიდერები ამ წინაპირობას არ აღიარებენ. ისინი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში თურქეთის ნებისმიერ მონაწილეობას ეწინააღმდეგებიან. მიზეზად კი ანკარასა და ბაქოს მეგობრულ ურთიერთობებს ასახელებენ.
აზერბაიჯანი მუდმივად იმუქრება, რომ ბაქო ყარაბაღს ძალით დაიპყრობს. კავკასიის რეგიონში გამალებული შეიარაღება მიმდინარეობს. აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი (2010 წლის მონაცემებით - 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი) სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ერთად აღებული ბიუჯეტების ტოლია.
თუმცა, სომეხი ექსპერტები ირწმუნებიან, რომ აზერბაიჯანის სამხედრო რიტორიკა პოპულიზმია და ადგილობრივი მსმენელისთვისაა განკუთვნილი. ისინი მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანს დღეს სერიოზული სამხედრო შესაძლებლობები არ აქვს.
მეორე მხრივ, აზერბაიჯანის სამხედრო მუქარების საპასუხოდ, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სომხურმა არმიამ კონფლიქტური ტერიტორიის გარშემო თავდაცვითი ნაგებობები გაამაგრა და მორიგი ომისთვის მზად არის.
პარალელურად, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს განაგრძობენ. 2010 წელი სულ ახლახან დაიწყო, სერჟ სარგსიანმა და ილჰამ ალიაევმა კი ერთმანეთის ნახვა უკვე მოასწრეს. სოჭში გამართული მოლაპარაკებების ინიციატორი რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი იყო, რომელიც უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსგავსი ფორმატის შეხვედრას.
სოჭის შეხვედრამდე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ამერიკელმა, ფრანგმა და რუსმა თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების არსებულ გეგმაში - "მადრიდის პრინციპებში" - გარკვეული ცვლილებები შევიდა. ახალი გეგმა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს უკვე წარუდგინეს.
"მადრიდის პრინციპები", რომელიც მთიანი ყარაბაღის საქმეში ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტია და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ეუთო-ს 2007 წლის მადრიდის მინისტერიალზე წარადგინეს, შემდგომში მდგომარეობს: მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ტერიტორიების აზერბაიჯანისათვის დაბრუნება; მთიანი ყარაბაღისათვის დროებითი სტატუსის მინიჭება უსაფრთხოებისა და თვითმმართველობის გარანტიით; სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის გახსნა; მთიანი ყარაბაღის საბოლოო იურიდიული სტატუსის განსაზღვრა იურიდიულად სავალდებულო ნების გამოხატვის გზით (პლებისციტი ან რეფერენდუმი); დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნება მათ საცხოვრებელ ადგილებზე; უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები, სამშვიდობო ოპერაციის ჩათვლით.
2008 წლის ზაფხულში სომხეთ-თურქეთის დაახლოების პროცესის დაწყებამდე, იმის ალბათობა, რომ ერევანი და ბაქო ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტას "მადრიდის პრინციპებზე" დაყრდნობით შეძლებდნენ, ჯერ კიდევ არსებობდა.
მაგრამ დღეს, როცა თურქეთი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში აქტიურად ჩაერთო და ამ კონფლიქტის მოგვარებაზე მსოფლიოს ლიდერებთან გამართულ შეხვედრებზე საუბრობს, ეს ყარაბაღის მოლაპარაკებათა დელიკატურ პროცესს კიდევ უფრო რთულს ხდის.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება