საქართველოს პატრიარქის პოზიცია ქართულ პოლიტიკურ პროცესებში გადამწყვეტი ხდება

26 მაისს სამების საკათედრო ტაძარში სტადიონიდან ფეხით მისული ათიათასობით ადამიანი პატრიარქის ქადაგების შემდეგ ოპოზიციაზე გაბრაზებული ჩანდა, თავად ოპოზიცია კი - დაბნეული.
”სამებიდან გამოსული გამხეცებული ხალხი ყველაფრისთვის მზად იყო. ძალიან გაგვიჭირდა, ეს ხალხი დაგვეწყნარებინა", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
ოპოზიციის ლიდერთა ის ნაწილი, ვისი ინიციატივითაც სტადიონზე შეკრებილი ხალხი ეკლესიაში წავიდა, არ მოელოდა, რომ 26 მაისს პატრიარქი მათ პრეზიდენტის გადაყენების იდეაზე უარის თქმას ურჩევდა.
"ჩვენი მოსახლეობის ნაწილი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. ეს ძალიან რთული საკითხია. თითქოს ეს წესად გვექცა. ჩვენ გადავაყენეთ პირველი პრეზიდენტი, გადავაყენეთ მეორე პრეზიდენტი და თქვენ იცით, ამ გადაყენებამ რაც მოგვიტანა. იქნებ უკეთესი იყოს, ერთმანეთს მოვუსმინოთ", - განაცხადა ილია მეორემ.
ოპოზიციას იმედი ჰქონდა, რომ პატრიარქის 26 მაისის მიმართვაში ორი კონკრეტული გზავნილი იქნებოდა; პირველი - ხალხს აქვს უფლება, თავად გააკეთოს არჩევანი და მეორე - ხელისუფლებამ ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს.
პოლიტიკოსები ადასტურებენ, რომ ეს მოლოდინი აქციამდე ერთი დღით ადრე, "უცნობისა" და პარტიარქის შეხვედრის შემდეგ გაჩნდა. "პატრიარქს გავაცანი ჩვენი საქმეები და მივიღეთ ლოცვა-კურთხევა", - განაცხადა 25 მაისის საღამოს მომღერალმა.
"ჩვენ პატრიარქის და "უცნობის" შეხვედრის შემდეგ გაგვიჩნდა იმედი, რომ პატრიარქი გააკეთებდა ისეთ განცხადებას, რომელიც საქმეს წინ წაწევდა. მე ამას, ცოტა არ იყოს, ეჭვით ვუყურებდი. არ ვთვლი, რომ პატრიარქისგან პოლიტიკური განცხადებები უნდა მოვითხოვოთ", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
პატრიარქის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის წინააღმდეგი იყო ეროვნული ფორუმიც, რომელიც 26 მაისის შემდეგ გაერთიანებულ ოპოზიციას ტოვებს და ბრძოლის სხვა სტრატეგიას ირჩევს. "ეს იყო ოპოზიციის მხრიდან მიმდინარე მოვლენებში პატრიარქის ჩარევის მცდელობა, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდით", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ხალხის პატრიარქთან წაყვანის გადაწყვეტილების შეფასებისას.
გიორგი გაჩეჩილაძემ, არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ სტადიონზე შეკრებილი ათიათასობით ადამიანი დაარწმუნა, რომ ოპოზიციის ძალის დემონსტრირების შემდეგ სწორი ნაბიჯი პატრიარქთან მისვლა იქნებოდა. "ჩვენ გვყავს სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე... [მან] მოგვმართოს, რა უნდა გავაკეთოთ ამის მერე", - უთხრა დინამოს სტადიონზე შეკრებილებს "უცნობმა", რომელმაც იმ დღის პოლიტიკურ მოვლენებში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა.
ოპოზიციისთვის 26 მაისის ემოციური წყვეტა იყო ხალხით სავსე ეკლესიაში ქალაქის მერის გიგი უგულავას და მთავრობის რამდენიმე წევრის მისვლა.
"მათმა გამოჩენამ შემძრა და შემაშფოთა ... მათ უნდოდათ პატრიარქის ქადაგების გაკონტროლება, მათ არ უნდა დაეშვათ პატრიარქს ეთქვა ისეთი სიმართლე, რასაც ხალხი ელოდა", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ "ლიბერალთან" ინტერვიუში.
უგულავა პატრიარქის წირვას დაესწრო და ტაძარი ოპოზიციის მომხრეთა სტვენის და შეძახილების თანხლებით დატოვა. ქადაგების დასრულების შემდეგ უცნობმა განაცხადა, რომ უგულავამ პატრიარქი "შეაშინა". "დღეს საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი იყო აყვანილი "პლენში", იმიტომ, რომ ის, რა განცხადებაც უნდა გაეკეთებინა მას დღეს, არ გააკეთებინეს", - თქვა მან.
"ცნობილი იყო, რომ [26 მაისს] ხელისუფლება არ აპირებდა კომპრომისზე წასვლას, ხოლო მომიტინგეების მკვეთრი ქმედებების შემთხვევაში, მოსალოდნელი იყო შეტაკება და სისხლისღვრა. ერის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკლესიამ თავის თავზე აიღო მძიმე ტვირთი და გადადგა ისეთი ნაბიჯი, რაც ამ რეალურ საფრთხეს ააცილებდა ჩვენ ხალხს", - ასე განმარტა პატრიარქმა 26 მაისის ქადაგება. პატრიარქის ეს განცხადება 28 მაისს გავრცელდა და უფრო დამაჯერებელი გახადა ოპოზიციის ლიდერთა ნაწილის მტკიცება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატრიარქი ხალხის დარბევის გარდაუვალობით შეაშინეს.
გიგი უგულავა სამების ეკლესიაში 28 მაისს, ამაღლების დღესასწაულზეც მივიდა, ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად. თუმცა, ამან პატრიარქს ხელი არ შეუშალა, ეთქვა ის, რაც, ოპოზიციის ლიდერთა ინფორმაციით, 26 მაისის ქადაგებაში უნდა თქმულიყო. "სიტუაცია კვლავ სერიოზული და ფეთქებადსაშიშია. ვფიქრობთ, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას დაძაბულობის განმუხტვისთვის, იქნება ეს რიგგარეშე არჩევნები, მოლაპარაკებები თუ სხვა. შევთხოვ ღმერთს, ქმნას სასწაული", - ნათქვამია განცხადებაში. პატრიარქის ეს სიტყვები ოპოზიციამ მხარდაჭერად ჩათვალა. "ახლა მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს გადაწყვეტილება - ის მარტო ხალხის წინააღმდეგ არის, თუ ხალხისა და პატრიარქის წინააღმდეგ", - აცხადებს ეკა ბესელია.
მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქმა ვადამდელი არჩევნები ახსენა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სადავო საკითხი მაინც ღიად დარჩა. ახლა ინტერპრეტაციების ბრძოლა იწყება. ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ვადამდე დანიშვნაზე საუბრობენ. ოპოზიციის ზომიერი ნაწილი საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს, ყველაზე რადიკალები კი - საპრეზიდენტოს. "მკითხეს, - რომელ არჩევნებს გულისხმობდაო [პატრიარქი]? ქვეყანას უნდა ჰყავდეს ახალი პრეზიდენტი და დამთავრდა!" - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ მიტინგზე.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება