საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა სამ ძირეულ სიახლეს ითვალისწინებს: პირველი - 3 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა მთავრობასთან ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ და რეგიონებში საავადმყოფოს მშენებლობის ვალდებულება აიღონ. მეორე - ახალი სადაზღვევო პაკეტის მფლობელების დაზღვევის ვადა ერთი წლიდან სამ წლამდე უნდა გაიზარდოს.
მესამე - მედიკამენტების შეძენისას სახელმწიფომ წამლის ღირებულების 50 პროცენტი უნდა დააფინანსოს, თუმცა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უმწეოთა პროგრამაში ირიცხებიან.
"არ უნდა გვიკვდებოდეს ადამიანი, იმის გამო, რომ მას არ აქვს წამლის ყიდვის ფული. მე მაქვს ამბიცია, რომ უახლოეს წლებში ჯანდაცვა გავხადოთ ხელმისაწვდომი და ისეთივე ხარისხის, როგორიც ის არის ევროპულ ქვეყნებში", - აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალი პროექტის სანახაობრივი ელემენტებით გაფორმებულ პრეზენტაციაზე. პრეზიდენტმა ზუსტად ჩამოაყალიბა ის, რაც ჯანდაცვის სისტემის მთავარი ამოცანა უნდა იყოს - ხარისხიანი ჯანდაცვა, რომელზეც ხელი ყველა ფენის ადამიანს მიუწვდება.
"ოფიციალურად გამოცხადებული პრინციპები მარწმუნებს, რომ ეს პროექტი მთლიანად წარუმატებელი იქნება. ჩვენ კიდევ უფრო დავშორდებით მთავარ მიზანს, რომელიც ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაა", - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი თინა ტურძელაძე. იმისათვის, რომ ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, აუცილებელია, რომ არსებობდეს ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები და ჩამოყალიბდეს მექანიზმი ამ სერვისების დასაფინანსებლად.
ჯანდაცვის მწვავე კრიზისის პირობებში კი, უმძიმეს მდგომარეობაშია ინფრასტრუქტურაც და ეს უხარისხო სერვისებიც არაადეკვატურად ძვირია.
ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე ზრუნვის დაწყება სადაზღვევო სისტემის დახვეწით, ჭკვიანური სვლაა, რადგან დაზღვევა ეს ის ერთადერთი სოციალური მექანიზმია, რომელიც პაციენტებს ფინანსური დანახარჯების ანაზღაურების საშუალებას აძლევს.
თუმცა, სადაზღვევო სისტემის მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან. ექსპერტების მოსაზრებით, არსებობს იმის საფრთხე, რომ ფული, რომელიც ამ სფეროში ტრიალებს, სამედიცინო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად საკმარისი არ არის.
სხვა სარისკო ფაქტორების აღმოჩენა შეიძლება, თუკი ახალ პროექტს უფრო დეტალურად განვიხილავთ. მაგალითად, ცალსახად დადებითია ის, რომ დაზღვევა გრძელვადიანი ხდება. ეს სადაზღვევო კომპანიებს უჩენს უფრო მეტ ინტერესს, იმუშაონ დაავადებათა პრევენციაზე იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ აფინანსონ ჯანდაცვის მომსახურება. ეს სადაზღვევო კომპანიებს გაუადვილებს ღარიბთა დაზღვევასაც. 80 000 უმწეო ადამიანის ერთწლიან დაზღვევაზე უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსი იხარჯება.
თუმცა დაზღვევის ვადის გახანგრძლივება მხოლოდ უმწეოებს ეხებათ. ცვლილებები არ შეეხებათ თვით დაზღვეულებს და მათ, ვინც იაფი დაზღვევა შეიძინა.
"ეს არის პრობლემის ხანმოკლე გადაჭრის გზა, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს ვერ მოაგვარებს. რეფორმა გრძელვადიან შედეგებს იმ შემთხვევაში გამოიღებს, თუკი მოხდება კონტრაქტის გახანგრძლივება, მისი ავტომატური თვითგანახლება და პრემიუმის, ანუ პოლისის ღირებულების ზრდის რეგულირება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვი რომ იბადება, ჯერ ფორთხვას სწავლობს და მერე სირბილს, განვითარების პროცესს ვერ გადავახტებით", - აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი გოცაძე.
მისი თქმით, ერთწლიანი კონტრაქტის დროს სადაზღვევო კომპანია უარს ამბობს ქრონიკული დაავადებების მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე. სადაზღვევოს ერთი სული აქვს, როდის მოიშორებს არასასურველ კლიენტს, რომლის მკურნალობაზეც ბევრი ფული ეხარჯება. როცა ხანგრძლივი კონტრაქტი დაიდება, მოტივაციაც მეტი გაჩნდება, რომ პრევენციაზე იზრუნოს. რაც უფრო ნაკლებად გახდება ავად ადამიანი, მით მეტი ფული დაეზოგება კომპანიას.
ერთი შეხედვით, დადებითი ცვლილებაა რეგიონებში საავადმყოფოს მშენებლობის პროცესში სადაზღვევო კომპანიების ჩართვაც. მით უფრო, თუ ეს სურვილი ორმხრივია. სადაზღვევოები კარგი მენეჯერები არიან და საავადმყოფოების მართვასაც კარგად გაართმევენ თავს. ამასთან, დაზღვევა კატასტროფულად არ გაძვირდება, იმიტომ რომ სადაზღვევოები შეეცდებიან, სამედიცინო მომსახურება უფრო დაბალ ფასებში აწარმოონ.
თუმცა, მაინც რჩება აშკარა რისკი. 20-25-საწოლიანი სტაციონარი, რაიონული მასშტაბის საავადმყოფოს ნიშნავს და თუ ის ერთი სადაზღვევო კომპანიის ხელში აღმოჩნდება, მფლობელი, შესაძლებელია, ადგილობრივ ბაზარზე მონოპოლისტად იქცეს. კონკურენციის შეზღუდვას მოჰყვება ფასის ზრდა, ამ დროს კი მცირდება ხარისხი და მომხმარებელიც დაიჩაგრება.
თუ მშენებლობა ინდივიდუალურად დაიწყება, სავარაუდოა, ცუდი შედეგები მივიღოთ. ამ რისკის თავიდან აცილება იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ სადაზღვევო სისტემა კოლექტიურად დაიწყებს საავადმყოფოების მშენებლობას.
თუმცა, ტურძელაძის აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ის არის, რომ სამედიცინო სექტორში იკარგება პროფესიული დამოუკიდებლობა, ის, რაც ფარმაცევტულ სექტორში უკვე დაკარგულია. დაუშვებელია ერთი და იმავე ბიზნესჯგუფების ხელში მოექცეს წამლის წარმოება, წამლის დანიშვნა, მკურნალობა, ანაზღაურება და პაციენტის მკურნალობის ხარისხის კონტროლიც. "ჯანდაცვის ასეთი სისტემა საბჭოთა კავშირში არსებობდა, სადაც ყველა რგოლის დამგეგმავი, განმახორციელებელი და მაკონტროლებელიც მხოლოდ სახელმწიფო იყო. ახლა თითქოს ამ სისტემის აღდგენას ცდილობენ და თანაც ისე, რომ ადამიანის ფუნდამენტურ - ჯანმრთელობის უფლებაზე პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს ნაცვლად, სადაზღვევო ბიზნესს დააკისრონ. საფუძვლიანი დასკვნების გამოტანა, ვიდრე დოკუმენტი არ გამოქვეყნდება, რთულია, თუმცა, პირველადი შთაბეჭდილება ასეთია - ხელისუფლება ცდილობს პრობლემის გადავადებას და შემდგომ განტევების ვაცად სადაზღვევო კომპანიების გამოყვანას", - აღნიშნავს ტურძელაძე.
პროფესიული დამოუკიდებლობის დაკარგვა ექიმების მიმართ ნდობის დაკარგვასაც ნიშნავს. ექიმების უმეტესობა ფარმაცევტულ ფირმებთან გარიგების შემდეგ ნიშნავს წამლებს და არაოფიციალურ სარგებელსაც იღებს აქედან. მსგავსი რამ ან ადმინისტრაციულად ან სისხლის სამართლებრივად უნდა აიკრძალოს. ექიმები უნდა გათავისუფლდნენ ამ მანკიერი გარიგებისგან. სხვაგვარად ჯანდაცვის სისტემის გამოჯანმრთელება არ მოხდება.
ტურძელაძის აზრით, შესაძლებელია, საწყის ეტაპზე რაღაც რესურსების ხარჯზე შეიქმნას რეფორმის წარმატების ილუზია, მაგრამ ეს არ იქნება რეალური და მდგრადი, ვიდრე არ მოწესრიგდება ფარმაცევტული სექტორი.
საქართველოში ჯანდაცვის სერვისების ღირებულების 48-49% წამლებზე მოდის (მაშინ, როცა ამერიკაში წამლებზე მხოლოდ 12,9% იხარჯება, ევროპის ზოგიერ სახელმწიფოში კი - კიდევ უფრო ნაკლები), ამავე დროს ბაზარზე ძირითადად არაეკვივალენტური გენერიკები (წამლის ძირითადი ქიმიური შემადგენლობა) ვრცელდება. "ფარმაცევტული ბიზნესის ჰოსპიტალურ ბიზნესში ინტეგრირების შემდეგ კი თავად სამედიცინო პერსონალი უწყობს ხელს წამლების არარაციონალურ გამოყენებას. ეს ნიშნავს, რომ ბაზარი ბოლომდე ექსპლუატირებულია, ჰიპერექსპლუატირებული საზოგადოება კი უუნაროა, დააფინანსოს ხარისხიანი სამედიცინო სერვისები. ბევრი ფულიც რომ ჰქონდეს სახელმწიფოს, რას დააფინანსებს - არარაციონალურად დანიშნულ, მონოპოლური ფასების მქონე, არაეკვივალენტურ გენერიკებს? თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ეს ხელისუფლების და ბიზნესის დანაშაულებრივი გარიგება იქნება", - აღნიშნავს ტურძელაძე.
სუსტია სამედიცინო დაწესებულებების მმართველთა ჯგუფიც. კარგი მენეჯერი, რომელიც ეფექტურად მართავს სამედიცინო დაწესებულებას, ცოტაა. მენეჯერები, როგორც წესი, არა რესურსების ეფექტური გამოყენების ხარჯზე აღწევენ წარმატებას, არამედ კატასტროფულად მაღალი ფასებით მომსახურებაზე. საქართველოში კრიტიკული მდგომარეობაა კადრების მხრივაც, ფიზიკურად არ არის ისეთი ინტელექტუალური მასა, რომელიც ჯანდაცვის დაზღვევის სისტემის აწყობას შეძლებს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება არა ერთ კომპანიას, არამედ ჯანდაცვის სისტემას მთლიანად. განათლების სისტემა კი არ ამზადებს კადრებს იმ პრიორიტეტული დარგისთვის, სადაც დასაქმება წარმატებით შეიძლება.
ინიციატივის დადებითი მხარე სადაზღვევო პაკეტში სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსებული ამბულატორიული წამლის კომპონენტია.
თუმცა, ესეც მხოლოდ სწორი დაგეგმარების და მკაცრი ადმინისტრირების პირობებში იქნება ეფექტური. "ქართულ ბაზარზე ძალიან მაღალია იმის რისკი, რომ ეს კომპონენტიც ვერ გაიმართება და შეიძლება მივიღოთ საპირისპირო ეფექტი, ანუ ამ სისტემაში წამლების შესატანად და, შესაბამისად, მოგების მისაღებად კორუფციული გარიგებები დაიწყოს", - ამბობს ტურძელაძე.
ეს ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი იმისათვის, რომ სახელმწიფო მოხელეების დეკლარირებული მიზანი - ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა რეალური გახდეს. თუ არ იქნება სისტემური მიდგომა, ჯანდაცვის სისტემის სისტემური პრობლემები ვერ გამოსწორდება.
კომენტარები
მამუკა (შეუმოწმებელი), თებერვალი 20, 2010, 01:09:40
ინა (შეუმოწმებელი), აპრილი 26, 2010, 22:29:20
ახალი კომენტარის გამოქვეყნება