პარლამენტარებმა, რომლებმაც საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილებებს უყარეს კენჭი, მხოლოდ ნაწილობრივ იციან, რას დაუჭირეს მხარი.
4 თებერვალს საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიღება უფასოა. მონაცემებს საწარმოს მფლობელის, მეწილეების, დამფუძნებლების, დაფუძნების თარიღის, ყადაღისა და ჯარიმების შესახებ საჯარო რეესტრის ვებგვერდზე მართლაც უფასოდ ნახავთ. თუმცა რეესტრის ვებგვერდის ელექტრონულ ბაზაში მხოლოდ 2010 წლიდან დარეგისტრირებული და განახლებული მონაცემებია. საერთო ჯამში, დაახლოებით 15 500 ამონაწერია.
თუ კომპანია, რომლის მონაცემებიც გაინტერესებთ, 2010 წლის 1 იანვრამდეა დარეგისტრირებული და მეწარმემ ამონაწერი არ განაახლა, თქვენ საჯარო რეესტრში მისვლა და ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა მოგიწევთ, რისთვისაც 10 ლარი უნდა გადაიხადოთ. 10 ლარად მხოლოდ საწარმოების მფლობელის, მეწილეების, დამფუძნებლების და დაფუძნების თარიღის შესახებ სარეგისტრაციო მონაცემებს გაიგებთ. თუ ყადაღაც და ჯარიმებიც გაინტერესებთ, მაშინ 5 ლარით მეტს გადაიხდით და ამონაწერის განახლებას მოითხოვთ. ერთჯერადი გადახდის შემდეგ ამონაწერი ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge) მოხვდება და მას ყველა უფასოდ ნახავს.
თუმცა, შესაძლოა, ზოგიერთი მფლობელის შესახებ ინფორმაცია ვერც ერთი ზემოთ აღნიშნული გზით ვერ მიიღოთ.
საქმე ისაა, რომ 2008 წელს სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან ამოიღეს გრაფა მფლობელების შესახებ. ეს გრაფა 2010 წლიდან აღდგა. შესაბამისად, ამ პერიოდში დარეგისტრირებული კომპანიების სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში მფლობელის ვინაობა და მფლობელის ცვლილება მითითებული არ არის. თუ თავად მეწარმე არ განაახლებს ამონაწერს, ეს გრაფა - ისევ ცარიელი, ინფორმაცია კი დახურული დარჩება. სახელმწიფო მეწარმეს არ ავალდებულებს, ამონაწერი განაახლოს. "თუ ვერ მოვახდენთ მფლობელების იდენტიფიკაციას, ამონაწერი ვერ მომზადდება. ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივით, ყველა ამონაწერის მომზადება და ვებგვერდზე გამოკიდება ტექნიკურადაც შეუძლებელია და სამართლებრივადაც. მონაცემებს გავცემთ იმ სახით, რა სახითაც გვაქვს. დავწერთ, რომ სუბიექტი რეგისტრირებულია, პირები მასში განსაზღვრული სახით მონაწილეობენ, მაგრამ მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდება", - ამბობს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის უფროსი კობა ბახტურიძე და თვლის, რომ ეს პრობლემა დროთა განმავლობაში მოგვარდება. ის იმედოვნებს, რომ რეესტრი შეძლებს სრულყოფილი ბაზის ჩამოყალიბებას.
ამ ინფორმაციის გარკვევას "ლიბერალი" საჯარო რეესტრთან და კანონმდებლებთან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ცდილობდა. საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა. ზუსტად ვერც მხარდამჭერებმა და ვერც ინიციატორებმა ვერ აგვიხსნეს, როგორ და რა ფასად შეიძლებოდა საჯარო ინფორმაციის მიღება, საჭირო იყო თუ არა ამ ინფორმაციაში 15 ლარის გადახდა.
დეპუტატმა თამაზ პეტრიაშვილმა გვითხრა, რომ ცვლილების შედეგად ინფორმაციაზე გადასახადი დაწესდა, რაც დეფიციტური ბიუჯეტის და მომატებული ხარჯების გამო მოხდა. მან ცვლილებას ხმა მისცა რეესტრში სიტუაციის გამოსწორების მიზნით: "წარმოიდგინეთ არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი, ან ჟურნალისტი მიდის რეესტრში და ითხოვს, რომ მოუმზადონ 20 ამონაწერი. ამ დროს თანამშრომელი ემსახურება მოსახლეობას. იმ 20 ამონაწერის მომზადებისას ხომ მოშორდება სამუშაო დღეს?! ბევრ დროს დაკარგავს და დანახარჯიც მეტი იქნება".
გია როინიშვილიც დარწმუნებულია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერზე საფასური გაიზარდა და ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ის მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის სხვა მომსახურებებზე ფასებმა იკლო, რაც სიტუაციას აბალანსებს. "ამონაწერზე დაწესებულმა ფასმა პრობლემა შეიძლება მხოლოდ ჟურნალისტებს შეუქმნას", - ამბობს როინიშვილი, თუმცა მიიჩნევს, რომ გამოცემებს საკმარისი ფული აქვთ მსგავსი გადასახადების დასაძლევად. ალბათ მაშინ, როცა ხმას აძლევდა, მან არ იცოდა, რომ ამონაწერის განახლების გადასახადი - 15 ლარი, ერთჯერადია და ამის შემდეგ ეს ინფორმაცია ყველასთვის ღიაა.
პარლამენტარ კახა ანჯაფარიძეს, რომელიც საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორია, საჯარო ინფორმაციაზე გადასახადის არსებობა უკვირს, - "წვდომა მესამე პირთათვის პრობლემა არ არის. ინფორმაციის მიღება დაუბრკოლებლად ყველას შეუძლია. საფასური საჯარო რეესტრის ამონაწერზე, შესაძლოა, გაზრდილია, თუმცა მხოლოდ მეწარმეებისთვის". მისი განმარტებით, კანონი საჯარო რეესტრიდან ამონაწერის საფასურს, 15 ლარს, მხოლოდ მეწარმე სუბიექტებისთვის განსაზღვრავს, რომელთაც საკუთარი კომპანიის განახლებული ამონაწერის წარდგენა ბანკთან თანამშრომლობისას სჭირდებათ. თუმცა, როგორც მოგვიანებით საჯარო რეესტრში აგვიხსნეს, ამონაწერის განახლება მეწარმესაც და მოქალაქესაც თანაბრად შეუძლიათ 15 ლარის გადახდის შემდეგ.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება