საქმეში "კილაძე საქართველოს წინააღმდეგ" 2 თებერვალს ევროპის ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი განაჩენი გამოიტანა.
დღეს უკვე 80 წელს გადაცილებულ ძმებს კლაუს და იური კილაძეებს საბჭოთა რეჟიმმა 1937 წელს მამა დაუხვრიტა, ხოლო დედა გადაუსახლა, რის შემდეგაც მაშინ მცირეწლოვანი ძმები რუსეთში, ბავშვთა სახლში მოხვდნენ, საიდანაც ორწლიანი წვალების შემდეგ ისინი ბებიამ წამოიყვანა და გაზარდა. ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით კილაძეები, როგორც საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლები, ფულად კომპენსაციას ითხოვდნენ.
ძმები კილაძეები 1998 წლის 19 აგვისტოს საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარა. თუმცა, მათი მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე საქართველოს ეროვნულმა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირთათვის ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე სპეციალური ნორმატიული აქტის არარსებობს გამო.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში კლაუს და იური კილაძეების ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ლონდონში მოქმედი ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ევროპული ცენტრი წარმოადგენდნენ. სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას კლაუს და იური კილაძეებისთვის ოთხ-ოთხი ათასი ევროს გადახდა დააკისრა და, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, დაადგინა, რომ საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლს აქვს ფინანსური კომპენსაციის მიღების უფლება. საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ უნდა შეიმუშავოს შესაბამისი კანონმდებლობა და შემდეგ რეპრესირებულებს და მათ შვილებს ფულადი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.
საქართველოს ხელისუფლებისთვის უცნობია, სულ რამდენი რეპრესირებული ადამიანი ცხოვრობს ჩვენ ქვეყანაში. როგორც სასამართლოს განჩინებაში წერია, მათი რიცხვი 600-დან 16 ათასამდე მერყეობს.
"რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ხიდაშელმა განაცხადა, რომ 1997 წელს "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" მიღებით საქართველოს სახელმწიფომ აღიარა, რომ ის საკუთარ თავზე იღებს საბჭოთა რეჟიმის დროს განხორციელებული რეპრესიების პასუხისმგებლობას. "როცა 1997 წელს ეს კანონი მიიღო, თავის თავზე აიღო ვალდებულება - არ უთქვამს, რომ ამაზე პასუხისმგებელი რუსეთის სახელმწიფოა, და მე პასუხისმგებლობას თავიდან ვიშორებო. მან აიღო ეს თავის თავზე და თქვა, რომ სოციალურ გარანტიებს სთავაზობდა რეპრესიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს და, გარდა ამისა, ქონებრივი კომპენსაციითაც უზრუნველყოფდა. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო, ცხადია, იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, მაგრამ პოლიტიკური რეპრესიები ხორციელდებოდა ასევე საქართველოს ხელმძღვანელი ორგანოების მხრიდან. გასაგებია, რომ დირექტივა მოსკოვიდან მოდიოდა - თუმცა, არ მგონია, რომ ყველა შემთხვევაში ასე ყოფილიყო".
საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ჯეროვან აღსრულებაზე მონიტორინგს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება