Skip to content

ავტორიზაცია

სახელმწიფო შენზე ჭკვიანია


დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის შემოღებით სახელმწიფო კერძო სექტორში უხეშად ჩაერია. გაიზარდა დაცვის პოლიციის გავლენა კონკურენტებზე, მოქალაქეებმა კი გაძვირებული მომსახურება და ბიზნესის დაწყების გართულებული პირობები მიიღეს.

მონიტორი
თუ გსურთ საკუთარი ბინის, ოფისის ან სხვა სახის ქონების დასაცავად კერძო დაცვის სამსახურს მიმართოთ, არჩევანის გაკეთება 41 ფირმის მომსახურებას შორის მოგიწევთ. 2009 წლის მარტამდე ათჯერ უფრო ფართო არჩევანი გქონდათ. მაშინ 400-ზე მეტი კერძო დაცვის კომპანია არსებობდა, რომელთა რაოდენობა რადიკალურად მას შემდეგ შემცირდა, რაც კანონმდებლობაში კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზია გაჩნდა.

ახალმა რეგულაციამ კერძო დაცვის ბიზნესის წარმოება მოქმედი და დამწყები ბიზნესმენებისთვის შეუძლებელი გახადა. ამ სფეროში ბიზნესის დასაწყებად სალიცენზიო პირობები უნდა დააკმაყოფილოთ:

1) გადარიცხოთ 50 000 ლარი ბიუჯეტში - რათა შინაგან საქმეთა სამინისტრო დარწმუნდეს, რომ ბიზნესს სერიოზულად ეკიდებით.

2) ლიცენზიის აღებისას და შემდეგ ყოველწლიურად მოიძიოთ 200 000 ლარის საბანკო, ან სადაზღვევო ფასიანი გარანტია. ეს იმისთვის, რომ თუ კი კლიენტი თქვენი არაკომპეტენტურობის გამო დაზარალდა, დაცვის კომპანიას ჰქონდეს იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ მას ეს ზარალი აუნაზღაუროს.

3) შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა გაეცნოს კერძო დაცვის ფირმის თანამშრომლების და ხელმძღვანელების ჯანმრთელობის და ნასამართლობის ცნობებს, რათა დარწმუნდეს, რომ მოქალაქეების ქონება და ჯანმრთელობა საიმედო ხელშია.

4) დაცვის ფირმას უნდა ჰქონდეს საკუთარი ლოგო, მის თანამშრომლებს უნდა ეცვათ ინდივიდუალური ფორმა და მუშაობის დროს თან იქონიონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული მოწმობა.

"იმისათვის, რომ ყველა მეორე მათხოვარმა არ გააკეთოს ფირმა და არ ჰქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ ვიღაცის სიცოცხლე უზრუნველჰყოს, უნდა იყოს რაღაც გონივრული ბარიერი, რომლითაც დაცული იქნება ბაზარი", - განმარტავს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა გელაშვილი. 2007 წელს გელაშვილი დაცვის სისტემების ბაზარზე ყველაზე მსხვილი მოთამაშის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. მასვე ეკუთვნის პარლამენტში კერძო დაცვის ფირმების ლიცენზირების ინიციატივა. პიროვნულად იგი უფრო მაღალი სალიცენზიო მოსაკრებლის მომხრეა და თვლის, რომ 50 000 ლარი არაა ფირმებისთვის რთული გადასახდელი. 41 მოთამაშის ბაზარზე დარჩენაც, მისი აზრით, რისკებთან იყო დაკავშირებული.

ლიცენზიის შემოღებამდე თავისუფალი ბაზრის პირობებში მომხმარებელსა და კომპანიას შორის  არსებული რისკები ისედაც დარეგულირებული და მინიმუმამდე იყო დაყვანილი.

კერძო დაცვის ფირმების ინტერესებშივე იყო დაცვის ობიექტების დაზღვევა, რაც მათ იმის გარანტიას აძლევდა, რომ თუ, მაგალითად, მათი მიზეზით ბინა გაიქურდებოდა, ზარალის ანაზღაურება შეძლებოდათ. უკვე დახურული ფირმების უმრავლესობა თავის დროზე კლიენტთან მომსახურების პირობებს ხელშეკრულებით ამოწმებდა.

ზაზა გელაშვილი ამბობს, რომ კერძო დაცვის კომპანიები სტაჟირების საბაბით ხანმოკლე ვადით იყვანდნენ თანამშრომლებს და  ხელფასს არ უხდიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შრომითი ურთიერთობა კანონსაწინააღმდეგო არ არის, გელაშვილის აზრით, კერძო დაცვის ფირმებში ამ პრობლემის გადასაჭრელად სწორედ ლიცენზიის შემოღება იყო აუცილებელი: "როგორ ფიქრობთ, ჩვენი მოსახლეობის სწავლისა და განათლების დონე, თუნდაც იურიდიული განათლების მხრივ, ისეთი მაღალია, რომ ყველა გაჭირვებული ადამიანი, რომელიც 100 ლარისთვის მიდის სამსახურში,  დამსაქმებელს ხელშეკრულებას მოსთხოვს? როცა ადამიანი სამსახურში მიდის, ხელშეკრულება რომ უნდა მოითხოვოს, ამას მთელ მოსახლეობას ვერ ასწავლი".

ლიცენზიის მოულოდნელად შემოღების შემდეგ ბაზარზე დარჩენილ 40-ივე კომპანიას გაუთვალისწინებელი დიდი თანხის 1 თვის ვადაში მოძიება დასჭირდა. მათი გაზრდილი ხარჯების შესაბამისად, გაიზარდა კლიენტებისთვის მომსახურების ღირებულებაც. ამან, მოქალაქეების გარდა, კერძო დაცვის ფირმებიც დააზარალა. "ალიგატორის" დირექტორის მოადგილე მიშა მელუა: ამ ცვლილებების გამო, "უკიდურესად გაძნელდა კლიენტის შენარჩუნება. მომსახურების ფასმა დანახარჯსა და მოგებას შორის მინიმალურ სხვაობას მიაღწია, ლიცენზირებული კომპანიების შემოსავალი კი არ გაზრდილა". მიუხედავად იმისა, რომ "ალიგატორი" გადარჩენილ ფირმებს შორისაა და ლიცენზიის დაწესების შედეგად 300-ით ნაკები კონკურენტი ჰყავს, მელუას თქმით, ლიზენციას არ უნდა ჰქონდეს კერძო კომპანიების მოწესრიგების ფუნქცია. ფირმებს კანონის რეგულაციის გარეშეც ესმით, რომ მცველი თუ ნორმალურ ფორმაში არაა და ნასვამია, კლიენტს  დაკარგავს.

კერძო დაცვის ფირმებზე ლიცენზიის ადმინისტრაციულად გამცემი ორგანო დაცვის პოლიციაა. თუმცა ის გარემოება, რომ ბაზრის ყველაზე დიდი, სახელმწიფო მოთამაშე არეგულირებს თავისივე კონკურენტებს - კერძო კომპანიებს, საქართველოს პარლამენტში მნიშვნელოვან ინტერესთა კონფლიქტად არ აღიქმება და გამართლებაც აქვს. გელაშვილის თქმით, მათ დამატებითი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები დაზოგეს და რეგულაცია შსს-ს უკვე არსებულ დეპარტამენტს ჩააბარეს.

ამ გადაწყვეტილებამ ისედაც პრივილეგირებული სახელმწიფო უწყების გავლენა კერძო ბაზარზე კიდევ უფრო გააღრმავა. მხოლოდ დაცვის პოლიციის მცველს აქვს იარაღის ტარების უფლება, რითაც მსხვილ და ყველაზე მნიშვნელოვან კლიენტებს (ბანკები, უცხოური ორგანიზაციები) სრულად ართმევს კერძო სექტორს; აქვს მუდმივად გარანტირებული დიდი შემოსავალი - ყველა სახელმწიფო დაწესებულებას სახელმწიფო სტრუქტურების დაკვეთით (მუზეუმები, შენობები) დაცვის პოლიცია და არა კერძო ფირმები იცავს.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის შემოღება პრინციპულად ეწინააღმდეგება საქართველოს დეკლარირებულ პოლიტიკას თავისუფალი საბაზრო და ლიბერალური ეკონომიკისკენ. ახალი ლიცენზიის შემოღებას უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს "ახალი ეკონომიკური სკოლა  - საქართველოს" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე:

"ლიცენზირება მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვაა და მომხმარებლების უფლებებს ზღუდავს. ცხადია, რომ ბიზნესზე ნებისმიერი შეზღუდვის დაწესების უკან, გარკვეული ინტერეს ჯგუფი უნდა ვეძიოთ. როგორც წესი, ეს პრივილეგირებული, ხელისუფლებასთან დაახლოებული და მისი ფინანსური მხარდამჭერი ჯგუფია, რომელიც ამ გზით კონკურენტებს იშორებს და შემოსავლების ნაკლები დანახარჯებით მიღების იმედი აქვს. მომხმარებელი შედეგად გაძვირებულ და ხარისხობრივად გაუარესებულ პროდუქციას და მომსახურებას იღებს".

ზაზა გელაშვილი ადასტურებს, რომ ლიცენზიის შემოღების ინიციატორი სწორედ მსხვილი კერძო კომპანიები იყვნენ, რომლებსაც  50 000 ლარის გადახდა არ გასჭირვებიათ და 350-მდე სხვადასხვა მოცულობის კონკურენტი ერთ თვეში ჩამოიშორეს. სახელმწიფო ბიუჯეტში კი ამ მცირე პერიოდში 2 000 000 ლარი შევიდა.

"რაც შეიძლება ნდომებოდათ, ეს იყო ბიუჯეტის შევსება. იცოდნენ, რომ თუ ყველა ვერა, აუცილებლად გაერთიანდებოდა ფირმების ნაწილი და როგორღაც შეძლებდნენ სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდას. კონკურენტები ჩამოიშორეს იმ პოლიტიკოსებმაც, რომელთა ახლობლებსაც ან მეგობრებსაც აქვთ მსხვილი დაცვის ფირმები", - აცხადებს ერთ-ერთი გადარჩენილი კომპანიის დირექტორი, რომელიც ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს, - თუ ლიცენზიის შემოღებამდე ბაზარი თანაბრად ჰქონდა გაყოფილი 400-მდე კერძო ფირმას და დაცვის პოლიციას, ახლა ეს სივრცე და საბაზრო მოგება ერთ საჯარო სტრუქტურასა და მხოლოდ  41 ფირმას რჩება. ყველა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში, მათ შორის ბალტიისპირეთში,  ამ  სფეროს  მთლიანად კერძო კომპანიები მოიცავს. "დაცვის პოლიცია არის საბჭოთა კავშირის გადმონაშთი, მაგრამ კარგად აწყობილი. ლიცენზიის შემოღებამდე ის ბაზრის 50%-ს ფლობდა თბილისში, რეგიონებში - 70%-ს. წლის განმავლობაში დაახლოებით 16 მილიონ ლარს იხდიდა ბიუჯეტში,  კერძო ფირმები ჯამში მთლიანად მილიონ  ლარზე ნაკლებს. იმდენად ჰქონდა ავსებული ბაზარი, რომ დასაქმებული 12000 ადამიანის სახლში გაშვება და ბაზრის ჩაშლა საკმაოდ დისონანსური შეიძლებოდა ყოფილიყო. კონკრეტულად რატომ არ მოხდა ამ დეპარტამენტის დემონტაჟი, არ ვიცი, და არც დავინტერესებულვარ. თუმცა ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ არსებობს".

სახელმწიფომ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, როცა თავისი ჩარევით რამდენიმე ასეული ფირმიდან ბაზარზე მხოლოდ "ღირსეულები" დატოვა. მოქალაქისგან განსხვავებით, რომელიც 400 კერძო კომპანიის მომსახურების არჩევისას შეიძლება შეცდეს და თავისი ქონება არაპროფესიონალებს ანდოს, მთავრობის აპარატს "ეს არ დაემართება". ამიტომაც სახელმწიფო რეგულაციის წყალობით, არჩევანი ბაზარზე ახლა გაცილებით მცირე, მაგრამ ლიცენზირებულია. შედეგად, თუ გსურთ ქონების დასაცავად კერძო დაცვის სამსახურს მიმართოთ, 2009 წლის მარტიდან მოგიწევთ უფრო მეტი გადაიხადოთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ქონება ახლაც ისევეა დაცული, როგორც აქამდეც შეიძლება ყოფილიყო.

*სტატია დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების German Marshal Fund-ის პროექტის The Black Sea Trust-ის მიერ.

ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს German Marshal Fund-ის, The Black Sea Trust-ის და მისი პარტნიორების შეხედულებებს.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.