2009 წლის 5 მაისს მუხროვანის სამხედრო ნაწილში არშემდგარი ამბოხის მონაწილეთა სასამართლო პროცესი 11 იანვარს დასრულდა. სასამართლო განხილვის განმავლობაში 41-დან ოცდაერთმა ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა და დანაშაული ნაწილობრივ ან მთლიანად აღიარა. დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე. სხვადასხვა მუხლით თავისუფლების აღკვეთა სულ 19 მსჯავრდებულს მიუსაჯეს. სასამართლოს ბოლო სხდომაზე ერთ-ერთი ბრალდებული დარბაზიდან გაათავისუფლეს.
რა მოხდა მუხროვანის სამხედრო ნაწილში? რას გეგმავდნენ ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები - დაუმორჩილებლობას თუ სახელმწიფო გადატრიალებას? ვინ მართავდა პროცესებს? ამ კითხვებზე პასუხი 5-თვიანი სასამართლო პროცესის შემდეგაც ბუნდოვანია.
მუხროვანის საქმის 3 მთავარ განსასჯელს ბრალი ამბოხების ორგანიზებასა და დაუმორჩილებლობაში წაუყენეს. საბოლოოდ კობა ოთანაძეს - 29, ლევან ამირიძეს - 28, შოთა გორგიაშვილს კი 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამირიძემ და გორგიაშვილმა დაუმორჩილებლობა აღიარეს, ოთანაძე არც ერთ წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს. სამხედრო ამბოხში მონაწილეობაში კი სამივე განსასჯელი თავს უდანაშაულოდ ცნობს.
სასამართლო პროცესებზე სამივე მათგანი დუმილის უფლებით სარგებლობდა. სწორედ ამიტომ, ინფორმაცია ამბოხის თუ დაუმორჩილებლობის ორგანიზატორების როლის შესახებ სასამართლომ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოპოვებული ოპერატიული ცნობებით და დაკითხული მოწმეების ჩვენებებით მიიღო.
მუხროვანის საქმის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ინფორმაცია ამბოხის ერთ-ერთი მონაწილის, გია ღვალაძის ჩვენებებს, ოპერატიულ ინფორმაციას, ასევე ღვალაძის რაზმში შეგზავნილ შსს-ს თანამშრომლებს ეყრდნობა.
ამბოხებამდე
გამოძიება აცხადებს, რომ 4 მაისის ღამემდე, ანუ ღვალაძის დაკავებამდე მუხროვანის ამბოხების ზუსტი გეგმა არ იცოდნენ. ღვალაძემ ამ გეგმის დეტალები პოლიციას დაკავებისთანავე გააცნო. სამართალდამცავებმა ამბოხის ჩახშობა სწორედ ამ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყეს. თუმცა, საქმეზე მუშაობა სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა, კონტრდაზვერვამ და კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურმა 4 თვით ადრე დაიწყეს.
გამოძიების მასალების თანახმად, კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის, ყოფილი პარლამენტარის ვალერი გელბახიანის, კრიმინალური ავტორიტეტის ბონდო შალიკიანის და უკრაინაში მცხოვრები ბიზნესმენის ილია რამიშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოში ამბოხების ორგანიზება უკრაინაში საქართველოს ყოფილ სამხედრო ატაშეს გია კრიალაშვილს დაევალა. ეს შეხვედრა 3 იანვარს, ბელარუსში, ქალაქ მინსკში შედგა. შეხვედრის მონაწილეების გეგმით, გაზაფხულისთვის დაგეგმილ ოპოზიციის აქციებს სამხედრო ძალები უნდა შეერთებოდნენ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეეცვალათ. შსს-ს ინფორმაციით, გეგმის დაფინანსება მთლიანად საკუთარ თავზე აიღო რუსეთის მოქალაქემ ალექსანდრე ებრალიძემ.
სასამართლო პროცესზე ამ ინფორმაციის ვერც უარყოფა და ვერც დადასტურება ვერ მოხერხდა. შეხვედრის მონაწილეთაგან ოთხი საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება და დიდი ხანია იძებნება, თავად გია კრიალაშვილი კი სამართალდამცავებმა მისი დაკავების სპეცოპერაციის დროს მოკლეს.
შსს-ს ინფორმაციით, კობა ოთანაძე ამ საქმეში იანვარშივე ერთვება. ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი ამბოხების მოსაწყობად საჭირო ადამიანური და ტექნიკური რესურსის მომზადებას იწყებს. სწორედ ოთანაძე უკავშირდება ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულ დანარჩენ ორ პირს - რეინჯერთა ბატალიონის თავმჯდომარეს ლევან ამირიძესა და მუხროვანის სატანკო ბატალიონის მეთაურს შოთა გორგიაშვილს, ასევე სპეცდანიშნულების რაზმ "ომეგას" ყოფილ წევრს გია ღვალაძეს და მათ საკუთარ კოლეგებს შორის თანამოაზრეების შეკრებას ავალებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრები განსაკუთრებული კონფიდენციალობის დაცვით მოქმედებდნენ, ერთმანეთში საუბრობდნენ მხოლოდ საგანგებოდ შემუშავებული შიფრის გამოყენებით ან სატელიტური ტელეფონებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტალური ინფორმაცია აქვს თითქმის ყველა შეხვედრის და იქ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ოპერატიული ინფორმაციის წყაროებს არც ახლა, საქმის გახსნის შემდეგ ასახელებს.
გამოძიებისთვის ამ საქმის გახსნისას ერთ-ერთი ღირებული ინფორმატორი თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი აღმოჩნდა. სწორედ მან მიაწოდა პოლიციას ინფორმაცია, რომ ყოფილი "გვარდიელი" თემურ მელიქიძე შს მინისტრის ლიკვიდაციას გეგმავდა და ამისთვის შეიარაღებულ ჯგუფს ქმნიდა. ამ საქმის გამოძიებისას გაირკვა, რომ მელიქიძეს აქტიური კონტაქტი ჰქონდა კობა ოთანაძესთან. ამის საფუძველზე სპეცსამსახურებმა ოთანაძის თვალთვალიც დაიწყეს. გამოცდილმა სამხედრომ ეს მალევე შეამჩნია და მიიმალა.
საქმის გახსნა მას შემდეგ დაჩქარდა, რაც გია ღვალაძის მიერ ამბოხში მონაწილეობისთვის შერჩეული კადრების ნაწილმა (თამაზ ხომასურიძემ და გიორგი ჩქარეულმა) ამბოხების გეგმის შეტყობისთანავე მის შესახებ პოლიციას აცნობეს. ეს 2009 წლის 26 მარტს მოხდა. უტიაშვილი ამბობს, რომ ამ დროიდან შსს-მ ღვალაძის ჯგუფში აგენტების შეგზავნა დაიწყო.
სწორედ მათ გამოიტანეს ცნობები ამბოხის დეტალური გეგმის შესახებ. "მას შემდეგ, რაც გამოაცხადებდნენ დაუმორჩილებლობას, მუხროვანს აყვებოდა ქუთაისიც და გორიც. აყვებოდნენ საავიაციო ნაწილებიც. უნდა მოეხდინათ თბილისის ბლოკირება, გამოეცხადებინათ კომენდანტის საათი, ეთქვათ, რომ მართვა გადადის სამხედრო საბჭოს ხელში. 40 დღეში დანიშნავდნენ არჩევნებს. დიდი ალბათობით, მათ უნდა ჩამოეყვანათ ებრალიძე და ის გახდებოდა პრეზიდენტი", - ამბობს შს საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი.
თუმცა, საქმეში არც ებრალიძესთან და არც რუსეთის სხვა მოქალაქესთან კავშირი კონკრეტული მტკიცებულებებით არ დასტურდება. მართალია, გია ღვალაძე შსს-ს აგენტების თანდასწრებით ხშირად ახსენებდა ფულს, რომელსაც საქმის შესრულებისთვის რუსეთიდან მიიღებდნენ, თუმცა კონკრეტულად საიდან მოდიოდა ეს ფული, არასოდეს უთქვამს. "ლიბერალთან" საუბრისას შოთა უტიაშვილიც ამბობს, რომ ღვალაძეს თავის რამდენიმე ტრავმა აქვს მიღებული და უმეტესად "სისულელეებს ლაპარაკობდა", თუმცა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევის სანაცვლოდ, პროკურატურამ მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.
გამოძიების მასალებს დაცვის მხარემ თითქმის ვერაფერი დაუპირისპირა. საქმის მთავარ მონაწილეებს ჩვენებები არ მიუციათ. ამბოხების გეგმის შესახებ, ღვალაძის გარდა, არც ერთ მსჯავრდებულს და მოწმეს კონკრეტული ინფორმაცია სასამართლოსთვის არ მიუწოდებია. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ ორგანიზატორები დახმარებას დაუმორჩილებლობის გამოცხადებაში თხოვდნენ, რადგან ყოფილ და ახლანდელ სამხედროთა ნაწილში პროტესტს იწვევდა ის ფაქტი, რომ 26 მაისს ხელისუფლება სამხედრო აღლუმის ჩატარებას გეგმავდა. მათი აზრით, აგვისტოს ომში დამარცხებულ ჯარს აღლუმში მონაწილეობა არ უნდა მიეღო.
არის რამდენიმე ჩვენება, სადაც სატანკო ბატალიონის დანაყოფების ხელმძღვანელები ჰყვებიან, რომ 2009 წლის 1 მაისს 14 საათზე გორგიაშვილმა მათ აცნობა, რომ დაუმორჩილებლობის გამოცხადებას აპირებდა. გორგიაშვილის გეგმით, სატანკო ნაწილს უნდა მოეხდინა აეროპორტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის და თბილისის შესასვლელი გზების ბლოკირება. თუმცა, უკვე 5 მაისის დილით ჩატარებულ თათბირზე გორგიაშვილმა მათ განუცხადა, რომ დაუმორჩილებლობის გამოცხადებას სამხედრო ტექნიკის ადგილიდან დაუძვრელად გეგმავდა. შსს-ს წინასწარი ინფორმაციით, ამბოხება 2 მაისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შოთა გორგიაშვილმა ეს თარიღიც უსაფრთხოების მიზნით შეცვალა. 4 მაისს კი გია ღვალაძის დააკავებამ, გამოძიების აზრით, პროცესები დააჩქარა და ორგანიზატორებმა ამბოხი ნაჩქარევად, 5 მაისს სცადეს.
5 მაისი, 2009 წელი, ამბოხება
დღის 12 საათზე ყველა ცენტრალური ტელეარხის საინფორმაციო გამოშვება დაიწყო ცნობით, რომ მუხროვანის სამხედრო ნაწილში ამბოხებაა. ჯარში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მუხროვანის ბაზას სპეცდანიშნულების რაზმებმა ალყა შემოარტყეს და შტურმისთვის მზადყოფნა გამოაცხადეს. მალევე ცნობილი გახდა, რომ ამბოხებაში, მოქმედი სამხედრო პირების გარდა, ყოფილი სამხედროები და სამოქალაქო პირებიც მონაწილეობდნენ. ამბოხებულებთან მოლაპარაკებებს სახმელეთო ჯარების სარდალი შმაგი თელია აწარმოებდა. აჯანყებულებს კონკრეტული მოთხოვნები არ დაუსახელებიათ.
ტელევიზიების ცნობით, სიტუაციის განმუხტვაში ძალოვანი სტრუქტურების პირველი პირებიც ჩაერთნენ. აჯანყებულებს ტელევიზიით მიმართა პრეზიდენტმაც. მიხეილ სააკაშვილმა მათ 1-საათიანი ვადა მისცა, რომ იარაღი საკუთარი ნებით დაეყარათ.
მალე გავრცელდა ამბოხების მიზნის ოფიციალური ვერსია - სახელმწიფო გადატრიალება და 6 მაისს საქართველოში დაგეგმილი ნატო-ს სამხედრო წვრთნების ჩაშლა. პრეზიდენტმა სატელევიზიო გამოსვლაში ამბოხში რუსეთის მონაწილეობაზე ისაუბრა: "ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა გაასამმაგა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი სამხედრო ძალის რაოდენობა და, პრაქტიკულად, მთელი შავი ზღვის ფლოტი საქართველოს აკვატორიაში განალაგა. გათვლა იყო, რომ საქართველოს დედაქალაქის შუაგულში მოხდებოდა მასობრივი არეულობები, ან რაიმე სახის ძალადობა განხორციელდებოდა და შემდეგ განვითარდებოდა სცენარები საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ".
სატალევიზიო მიმართვის დასრულებისთანავე პრეზიდენტიც სამხედრო ბაზაზე მიდის, თუმცა ამბოხება, ფაქტობრივად, ისე ჩაიშალა, რომ არც კი დაწყებულა.
ამ დროს მუხროვანის ბაზაზე კობა ოთანაძე, გია კრიალაშვილი და ლევან ამირიძე იმყოფებიან. შს ინფორმაციით, ორგანიზატორები ქუთაისის და გორის ბრიგადისგან მხარდაჭერას ელოდნენ, თუმცა ბოლო მომენტში ამ ბრიგადებმა უკან დაიხიეს. ამბოხებულები მიხვდნენ, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. ოთანაძე, კრიალაშვილი და ამირიძე მიიმალნენ, გორგიაშვილი კი იმ დღესვე დააკავეს.
საინფორმაციო პროგრამების შემდეგ გამოშვებაში კადრში პრეზიდენტი უკვე მის წინ ჩამწკრივებულ, თავჩახრილ ჯარისკაცებს ტუქსავდა და მომხდარის გამო პასუხს სთხოვდა. სწორედ ამ საუბარში პრეზიდენტმა ეროვნული გვარდიის ყოფილი მეთაური, კობა კობალაძეც ახსენა: "გენერალი კობალაძე მისახედი იყო ბევრად უფრო ადრე. ამ ხალხს ბოროტების გარდა საქართველოსთვის არაფერი არ გაუკეთებია. ესენი არიან ჩამოყალიბებული თავისი მენტალიტეტით და აქვთ აბსოლუტურად კრიმინალური გადახრა. და ეს ყველამ ვიცოდით ... ამ ხალხს არ უნდა ებოგინა თავისუფლად ამდენი ხანი საქართველოში". კობალაძე პირდაპირ ჩართული კამერის წინ დააკავეს. თუმცა, მოგვიანებით, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, საქალაქო სასამართლომ ყოფილი გენერალი ამბოხებაში უდანაშაულოდ ცნო და მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის უკანონო შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთა 8 თვითა და 6 დღით შეუფარდა. იმის გამო, რომ ეს ვადა უკვე მოხდილი ჰქონდა, კობალაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.
მუხროვანის საქმეში ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა ნაჩქარევი შეფასება გამოძიებამ მტკიცებულებებით ვერ გაამყარა და ის სასამართლო პროცესზე გაბათილდა. მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის და სხვა მაღალჩინოსნების არაერთი განცხადებისა, რომ მუხროვანის ამბოხი რუსეთიდან იმართებოდა, საბრალდებო დასკვნაში არაფერია ნათქვამი ამ კავშირზე. ბრალდების საქმის მასალებში რუსეთის არც ერთი მოქალაქე არ ფიგურირებს, მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ გამოძიებით დადგენილი ორგანიზატორების გარდა, საქმეში "გამოძიებით დაუდგენელი" სხვა პირებიც მონაწილეობდნენ.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება