"მე სამედიცინოზე ვაბარებ, იურიდიულზე კი არა, სამოქალაქო განათლება რაში მჭირდება?" - ვერ ხვდება 51-ე სკოლის მეთერთმეტეკლასელი ბიჭი. მისი ზოგიერთი თანატოლი კი, თუ გაკვეთილზე შედის, ქართულის მართლწერის ტესტებში ვარჯიშობს, ანდა ელექტროღუმელთან გაფანტული გამომეტყველებით ზის.
საჯარო სკოლებში ამ საგნის პირველი ჩანასახი დაახლოებით 10 წლის წინ გაჩნდა, სავალდებულო საგნების ნუსხაში 3 წლის წინ შევიდა, თუმცა სამოქალაქო განათლების გაკვეთილები ვერც მოსწავლეებისთვის და ვერც მასწავლებლებისთვის სათანადოდ მნიშვნელოვანი ვერ გახდა.
"სამოქალაქო განათლების გაკვეთილები იმიტომ მოგვწონს, რომ ჩვენი მასწავლებელი კომუნისტურ დროში არ არის ჩარჩენილი. სხვებთან შედარებით, გაგვიმართლა. მას შეიძლება ყველაფერი ვკითხოთ და, კითხვებზე პასუხს როგორც საჭიროა, ისე გვცემს", - ამბობს ნინი გოლიაძე, 161-ე სკოლის მეთერთმეტე-კლასელი.
მეცხრე კლასის სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოში, მაგალითად, ქვეთავი "ტოლერანტობის" შესახებ ცნების ზოგადი განმარტებით იწყება, რასაც მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლესა და ილია ჭავჭავაძის წერილის ნაწყვეტები აგრძელებს. ამ თემაზე ერთ-ერთი დავალება კი ასეთია: ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით კლასში მოაწყვეთ რაიმე ღონისძიება, მაგალითად ნახატების ან პლაკატების გამოფენა, კონცერტი.
"საზოგადოება ამ ბავშვებს არ აღიქვამს როგორც დიდებს, ამ დროს დიდები არიან და ბევრი დაულაგებელი, განუმარტავი ინფორმაცია აქვთ. მათ უფრო მეტი სჭირდებათ, ვიდრე დღევანდელი სამოქალაქო განათლების გაკვეთილებია", - აღნიშნავს ანის მასწავლებელი სერგო ძაგნიძე.
სამოქალაქო განათლება ცალკე სავალდებულო საგნად მე-9 და მე-10 კლასებში ისწავლება. მეცხრე კლასამდე სხვა საგნების პედაგოგებს ამ დისციპლინიდან მხოლოდ გარკვეული საკითხების ახსნა ევალებათ, ბოლო კლასებში კი საგანი არჩევითია.
"მაშინ, როცა 15-16 წლის ახალგაზრდებს მოქალაქედ ჩამოყალიბების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი უდგათ, როცა ისინი ემზადებიან პირადობის მოწმობის აღებისთვის და სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვისთვის, კარგი იქნებოდა, თუ ამ საგანს ყველა ისწავლიდა. მაგალითად, ყველას გამოადგებოდა იმის ცოდნა, თუ როგორ მოამზადონ საბუთები უნივერსიტეტისთვის", - აცხადებს სამოქალაქო განათლების ერთ-ერთი სახელმძღვანელოს ავტორი, თამარ ქალდანი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე მიიჩნევს, რომ საჯარო სკოლებში საგნის არჩევითობა ქართული საზოგადოების ტიპზეც მიუთითებს - "გამოდის, რომ ის ღირებულებები, რომლებიც სამოქალაქო განათლებიდან იწყება, საქართველოში მთლიანობაში არჩევითია", - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ "როცა ბავშვებს სკოლაში ფორმალურად რელიგიის თავისუფლებაზე ველაპარაკებით, კლასის გარეთ კი ხატის კუთხეებია მოწყობილი, მაშინ გულუბრყვილობაა, გვეგონოს, თითქოს ეს სწავლება რამეს შეცვლის", - ამბობს გიგი თევზაძე.
ზედაპირულობა და ზოგ შემთხვევაში პრიმიტიულობაც სახელმძღვანელოების მთავარი ნაკლია. მხოლოდ შემოქმედებითად მოაზროვნე მასწავლებელი თუ შეძლებს ერთ გვერდში ჩატეული მწირი ინფორმაცია, მაგალითად არჩევნების ზოგადი არსის და საქართველოში გავრცელებული არჩევნების ტიპების შესახებ, მოსწავლეებს საინტერესოდ მიაწოდოს.
70 ათას პედაგოგს შორის სულ 3 ათასია ისეთი, ვინც ამ საგნის სასწავლებლად გადაემზადა. პროფესიულ გადამზადებაში სულ რამდენიმედღიანი ტრენინგი იგულისხმება. გადამზადებულთა უმეტესობა ისტორიის მასწავლებელია და, პარალელურად, სკოლებში თავის ძირითად საგანსაც ასწავლის, რადგან კვირაში მხოლოდ ერთი სამოქალაქო განათლების გაკვეთილით ვერ იცხოვრებ.
"მათ უნდა ესმოდეთ, რომ ამ საგნის დანიშნულება ბავშვებისთვის პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე ზრუნვაა და არა იმ თეორიების ახსნა, თუ რას შეისწავლის ზოგადად სამოქალაქო განათლება", - აცხადებს მასწავლებელთა დამოუკიდებელი პროფკავშირების სამოქალაქო განათლების ექსპერტი მაია გოგოლაძე.
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენელი გიორგი გახელაძე კი მიიჩნევს, რომ სახელმძღვანელოების დახვეწასა და მასწავლებელთა მომზადებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია სკოლის რეალური დემოკრატიზაცია და დეპოლიტიზაცია. "თუნდაც გვყავდეს საუკეთესო მასწავლებლები, გვქონდეს შესანიშნავი სახელმძღვანელოები, იყოს ბევრი სავალდებულო გაკვეთილი, თუ მოსწავლეს არ აქვს მაგალითად სკოლის დამოუკიდებელ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, სამოქალაქო განათლების გაკვეთილები ფუჭია", - აცხადებს გახელაძე.
"სადმე გინახავთ, რომ სიგარეტი ან ალკოჰოლი არ მიეყიდოთ მცირეწლოვანისთვის? ან ამის გამო, ვინმე დაეჭიროთ? ბავშვები ყოველ ფეხის ნაბიჯზე უკანონობას ხვდებიან", - აცხადებს ერთ-ერთი სახელმძღვანელოს ავტორი ნინო ერემაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ საზოგადოებას სკოლის გაკვეთილები მყისიერად ვერ შეცვლის, თუმცა ამ საგნის გაძლიერება მნიშვნელოვანია: "სკოლებში უსაფრთხოების მიზნით პროკურატურის წარმომადგენლებისა და პოლიციელების ლექციებს რა მიზანიც აქვს, გასაგებია, თუმცა მხოლოდ პროკურორი ვერაფერს იზამს, თუ სამოქალაქო შეგნებაზე არ დაიწყეს ზრუნვა", - დასძენს ერემაშვილი.
ამ ფონზე საჯარო სკოლებში პრეზიდენტის ინიციატივით ახალი საგანი შემოდის. იანვრიდან მოყოლებული განათლების მინისტრი და თითქმის მთელი მთავრობა იმით არის დაკავებული, რომ საზოგადოებას აუხსნას, რატომ არის აუცილებელი სკოლაში სამხედრო პატრიოტული სწავლება და რატომ არ იქნება ეს საგანი იდეოლოგიზირებული.
"პატრიოტი, კანონმორჩილი, თავისუფლება-მოვალეობების მცოდნე და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის, აქტიური, ღირსეული, თავისუფალი, მშვიდობისმოყვარე, დამოუკიდებელი, კომპეტენტური და კონკურენტუნარიანი პიროვნების აღზრდა", - სიტყვასიტყვით ასეთია სამოქალაქო განათლების მიზანი. თუ სამოქალაქო განათლების უფრო ეფექტიანად სწავლებით ამ მიზნების მიღწევა მართლაც შესაძლებელია, მაშინ პრეზიდენტის ახალი ინიციატივა სამხედრო-პატრიოტული განათლების შესახებ კიდევ უფრო გაუგებარი ხდება.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება