პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად კომახიძეს, შესაძლოა, სააკაშვილის ბოლო განცხადებაც ეყოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას შვეიცარიის ხელისუფლება რამდენიმე თვეში მიიღებს.
ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ შვეიცარიის მთავრობას თავშესაფარი სთხოვა. როგორც თავად ამბობს, მას ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები არაერთხელ დაემუქრნენ. ჟურნალისტმა განმარტა, რომ ცხინვალის ომთან დაკავშირებით ფილმის დასრულებას უკრძალავდნენ. ვახოს პირველად ღამით, ავტოფარეხთან დახვდნენ, შემდეგ დაურეკეს და ბოლოს შვეიცარიაში გამგზავრებისას გააფრთხილეს, რომ თუ თავი არ ეცოდებოდა, ოჯახს მაინც გაფრთხილებოდა.
კომახიძის ამ ნაბიჯს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილმა კომახიძეს სოლიდარობა გამოუცხადა და შვეიცარიის საელჩოს წინ აქცია გამართა. ნაწილი ამ ნაბიჯის აუცილებლობის მეტ დასაბუთებას მოითხოვდა, ხოლო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა მედიამ ხელისუფლებისადმი ერთგულების გამოსახატად ჟურნალისტს უამრავი სისულელე დააბრალა. ცილისწამების კამპანიამ ბევრს გაახსენა 1937 წელი, როცა მშრომელთა მასების სახელით რეჟიმისთვის არასასურველ პირებს კომუნისტები სასტიკად უსწორდებოდნენ.
არასასურველი ჟურნალისტების მიმართ თავისი პოზიცია პრეზიდენტმაც გამოხატა. ლონდონში მან განაცხადა, რომ ორი ტელეკომპანია მის მიმართ "მტრულად, ძალიან მტრულადაა განწყობილი".
კომახიძის ჟურნალისტური გამოძიებები "კავკასიასა" და "მაესტროზე" გადიოდა. სხვა არხები ჟურნალისტურ გამოძიებას არ სწყალობენ. პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად კომახიძეს, შესაძლოა, სააკაშვილის ეს განცხადებაც ეყოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას შვეიცარიის ხელისუფლება რამდენიმე თვეში მიიღებს.
ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ სახალხო დამცველს და პროკურატურას უნდობლობას უცხადებდა და მათ სათანადო განცხადებით ამიტომაც არ მიმართა.
ამასთან, აჭარაში ვახტანგ კომახიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებული ძიება 5 წელია, გრძელდება, მაგრამ გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა. თუმცა, თავად ჟურნალისტმა დაასახელა რამდენიმე პოლიციელი, რომლებმაც მას სასტიკად სცემეს.
დამოუკიდებელი მედიისადმი პრეზიდენტის პოზიცია კარგად გამოჩნდა გაზეთ "ბათუმელების" ჟურნალისტის, თედო ჯორბენაძის შემთხვევაშიც. ჟურნალისტს პოლიციის თანამშრომლებმა შიშველი მამაკაცების ფოტო უჩვენეს, რომელზეც, მათი ვერსიით, თავად ჯორბენაძე იყო გამოსახული. კომპრომეტირების თავიდან აცილების სანაცვლოდ, მისი აგენტად გადაბირება უნდოდათ. ჟურნალისტმა პოლიციასთან საიდუმლო თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და ფაქტიც გაახმაურა. გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა ჩაატარა, რომლის შედეგები ჩვენთვის აღარავის უთქვამს, პოლიციელებიც არავის დაუსჯია.
"რატომ უნდა დაესაჯათ პოლიციელები? მათ ჟურნალისტს რაღაც ფოტო აჩვენეს და პირის ამოცნობა სთხოვეს", _ ასე შეაფასა მომხდარი ქვეყნის პრეზიდენტმა.
რამდენიმეჯერ სცემეს გორელ ჟურნალისტს საბა წიწიკაშვილს. ისიც ასახელებს, ვინ სცემა, რატომ, რამდენჯერ, მაგრამ ხელისუფლება არაფერს აკეთებს საქმის გამოსაძიებლად.
აგვისტოს ომის დროს გორში მყოფმა პრეზიდენტმა თვითმფრინავის ხმა გაიგონა და თავის საშველად გაიქცა. განა ვინმემ ბომბი ესროლა? უბრალოდ ჩათვალა, რომ საფრთხე ემუქრებოდა და გაიქცა. ვინც კომახიძის ნაბიჯს კრიტიკულად აფასებს, იქნებ მხედართმთავრისთვისაც დაესვა ერთი-ორი კითხვა?
კომენტარები
Alexandre (შეუმოწმებელი), თებერვალი 24, 2010, 11:08:08
Guram Nikolashvili, თებერვალი 24, 2010, 14:06:25
ახალი კომენტარის გამოქვეყნება