Skip to content

ავტორიზაცია

როგორ იხატება მტერი


სახელმწიფო სკოლებში პროპაგანდით მტრის ხატის ჩამოყალიბებას ცდილობს.
საკონკურსო ნამუშევარი

8 წლის თათიას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ არაფერი სმენია. სკოლაში უთხრეს, რომ რუსეთი აგრესორია. თათიამ ეს იდეა ფერადი ფანქრებით ნახატად აქცია. მის სურათზე საქართველო - მტრედი, რუსეთი კი პირდაღებული დათვია.

8 წლის თორნიკე აგვისტოს ომზე უფროსივით მსჯელობს, იცის ადგილები, რომლებიც დაიბომბა, რამდენი ადამიანი დაიღუპა, ვინ და როდის ჩამოყარა ჭურვები. საინფორმაციო გამოშვებებს თითქმის ყოველდღე უყურებს და პრეზიდენტობაზეც ოცნებობს. "რუსეთი ძალიან ცუდი ქვეყანაა, რუსი ხალხიც ცუდია!" - ამბობს იგი და უჯრედიან ქაღალდზე ხატავს რუს ჯარისკაცებს, ბომბდამშენებსა და როკის გვირაბს.

თათია და თორნიკე თბილისის 54-ე სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები არიან. მათ სურათები სპეციალური  კონკურსისთვის დახატეს. "ჩემი თვალით დანახული რუსეთის აგრესია" - ამ სათაურის ქვეშ სულ ორმოცდაათამდე ნამუშევარი გაერთიანდა. მეშვიდე კლასამდე მოსწავლეების ნახატები სკოლის დერეფანში კედლებზე გამოფინეს. უფროსკლასელებს კი ესეების დაწერა დაავალეს.

მასწავლებლების უმეტესობას ამ კონკურსის იდეა ან გულწრფელად მოსწონს ან კრიტიკული შენიშვნების საჯაროდ გამოთქმას ერიდება. "ბავშვები მამულიშვილებად უნდა გავზარდოთ, რუსეთი აგრესორია და ეს მათაც უნდა იცოდნენ", - აცხადებს 54-ე სკოლის დირექტორი ცისო წერეთელი.

განათლების მინისტრის მოადგილე აკაკი სეფერთელაძე ამბობს, რომ მოსწავლეებს შორის შეჯიბრი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის მიზნით ტარდება.

საზოგადოების ის ნაწილი კი, რომელიც სკოლაში ნებისმიერი სახის პროპაგანდას  ეწინააღმდეგება, მიიჩნევს, რომ კონკურსის შემოქმედებითი მხარე მასწავლებლებისთვის მოფიქრებული "შპარგალკაა", ხოლო მიზანი პატრიოტულ-მილიტარისტული განწყობის გაძლიერება.

სტრატეგია, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ აირჩია, ამ ადამიანებს საბჭოთა კავშირის დროინდელ სკოლებს ახსენებს. მაშინ კონკრეტული საგამოცდო თუ საკონკურსო თემის შინაარსს სწორედ იდეოლოგიზირებული პოლიტიკა განსაზღვრავდა და არა -  თვითონ სკოლა. ხელისუფლება დღეს მსგავს, ოღონდ თანამედროვე მეთოდებს იყენებს. ფსიქოლოგების აზრით, ასეთი სახის კონკურსები სტერეოტიპების შესაქმნელად ტარდება.

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი იხსენებს, რომ მსგავსი მეთოდებით ცდილობდა საბჭოთა ხელისუფლება  ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ბავშვებში აგრესიის გაღვივებას. სკოლის მოსწავლეებს ახატვინებდნენ ტანკებსა და გერმანელი ხალხის სიძულვილზე  ესეებს აწერინებდნენ. "მახსოვს, როცა პირველად გერმანელი ვნახე, ძალიან გამიჭირდა ამ სტერეოტიპების გადალახვა და შემდეგ ნელ-ნელა მივედი იმ დასკვნამდე, რომ გერმანელიც ჩვეულებრივი ადამიანია", - იხსენებს ჯავახიშვილი.

"სკოლაში პოლიტიკა არ უნდა შევიდეს, ბავშვს უნდა ჰქონდეს ერთი ადგილი მაინც, სადაც იგი პოლიტიკურ სივრცეში არ მოხვდება", - აღნიშნავს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.

კონკურსის მონაწილე მოსწავლეები კი ამბობენ, რომ პოლიტიკა სკოლის ცხოვრებაში ბუნებრივად იჭრება და მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია. ის კი, ვინც ასეთი თემებით არ ინტერესდება, უბრალოდ "ცალკე პლანეტაზე ცხოვრობს".

"პოლიტიზირება რა შუაშია, ეს სახელმწიფო ინტერესია!" - ამბობს პარლამენტის წევრი ხათუნა ოჩიაური. მისი თქმით, ის, ვისაც განათლების სამინისტროს ინიციატივა არ მოსწონს და არბიტრის როლს ირჩევს, ამით სახელმწიფოებრივ ინტერესებს ღალატობს.

კონფლიქტოლოგები  გენოციდის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ მტრის ხატის არსებობას ასახელებენ. ამის მაგალითია რუანდა, სადაც ასი დღის განმავლობაში რვაას ათასამდე ადამიანი მოკლეს. ამ მოვლენებს კი წინ უძღოდა ტუტსის ტომის წინააღმდეგ მედიის მიერ სიძულვილის პროპაგანდა.

ჰოლოკოსტიც გერმანელების მიერ ებრაელი ერის მტრის ხატად დასახვის შედეგია.

მიუხედავად ამისა, პრაგმატიკოსებს მიაჩნიათ, რომ მტრის ხატის გარეშე არ არსებობს ღირებულებათა სისტემა და იგი ნაციონალური იდენტობის აუცილებელი კომპონენტია. სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას თქმით, მტრის ხატი არის "საუკეთესო სოუსი ჩვენი არსებობისთვის". სკოლა კი ამ აგრესიის გასაღვივებლად საუკეთესო ადგილია.

"რუსეთიც ქმნის საქართველოს სახით მტრის ხატს, და როცა მეზობელი  ჭადრაკს გეთამაშება, ნარდის თამაშს ვერ გაუმართავ", - აცხადებს ჯგერენაია.

თუმცა არსებობს საპირისპირო აზრიც, რომელიც უფრო ლიბერალური ღირებულებების სისტემას ეფუძნება. ლევან გიგინეიშვილი ამერიკულ აკადემიაში ქართულ ენას ასწავლის და მტრის ხატის კონცეფციას მკაცრად ეწინააღმდეგება.

"თითქოს უნდა მოხდეს ჩვენი ხელახალი კონსტრუირება მტრის ხატის მეშვეობით. არ მგონია, ეს სწორი იყოს; გამოდის, ჩვენ რეალობაზე ზემოქმედებას ვცდილობთ, რადგან ეს სახელმწიფო შეკვეთაა. ჩემთვის კი რეალობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კონიუნქტურა",  - აცხადებს გიგინეიშვილი.

ზოგიერთმა მშობელმა სწორედ იმ აგრესიის გამო, რასაც მტრის ხატის ჩამოყალიბება იწვევს, კონკურსის მიმართ პროტესტი გამოთქვა. მაგალითად, ლელა ნუცუბიძემ 8 წლის შვილს კონკურსში მონაწილეობა აუკრძალა.

"არ მინდა, ჩემ შვილს ფსიქიკა დაუმახინჯდეს, არ მინდა, სიძულვილითა და ბოღმით იზრდებოდეს, ამიტომ სკოლაში საერთოდ არ გავუშვი", - ამბობს ნუცუბიძე.

ვინც კონკურსში მტრის ხატის ჩამოყალიბების საფრთხეს ვერ ხედავს, მიაჩნიათ, რომ ბავშვი "დამცავ კოლბაში" არ უნდა გაიზარდოს. "ამ ომის შემდეგ რაც დამიწერია, ყველგან ჩანს მიღებული შოკის რეფლექსიები. ომზე უნდა ვწეროთ, ეს არ არის თვითმიზანი, ეს არის ბუნებრივი ფსიქოლოგიური მდგომარეობა", - აღნიშნავს მწერალი ლაშა ბუღაძე, რომელიც თვითონ აგროვებს ომის თემატიკაზე შექმნილ პიესებს.

ბუღაძის აზრით, კონკურსმა შეიძლება ნიჭიერი მწერალი გამოავლინოს, ხოლო იმის საფრთხე, რომ ბავშვები რუს ერს აგრესიასთან გააიგივებენ, პრაქტიკულად არ არსებობს.

ამ მოსაზრებას ბრმად ეთანხმება მოსწავლეთა ნაწილიც. რვა თებერვალს  54-ე სკოლაში საუკეთესო ნაწერის გამოსავლენად შეკრებილი 35-მდე მოსწავლის პასუხები ექოსავით იმეორებდა მასწავლებელთა შეგონებებს: "ჩვენ არ ვართ რუსების მიმართ აგრესიულად განწყობილები, უბრალოდ, ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ!"

თუმცა, ზოგიერთი ნაწერი მათი ნათქვამის საპირისპიროს ამტკიცებს: დარბაზში ისმოდა ფრაზები:  "მებრალება რუსი ხალხი, რადგან მათ გულებში არასდროს აინთება ის ცეცხლი, რომელიც ქართველ კაცს ასე უწვავს გულს!"  "რუსეთი არაფერზე დაიხევს უკან, რომ გაანადგუროს ქართველი ერი", "უნდა გავერთიანდეთ ამ მონსტრის წინააღმდეგ საბრძოლველად".

ქართველებისგან განსხვავებით, დემოკრატიული საზოგადოება საგანმანათლებლო სფეროში პროპაგანდის შესაძლებლობასაც კი კრიტიკულად უდგება. მაგალითად, 2009 წლის სექტემბერს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკელ სკოლის მოსწავლეებს თეთრი სახლის ვებგვერდის საშუალებით მიმართა და განათლების აუცილებლობაზე ლექცია წაუკითხა.

ობამამ სკოლის მოსწავლეებს სთხოვა, დაეწერათ წერილი "როგორ შეიძლება დავეხმარო პრეზიდენტს", და განათლების სისტემის გაუმჯობესების საკუთარი ხედვა წარმოედგინათ.

ობამას მიმართვას მწვავე კრიტიკა მოჰყვა არა მარტო რესპუბლიკელების, არამედ იმ  მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდანაც, რომლებმაც სკოლაში პროპაგანდის საფრთხე დაინახეს.

პოლიტიკურ პროპაგანდას ქართულ სკოლებში წინააღმდეგობას თითქმის არ უწევენ. განათლების ყოფილი მინისტრის, გია ნოდიას თქმით, ხელისუფლება ყოველთვის იყენებდა სკოლას, როგორც დასაყრდენსა და იარაღს საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ამ მხრივ, ბევრი რამ არც 2010 წელს შეცვლილა.

ავტორის ბლოგი>>

კომენტარები

გიორგი (შეუმოწმებელი), თებერვალი 23, 2010, 16:57:30

თუ იცით, მართალია თუ არა, რომ სკოლებში ”რუსებისაგან სამოქალაქო თავდაცვის” გაკვეთილებს შემოიღებენო?

Rusudan Panozishvili (შეუმოწმებელი), თებერვალი 23, 2010, 17:02:39

გიორგი, სკოლებში ” სამოქალაქო თავდაცვის” გაკვეთილები უნდა შემოიღონ. მაგრამ რუსეთი საგნის დასახელებაში ნამდვილად არავის უხსენებია. ასე, რომ მსგავსი დისციპლინის შემოღებაზე ინფორმაცია მართალი არ უნდა იყოს

Lela Skhirtladze (შეუმოწმებელი), თებერვალი 23, 2010, 17:19:09

გიორგი , ამ შემთხვევაში საგანს ”რუსებისაგან სამოქალაქო თავდაცვას” კი არა - "ნაცდაცვას" დაარქმევენ:))

leli (შეუმოწმებელი), თებერვალი 24, 2010, 16:49:03

ჩემ შვილს დიდი სურვილი ჰქონდა დაეხატა ეს ყველაფერი, მაგრამ მე ავუხსენი და დავარწმუნე რომ ეს არასწორია. ვთხოვე, თუ დახატავდა ,დაეხატა მშვიდობა :) . მან დამიჯერა და წარმოიდგინეთ, მისი კლასელების მშობლები ვერ მიხვდნენ , როდესაც ვუხსნიდი ეს არასწორია თქო.ზოგს lap topi ურჩევნია , რას ვიზამთ!

Ernest (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 20:21:48

nu es aris yvelaze daxvewili prapaganda rac me cxovrebashi minaxavsss, ragacashi xom unda kondes mishas nichi, icis ra PR, aswavles kargad amerikelebma. da icis ubeduri da iyenebs kidevac...........

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.