Skip to content

ავტორიზაცია

მეხუთე კვირა საბჭოში - ნაწილი პირველი

თებერვალი 23, 2010 შორენა შავერდაშვილი

შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის გურუ უვე იოჰანსონი და პასუხი რამდენიმე კითხვაზე

მეხუთე კვირის პირველი სამი დღე BBC World Trust - ის სემინარებს დაეთმო. ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ16 თვის წინ დაწყებულ პროექტს საბჭოს ახალმა წევრებმა ბოლოსკენ მივუსწარით (პოლიტიკური ბატალიების გამო, პროექტი აპრილის მერე შეჩერებული იყო). უფრო სწორად, ამ სამდღიანი სემინარით და „მოამბის" ორკვირიანი მონიტორინგით დასრულდა ეს პროექტიც, რომელიც, ძალიან გვინდა, რომ გაგრძლედეს იმისათვის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს განვითარების რეალური ნიშანწყალი დაეტყოს. ამისათვის უამრავი კონკრეტული მექანიზმია დასამკვიდრებელი, იქნება ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა არხების კონცეფციის განსაზღვრა, პროგრამული პრიორიტეტების შედგენა და მართვა, საბჭოს არჩევის და მუშაობის წესი თუ ანგარიშვალდებულების მექანიზმი მენეჯმენტსა და საბჭოს შორის. აღარაფერს ვამბობ სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციის  შესრულების მექანიზმზე  - სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე. ცოტა შორი გზიდან გვიწვეს მოვლა, მაგრამ უფრო ახლო გზა, ჯერ-ჯერობით, არ ჩანს.

 

სემინარი შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, უვე იოჰანსონმა გახნსა და იმდენად ინსპირაციული და ინფორმაციული იყო მისი მოხსენება, რომ სრულად მინდა ვთარგმნო, აქვე.(4 გვერდია, მაგრამ  მგონი არ მოიწყენთ).

პ.ს. შვედეთს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს და დიდ ბრიტანეთზე არანაკლებად ამაყობენ ამით. როგორც BBC ბრიტანეთში, ისე შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი შვედეთში ყველაზე ავტორიტეტული და სანდო ინსტიტუტებია. მაშინ, როცა ფინანსური კრიზის გამო, ყველა საჯარო სამსახურს შეუმცირდა დაფინანსება, შვედეთში სალიცენზიო მოსაკრებელი (რითიც ფინანსდება მაუწყებელი) პარლამენტმა გაზარდა. შვედეთის საზ.მაუწყებლის რეიტინგი და სანდოობა იმდენად მაღალია, რომ შვედები არ აპროტესტებენ მაუწყებლის უფრო მაღალ გადასახადს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პირიქითაა.

დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში, 2007 წლის მონაცემებით (თუმცა ტენდენცია დღესაც იგივეა), ყველაზე სანდო ინსტიტუტებში პირველ ადგილზე, 56 %-ით BBC -ია, მეორეზე, 46 პროცენტით - ჯანდაცვის სისტემა, მესამეზე - ეკლესია, მეოთხეზე - არმია, მეხუთეზე - დანარჩენი მედია, მეექვსეზე, 10 პროცენტით - მთავრობა და მერვეზე - დიდი ბრიტანული კორპორაციები. რაც შეეხება BBC-ის მიმართებას სხვა ტელევიზიებთან, აქაც პირველ ადგილზეა სანდოობის თვალსაზირისით და მეორე ადგილზე მყოფ ITV-ის 40 % -ით უსწრებს.

შეგვშურდა საშინლად, ცხადია. მაგრამ მივხვდი, რომ  ჩვენი მაუწყებლის სანდოობის რეიტინგის გაზომვა კარგ საფუძველს შექმნიდა ადექვატური დასკვნების გამოსატანად. არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ამ არხის ადმინისტრაციისთვისაც.

უვე იოჰანსონი, თბილისი, 8 თებერვალი

„ვიდრე საბჭოს როლზე, საბჭოს წესებზე, საბჭოს მანდატსა და შეზღუდვებზე დავიწყებდეთ საუბარს, მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება ფუნდამენტურ საკითხებზე. რა არის საზოგადოებრივი მაუწყებლობა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი? ამ კითხვებზეპასუხში დევს ის მიზეზები, რის გამოც მე აქ ვარ. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, აქვეა მიზეზები, თუ რატომ არის თქვენი, როგორც მეურვეების და საქართველოში ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემის გარანტორების ამოცანები ასეთი მნიშვნელოვანი.

ძალიან ცოტა ამოცანაა თქვენს ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რასაც თქვენ ყველა იზიარებთ. ცოტა ადამიანს შეუძლია თავისი ქვეყნისათვის იმ სიკეთის გაკეთება, რაც თქვენ შეგიძლიათ, ამ მოცემულობაში. და ცოტას შეუძლია უფრო მეტად დაშავება - თუ თქვენ არამიზნობრივად გამოიყენებთ თქვენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს. მოგვიანებით გაგიზიარებთ ჩემს შეხედულებას იმაზე, თუ რას ნიშნავს პასუხისმგელობა ამ სიტუაციაში, მაგრამ პირველ რიგში, მოდით ფუნდამენტურ საკითხებზე ვისაუბროთ.

საინფორმაციო რევოლუცია, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიახლეა კაცობრიობის ისტორიაში მას შემდეგ, რაც გუტენბერგმა სტამბა გამოიგონა. ის ყველას ფუნდამენტურად ეხება, იმათაც კი, ვინც კომპიუტერის გამოყენება არ იცის ან მობილურ ტელეფონებთან ხელი არ მოუწვდებათ.

საინფორმაციო რევოლუციის ძრავი ახალი ტექნოლოგიებისა და დერეგულაციის კომბინაციაა. ეს სასურველი რევოლუციაა. ის ინფორმაციისა და ცოდნის დემოკრატიზაციას ხდის შესაძლებელს. პირამიდები და იერარქიები თავდაყირა დგება. სამომავლოდ, ძალაუფლების ვერც ერთი სტრუქტურა ვერ შეძლებს ინფორმაციის, ცოდნისა და კომუნიკაციის მექანიზმების კონტროლს - მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რეჟიმი ცდილობს, ამას წინ აღუდგეს.

საინფორმაციო რევოლუცია შესანიშნავია და ჩვენი პრივილეგიაა, რომ მისი მომსწრე ვართ, უფრო მეტიც, მონაწილეები. მაგრამ ეს არ იქნებოდა ნამდვილი რევოლუცია რომ არ ახლდეს თან გართულებები, წინააღმდეგობები და რამდენიმე საშინელი გვერდითი მოვლენა. მოდით შეგახსენებთ ციფრული რევოლუციის რამდენიმე ნაკლებად მიმზიდველ მხარეს:

1. ინტერნეტი თითქმის ყველას აძლევს შანსს ნებისმიერ საკითხზე გამოხატოს თავის შეხედულებები, რაც ცხადია, აძლიერებს დემოკრატიას. დღეს მსოფლიოში თითქმის 100 მილიონი ბლოგი არსებობს - რამდენიმე წლის წინ, არცერთი არ იყო. ასეულობით მილიონი ადამიანი (ჩემი გამოკლებით) Facebook-ზე, MySpace-ზეა და ა.შ. ყოველ კვირა იმდენი ინფორმაცია ინახება მსოფლიოში, რამდენიც მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაშია დაარქივებული.

მაგრამ, მინდა გკითხოთ, რა ხეირია დემოკრატიისათვის თუ ყველა ლაპარაკობს და არავინ არ უსმენს? არის მსმენელთა რაოდენობა მოლაპარაკეთა რაოდენობისპროპორციული? ვიცი, რომ ბლოგერებს უყვართ ერთი ცნობილი რომაელის, ციცერონის ციტირება, რომელმაც თქვა: "მე არ ვითვლი რამდენი ადამიანი მისმენს, მე ვწონი მათ". მაგრამ მაინც, როგორი იქნება ახალი დემოკრატია - ყველა ილაპარაკებს, არავინ მოისმენს და არავინ ეცდება დისკუსიაში სხვების ჩართვას?

2. მეორე, და უფრო უარესი, კიბერ-სივრცეში არა მარტო თვალსაზრისების რაოდენობა იზრდება, არამედ ფაქტებისაც - თუ ფაქტოიდების. ინტერნეტში ბევრი დროის დახარჯვა არ დაგჭირდებათ იმისათვის, რომ იპოვოთ გვერდები, რომელიც სამყაროს ყველაზე აბსურდულ ხედვაზე მოგითხრობთ. ინტერნეტი საინფორმაციო "ლეგოსავით" არის, რომელიც ყველაზე უცნაურ ადამიანებსაც კი აძლევს თავისი მყიფე სამყაროს აშენების საშუალებას, ხშირად იმისათვის, რომ თავიანთი უკვე არსებული  შეხედულებები და წინაგანწყობები კიდევ უფრო გაამყარონ.

მაგრამ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ არის ინფორმატიული თუ მისი მიზანია იყოს ზუსტი და გავრცელდეს ინფორმირების და არა დეზინფორმირების მიზნით. ამიტომაც, ჩემი ღრმა რწმენით, ჟურნალისტები მომავალშიც საჭირონი იქნებიან. ინფორმაცია ცოდნად მხოლოდ მაშინ იქცევა, თუ ის შინაარსიანი კონტექსტის ნაწილია და თუ ეს კონტექსტი ანალიტიკური, კრიტიკული და გულწრფელია და თუ მისი მიზანი განათლებაა. ამიტომაც, კარგი რედაქტორები , ჩემი ღრმა რწმენით, მომავალშიც საჭირონი იქნებიან.

3. ციფრული რევოლუციის მესამე შედეგი, რაც ყველას აწუხებს, გაზეთების სიკვდილი და სერიოზული ჟურნალისტიკის დაღმავლობაა.  ეს განსაკუთრებით აწუხებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც, როგორც იცით, რამდენიმე ძალიან ცნობილი ყოველდღიური გაზეთი გაბანკოტდა, რამდენიმე რესპექტაბელური გაზეთი, მათ შორის Boston Globe, Los Angeles Times და San Francisco Chronicle ძალიან ცუდ დღეში არიან და მისი უდიდესობა New York Times-ი, ყველაზე კარგი გაზეთი მსოფლიოში, ზედაპირზე ტივტივებს ისეთი არატრტადიციული და შესაძლოა, ძალიან ახლომხედველი გადაწყვეტილებების წყალობით, როგორიც შენობის გაყიდვა და მექსიკური ნავთობის ფულის მოზიდვა იყო.

ამერიკაში ყოველდღიური გაზეთების ტირაჟი ბოლო 10 წლის განმავლობაში 25 პროცენტით შემცირდა. ამერიკური გაზეთები ყოველწლიურად თანამშრომლების 10 პროცენტს ათავისუფლებენ. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ ის ბიზნეს მოდელი, რომელიც საგაზეთო ინდუსტრიას მთელი ერთი საუკუნის მანძილზე ედო საფუძვლად, ჩამოინგრა. რეკლამაც ინტერნეტში გადაბარგდა. ბრენდების კონკურენციაც ახალი ციფრული პლატფორმებიდან მოდის, შესაბამისად, შემოსავალიც იქაა.

დაბეჯიდებით შეგიძლიათ განაცხადოთ, რომ როცა ციფრული რევოლუცია მიმდინარე ეკონომიკურ დაღმავლობას შეუერთდა, ამან მართლა თავდაყირა დააყენა საგაზეთო ინდუსტრია. და შანსი იმისა, რომ მთელი ეს ბოროტება გაქრება როცა ეკონომიკური კრიზისი დასრულდება, ძალიან დაბალია. ჩვენ არასოდეს დავუბრუნდებით "ნორმალურ" დროს, ისე როგორც ეს ჩვენ აქამდე წარმოგვედგინა. ეს სერიოზული ცვლილებაა მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ინფორმირებული დემოკრატია უპირატესი სოციალური და პოლიტიკური სისტემაა. ეს იმასაც ნიშნავს, ბატონები და ქალბატონებო, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლები, სრულიად ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ.

ამერიკელები განსაკუთრებულად წუხან იმაზე, რომ სერიოზული მედია დრამატულ ცვლილებებს გადის. ჩვენ, ევროელებსაც, რა თქმა უნდა, გვაქვს ნერვიულობის საბაბი და დარწმუნებული ვარ ჩვენ-ჩვენ ქვეყნებშიც მსგავსი ცვლილებების მომსწრეები ვართ.  მაგრამ ჩვენ გვაქვს ის, რაც ამერიკელებს არა აქვთ; ჩვენ გვაქვს ძლიერი და ფართო მოხმარების საზოგადოებრივი მაუწყებლობის სისტემა.

ისტორიის ირონიაა ის, რომ მხოლოდ ეკონომიკური კი არა, ახალი ამბების კრიზისიც ამერიკიდან დაიწყო. ჩვენ, ევროპელ საზოგადოებრივ მაუწყებლებს, გვახსოვს რას ამბობდნენ ბოლო 20 წელი ჩვენი კონკურენტი ევროპული კომერციული რადიო და სატელევიზიო კომპანიები - რომ ევროპამ უნდა გადმოიღოს მაუწყებლობის ამერიკული სისტემა და შესაბამისად უნდა გააუქმოს, ან მნიშვნელოვნად შეამციროს მასშტაბი და მანდატი საზოგადოებრივი მაუწყებლობის.

თავად საზოგადოებისათვის მაუწყებლობის იდეა ევროპულია. საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფცია (განსხვავებით მაუწყებლობისაგან, რომელიც მხოლოდ მოგებაზეა ორიერტირებული) დაიბადა და განვითარდა ევროპაში. ამერიკაში მაუწყებლობა  თავიდან ბოლომდე კომერციულ საწყისებზე დაიწყო 1920-იან წლებში. მხოლოდ ბევრი ათეული წლის შემდეგ შემოვიდა აშშ-ში, რაგორც ისინი ამბობენ, „საზოგადოებრივი" მაუწყებელი.  მისი მიზანი იყო - და არის - არსებული კომერციული მაუწყებლობის შევსება,  კომერციული მაუწყებობის სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორება ისეთი პროგრამირებით, რომელსაც კომერციული სისტემა არ გადასცემდა რადგან არ თვლის საკმარისად მომგებიანად.

მაუწყებლობის ევროპული კონცეფცია - საზოგადოებისათვის და საზოგადოებრივი ინტერესების სამსახურში - ღირსეულია. ის ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, რითაც ყველა ევროპელს შეუძლია იამაყოს... არასოდეს მესმოდა რატომ უნდა გადმოგვეღო და დაგვეთესა ევროპაში შეზღუდული და დახშული ამერიკული მაუწყებლობის სისტემა. ევროპაში, კონკურენცია დამოუკიდებელ საზ.მაუწყებელებს და კომერციულ მოთამაშეებს შორის მოსახლეობას უფრო მაღალი ხარისხის და უფრო მრავალფეროვან პროგრამირებს სთავაზობს, ვიდრე ამერიკული მოდელი. და დღეს, მიზეზები იმისა, რომ ამერიკულ მოდელზე გადავიდეთ იმაზე ნაკლებია, ვიდრე ოდესმე.

ახალი მედიის ლანდშაპტი, რაზეც ვისაუბრე, კიდევ უფრო ძლიერ არგუმენტებს იძლევა საზოგადოებრივი მაუწყბელობის არსებობსათვის. ვფიქრობ, შეგვიძლია საზოგადოებას შევთავაზოთ გამოსავალი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემიდან.

პირველ რიგში, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვაწვდით სერიოზულ, დამოუკიდებელ, ადექვატურ და იოლად ხელმისაწვდომ ჟურნალისტურ და ანალიტიკურ პროდუქტს, რაც ჩვენს საზოგადოებებს ჭირდებათ და სულ უფრო და უფრო ნაკლებად იღებენ. ზემოთ უკვე ვთქვი, რომ ინფორმაცია ინფორმატიული მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ მისი მიზანი სიზუსტე და ინფორმირებაა. და ეს ინფორმაცია ცოდნად მხოლოდ მაშინ იქცევა, თუ ის შინაარსიანი კონტექსტის ნაწილია. ვფიქრობ, ეს საზოგადოებრივი მაუწყებლობის კარგი დეფინიცია. სერიოზული, მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი მიზანია და ამას ჩვენ ყველასთვის თანაბრად ვაკეთებთ.

საზოგადოებრივი მაუწყებლობა საინფორმაციო რევოლუციას დემოკრატიულ რევოლუციად აქცევს.

ცხადია, სხვა მედია კომპანიებსაც მსგავსი ამბიციები აქვთ და კარგი გაზეთები ჯერ არ მომკვდარან. მაგრამ ისიც ცხადია, რომ სერიოზული ჟურნალისტიკისა და სერიოზული მედიისათვის საჭირო კომერციული გარემო სულ უფრო მეტად მძიმდება, და სირთულეები ჯერ კიდევ წინაა.

ბევრი პარადოქსიდან ერთ-ერთი ისაა, რომ როცა  ფრანგმენტულობა იზრდება, საჭიროება, და ალბათ მოთხოვნაც, საწინააღმდეგოზე ასევე იზრდება. ცივილიზებულ საზოგადოებებს დასჭირდებათ საერთო ნიშნული, საერთო ბაზარი - რაც ფრაგმენტაციის ანტიდოტია - არენა დებატებისათვის და წყარო სანდო ინფორმაციისათვის. არ წარმომიდგენია იმაზე უკეთესი არენა და წყარო, ვიდრე ძლიერი, დამოუკიდებელი, ყველასათვის ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი მაუწყებელია.

კარგი ამბავი ისაა, რომ  საზოგადოება ამ ტენდენციას თავისი ამჟამინდელი ჩვევებით ადასტურებს. სერიოზული დრო ითხოვს სერიოზულ გადაწყვეტებს. შვედეთში, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ჩვენი აუდიტორიები გაიზარდა და ჩვენ ყველაზე სანდო საჯარო ორგანიზაცია ვართ ქვეყანაში. არა მარტო სხვა მედია საშუალებებს ვუსწრებთ სანდოობის რეიტინგებში, არამედ საზოგადოებისათვის საჭირო სხვა საყრდენებსაც - პოლიტიკურ პარტიებს, პოლიციას და თავად პარლამენტსაც. ისინი მუხლამდეც ვერ გვწვდებიან ლეგიტიმურობისა და სანდოობის კოეფიციენტებში.

ამიტომ ჩემი არგუმენტები არა მხოლოდ იდეოლოგიური, პრაგმატულიცაა. ეს იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატიას და საზოგადოების ცოდნის დონეს იდეოლოგიად არ განიხილავთ. საზოგადოებრივი მაუწყებლობის გარეშე, ჩვენ გვეყოლებოდნენ ნაკლებად ინფორმირებული, ნაკლებად კრიტიკული მოქალაქეები და გვექნებოდა ნაკლებად კონსოლიდირებული საზოგადოება.

ძალიან მოკლე დროში, ჩვენი კომერციული კონკურენტების არგუმენტები ძალიან საინტერესოდ შეიცვალა. როცა კარგი დრო იყო, 2 წლის წინ, მათი არგუმენტი ასეთი ჟღერდა: ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ჩვენ ძლიერები და კარგები ვართ და ხარისხზე ისეთივე ამბიციები გვაქვს, როგორც საზ.მაუწყებელს. ამიტომ არ არის საჭირო საზ.მაუწყებელი. დახურეთ, ან შეზღუდეთ, რომ უმცირესობების ენებზე ან შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის იმაუწყებლოს.

მერე დადგა კრიზისი და ჩვენმა კონკურენტებმა ასე შეცვალეს თავის არგუმენტი:  ჩვენ ცუდ დღეში ვართ და ეს იმიტომ, რომ საზ. მაუწყებელი ძალიან ძლიერია, ძალიან კარგია და აუდიტორიებს და ფულს გვაკარგვინებს. ამიტომ,  დახურეთ, ან შეზღუდეთ საზ. მაუწყებელი, რომ უმცირესობების ენებზე ან შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის იმაუწყებლოს.

სულ წოტა ხნის წინ, ჩვენი კომერციული მეგობრებისაგან მესამე არგუმენტიც მოვისმინეთ - „თუ ვერ ჯობნით, შეუერთდით". ეს არგუმენტი ასე ჟღერს: საზ. მაუწყებელი იმდენად ძლიერი და კარგია, რომ ჩვენ, კომერციული არხები, ვერასოდეს შევეჯიბრებით მათ. ამიტომ, საზ. მაუწყებელი, ეს ყველაზე მაღლა მდგომი ეროვნული ინსტიტუცია, ვალდებული იყოს აწარმოოს ისეთი კარგი, მაგრამ ძვირი პროდუქცია როგორიც ახალი ამბებია და ჩვენც მოგვცეს მისი ტრანსლირების საშუალება. მოგვცენ ყველაფერი, გარდა უმცირესობების ენებზე მაუწყებლობისა ან პროგრამებისა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების პირებს ეხებათ. ამას ისინი „პარტნიორობას" ეძახიან და ამ იდეას ძირითადად ბრიტანეთში განიხილავენ, მაგრამ მსგავსი დებატები სხვა ევროპულ ქვეყნებშიც ჩნდება.

სათანადოდ უნდა დააფასოთ ის ტემპი, რა ტემპითაც ეს არგუმენტები იცვლებოდა. არ არის ცუდი, როცა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, (ამ არგუმენტებში) საზ. მაუწყებელი მკვდარი დინოზავრიდან  ჯერ შესანიშნავ ჰალკად გადაიქცა და შემდეგ ყველაზე სასურველ მეწყვილედ.

თუ სხვა ვერაფერი, ამან უნდა შეგახსენოთ ის, რომ ვერც ერთი თავმოყვარე საზოგადოება ვერ გადააბარებს თავის პასუხისმგებლობას ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციებზე, როგორიც ინფორმაცია, კულტურა და ანალიზია, ასეთი შეზღუდული ჰორიზონტისა და მოქნილი ღირებულებათა სისტემის ორგანიზაციებს.

ქალბატონებო და ბატონებო, მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი საზ. მაუწყებლის მომავალთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ვაწვდით იმას, რაც საჭიროა, მაგრამ სულ უფრო და უფრო ნაკლებია. ჩვენ უნდა შევიცვალოთ კიდეც, იმისათვის რომ დავრჩთ რელევანტურები ახალ მედია გარემოში.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვიდეთ ანალოგური ლოგიკიდან. უნდა გავაცნობიეროთ, რომ საზ. მაუწყებლობა არ არის დისტრიბუციის ფორმა, არ არის არხის თუ სხვადასხვა არხების სტრუქტრურა. საზ. მაუწყებლობა ისეთი დამოკიდებულებაა შინაარსთან და აუდიტორიასთან, რომელიც სამართლიანობას, ღიაობასა და რელევანტურობას ეფუძნება. ამ დამოკიდებულებაზე დაყრდნობით უნდა განვავითაროთ ახალი სერიოზული ინტერაქტიული ინტერფეისები. არ უნდა დავრჩეთ ანალოგებად ამ საზოგადოებისათვის.

რამდენიმე სიტყვას დავამატებ თქვენს ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. მთლად მყარად ვერ ვდგავარ, სულ მეოთხეჯერ ვარ ამ ქვეყანაში და ცხადია, საკმარისად კარგად არ ვიცნობ აქაურობას.  და მესმის, რომ ჩემი მოსაზრებები საინფორმაციო რევოლუციაზე თქვენს სიტუაციას შეიძლება არ ესადაგებოდეს.

მაგრამ ამის მიუხედავად, შევაჯამედ ჩემს მოსაზრებებს განზრახ პროვოკაციულ არგუმენტებად:

1. ჭეშმარიტად დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა უფრო მნიშვნელოვანია ახალ, ვიდრე დაღვინებულ დემოკრატიაში. დიქტატორული ან ავტორიტეტული რეჟიმის მემკვიდრე დემოკრატიული რეჟიმის წინაშე მდგარი ცდუნება, რომ საზოგადოების მიერ დაფინანსებული მედია "თავისად" ჩათვალოს, შესაძლოა, გასაგებია, მაგრამ ძალიან დესტრუქციული. ის ახალ დემოკრატიას ართმევს იმას, რაც მას სასიცოხლოდ სჭირდება დაღვინებისათვის, და შესაძლოა, გადარჩენისათვის - საერთო ინტერესების, საერთო მიზნების განცდას, რომელიც პოლიტიკურ კონფლიქტზე მაღლა დადგება. და თუ, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაშია, ქვეყნის წინაშე დგას გამოწვევა, რომელიც ძლიერი და აროგანტი ყოფილი დამპყრობელიდან მოდის, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი მით უფრო მნიშვნელოვანია გადარჩენის სტრატეგიისათვის.

2. რაც უფრო პოლარიზებულია შიდა პოლიტიკური სიტუაცია, მით უფრო დიდია პროფესიონალური მედიის არსებობის აუცილებლობა, რომელიც გაემიჯნება პოლიტიკურ ექსცესებს.ის ფაქტი, რომ პოლარიზებული სისტემის მოთამაშეები კიდევ უფრო მეტად ცდილობენ საზ. მაუწყებლის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებას, ხაზსს უსვამს საწინააღმდეგოს, ანუ რეალური დამოუკიდებლობის არსებობის აუცილებლობას.

3. აქვე უნდა ითქვას, რომ პოლარიზაციის ხარისხის, მოლოდინებისა და წნეხის ზრდასთან ერთად, რთულდება რეალური დამოუკიდებლობის დანერგვა და დაცვა. მაგრამ ასევე იზრდება ღირსების დაცვის მნიშვნელობაც ამ ორგანოში, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ და რომელიც ვალდებულია დაიცვას საზ. მაუწყებლის პოზიცია.

4. ამიტომ ვთქვი ცოტა ხნის წინ, რომ საქართველოში ალბათ ცოტას აქვს უფრო რთული და უფრო მნიშვნელოვანი მისია, ვიდრე თქვენ.

5. ალბათ მხოლოდ ერთი ინსტიტუტია - ან ერთი ადამიანი - ვისაც შორსმჭვრეტელობასა და ღირსებაზე მსგავსი ტესტი აქვს ჩასაბარებელი და ეს მთავრობა და პრეზიდენტია. როგორ მიუდგება ამ ფუნდამენტურ საკითხს მთავრობა - გაატარებს ჭეშმარიტად ნაციონალურ ინტერესებს  თუ ვიწრო პარტიული ინტერესებით შემოიფარგლება?  ამ კითხვაზე პასუხი ჩემთვის ცხადყოფს  ლიდერის რეალურ სახეს. ეს საკითხი ჰყოფს სახელმწიფო მოღვაწეებს უბრალო პოლიტიკოსებისაგან.

თქვენს წინაშე მდგარი ამოცანა, თქვენს პოლიტიკურ კუთვნილებებზე მაღლა დგას. ეს იქნება დემოკრატიული ღირებულებების ტესტი.

ძალიან დიდი მადლობა, რომ მქონდა შესაძლებლობა ამ თემებზე თქვენთან მესაუბრა.

გაგრძელება იქნება.

 

 


 

 

კომენტარები

Guram Nikolashvili, თებერვალი 24, 2010, 14:29:34

sadaa komentarebi? :)))  mgoni am teqsts komentari ar chirdeba, ise daalaga yvelaferi, tavi saxlshi mgonia :)

Lela Skhirtladze (შეუმოწმებელი), თებერვალი 24, 2010, 14:42:19

ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი როდის იქნება იმ დონეზე, რომ , მუხლებამდე ვინ ჩივის, კოჭებამდე მიწვდეს შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს?! :)

სტუმარი გიორგი ბერუჩაშვილი (შეუმოწმებელი), თებერვალი 26, 2010, 22:33:04

,,ინფორმაცია ცოდნად მხოლოდ მაშინ იქცევა, თუ ის შინაარსიანი კონტექსტის ნაწილია და თუ ეს კონტექსტი ანალიტიკური, კრიტიკული და გულწრფელია და თუ მისი მიზანი განათლებაა" - მადლობა უვე იოჰანსონს. ბევრი რამ გვაქვს კიდევ ასათვისებელი საერთაშორისო დამოცდილებიდან. ქ–ნო შორენა, რუბრიკა – ,,საუბრები ლიბერალიზმზე" წერილების ელექტრონული ვერსიის პუბლიკაცია რატომ შეჩერდა? დაეხმარეთ თამარ ბაბუაძეს – პასუხის გაცემა დააგვიანდა.

ნენე (შეუმოწმებელი), მარტი 2, 2010, 13:16:52

მედიის თავისუფლებაძე ლაპარაკის დროს, ჩვენში შამოყალიბებული სტერეოტიპის მიხედვით, ესაა გიჟის თავისუფლება, თამამად ილაპარაკოს, პიკანტურ საკითხებზეც კი... მედიის ჭეშმარიტი თავისუფლება მე მგონია, არამედიის განთავისუფლება თუნდაც ხელისუფლების მარწუხებისგან ,არამედ მისი წევრების -მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების სასიცოცხლო მოთხოვნილება იყვნენ ყველაფრის მიუხედავად თავისუფალნი ანუ მათი შინაგანი თასვისუფლების, აუცილებელი რეალიზაციის მოთხოვნილება... ასეთი მოთხოვნილება ,რომ ფქონდეს ჟურნალისტს, სულმცირე უნდაიყოს ერუდირებული, შემოქმედებითად აქტიური, ზნეობრივად უკომპრომისო, ეკონომიურად უზრუნველყოფილი და არა კომფორმისტი... და რააც მთავარია უნდა ჰქონდეს სათქმელი, სათქმელი ,რომელიც მას აწუხებს ,რო0გორც საზოგადოების წევრს , როგორც მოქალაქეს. მგონი ძალიან იდეალური გამომივიდა, მაგრამ დღევანდელ ჩვენს მედია საშუალებებს რომ ვუყურებ, სწორედ ამის საჭინააღმდეგოა...(გაგრძელებაქნება)

nato (შეუმოწმებელი), მარტი 2, 2010, 22:55:44

მაინტერესებეს, თუკი ასე მოსწონთ ჩვენი საზოგადფეობრივი მაუწყებელი, იციან, რომ დილის პროგრამაში პრესის განხილვისას მთლიანად არის ამოგდებული ოპოზიცური პრესა და ერთდაერთი "რეზონანსის" მიმოხილვა მხოლოდ ნეიტრალური თემებით შემოიფარგლება; ასე, რომ მთლიანად საქართველოს მაყურებლებს ამ პატარა ნიშიდანაც არა აქვთ რეალობის დანახვის შესაძლებლობა? ქ- ნო შორენა თქვენ არხეინად გრძნობთ თავს ასეთ საბჭოში?

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.