Skip to content

ავტორიზაცია

ახალი "100 ახალი საავადმყოფო"


რეალურია თუ არა, რომ 2 წელიწადში თანამედროვე საავადმყოფოში მკურნალობას ყველა შეძლებს?
დუშეთის პოლიკნინიკა, თებერვალი 2010
ჭიშკრის კარი ძველი და ჟანგიანია. შენობის კედლებს აგურები სცვივა. ფანჯრის ჩატეხილი შუშებიდან მწყობრიდან გამოსული საოპერაციო აღჭურვილობა ჩანს.

შენობაში შესულს თვალში ჯერ პირიდან გამოსული ორთქლი გვხვდება, შემდეგ კედელზე გაკრული ძველი და გაყვითლებული სტენდები. ქვის იატაკზე ფეხები რამდენიმე წამში იყინება და ცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად შეხვიდე ექიმის კაბინეტში. აქ შეშის ღუმელი დგას და თბილა.

ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად თითიდან სისხლის ნიმუშს გიღებენ. ჭერზე ყავისფერ ლაქებს, ბათქაშჩამოყრილ ადგილებს, კიდეებში დაჟანგებულ ონკანს და ნიჟარას ხედავ. თუ იმასაც მიხვდები, რომ კედელზე ჩამოფარებული ძველი ყვითელი ფარდა სინამდვილეში ჩამონგრეულ ადგილებს მალავს, ავადმყოფობა გავიწყდება და ერთი სული გაქვს, რაც შეიძლება მალე დატოვო აქაურობა.

დუშეთის პოლიკლინიკა, 80 წელია, არ გარემონტებულა. გვერდით ოთხსართულიანი საავადმყოფო და სამშობიარო დგას. საოპერაციოებში ელექტროგამათბობელი დგას, პალატაში პაციენტების მიერ სახლიდან მიტანილი ქურები ანთია. "ამ პირობებში ვის უნდა ოპერაცია და მშობიარობა. ხალხი მცხეთაში, ან თბილისში მიდის. თუ ამის საშუალება არ აქვთ, ან გადაუდებელი შემთხვევაა, ჩვენ მაშინ მოგვმართავენ".

საქართველოს ყველა რეგიონში ასეთივე მდგომარეობაა. "საავადმყოფოების სალიცენზიო პირობების შემოწმება და დასჯა რომ დავიწყოთ, უმრავლესობა დაიხურება", - აცხადებს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე კოკა ფრუიძე.

ორ წელიწადში დუშეთის პოლიკლინიკა, სამშობიარო და საავადმყოფო ისე უნდა შეიცვალოს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას კვალიფიციური ანალიზის, გამოკვლევის, მკურნალობის და უსაფრთხო მშობიარობის შესაძლებლობა გაუჩნდეს. ნახევრად დანგრეული უზარმაზარი შენობების ნაცვლად, 20-25-საწოლიანი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სტაციონარი უნდა აშენდეს.

თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში  მოხდება, თუკი  საავადმყოფოების აშენების პასუხისმგებლობას კერძო სადაზღვევო სექტორი საკუთარ თავზე აიღებს.

მთავრობამ სადაზღვევო კომპანიებს  "100 ახალი საავადმყოფოს" პროექტში ჩართვა შესთავაზა. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ 2012 წლისთვის საქართველოში ერთდროულად თითქმის 8000 პაციენტი შეძლებს კვალიფიციურ მკურნალობას.

ახალი საავადმყოფოები სადაზღვევო კომპანიის საკუთრებაში დარჩება, იმ პირობით, რომ ჰოსპიტალი სალიცენზიო კრიტერიუმებს არ დაარღვევს და რეგიონის მოსახლეობას მომსახურების მაღალ ტარიფებს არ დაუწესებს.

ეს წინადადება სადაზღვევო სექტორისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. კომპანიას ჰოსპიტალური სექტორიდან დამატებითი ფინანსური შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ეძლევა - დაზოგავს სადაზღვევო ხარჯების ნაწილს, რასაც ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურებისთვის სხვა საავადმყოფოს უხდის. ამასთან, რეგიონის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მისი სადაზღვევო კომპანიის კლიენტი გახდება.

პროექტში ჩართვამდე კონკურენტი 10-მდე სადაზღვევო, უკვე ერთი თვეა,  მოლაპარაკებებს აწარმოებს. კომპანიებმა ორი თვის შემდეგ კონკრეტულად უნდა განაცხადონ, ვინ სად და რა პირობებით ააშენებს ჰოსპიტალს.

რა  დაუჯდებათ ამ პროექტების დამთავრება სადაზღვევო კომპანიებს, მათ ეს ჯერ არ დაუთვლიათ. "ჯი პი აი ჰოლდინგი" ერთ-ერთია იმ კომპანიებიდან, რომელიც რეგიონებში ინვესტირებას გეგმავს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თინა სტამბოლიშვილის თქმით, პროცესის დაწყებამდე 2 თვით ადრე კომპანიები ფინანსურ საკითხებზე არ ფიქრობენ. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა სამინისტროს საბანკო გარანტია უნდა წარუდგინონ, თუმცა ამ ეტაპზე არც ბანკებთან დაწყებულა მოლაპარაკებები.

არასწორად დათვლილი ფინანსები და რისკები ერთხელ უკვე გახდა "100 ახალი საავადმყოფოს" პროექტის გაყინვის  მიზეზი. 2007 წელს საავადმყოფოების  აშენება საკუთარ თავზე აიღეს სამშენებლო კომპანიებმა. მათ ამ პროექტის დასასრულებლად საკმარისი თანხა არ აღმოაჩნდათ და მალევე გამოეთიშნენ პროცესს. აგვისტოს ომის და ფინანსური კრიზისის ფონზე, რეგიონებში პატარა საავადმყოფოებში ფულის დაბანდება აღარც უცხოელ ინვესტორებს უფიქრიათ.

თუკი  სადაზღვევო სექტორი პროექტის განხორციელების მომდევნო ეტაპზე გადავა, მას უკვე საავადმყოფოს კედლების შიგნით ელის გამოწვევები. კომპანიებმა შენობების დასრულების და ხარისხიანი ტექნიკის შეძენის შემდეგ კვალიფიციური პერსონალი უნდა იპოვონ. "რეგიონებში ზოგან შეიძლება ერთ ექიმზე მეტი ვერც მონახო, ვინც პროფესიონალურად გააკეთებს საქმეს. მოგვიწევს, თბილისიდან მივიზიდოთ ხალხი და თან ადგილობრივი კადრები განვავითაროთ ტრენინგებით", - განმარტავს თინა სტამბოლიშვილი.

ეს გამოწვევები სადაზღვევო კომპანიების ხარჯებს ზრდის და შესაძლო მოგებას ამცირებს. "ოფიციალური მონაცემებით, თანამედროვე სტანდარტის ჰოსპიტალის ერთი საწოლის უზრუნველსაყოფად 15-45 ათასამდე ამერიკული დოლარია საჭირო. ასეთი ძვირად ღირებული მომსახურების საფასურს რეგიონის მოსახლეობა ვერ გადაიხდის", - განმარტავს ჯანდაცვის ექსპერტი თინათინ ტურძილაძე. მისი თქმით, თუ კომპანიები საავადმყოფოს ხარჯების დაფარვას სადაზღვევო ბიზნესიდან დაიწყებენ, მზარდი, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა სადაზღვევო სექტორი ჩამოშლის საფრთხის წინ აღმოჩნდება.

მოქალაქეების ინტერესების შელახვის საფრთხეს შეიცავს პროექტის მონაწილე სადაზღვევო კომპანიებს შორის მოლაპარაკებაც. "თუ კერძო კომპანიები მკურნალობის ერთნაირ სტანდარტებს და ფასებს დაადგენენ, ეს იქნება გარიგება. შეიძლება საწყის ეტაპზე მომსახურების საფასური დაბალი იყოს, მაგრამ ბაზარზე გავლენის მოპოვების შემდეგ კომპანიები შეთანხმებულად აწევენ ფასს".

დუშელებს ყველაზე მეტად იაფი მკურნალობა უნდათ. სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები კი მათ, ხელმისაწვდომ მკურნალობასთან ერთად, სულ რაღაც ორ წელიწადში მომსახურების მაღალ სტანდარტებს და კომფორტულ გარემოსაც ჰპირდებიან.

ეს რომ მართლაც ასე მოხდეს,  საქართველო უკვე ხვალ ჰოსპიტალურ სამოთხედ უნდა იქცეს. თუმცა, ეჭვს სწორედ ეს იდეალური სურათი იწვევს - თითქმის დანგრეულ სექტორში ამხელა მოგების შესაძლებლობა თუ იყო, სადაზღვევო კომპანიებმა რატომ თავადვე არ წამოიწყეს რეგიონებში საავადმყოფოების შენება, პრეზიდენტის მითითების გარეშე?

კომენტარები

ზურა ბალანჩივაძე (შეუმოწმებელი), მაისი 21, 2010, 10:01:05

ძალიან საინტრესო სტატიაა. ყოჩაღ, ნინო! ბოლოში დასმული კითხვისნიშანი ცოტა მერაღაცნაირა, ისე ყველგან ზუსტად მიარტყი და სტატიის შესავალში სიტუაციის აღწერა - პერფექტო ;)

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.