"გურული მივიდა მაღაზიაში და სიგარეტი მოითხოვა. კოლოფს აწერია: "თამბაქო იწვევს კიბოს". მაინც გინდაო? - ეკითხება გამყიდველი. "მომეცი, მაინც მინდაო."
მეორე დღეს მივიდა და მეორე კოლოფს აწერია: "სიგარეტის მოწევა იწვევს იმპოტენციას. " ... დაფიქრდა და გამყიდველს ეუბნება: "კიბოს რომ იწვევს, ის მომეციო..."
ეს ანეგდოტი მე კი არ გამხსენებია, მისი მოყოლით გახსნა საქართველოს პირველმა ლედიმ ორდღიანი კონფერენცია, რომელიც თამბაქოსთან ბრძოლას ეხებოდა. თუმცა, კონფერენციის დანარჩენი ნაწილი ასეთ მხიარულ ტალღაზე აღარ გაგრძელებულა. შემდეგ მოყოლილი ამბები და იქ წარმოდგენილი კვლევის შედეგები მწარე სიცილსაც აღარ იწვევდა.
გაფრთხილებთ : ქვემოთ იქნება ბევრი ციფრი. ოღონდ ისინი თქვენი ჯანმრთელობისთვის მავნებელი არ არის (თუ ზოგიერთი მათგანის წაკითხვისას ძალიან არ ინერვიულეთ).
ბევრი მწეველისგან გამიგია: საშინელ კლიპებს და ფოტოებს, მოწევით დაავადებულ ადამიანებსა და მათ სიმსივნეებს რომ გვაჩვენებენ, ჩვენში აგრესიას უფრო იწვევს, ვიდრე სინანულსო. ხოდა , აქ არც საზარელი ფოტოებია, არც ჭკუას გასწავლით და არც "მალე მოკვდები"-ს შთაგაგონებთ. აქ უბრალოდ რიცხვებია და არა მხოლოდ მწევლებისთვის. ნახეთ და თვითონ გადაწყვიტეთ, რაზე მეტყველებს საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული სხვადასხვა კვლევების მიხედვით დათვლილი თამბაქო რიცხვებში:
საქართველოში მოწევისგან ყოველწლიურად დაახლოებით 11 000 ადამიანი კვდება . ეს საერთო სიკვდილიანობის თითქმის 25 პროცენტია. ბოლო წლებში მოწევამ განსაკუთრებით 17 - 25 წლის გოგონებში იმატა.
თბილისის სკოლებში გამოკითხულთა 10-მა პროცენტმა სიგარეტის მოწევა 9 წელზე ნაკლები ასაკიდან დაიწყო. 30-მა პროცენტმა - 13 წლისაზე პატარა რომ იყო, მაშინ. ბავშვების 60 პროცენტს სიგარეტის ყიდვისას პრობლემები არ ექმნება. ხოლო მათი მცირე ნაწილი ( 1,1 %) დღეში 20 ან მეტ ღერ სიგარეტს ეწევა.
მოსახლეობის დაახლოებით 36 პროცენტი მწეველია. მათ შორის კაცები უფრო მეტნი არიან: 59 %. ეს მაჩვენებელი ევროპის ყველა ქვეყნის მწეველ მამაკაცებს აღემატება. თუმცა, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში მწეველი ქალების რიცხვი უფრო მკვეთრად გაიზარდა. მეტიც, ერთი და იგივე კვლევის მიხედვთ, თუ კაც მწევლების დიდ პროცენტს დაბალ ანაზღაურებადი, და ნაკლები განათლების მქონეები წარმოადგენენ, ქალებში თურმე პირიქით: მდიდარი და მაღალი განათლების მქონე ქალბატონები უფრო იწყებენ მოწევას.
ყოველდღიური მწეველების 21%-ს მოწევისათვის თავის დანებება არ სურს, ხოლო 39%-ს ეს არც არასდროს უცდია. გამოკითხულთა უმრავლესობას თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით იშვიათად ან საერთოდ არ მიუღია რაიმე სახის ინფორმაცია (მედიის, ბროშურების ან ლექციების საშუალებით) უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში. ხოლო მათ აბსოლუტურ უმრავლესობას - 91 %-ს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე პროცედურა ბოლო 12 თვის მანძილზე არ ჩატარებია.
ახლა ის გავარკვიოთ, იქ რა ხდება სადაც მწევლებისა და არა მარტო მათ ჯანმრთელობაზე უნდა ზრუნავდნენ. კვლევა სამედიცინო დაწესებულებებშიც ჩაატარეს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც საგანმანათლებლო ისე სამედიცინო საჯარო დაწესებულებებში კანონი მოწევას ზღუდავს, საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების 78 პროცენტში ამ კანონს თურმე არღვევენ. კანონის დამრღვევევთა უმეტესობა კი პაციენტები კი არა, თვითონ სამედიცინო პერსონალია.
წელიწადში საქართველოში დაახლოებით 542 მილიონ კოლოფ სიგარეტს მოიხმარენ. ბიუჯეტში კი ყოველწლიურად მილიონ ლარზე მეტი შედის ( 2008 წელს თამბაქოს გაყიდვიდან 150 მლნ ლარი შევიდა). ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არც ერთ პროგრამას არ აფინანებს, რომელიც მოწევით გამოწვეულ დაავადებების მკუნალობას ან პრევენციას შეეხება.
ანეგდოტით დაწყებული და საგანგაშო რიცხვებით დამთავრებული კონფერენცია " თამბაქო ან ჯანმრთელობა" პირველი მასშტაბური შეხვედრა იყო საქართველოში, რომელიც თამბაქოს საკითხებს მიეძღვნა. ამ თემაზე საკითხზე წუხილში სანდრა რულოფსსა და არასამთავრობო ორგნიზაციებს ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებიც შეუერთდნენ. მინისტრებმა პირობა დადეს, რომ აქტიურად დაიწყებენ მოსახლეობასა და განსაკუთრებით სკოლებისთვის თამბაქოს შეზღუდვის კამპანიებს. თუმცა, კონფერენციის გახსნიდან რამდენიმე წუთში ბოდიში მოიხადეს და შეხვედრა გადაუდებელი საქმის გამო დატოვეს. ხოლო მერე მთელი დღის განმავლობაში, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თამჯდომარეს თუ არ ჩავთვლით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლები მათ მიერ მომზადებულ კვლევებსა და იქიდან გამოტანილ დასკვნებს თვითონვე ისმენდნენ. დასკვნები კი ძირითადად ისეთი იყო , რომ თამბაქო საქართველოში ზედმეტად ხელმისაწვდომი პროდუქტია, მისი შემცირებისთვის კი კანონები ჯერ უნდა შესრულდეს, მერე გამკაცრდეს. ხოლო იქამდე კანონებისა და თამბაქოს მავნებლობის შესახებ ხალხისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო.
კომენტარები
Parliament (aqua blue) (შეუმოწმებელი), თებერვალი 24, 2010, 23:38:24
Eka Chitanava (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 09:02:36
Rusudan Panozishvili (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 09:52:40
nastasia (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 13:08:24
rusa (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 22:49:14
nona (შეუმოწმებელი), მარტი 1, 2010, 06:06:51
Rusudan Panozishvili (შეუმოწმებელი), მარტი 7, 2010, 19:01:25
Rusudan Panozishvili (შეუმოწმებელი), მარტი 7, 2010, 19:09:05
ახალი კომენტარის გამოქვეყნება