Skip to content

ავტორიზაცია

რუსეთ-აფხაზეთის ნახევარსაუკუნოვანი შეთანხმება


სერგეი ბაღაბში და დმიტრი მედვედევი
მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ხელახლა არჩეული ხელმძღვანელის სერგეი ბაღაფშის ვიზიტი რუსეთთან გაფორმებული 49-წლიანი შეთანხმებით დაგვირგვინდა. დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთში რუსეთის საკმაოდ მასშტაბური სამხედრო ბაზა განთავსდება. ამ საკითხის გარდა, კრემლში ბაღაფშისა და მედვედევის შეხვედრების მთავარი თემები იყო პირდაპირი საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის აღდგენა და აფხაზეთის რკინიგზის რუსეთის რკინიგზის მმართველობაში გადაცემა.

მართალია, მედვედევს მიაჩნია, რომ ახლად გაფორმებული შეთანხმება სრულად შეესაბამება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს, მაგრამ ამ საკითხის შესახებ ნატო-ში განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ნატო-ს წარმომადგენელი კარმენ რომერო აცხადებს: "რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს ჩვენ იურიდიული ძალის მქონედ არ განვიხილავთ". ალიანსი რუსეთს მოუწოდებს, ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის აგვისტოს ხელშეკრულება შეასრულოს, გაიყვანოს თავისი არმია ომამდე არსებულ პოზიციებზე და შეუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის უკვე გაფორმებული ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, ამჟამად გუდაუთაში 1700 რუსი სამხედრო იმყოფება. ეს  შეთანხმება 2009 წლის სექტემბერში გაფორმდა და რუსეთს უფლებას აძლევს, აფხაზეთსა თუ ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზები და ინფრასტრუქტურა ააშენოს და გამოიყენოს. რუსეთის ვიცე-პრემიერის სერგეი ივანოვის თქმით, გასულ წელს აფხაზეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის 25 სხვადასხვა სახის შეთანხმებას მოეწერა ხელი. ბაღაფში ამბობს, რომ 20-ზე მეტი ხელშეკრულება კიდევ მზადდება.

რუსეთი და აფხაზეთი ერთმანეთს „კეთილ მეგობრობასა" და კარგ მოკავშირეობას ჰპირდებიან.  ამავდროულად, ბაღაფში ბელარუსისგანაც მოელის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. იგი ხმამაღლა აცხადებს, რომ ამაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმარებათ.

„იტარ-ტასის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაღაფშმა ქართულ და რუსულ ეკლესიებთან ურთიერთობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემები, რომლებიც საქართველოსა და აფხაზეთის ეკლესიებს შორის არსებობს, დიდი ხნის წინ დაიწყო. „ქართველი მღვდელმსახურების გამონათქვამების შემდეგ ამ ეკლესიასთან და ასეთ ადამიანებთან საერთო აღარაფერი გვექნება", - აცხადებს ხელახლა არჩეული დე ფაქტო ლიდერი; პარალელურად რუსეთის პატრიარქთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთის საპატრიარქო ახალი ათონის კომპლექსის მოწესრიგებაში ეხმარება.

მოსკოვში ყოფნისას ბაღაფშმა კიდევ ერთ ინიციატივაზე ილაპარაკა - აფხაზეთში სახლების ყიდვას ახლა უკვე რუსეთის მოქალაქეებიც შეძლებენ. დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერს არ ეშინია, რომ რუსები აფხაზეთში ყველაფერს იყიდიან და მიესალმება საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში რუსულ ინვესტიციებს.

კრემლში ბაღაფშთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მედვედევმა განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი ისევ აღადგენს საქართველოსთან ნორმალურ ურთიერთობას, თუმცა დასძინა, რომ საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტთან არც ერთ საკითხზე არ აპირებს საუბარს. „რუსეთის ფედერაციისთვის სააკაშვილი პერსონა ნონ გრატაა", - განაცხადა მედვედევმა.

კომენტარები

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.