Skip to content

ავტორიზაცია

ამერიკული ერთი მილიარდი


ამერიკელი ხალხის სახელით, ომგადახდილი საქართველოსთვის გადმორიცხულმა მილიარდმა ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის ყველაზე ცუდ შედეგებს დროებით აარიდა.
18

ბოლო თოთხმეტ თვეში საქართველომ სტრატეგიული პარტნიორისგან ერთი მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. აქედან 250 მილიონი პირდაპირ საქართველოს ბიუჯეტში მოხვდა. ეს თანხა მთავრობამ საპენსიო დავალიანებების გასასტუმრებლად და სოციალურად დაუცველი პირების ჯანდაცვაზე დახარჯა. ასევე დახმარება მიიღო ყველა სამინისტრომ, გარდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა.

250-მილიონიანი პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების ხარჯვის გასაკონტროლებლად ამერიკის შეერთებული შტატების მხარემ ფინანსური მონიტორინგის საერთაშორისო სააგენტო  დაიქირავა. მონიტორინგი უკვე დასრულებულია და მარტში შედეგები საჯარო გახდება. "ეს თანხა სწორად დაიხარჯა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, პროცესი კანონიერი და გამჭვირვალე იყოს", - ამბობს "ლიბერალთან" ინტერვიუში საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილე, კენტ დ. ლოგსდონი.

საქართველოს ბიუჯეტში შესული 250 მილიონი ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების პირველი ნაწილი იყო, რომელიც 2008 წლის ნოემბერშივე ჩაირიცხა. აგვისტოს ომის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები იყო პირველი ქვეყანა, რომელიც საქართველოს სოლიდურ ფინანსურ დახმარებას შეჰპირდა. ამ დაპირების პოლიტიკური ეფექტი ბრიუსელში საქართველოს დონორთა კონფერენციაზეც გამოჩნდა - დონორებმა საქართველოს, ჯამში, 4,5 მილიარდამდე დოლარის დახმარება აღუთქვეს. პოლიტიკურთან ერთად აშკარა გახდა ამერიკული მილიარდის ეკონომიკური მნიშვნელობაც. ექსპერტების შეფასებით, ქართულ ეკონომიკაში ამ რაოდენობის უცხოური ვალუტის შემოსვლამ მნიშვნელოვნად განაპირობა ლარის კურსის სტაბილურობა.

დახმარების მეორე ნაწილი, 53.3 მილიონი დოლარი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2009 წლის მაისში გადმორიცხა. ამ თანხიდან 20 მილიონი კარგი მმართველობის, სამოქალაქო ჩართულობის, არჩევნებისა და მედიის პროგრამებს მოხმარდა. საბოლოოდ, მთლიანი ერთი მილიარდიდან სამოქალაქო განვითარების ხელშეწყობისათვის, პოლიტიკური პარტიებისათვის, მედიისათვის, ხელისუფლების უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის სულ 48 600 000 აშშ დოლარი, ანუ მთლიანი დახმარების 5% გამოიყო. აშშ-ს საელჩოს განმარტებით, ეს თანხა ყოველწლიურ 10 მილიონთან ერთად, რომელსაც საქართველო ომამდეც და ომის შემდეგაც სისტემატურად იღებდა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის, ძალიან სოლიდური თანხაა. "საკმაოდ რთული აღმოჩნდა ქართულ არასამთავრობო სექტორში ასეთი დიდი რაოდენობით ფინანსური რესურსის სწრაფი ათვისება. ამიტომაც ამერიკული ერთი მილიარდის თითქმის ნახევარი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად დაიხარჯა", - აცხადებს აშშ-ს ელჩის მოადგილე. ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში იგულისხმება ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა ელექტრო და გაზის სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარება და მთავარი გზების მშენებლობა. თუმცა 469 890 000 ლარიდან ნაწილი, ათასობით ქართველის მომზადებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაშიც ჩაიდო.

"სადავოა ამ ფინანსების გადანაწილების პრიორიტეტები. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, გარდა მშენებლობისა და ვაჭრობისა, ეკონომიკის არც ერთ სექტორში ზრდა არ შეინიშნებოდა. უცვლელია ქართული ექსპორტის სტრუქტურაც. უკვე 2008 წლის დასაწყისისთვის თვალნათელი იყო ეკონომიკური კრიზისის ნიშნები, რადგან მშენებლობების პოტენციალი შემცირდა და ინვესტიციებმა ამ სფეროში იკლო. ამიტომ სოლიდური თანხების კიდევ ერთხელ დაბანდება იმ მიმართულებაში, რომელმაც საკუთარი თავი ამოწურა, არაეფექტურია", - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი თენგიზ შერგელაშვილი და განმარტავს, რომ კაპიტალის არასწორმა დაბანდებამ გამოიწვია ის, რომ საქართველოში საინვესტიციო ბუმის დროს ქვეყანაში უმუშევრობის დონე, ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო შვიდი წლის მანძილზე 5%-ით გაიზარდა.

პრიორიტეტების განსაზღვრასთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებსაც. მათი აზრით, თავისუფალი მედიისა და, ზოგადად, დემოკრატიული პროცესების სტიმულირებისათვის მეტი ფულის დახარჯვა უფრო სერიოზული ეფექტის მომცემი იქნებოდა, ვიდრე ახალი გზები და მაგისტრალები. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების მისია საქართველოში განმარტავს, რომ მილიარდი დოლარის გადანაწილება სპონტანურად არ მომხდარა

"თქვენს ქვეყანაში ჩამოვიდა პროექტის განხორციელებაში მონაწილე სამთავრობო სააგენტოების რამდენიმე დელეგაცია. სპეციალისტებმა ადგილზე შეისწავლეს საქართველოს მთავარი საჭიროებები და პრობლემები, ასევე მიიღეს ინფორმაცია როგორც პოლიტიკური პარტიებისგან, ისე არასამთავრობო სექტორისგან და მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოს მთავრობასთან ერთად განსაზღვრეს დახმარების განაწილების ძირითადი მიმართულებები", - აცხადებს საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილე კენტ დ. ლოგსდონი.

"ვარდების რევოლუციამდე" "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი და დღეს რესპუბლიკური პარტიის წევრი, თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოების პასიურობას ორი მთავარი მიზეზი აქვს - ერთი ის, რომ არ არსებობს ადეკვატური რესურსები ხელისუფლების ფინანსური ხარჯების სრულფასოვანი მონიტორინგისათვის და, მეორე მხრივ, დღეს ინფორმაცია უფრო დახურულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა ინფორმაციის თავისუფლების აქტის მიღების შემდეგ", - ამბობს თინათინ ხიდაშელი. მისი აზრით, ეს ფაქტორები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მათ, ვინც საქართველოს ფინანსურად ეხმარებიან.

აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარების მონიტორინგს ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" 2009 წლის მარტიდან ახორციელებს. პროექტს ასრულებს დამოუკიდებელი ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი კოალიცია - "გამჭვირვალე ფინანსური დახმარება საქართველოს". როგორც პროექტის კოორდინატორმა ირინა ლაშხმა განაცხადა, საერთაშორისო დახმარებების სწორად გახარჯვის საქმეში ასი მცდელობიდან ერთმაც რომ გამოიღოს რეალური შედეგი, ამ საქმის კეთებას აზრი აქვს. განსაკუთრებულ ყურადღებას კი ამერიკული 1 მილიარდი იმსახურებს, რომელიც, განსხვავებით ევროპული დახმარებისგან, საქართველომ ყველანაირი პოლიტიკური წინაპირობის გარეშე მიიღო.

კოალიციის წევრის, ეკონომიკის ექსპერტის, ლადო პაპავას აზრით, რომ არა აგვისტოს ომი, საქართველოს მთავრობას გლობალური კრიზისის პირობებში არავინ მისცემდა ამ ფულს და მძიმე ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალი იყო. "ამერიკის შეერთებული შტატების ერთმილიარდიან დახმარებას სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი 750 მილიონი მოჰყვა და ეს თანხა არ შედის იმ 4,5 მილიარდში, რაც საქართველოს ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე აღუთქვეს. ქართული ეკონომიკა გადარჩა არა იმიტომ, რომ ჭკვიანები ვართ, არამედ იმიტომ, რომ დაგვეხმარნენ. ამიტომაც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო მილიარდი, რომელიც, რეალურად, ჩვენი ქვეყნისთვის მილიარდზე ბევრად ძვირი ღირდა".

ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება ქართველ ხალხს

1 მილიარდი

პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება

პენიების, კომპენსაციების და სამინისტროებში თანამშრომელთა ხელფასების გასაცემად

250 000 000
აშშ დოლარი

25%

ჰუმანიტარულ მიზნები,

ყველაზე დაუცველი ჯგუფების ჯანდაცვა

186 933 000

აშშ დოლარი

18, 7%

სესხები კერძო სექტორისთვის

იპოთეკური დაკრედიტების ხელშეწყობა  და მშენებლობები.

176 000 000

აშშ დოლარი

17,6%

ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფის სხვა პროექტები

293 890 000

აშშ დოლარი

29%

სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობა

და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება

48 600 000

აშშ დოლარი

4,9%

განაღმვით სამუშაოები, პოლიციის, სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერება, საგანგებო მდგომარეობებისათვის მზადყოფნა და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლა

48 077 000

აშშ დოლარი

4,8%

 

 

კომენტარები

სტუმარი (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 12:32:58

Jobda Kosovo ar egiarebinat da Polonetshi da Chexetshi raketebze ar gavecvalet 2007... Bukharestis samitze amis fonze ese magra ar davekidet pehebze da arc es magati miliardi dagvxgirdeboda! Es puli damtavrdeba mere ak investiciebs vinga chadebs? Rusuli tankebi 40kmshia da kvelam icis rogorc adre rom rac ar unda mohdes chven viknebid damnashaveebi.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.