"საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის, მიაღწიოს დასახულ მიზნებს მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით. იგი გამორიცხავს სამხედრო გზით კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობას", - აღნიშნულია სტრატეგიაში, რომელზეც საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტრო გასული წლის ოქტომბრიდან მუშაობს.
მსგავსი დოკუმენტი 2008 წლის აგვისტოს ომამდე რომ დაეწერათ, შესაძლოა, მას ჰქონოდა რეალური შანსი, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის საბაბი გამხდარიყო.
დღეს კი ცხინვალსა და სოხუმში აცხადებენ, რომ მას არც კი წაიკითხავენ, რაც ქმნის იმის საფრთხეს, რომ ეს სტრატეგია მხოლოდ შიდაპოლიტიკური მსჯელობისა და საერთაშორისო ტრიბუნებზე აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის თემის გააქტუალურების მიზეზად დარჩება.
სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის ელჩმა რუსეთში დიმიტრი მედოევმა განაცხადა, რომ ქართული სტრატეგია ევროპელებზე გათვლილი პიარ-სვლაა.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა კი ქართულ სტრატეგიას "გალის მოსახლეობის მოსყიდვისა და გადაბირების გეგმა" უწოდა.
"ჩვენ ამ თემას არც კი განვიხილავთ. პასუხად გავამკაცრებთ კონტროლს ენგურის ხიდთან და არავის მივცემთ უფლებას, გალის რაიონში "მეხუთე კოლონა" შექმნას", - განაცხადა მან. ბაღაფში საქართველოს ურჩევს, ახალი სტრატეგიების შეთავაზების ნაცვლად, ჟენევის ფორმატში ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი.
"მიზეზი, თუ რატომ არ აწერს ხელს საქართველო ამ დოკუმენტს, მარტივია - ჩვენ უკვე გვაქვს შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი ძალის გამოუყენლობის შესახებ შეთანხმებები აფხაზებთანაც და ოსებთანაც, რომელიც პარალელურად ასევე გულისხმობს დევნილთა დაბრუნებასაც. არ გვინდა გაფორმდეს ახალი შეთანხმება, რომელიც მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის საკითხებს შეეხება დევნილთა დაბრუნების საკითხში ანალოგიური პროგრესის გარეშე", - წერს სოციალურ ქსელ "ფეისბუკზე" "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელი ლევან რამიშვილი.
ტერიტორიული კონფლიქტების მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე 27 იანვარს გამოქვეყნებული სტრატეგია "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" პირველი დოკუმენტია, სადაც ოფიციალურმა თბილისმა ამ კონფლიქტების მოგვარების ხედვა ჩამოაყალიბა.
"სტრატეგია გამოხატავს საქართველოს ურყევ გადაწყვეტილებას, მიაღწიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთი ოსეთის სრულ დეოკუპაციას, შეაქციოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესი და მშვიდობიანი გზით მოახდინოს ამ ტერიტორიებისა და მოსახლეობის რეინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამ 16-გვერდიანი დოკუმენტის მთავარი სიახლე ისაა, რომ ძირითადი აქცენტი გადატანილია არა გეოპოლიტიკაზე, არამედ სოციალურ-ეკონომიკურ პაკეტზე. დოკუმენტი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ღია კარის პოლიტიკას ირჩევს და მზადაა, დაეხმაროს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ვაჭრობის, ბიზნესის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროების განვითარებაში. ახალი სტრატეგია თითქმის ყველა სფეროს მოიცავს: ეკონომიკური ურთიერთობები, ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი, ჯანდაცვა, განათლება, კულტურული მემკვიდრეობა, სამართლებრივი საკითხები, ადამიანის უფლებები, სტიქიური უბედურებების პრევენცია. სტრატეგიაში ცალკე თავი ეთმობა სახალხო დიპლომატიას, რაც ექსპერტების აზრით, ამ პროცესის ლეგიტიმაციას ნიშნავს, რაც აქამდე არ ყოფილა.
სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტი, რომლის მთავარი ამოცანაა ნდობის აღდგენა და ომით დაზარალებული მოსახლეობის შერიგება, პოლიტიკოსებზე ორიენტირებული არ არის. მისი სამიზნე რიგითი მოქალაქეები არიან.
მნიშვნელოვანია ის, რომ დოკუმენტი თავს არიდებს თემებს, რომლებზეც პრინციპული უთანხმოება არსებობს. სტრატეგია არ ეხება უსაფრთხოებისა და "ოკუპირებული" რეგიონების სტატუსის თემას. ეს სწორედ ის საკითხებია, რომლებიც ტრადიციულად ყველაზე მტკივნეული იყო თბილისი-სოხუმისა და თბილისი-ცხინვალის ურთიერთობებში.
დოკუმენტი გამოქვეყნებიდან 6 დღეში უკვე ევროსაბჭოს შტაბ-ბინაში განიხილეს, რაც მოწმობს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ამ საკითხში საერთაშორისო აუდიტორია და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ახალ სტრატეგიას მალე გაერო-ში, ეუთო-ში, ნატო-სა და ევროკავშირში გაეცნობიან.
ევროსაბჭოს წევრი-ქვეყნების დიდმა უმრავლესობამ სტრატეგიას მხარი უკვე დაუჭირა. გამონაკლისი რუსეთის წარმომადგენელი ალექსანდრ ალექსეევი იყო. მისი თქმით, რუსეთისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება მსგავსი სტრატეგიების განხილვა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ხელმძღვანელობასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
ალექსეევის მოსაზრება სიურპრიზი არავისთვის იქნებოდა. მოსალოდნელია, რომ რუსეთი, რომელიც სულ უფრო მეტად მონაწილეობს აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ცხოვრებაში, ამ დოკუმენტის ამუშავების მთავარი დაბრკოლება იქნება.
ამ დოკუმენტის წინააღმდეგ უკვე მუშაობს მისი სათაურიც - სტრატეგია "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". საქმე ისაა, რომ არც აფხაზეთი და არც სამხრეთი ოსეთი საკუთარ თავს "ოკუპირებულებად" არ მიიჩნევენ და ამდენად ამ სათაურის მქონე სტრატეგიაზე მსჯელობას პრინციპულად ეწინააღმდეგებიან.
"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" სტრატეგიის დაბრკოლებად შეიძლება იქცეს თავად ქართული კანონმდებლობაც. კერძოდ კი, კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის ოქტომბერში მიიღო, რამაც მნიშვნელოვნად გაართულა ოსეთისა და აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილება და იქ ნებისმიერი აქტივობის განხორციელება. მაგალითად, ამ ქართული კანონის თანახმად, თბილისიდან სპეციალური ნებართვის გარეშე, აფხაზეთში ბიზნესის დაწყება აკრძალულია. ხოლო, აფხაზური კანონმდებლობის თანახმად, თბილისიდან ნებართვის ააღებაა აკრძალული.
მას შემდეგ, რაც მინისტრთა კაბინეტმა სტრატეგია დაამტკიცა, იაკობაშვილის აპარატი უკვე სამოქმედო გეგმაზე მუშაობას დაიწყებს, რომელიც ივნისისთვის უნდა მომზადდეს.
"მოქმედების გეგმას ორი მხარე აქვს. პირველი - ის, რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენ, იმ ადამიანების მონაწილეობის გარეშე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ეს არის გარკვეული იურიდიული საკითხები - მაგალითად, რა უნდა ვუყოთ დოკუმენტებს, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოიცემა. მეორე - ეს უკვე კონკრეტული ორმხრივი პროექტებია, რომლებსაც ერთობლივად განახორციელებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და დანარჩენ საქართველოში მცხოვრები ადამიანები", - ამბობს იაკობაშვილი.
პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც კონფლიქტებთან მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსია, ამ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში თავადაც იყო ჩართული. იგი ამბობს, რომ "ამ ტიპის დოკუმენტები ხელს უწყობს მოლაპარაკებებს".
"მხარე ამ დროს, კარგი გაგებით, თავისივე განცხადების, სტრატეგიის მძევალი ხდება, რომელსაც ვერ გადაუხვევს. ასეთი დოკუმენტი ომამდე რომ შემდგარიყო, მასში არ იქნებოდა "ოკუპირებული ტერიტორიები" და, რა თქმა უნდა, მას სხვა შედეგი ექნებოდა".
კომენტარები
ქართველი (შეუმოწმებელი), მარტი 3, 2010, 23:30:35
ახალი კომენტარის გამოქვეყნება