Skip to content

ავტორიზაცია

რუსეთი ჩიხია


რუსეთთან დიალოგი პოპულიზმია, ისევე როგორც დაპირება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება.
 თათია ნადარეიშვილი, წიგნის სახელოსნო

"მე დილიდან ვილოცე ეკლესიაში ჩვენი შეხვედრის კეთილი დასასრულისთვის......  პირდაპირ გეტყვით, მე ჩამოვედი, რომ თქვენი მეგობარი გავხდე... ჩემთან შეიძლება მოლაპარაკება. მე არასოდეს ვუღალატებ საქართველოს ინტერესებს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ რუსეთის არც ერთი ინტერესი არ დარჩეს გაუთვალისწინებელი", - ეს სიტყვები 2004 წლის 11 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმირ პუტინს უთხრა, როცა მას კრემლში პირველად შეხვდა.

მეორე დღეს გაზეთ "კომერსანტის" კორესპონდენტი წერდა: "ყველასათვის მოულოდნელად, პუტინმა მას სრულიად გულწრფელად გაუღიმა... მივხვდი, რომ ამ ორმა ადამიანმა ერთმანეთი იპოვა".

ეს მიხეილ სააკაშვილის პირველი  ვიზიტი იყო საქართველოს პრეზიდენტის რანგში. მოსკოვამდე მან "აირზენას" რეგულარული რეისით, ეკონომ-კლასით  იმგზავრა. მაშინ თბილისიდან მოსკოვში დღეში ორი რეისი დაფრინავდა.

მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

"ამ სააკაშვილს ერთი ადგილით დავკიდებ", - უთხრა პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 2008 წლის 12 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო საქართველოში ხელისუფლების ჩამოგდება.

დღეს რუსეთი და საქართველო  მტრები არიან. ორ ქვეყანას შორის ჩაკეტილია ყველა საჰაერო და სახმელეთო საზღვარი. აგვისტოს ომის შემდეგ  გაწყვეტილია დიპლომატიური და სხვა სახის ურთიერთობები. რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. თბილისიდან 25 კილომეტრში რუსი ჯარისკაცები დგანან, 400 კილომეტრში კი რუსული სამხედრო ბაზა შენდება. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საქართველოს პრეზიდენტის გასამართლებას ითხოვს და მას პერსონა ნონ გრატად აცხადებს.

თბილისისა და მოსკოვის ფორმალური დიალოგი მხოლოდ ჟენევაში მიმდინარეობს - ერთდროულად ევროკავშირის, ეუთო-ს და გაერო-ს მეთვალყურეობით.

ვიდრე არ იქნება მკაფიო ნიშნები იმისა, რომ რუსეთი მზად არის, დეოკუპაციის პროცესი დაიწყოს,  თბილისს მოსკოვთან პირისპირ ურთიერთობა არ სურს. ასეთია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. რუსეთის ხელისუფლება, რომელსაც სააკაშვილთან სალაპარაკო არაფერი აქვს, ამბობს, რომ "ძვირფასი ქართველი ხალხი დამნაშავე რეჟიმის ხელში აღმოჩნდა".

კონკრეტული პერსპექტივა, რომ უახლოეს მომავალში მხარეებმა რაიმე საკითხის გარშემო შეიძლება საერთო ენა გამონახონ, არ ჩანს.

ბრიტანელმა ჟურნალისტმა, რომელიც აგვისტოს ომიდან ცხრა თვის შემდეგ თბილისში ქართულ-რუსულ ურთიერთობებს იკვლევდა, მითხრა: "ხელისუფლების ოპონენტები სულ იმას მეუბნებიან, რომ აუცილებელია, საქართველომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა აღადგინოს. როცა ვეკითხები, როგორ, ხელებს ასავსავებენ".

ომიდან 18 თვე გავიდა, თუმცა კითხვას, რომელიც ბრიტანელმა ჟურნალისტმა მაშინ დასვა, დღესაც ჟესტიკულაციით პასუხობენ. რუსეთთან ურთიერთობების აუცილებლობაზე მუდმივი აპელირება ძალიან ემსგავსება 90-იანი წლების ლოზუნგს - "გახსოვდეთ აფხაზეთი!", რომლის უკან  კონკრეტული არაფერი იდგა.

მეტიც, ის ფაქტი, რომ რუსული ჯარები კვლავ თბილისთან დგანან, კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსკოვთან ურთიერთობის აწყობა. ამ კითხვაზე პასუხი არც ხელისუფლებას აქვს, რომელიც ვალდებულია ჰქონდეს პასუხი, და არც ოპოზიციას, რომელიც ამ პასუხის უქონლობის გამო მთავრობას აკრიტიკებს.

ილიას უნივერსიტეტში საჯარო ლექციის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიგა ბოკერიას ერთმა სტუდენტმა ჰკითხა: "ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში და იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ კრემლის პრინციპული პოზიციაა, არ ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას, როგორ უნდა დავიწყოთ დიალოგი რუსეთთან?" ვიდრე ამ დიალოგის არაპერსპექტიულობაზე ვრცლად უპასუხებდა, ბოკერიამ მას კითხვა შეუბრუნა: "შემთხვევით, თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე ვარიანტი?"

"ეს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობას ვერ აღადგენს, რადგან იმ ადამიანს [სააკაშვილს], რომელმაც ეს ომი დაიწყო, არა აქვს რესურსი, რუსეთს ელაპარაკოს", - ეს ნინო ბურჯანაძის პასუხია იმავე კითხვაზე.

"პოლიტიკური დიალოგი მხოლოდ შუამავლების მეშვეობითაა შესაძლებელი. ეს შეიძლება იყოს ევროპული ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვს. პირველი პირების შეხვედრა დღეს გამორიცხულია", - ამბობს ოპოზიციური ალიანსის ლიდერი ირაკლი ალასანია.

ვიდრე არც ხელისუფლებამ და არც მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა არ იციან, როგორ მიაღწიონ წარმატებას რუსეთთან საუბრისას, იქნებ საერთოდ არ ღირდეს ამ საუბრის დაწყება?

შესაძლოა, რომ ეს სწორედ ის იშვიათი შემთხვევაა, როცა დიალოგისა და ურთიერთობების აწყობის ნებისმიერი მცდელობა ახალ საფრთხეებს აჩენს.

ამის მაგალითი პუტინთან ზურაბ ნოღაიდელის შეხვედრაა, რომელმაც ის კი არ აჩვენა, რომ რუსეთთან დიალოგი შესაძლებელია, პირიქით, დაადასტურა, რომ მოსკოვი ხელიდან არ უშვებს შანსს, საქართველოს ყველა პირადი ტრაგედია სათავისოდ გამოიყენოს.

საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც რეალურად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, კრემლთან დიალოგი დღეს არ სურს. თუ სააკაშვილს ოდესმე ჰქონდა ამ ურთიერთობების დალაგების შესაძლებლობა, მან იგი საბოლოოდ დაკარგა.

ოპოზიციას კი ან მართლა სჯერა საკუთარი წარმატების, ან ამომრჩევლებს უქმნის ამის ილუზიას.

2008 წლის 26 აგვისტო, როდესაც კრემლმა აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მკაფიო პასუხი იყო იმ მოსაზრებაზე, რომ, დათმობების სანაცვლოდ, რუსეთმა შეიძლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელი არ შეუშალოს.

კრემლში, მინიმუმ უახლოესი ათწლეულის განმავლობაში დარჩება ხელისუფლება, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ გააუქმებს და დეოკუპაციის პროცესს არ დაიწყებს.

26 აგვისტოს გადაწყვეტილებით, კრემლმა რამდენიმე წლით ადრე განსაზღვრა თბილისთან ყველა შესაძლო დიალოგის ტონი. საქართველოს ნებისმიერ მომდევნო პრეზიდენტს რუსეთთან ურთიერთობისას ამ რეალობისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევს.

მანევრირებისთვის საქართველოს ძალზე შეზღუდული არეალი აქვს.

თუ ოფიციალური თბილისი მოსკოვს დიალოგზე დათანხმდება, კრემლის მიერ ეს კაპიტულაციად და იმ რეალობებსა და საზღვრებთან შეგუებად იქნება აღქმული, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში თვითონვე დააწესა.

რუსეთის იგნორირება და დიალოგზე უარის თქმაც ირიბად იმის აღიარებაა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დეოკუპაციაზე ლაპარაკს დღეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს.

აგვისტოს ომმა ცხადყო, რომ საქართველოს ტერიტორიულ კონფლიქტებში რუსეთი მხარეა. თუმცა, ამავე დროს, ამ ომმა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ბედიც დიდი ხნით განსაზღვრა.

აღარც იმის ილუზია არსებობს, რომ აშშ ან ევროპა იმაზე მეტს გააკეთებენ საქართველოს ინტერესების დასაცავად, რაც აქამდე გააკეთეს.

საქართველო აგვისტოს ომში რუსეთთან დამარცხდა, ისევე - როგორც ფინეთი 1940 წელს საბჭოთა კავშირთან. "ზამთრის ომში" ფინეთმა 26 ათასი ადამიანი და საკუთარი ტერიტორიების 11 პროცენტი დაკარგა. თითქმის ნახევარი მილიონი დევნილად იქცა. ამის სანაცვლოდ, ფინეთი გასაბჭოებას გადაურჩა და დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. დღეს ფინეთის და რუსეთის განვითარების დონის შედარება ისეთივე აბსურდულია, როგორც ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული მასშტაბების.

შესაძლოა, საქართველოს და ფინეთის ისტორიაში განსხვავება მეტია, ვიდრე საერთო. თუმცა, ეს კლასიკური მაგალითი კარგად აჩვენებს, თუ რა არჩევანის წინაშე შეიძლება დადგეს რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყანა, რომელსაც დამოუკიდებლობა უნდა.

საქართველო ამ არჩევანის წინაშე ჯერ არ დამდგარა. ცალკე აღებული არც აფხაზეთი და არც სამხრეთი ოსეთი კრემლისთვის თვითმყოფად ღირებულებას არ წარმოადგენს. ეს ტერიტორიები მხოლოდ ინსტრუმენტებია საქართველოზე ზემოქმედებისთვის, რომლებსაც უკვე 20 წელია, წარმატებით იყენებს.

ამ ხნის მანძილზე ორივე მხარემ საკმარისად "იზრუნა" ერთმანეთთან ურთიერთობების გასაფუჭებლად. საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ არათუ ვერ შეძლო რუსეთის ხელში ამ ინსტრუმენტების განეიტრალება, არამედ პირიქით, უფრო გააძლიერა ისინი. 2008 წლის ომი ამის ერთ-ერთი მაგალითია.

დღეს საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა რუსეთთან ურთიერთობების დალაგება კი არ არის, არამედ ის, თუ როგორ დაიყვანოს მინიმუმამდე მისი საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტები.

არც ერთ ქართველ პოლიტიკოსს არ ეყოფა გამბედაობა, საკუთარ ამომრჩეველს პირდაპირ უთხრას, რომ ამ ეტაპზე ყველაზე პრაგმატულია, განვითარებაზე აფხაზეთის და ოსეთის გარეშე ვიფიქროთ. არადა, თუ საქართველო კონფლიქტებთან მიმართებაში ახალ მიდგომას არ მოძებნის, უფრო მეტს დაკარგავს, ვიდრე ტერიტორიებია.

კომენტარები

ქეთევანი (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 15:56:00

,,არც ერთ ქართველ პოლიტიკოსს არ ეყოფა გამბედაობა, საკუთარ ამომრჩეველს პირდაპირ უთხრას, რომ ამ ეტაპზე ყველაზე პრაგმატულია, განვითარებაზე აფხაზეთის და ოსეთის გარეშე ვიფიქროთ." ეს იდიოტიზმი, კონფორმიზმი და მოღალატეობრივი პოზიციაა და საუბედუროდ ბევრს ყოფნის გამბედაობა ზუსტად ასე იფიქროს, ზოგიც ასე დაუფარავად, ზოგიც შენიღბულად! ასეთი ნაძირლები ბევრი ჰყავს საქართველოს!

სტუმარი (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 18:00:31

qetevan, xox!!!! :))))))))))))))))))))))))

სტუმარი (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 19:04:06

ukacravad magram ikneb uketesi gza shemogvtavazot kalbatono keteva? mitsa mitsaa da meti araferi. xalxi romlistvisac eg mitsa unda gvindodes didi xania chven kontrolirebad teritoriaze. mitsa mitsistvis? jobs am shemtxvevashi daignoreba. saerod agar unda axsenon kartvelma politikosebma eg teritoriebi. cota xans unda mivagdot. rusebs es daabnevs, amasobashi osebic da afxazebic mixvdebian rom magrad gaisharnen da chvenc shevdzlebt ufro stsrafi tempebit ganvitarebas. samshoblo mitsa ar aris. samshoblo gulshia da gonebashi.

Guram Shamanidi (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 19:35:34

აუფ, სულ ახალ-ახალი ამბები არ გაგვაგებინა ქალბატონმა სოფომ?! ნეტავ, სად მოიძია ეს ექსკლუზიური ინფორმაცია? მადლობა ღმერთს, ”აი თითი”-ს ხელახლად შესწავლა არ შემოგვთავაზა!

vika (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 20:04:10

ra ucnauri xalxi var mainc?!:))) adamianma gamoxata tavisi azri,romelsac me absoluturad vetanxmebi,tumca aranairi mnishvneloba ar akvs amas;jer iyo da kalbatonma ketevanma galanzga,albat ,imitom rom sakartvelo misnaerad aravis yrvars:)))),mere batonma guramma dascina,albat imitom rom yvelaze chkviania da sxvisi azri ar ainteresebs:))))) vai ra cud dgeshi vart!!! ra teritoriebs vchivit!!!

Guga (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 21:01:36

Guram Shamanidi (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 19:35:34 ბატონო გურამ, ვერ გავიგე რისი თქმა გსურთ? საკუთარი აზრის უფრო ნათლად გამოხატვა ვერ ისწავლეთ? ფეისბუკზეც ვაკვირდები თქვენს აბდა-უბდას. აბა, გისმენთ, თქვენ რა ექსკლუზივი გაქვთ ამ საკითხზე. და საერთოდ თქვენს შემოქმედებაში რა ექსკლუზივები ყოფილა, მოყევით. იუმორიც არ გივარგათ. რაც შეეხება სტატიას, მართლა ექსკლუზივია! ლიბერალი რულზ!!!

malxazi (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 21:04:13

Guram Shamanidi - რა გიკვირთ, ვერ ხედავთ, აი ზემოთა კომენტარის ავტორის, ქეთევანისა და მისთანებისათვის ახალი და წარმოუდგენელი ამბავი ყოფილა ქალბატონი სოფოს ნათქვამი. მე ამავე სტატიის ამავე აბზაციდან ერთს გამოვყოფდი ” ბევრს არ ყოფნის ამის აღიარების გამბედაობაო,” დავამატებდი : გამწარებულები გულზე მჯიღს იცემენ, ოღონდ კაცმა არ იცის რისი იმედით-მეთქი და რატომღაც ქეთევანს და მისნაირი პათოსის ადამიანებს ასეთების ჯგუფში გავიყვანდი.

მიშა (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 21:20:27

Guram Shamanidi გურამ თქვენ გირჩევნიათ მხედრიონის წარსული გაიხსენოთ და თქვენს შავ საქმეებს ფარდა ახადოთ, გრცხვენოდეთ და ხმას ნუ იღებთ

Nana (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 21:39:57

Guram Shamanidi (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 19:35:34 თქვენნაირების გამო დავკარგეთ აფხაზეთი თავის დროზე. ხმა აღარ ამოიღოთ აფხაზეთზე!!! თქვენ აღარავინ გეკითხებათ! ახალგაზრდებმა უნდა გადაწყვიტონ როგორ იმოქმედონ. თქვენ ჩუმად იყავით!

Leila (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 23:55:10

rac Sofom dacera ar axalia da eqskluzivis pretenziebi avtors ara mgonia hqonoda,magram aseti sheucknarebloba ertmanetis azris mimart - esec qartuli bunebidan gamomdinarea da amitomac viqnebit chixshi kidev did xans.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.