• მთავარი
  • სტატიები
  • ბლოგები
  • საავტორო სვეტები
Subscribe
  • გამოწერა
  • არქივი
  • მოგვწერეთ

რუსეთი ჩიხია

რუსეთთან დიალოგი პოპულიზმია, ისევე როგორც დაპირება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება.
 თათია ნადარეიშვილი, წიგნის სახელოსნო

"მე დილიდან ვილოცე ეკლესიაში ჩვენი შეხვედრის კეთილი დასასრულისთვის......  პირდაპირ გეტყვით, მე ჩამოვედი, რომ თქვენი მეგობარი გავხდე... ჩემთან შეიძლება მოლაპარაკება. მე არასოდეს ვუღალატებ საქართველოს ინტერესებს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ რუსეთის არც ერთი ინტერესი არ დარჩეს გაუთვალისწინებელი", - ეს სიტყვები 2004 წლის 11 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმირ პუტინს უთხრა, როცა მას კრემლში პირველად შეხვდა.

მეორე დღეს გაზეთ "კომერსანტის" კორესპონდენტი წერდა: "ყველასათვის მოულოდნელად, პუტინმა მას სრულიად გულწრფელად გაუღიმა... მივხვდი, რომ ამ ორმა ადამიანმა ერთმანეთი იპოვა".

ეს მიხეილ სააკაშვილის პირველი  ვიზიტი იყო საქართველოს პრეზიდენტის რანგში. მოსკოვამდე მან "აირზენას" რეგულარული რეისით, ეკონომ-კლასით  იმგზავრა. მაშინ თბილისიდან მოსკოვში დღეში ორი რეისი დაფრინავდა.

მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

"ამ სააკაშვილს ერთი ადგილით დავკიდებ", - უთხრა პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 2008 წლის 12 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო საქართველოში ხელისუფლების ჩამოგდება.

დღეს რუსეთი და საქართველო  მტრები არიან. ორ ქვეყანას შორის ჩაკეტილია ყველა საჰაერო და სახმელეთო საზღვარი. აგვისტოს ომის შემდეგ  გაწყვეტილია დიპლომატიური და სხვა სახის ურთიერთობები. რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. თბილისიდან 25 კილომეტრში რუსი ჯარისკაცები დგანან, 400 კილომეტრში კი რუსული სამხედრო ბაზა შენდება. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საქართველოს პრეზიდენტის გასამართლებას ითხოვს და მას პერსონა ნონ გრატად აცხადებს.

თბილისისა და მოსკოვის ფორმალური დიალოგი მხოლოდ ჟენევაში მიმდინარეობს - ერთდროულად ევროკავშირის, ეუთო-ს და გაერო-ს მეთვალყურეობით.

ვიდრე არ იქნება მკაფიო ნიშნები იმისა, რომ რუსეთი მზად არის, დეოკუპაციის პროცესი დაიწყოს,  თბილისს მოსკოვთან პირისპირ ურთიერთობა არ სურს. ასეთია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. რუსეთის ხელისუფლება, რომელსაც სააკაშვილთან სალაპარაკო არაფერი აქვს, ამბობს, რომ "ძვირფასი ქართველი ხალხი დამნაშავე რეჟიმის ხელში აღმოჩნდა".

კონკრეტული პერსპექტივა, რომ უახლოეს მომავალში მხარეებმა რაიმე საკითხის გარშემო შეიძლება საერთო ენა გამონახონ, არ ჩანს.

ბრიტანელმა ჟურნალისტმა, რომელიც აგვისტოს ომიდან ცხრა თვის შემდეგ თბილისში ქართულ-რუსულ ურთიერთობებს იკვლევდა, მითხრა: "ხელისუფლების ოპონენტები სულ იმას მეუბნებიან, რომ აუცილებელია, საქართველომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა აღადგინოს. როცა ვეკითხები, როგორ, ხელებს ასავსავებენ".

ომიდან 18 თვე გავიდა, თუმცა კითხვას, რომელიც ბრიტანელმა ჟურნალისტმა მაშინ დასვა, დღესაც ჟესტიკულაციით პასუხობენ. რუსეთთან ურთიერთობების აუცილებლობაზე მუდმივი აპელირება ძალიან ემსგავსება 90-იანი წლების ლოზუნგს - "გახსოვდეთ აფხაზეთი!", რომლის უკან  კონკრეტული არაფერი იდგა.

მეტიც, ის ფაქტი, რომ რუსული ჯარები კვლავ თბილისთან დგანან, კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსკოვთან ურთიერთობის აწყობა. ამ კითხვაზე პასუხი არც ხელისუფლებას აქვს, რომელიც ვალდებულია ჰქონდეს პასუხი, და არც ოპოზიციას, რომელიც ამ პასუხის უქონლობის გამო მთავრობას აკრიტიკებს.

ილიას უნივერსიტეტში საჯარო ლექციის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიგა ბოკერიას ერთმა სტუდენტმა ჰკითხა: "ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში და იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ კრემლის პრინციპული პოზიციაა, არ ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას, როგორ უნდა დავიწყოთ დიალოგი რუსეთთან?" ვიდრე ამ დიალოგის არაპერსპექტიულობაზე ვრცლად უპასუხებდა, ბოკერიამ მას კითხვა შეუბრუნა: "შემთხვევით, თქვენ ხომ არ გაქვთ რაიმე ვარიანტი?"

"ეს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობას ვერ აღადგენს, რადგან იმ ადამიანს [სააკაშვილს], რომელმაც ეს ომი დაიწყო, არა აქვს რესურსი, რუსეთს ელაპარაკოს", - ეს ნინო ბურჯანაძის პასუხია იმავე კითხვაზე.

"პოლიტიკური დიალოგი მხოლოდ შუამავლების მეშვეობითაა შესაძლებელი. ეს შეიძლება იყოს ევროპული ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვს. პირველი პირების შეხვედრა დღეს გამორიცხულია", - ამბობს ოპოზიციური ალიანსის ლიდერი ირაკლი ალასანია.

ვიდრე არც ხელისუფლებამ და არც მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა არ იციან, როგორ მიაღწიონ წარმატებას რუსეთთან საუბრისას, იქნებ საერთოდ არ ღირდეს ამ საუბრის დაწყება?

შესაძლოა, რომ ეს სწორედ ის იშვიათი შემთხვევაა, როცა დიალოგისა და ურთიერთობების აწყობის ნებისმიერი მცდელობა ახალ საფრთხეებს აჩენს.

ამის მაგალითი პუტინთან ზურაბ ნოღაიდელის შეხვედრაა, რომელმაც ის კი არ აჩვენა, რომ რუსეთთან დიალოგი შესაძლებელია, პირიქით, დაადასტურა, რომ მოსკოვი ხელიდან არ უშვებს შანსს, საქართველოს ყველა პირადი ტრაგედია სათავისოდ გამოიყენოს.

საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც რეალურად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, კრემლთან დიალოგი დღეს არ სურს. თუ სააკაშვილს ოდესმე ჰქონდა ამ ურთიერთობების დალაგების შესაძლებლობა, მან იგი საბოლოოდ დაკარგა.

ოპოზიციას კი ან მართლა სჯერა საკუთარი წარმატების, ან ამომრჩევლებს უქმნის ამის ილუზიას.

2008 წლის 26 აგვისტო, როდესაც კრემლმა აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მკაფიო პასუხი იყო იმ მოსაზრებაზე, რომ, დათმობების სანაცვლოდ, რუსეთმა შეიძლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელი არ შეუშალოს.

კრემლში, მინიმუმ უახლოესი ათწლეულის განმავლობაში დარჩება ხელისუფლება, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ გააუქმებს და დეოკუპაციის პროცესს არ დაიწყებს.

26 აგვისტოს გადაწყვეტილებით, კრემლმა რამდენიმე წლით ადრე განსაზღვრა თბილისთან ყველა შესაძლო დიალოგის ტონი. საქართველოს ნებისმიერ მომდევნო პრეზიდენტს რუსეთთან ურთიერთობისას ამ რეალობისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევს.

მანევრირებისთვის საქართველოს ძალზე შეზღუდული არეალი აქვს.

თუ ოფიციალური თბილისი მოსკოვს დიალოგზე დათანხმდება, კრემლის მიერ ეს კაპიტულაციად და იმ რეალობებსა და საზღვრებთან შეგუებად იქნება აღქმული, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში თვითონვე დააწესა.

რუსეთის იგნორირება და დიალოგზე უარის თქმაც ირიბად იმის აღიარებაა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დეოკუპაციაზე ლაპარაკს დღეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს.

აგვისტოს ომმა ცხადყო, რომ საქართველოს ტერიტორიულ კონფლიქტებში რუსეთი მხარეა. თუმცა, ამავე დროს, ამ ომმა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ბედიც დიდი ხნით განსაზღვრა.

აღარც იმის ილუზია არსებობს, რომ აშშ ან ევროპა იმაზე მეტს გააკეთებენ საქართველოს ინტერესების დასაცავად, რაც აქამდე გააკეთეს.

საქართველო აგვისტოს ომში რუსეთთან დამარცხდა, ისევე - როგორც ფინეთი 1940 წელს საბჭოთა კავშირთან. "ზამთრის ომში" ფინეთმა 26 ათასი ადამიანი და საკუთარი ტერიტორიების 11 პროცენტი დაკარგა. თითქმის ნახევარი მილიონი დევნილად იქცა. ამის სანაცვლოდ, ფინეთი გასაბჭოებას გადაურჩა და დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. დღეს ფინეთის და რუსეთის განვითარების დონის შედარება ისეთივე აბსურდულია, როგორც ამ ორი ქვეყნის ტერიტორიული მასშტაბების.

შესაძლოა, საქართველოს და ფინეთის ისტორიაში განსხვავება მეტია, ვიდრე საერთო. თუმცა, ეს კლასიკური მაგალითი კარგად აჩვენებს, თუ რა არჩევანის წინაშე შეიძლება დადგეს რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყანა, რომელსაც დამოუკიდებლობა უნდა.

საქართველო ამ არჩევანის წინაშე ჯერ არ დამდგარა. ცალკე აღებული არც აფხაზეთი და არც სამხრეთი ოსეთი კრემლისთვის თვითმყოფად ღირებულებას არ წარმოადგენს. ეს ტერიტორიები მხოლოდ ინსტრუმენტებია საქართველოზე ზემოქმედებისთვის, რომლებსაც უკვე 20 წელია, წარმატებით იყენებს.

ამ ხნის მანძილზე ორივე მხარემ საკმარისად "იზრუნა" ერთმანეთთან ურთიერთობების გასაფუჭებლად. საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ არათუ ვერ შეძლო რუსეთის ხელში ამ ინსტრუმენტების განეიტრალება, არამედ პირიქით, უფრო გააძლიერა ისინი. 2008 წლის ომი ამის ერთ-ერთი მაგალითია.

დღეს საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა რუსეთთან ურთიერთობების დალაგება კი არ არის, არამედ ის, თუ როგორ დაიყვანოს მინიმუმამდე მისი საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტები.

არც ერთ ქართველ პოლიტიკოსს არ ეყოფა გამბედაობა, საკუთარ ამომრჩეველს პირდაპირ უთხრას, რომ ამ ეტაპზე ყველაზე პრაგმატულია, განვითარებაზე აფხაზეთის და ოსეთის გარეშე ვიფიქროთ. არადა, თუ საქართველო კონფლიქტებთან მიმართებაში ახალ მიდგომას არ მოძებნის, უფრო მეტს დაკარგავს, ვიდრე ტერიტორიებია.

apxazeti da cxinvali dakargulia (kvelaze karg shemtxvevashi didi xnit)! exla sakitxavia: mati dabrunebis iluziit danarchen saqarvelosac mivakolebt zed da davbrundebit carsulshi tu avashenebt chesmaritad tavusupal sazogadoebas da qvekanas, rata odesgac es teritoriebic davibrunot!
"არც ერთ ქართველ პოლიტიკოსს არ ეყოფა გამბედაობა, საკუთარ ამომრჩეველს პირდაპირ უთხრას, რომ ამ ეტაპზე ყველაზე პრაგმატულია, განვითარებაზე აფხაზეთის და ოსეთის გარეშე ვიფიქროთ." --- ავტორის ეს მოსაზრება მტკივნეულია ყველასთვის, ვისაც სამშობლო უყვარს, მაგრამ რას ვიზამთ რომ სიმართლეა! მე ვეთანხმები სოფოს, და საერთოდაც ჯერ კიდევ ომამდე ვფიქრობდი ასე, რომ ჩვენ განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ და განვვითარდეთ სამწუხაროდ აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე. მე ვფიქრობ, როცა დანარჩენ საქართველოს უფრო მეტი ექნება რეალურად შესათავაზებელი აფხაზი და ოსი ხალხისათვის, თუნდაც სოციალური კეთილდღეობის თვალსაზრისით, მერე უფრო მეტი შანსი გვაქვს ამ ხალხის ჩვენსკენ შემობრუნების. გასაგებია, რომ ეს მიწა ჩვენია, საქართველოსია, მაგრამ ისიც რეალობაა, რომ ამ მიწაზე ქართველებისადმი ძალიან მტრულად განწყობილი ადამიანები ცხოვრობენ. ჩვენ უფრო მეტად ამ ხალხის ჩვენსკენ შემობრუნებაზე უნდა ვიმუშაოთ, ყველამ ერთად მთავრობამაც, ოპოზიციამაც და საზოგადოებამაც.
სოფო! მომეწოა სტატია. რასაც წერ სწორად წერ.
”არ ახალი” რა არის?
xalxno ar gagigiat chkviani qartvelis natqvami chven is eri vart romelic , arc moshendeba da arc gadashendebao..... etyoba mets ar vimsaxurebt. da madloba gmerts rom ar gadavshendebit, esec imedia.... nu dachamt ertmanets
მოდი ერთხელ მაინც ნუ დავერევით ერთმანეთს და კომენტარის კომენტარებს კი არა საკუთარი აზრის და შეხედულების გამოხატვა ვცადოთ... ეს უფრო საინტერესო იქნება!
Didi madloba, rogorc ikna adekvaturi statia, Zogjer iseti shtabechdileba makvs rom kartvelebs martla honiat rom gamocvlian Saakashvilis da kvela problema avtomatiurad mogvardeba.
jer deokupacia. mere reparaciebi, rac romanovebis rusetma, ruset-moskovis pravoslavni-martlmadideblurma psevdoeklesiam, komunisturi da postkomunisturi bandebisgan davzraldt is agvinazgauron. vidre saqartveloshi ar iqneba iseti azrovneba da damokidebuleba rusetis mimart cven koveltvis cagebulebi viqnebit.
ვერაფერი გავიგე რას დაობთ კომენტარის ავტორები ? სტატია დიდი მართლაც არაფერი! ამხელა გვერდი და მხოლოდ ორ სიტყვაში ჩასატევი აზრი: დიალოგი არ არის და ნურც ველით. და ამის შემდეგ ავტორის აზრი: მოდით საქართველოს განვითარებაზე დროებით ვიფიქროთ აფზაზეთის და ოსეთის გარეშე. ნეტა როდის მიეჩვევა ქართველი ჟურნალისტები სტატიებში თავიანთი აზრები ნაკლებად გამოხატონ.
"არც ერთ ქართველ პოლიტიკოსს არ ეყოფა გამბედაობა, საკუთარ ამომრჩეველს პირდაპირ უთხრას, რომ ამ ეტაპზე ყველაზე პრაგმატულია, განვითარებაზე აფხაზეთის და ოსეთის გარეშე ვიფიქროთ." amas mec vetanxmebi simartlea. yvela spekulirebs teritoriebis temit da simartles is "miukerdzoebeli" expertebic ki ar amboben,romlebic yvelas chkuas gvaswavlian. "მე ვფიქრობ, როცა დანარჩენ საქართველოს უფრო მეტი ექნება რეალურად შესათავაზებელი აფხაზი და ოსი ხალხისათვის, თუნდაც სოციალური კეთილდღეობის თვალსაზრისით, მერე უფრო მეტი შანსი გვაქვს ამ ხალხის ჩვენსკენ შემობრუნების." rac sheexeba amas ar vetanxmebi. ise gamodis titkos martla osma da afxazma "xalxma" ar isurva chventan cxovreba. mag "xaxlebs" arc imdeni ganatlebaa akvt da arc imdeni erovnuli tvitshegneba rom vinmes gareshe,damoukideblad gadawyviton sakutari bedi rusebmac ician da kartvelebmac vicit ganvitarebis ra doneze dganan magram arc amas ambobs vinme. isini ubralod marionetebi arian rusetis xelshi da es memgoni natelia. ertxel da samudamod unda gaviazrot rom miuxedavad chveni cudi tvisebebisa chven rogorc eri am or "xalxze" magla vdgavart da metni vart. es piradad chemi subiekturi azria.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.


ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.