მერიამ მაჯობა, დამასწრო. წინა წერილში პირობა დავდე, რომ მერიის ჩინოვნიკებზე ადრე დავწერდი ახალ წერილს და მოგითხრობდით, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭო, მაგრამ დამასწრეს და პასუხი მალე გამომიგზავნეს.
ორი სიტყვით შეგახსენებთ საქმის არსს : გასული წლის დეკემბერის დასაწყისში მერიას მივწერეთ, რომ ჩვენი ორგანიზაციის ორი წევრისათვის მიეცა გრძელსახელწოდებიან და გაუმჭვირვალედ მოქმედი საბჭოს სხდომებზე დასწრების უფლება. ორი თვის თავზე გვიპასუხეს, რომ ესაო, ისაო თქვენი დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ ვერაო. იმიტომ, რომ ჩვენი 13 კაციანი საბჭოს სხდომები ერთ ვიწრო დარბაზში იმართება და თქვენს 2 წევრს ვერასდიდებით ვერ დავასწრებთო. გადაპრანჭულად ვამბობ, მაგრამ ღმერთმანი შინაარსი ამგვარი იყო.
ჩვენ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან შესაბამისი მუხლების მითითებით სავსე საპასუხო წერილი დავწერეთ და 10 თებერვალს ვაახლეთ მერიას. საპასუხო წერილში გარდა იმისა, რომ დასაბუთებული გვქონდა საბჭოს სხდომაზე ჩვენი დასწრების შეუზღუდაობა და აუცილებლობა, ასევე მერიას ვწერდით, რომ მზად ვიყავით გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს სხდომები უზრუნველგვეყო შესაბამისი, უფრო ფართო აუდიტორიით და კიდევ ვითხოვდით მოეწერათ ზუსტი ვინაობა საბჭოს წევრების.
და აი, რა მოგვწერა ამ ჯერზე მერიამ: პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს პასუხი წინა ორთვიანი პაუზის ნაცვლად 13 კალენდარულ დღეში მოგვწერეს (ეს უდაოდ მისასალმებელია), შემდეგ მივიღეთ სია თბილისისათვის, განსაკუთრებით კი მისი კულტურული მემკვიდრეობისათვის უმნიშვნელოვანესი საბჭოს წევრებისა (ამ სიაზე ოდნავ ქვემოთ მოგახსენებთ) და რაც მთავარია: თბილისის არქიტექტურის სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა არისი ბოჭოიძემ სიტყვასიტვყით მოგვწერა 27 იანვარს მოწერილი პასუხი. ანუ, ის, რომ სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს სხდომები იმართება ვიწრო დაბრაზში და რომ ჩვენი ორი წევრის ადგილი იქ ფიზიკურად არ არის. სიტყვასიტყვით გამეორებული იყო წინა წერილი.
ამ უაღრესად საინტერესო პასუხის მიღების შემდეგ ბევრი ვიფიქრე, თუ რა ჩანაფიქრი ჰქონდა ბატონ არისი ბოჭოიძეს და ბოლოს დავასკვენი, რომ ის ჩვენს ორგანიზაციას შეძლებისდაგვარად ეხუმრება. ამ "შეძლებისდაგვარი ხუმრობის" მიღმა კი ნათლად ჩანს დროის გაყვანის მცდელობა. მცდელობა იმის, რომ "ტფილისის ჰამქრის" წევრები რაც შეიძლება დიდ ხანს ვერ მოხვდნენ საბჭოს სხდომაზე, არ დაესწრონ იმ მასშტაბური პროექტების განხილვას და დამტკიცებას, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებულად ინტენსიურად მიმდინარეობს. ავი ენები გვარწმუნებენ, რომ მრავალმილიონიან პროექტებს საბჭო დაჩქარებულად და არცთუ იშვიათად კანონდარღვევით ამტკიცებს.
ერთი შეხედვით შეთქმულების მთელი კარკასი ავაგე, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენი მოთხოვნა მარტივია - ჩვენ გვაქვს სრული უფლება დავესწროთ სხდომებს, ვინაიდან მსგავსი სხდომები კანონის მოთხოვნით არის საჯარო, ჩვენ აბსურდული მოტივით გვიზღუდავენ ამ უფლებას, შესაბამისად ჩვენც გვიმტკიცდება ეჭვები, ეჭვები, რომლებიც კონკრეტული ინფორმაციითაა განმტკიცებული.
ახლა ვაპირებთ წესსა და კანონს მივყვეთ და საბჭოზე დასწრების უფლების კატეგორიული მოთხოვნით მივმართოთ უშუალოდ მერს, ბატონ უგულავას. პასუხს დაველოდებით და თუ ისევ "შეძლებისდაგვარი ხუმრობა", ან აბსურდული "ვიწროდ ვართ ვერ დაგატევთ" მივიღეთ პასუხად, მაშინ ისევ წესისა და კანონის მიხედვით სასამართლოს მივაშურებთ.
მანამდე კი ორი სიტყვით მოგახსენებთ იმას, თუ ვინ არის საზოგადოებრივი სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით საბჭოში წარმოდგენილი. როგორც მერიის 23 თებერვლის წერილის დანართიდან ირკვევა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებული სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს ახალი შემადგენლობა თბილისის მერს 15 იანვარს დაუმტკიცებია. 13 კაციან საბჭოში საზოგადოებრივ სექტორს და არასამთავრობო ორგანიზაციებს 3 ადამიანი წარმოადგენს: მარიამ დიდებულიძე, მანუჩარ მახათაძე და გიორგი გოგოლაშვილი. ქალბატონი მარიამი უდაოდ მაღალკვალიფიციური ხელოვნებცოდნეა, მაგრამ იგი წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდს. ეს ფონდი თავის დროზე ედუარდ შევარდნაძის განკარგულებით დაარსდა, ახლა იგი თბილისის მერიის ნაწილობრივ, პირდაპირ დაფინანსებას იღებს და აქტიურადაა ჩართული საქართველოს სხვადასხვა ქალაქის რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტებში, თანაც ამ ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად კი თბილისის მერის მოადგილე ბატონი დავით ნინიძე გახლავთ სწორედ ჩვენთვის საინტერესო საბჭოს თავმჯდომარე. ბატონები მანუჩარ მახათაძე და გიორგი გოგოლაშვილი არიან თბილისის მერიის მიერ დაარსებული ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის წევრები. ბატონი მანუჩარი ამ ფონდის მთავარი არქიტექტორია, სულ ცოტა ხნის წინ კი თბილისის მთავარი არქიტექტორი გახლდათ. ეს ფონდიც ასევე ჩართულია თბილისის რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტებში, მაგალითად კალაუბნის რეაბილიტაციაში, დავით აღმაშენებლის პროსპექტის რეაბილიტაციის პროექტში და სხვა.
დიდად თავს აღარ შეგაწყენთ, უბრალოდ იმას გეტყვით, რომ ჩვენ თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება "ტფილისის ჰამქარი" დღეის აქეთ უფრო გულმოდგინედ და ჯიუტად მოვითხოვთ ჩვენი და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენელთა საბჭოში სრულუფლებიან წევრებად შეყვანას და დაპირებულ წერილსაც წარმოგიდგენთ იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს ჩემს მიერ ათასგზის ნახსენები გაერთიანებული, სამეცნიერო-მეთოდური საბჭო და რა დარღვევები უკავშირდება მის წარსულ საქმიანობას.
კომენტარები
sandro naveriani (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 15:31:24
სტუმარი (შეუმოწმებელი), თებერვალი 25, 2010, 22:37:55
ლევანი (შეუმოწმებელი), თებერვალი 27, 2010, 20:16:27
tiko (შეუმოწმებელი), თებერვალი 27, 2010, 20:56:45
ნესტან თათარაშვილი (შეუმოწმებელი), თებერვალი 27, 2010, 21:09:08
სტუმარი (შეუმოწმებელი), მარტი 1, 2010, 09:52:06
ახალი კომენტარის გამოქვეყნება