Skip to content

ავტორიზაცია

დაბნეული ოპოზიცია


პოლიტიკურ პარტნიორებს შორის გაკეთებული არჩევანი მიანიშნებს, რომ ირაკლი ალასანიასთვის ახლა მთავარი არჩევნებში გამარჯვება კი არ არის, არამედ - არჩევნების შემდეგ მაქსიმალურად დიდი "მესამე საპროტესტო ტალღის" აგორება.
 ლევან ხერხეულიძე

ჭადრაკის სასახლის 700-ადგილიანი დარბაზი დღის 3 საათისთვის მთლიანად შეივსო. სკამებს შორის ფეხზე დასადგომი ადგილიც აღარ დარჩა. დარბაზში ციოდა, ქურთუკი არავის გაუხდია და ალბათ ამიტომაც, სიტუაცია 90-იანი წლების საქართველოს უფრო წააგავდა, ვიდრე 2010 წელს - როცა მთავარი პოლიტიკური შეკრებები რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ფეშენებელური სასტუმროს დარბაზებში იმართება.

ოპოზიციონერი ლიდერების მისვლამდე აუდიტორიას ხალხით სავსე სცენიდან "საზოგადოებრივი დარბაზის" წევრები და აქტივისტები მიმართავდნენ. გამომსვლელთა უმრავლესობა ემოციურად ამტკიცებდა ხელისუფლების შეცვლის გარდაუვალობას. "ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ!" "სააკაშვილის რეჟიმი უნდა დავამარცხოთ!" "ცოტაღა რჩება კოშმარის დასასრულამდე!" - ისმოდა შეძახილები აუდიტორიიდანაც.

შეკრების მთავარი მიზანი ახალი ოპოზიციური ერთობის დემონსტრირება იყო. ზურაბ ნოღაიდელი, ლევან გაჩეჩილაძე, ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი და ირაკლი ალასანია შეთანხმდნენ, რომ 30 მაისის არჩევნებში ერთიანი კანდიდატი ეყოლებათ.

ერთმანეთის კონკურენტები რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური იმიჯის და წარსულის მქონე პოლიტიკოსები არიან. ერთ მხარესაა ლევან გაჩეჩილაძე, რომლის ბრძოლის ველი საკნებით გადაჭედილი თბილისის  ქუჩებია; მეორე მხარეს  კი  ირაკლი ალასანიაა, რომელიც ქართულ ოპოზიციაში ნიუ-იორკის, გაერო-ს შტაბ-ბინის გაპრიალებული დერეფნებიდან მივიდა. განსხვავებით ალასანიასგან, რომელსაც უნდა, რომ ქართულ პოლიტიკაში მაღალი სტანდარტები შემოიტანოს, გაჩეჩილაძისთვის პოლიტიკაში ყოფნა ჰობია.

ლიდერის არჩევის გზა კონსულტაციების შედეგად უნდა გადაწყდეს. არჩევანი ასეთია: პრაიმერი, სოციოლოგიური კვლევა ან პოლიტიკური შეთანხმება. ჭადრაკის სასახლეში სამი პოლიტიკური პარტია და ლევან გაჩეჩილაძე შეკრებილთა წინაშე ახალი შენაძენით, ირაკლი ალასანიათი გამოჩნდნენ. ჭადრაკის სასახლეში ალასანია არა "ალიანსს", არამედ საკუთარ პარტიას წარმოადგენდა.

დარბაზში ამბობდნენ, რომ ალასანია გაბედული პოლიტიკოსია. "ნამდვილი გმირი", - ასე უწოდებდნენ მას. თუმცა, ტაშით დარბაზი სხვა დროს დაინგრა - როცა ტრიბუნასთან ზურაბ ნოღაიდელი გამოჩნდა, ამ გაერთიანების ნამდვილი ავტორი, "ედინაია როსიას" ქართველი პარტნიორი.

"ზურაბ ნოღაიდელს ვგულშემატკივრობ იმიტომ, რომ ჩემი ახლობელია. ჯერ კიდევ "მოქალაქეთა კავშირიდან" ვიცნობ და არა მგონია, რამე ცუდი გააკეთოს. მან შეძლო და ყველას გვერდით დადგა. ეს დასაფასებელია", -  სატელევიზიო კამერების წინ ამბობდა   მსახიობი გურანდა გაბუნია.

ზურაბ ნოღაიდელი არასაპარლამენტო ოპოზიციაში განხეთქილების მთავარი მიზეზი გახდა. ყოფილი პრემიერი გასული წლის შემოდგომიდან სათავეში ჩაუდგა ეგრეთ წოდებული "პრაიმერისტების" არაფორმალურ გაერთიანებას  -  კონსერვატორთა პარტიას (კახა კუკავა, ზვიად ძიძიგური) და ხალხის პარტიას (კობა დავითაშვილი). "ალიანსი საქართველოსთვის", რომელმაც პირველმა დაასახელა თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატები, პრაიმერში მონაწილეობას არ დათანხმდა.

ორივე მხარეს ჰქონდა შიდა ოპოზიციური პრაიმერის სასარგებლო და საწინააღმდეგო მყარი არგუმენტები.  "ალიანსი" მთავარ საფრთხეებს შიდა ოპოზიციური არჩევნების ჩატარების პროცესში ხედავდა და თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ოპოზიციის ლიდერებს შორის წინა-საპრაიმერო კონკურენციას წამგებიან ნაბიჯად თვლიდა. პრაიმერის სანაცვლოდ, "ალიანსი" მათი კანდიდატისთვის მხარდაჭერის მოპოვებას პოლიტიკური შეთანხმების გზით ცდილობდა. არც კონსერვატორებმა,  არც დავითაშვილის პარტიამ და არც ზურაბ ნოღაიდელმა ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ გადაწყვეტილება არ შეცვალეს.

პარალელურად, ზურაბ ნოღაიდელი რამდენჯერმე ჩავიდა რუსეთის დედაქალაქში, პირადად შეხვდა პრემიერ პუტინს და მის პარტიასთან "ედინაია როსიასთან" ხელშეკრულების გაფორმებაც მოასწრო. მისი ამ კონტროვერსიული ნაბიჯების გამო, "პრაიმერისტებთან" ასოცირება "ალიანსისთვის" კიდევ უფრო არასასურველი გახდა. ამიტომაც, ყველა ელოდა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციას არჩევნებში ორი ლიდერი წარმოადგენდა: ერთი - პრაიმერით გამოვლენილი, მეორე კი - ირაკლი ალასანია.

ორ ჯგუფს შორის არსებული, ერთი შეხედვით, მყარი ბალანსი მას შემდეგ დაირღვა, რაც წინასაარჩევნო მზადებაში მონაწილეობაზე თანხმობა აქამდე ბოიკოტის მომხრე ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა.

გაჩეჩილაძე, რომელმაც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თბილისში მიხეილ სააკაშვილს მოუგო, პოტენციურად მერობის ძლიერი კანდიდატია. ბოიკოტის რეჟიმიდან მისმა გამოსვლამ არასაპარლამენტო ოპოზიციის განლაგება შეცვალა.

რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი იხსენებს: "გაჩეჩილაძე ეძებდა მომენტს, სწავლობდა ირაკლი ალასანიას, მასთან მუდმივი ურთიერთობა ჰქონდა და ცდილობდა, პრაქტიკული ულტიმატუმებით დალაპარაკებოდა". სავარაუდოდ, ეს ულტიმატუმი "ალიანსიდან" ალასანიას წამოსვლას გულისხმობდა, რადგან არც პრაიმერში მონაწილეები და არც ლევან გაჩეჩილაძე ზურაბ ნოღაიდელს არ თმობდნენ, "ალიანსი" კი ყოფილ პრემიერთან თანამშრომლობაზე უარს ამბობდა.

დავით ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ ალასანია ლევან გაჩეჩილაძის გავლენის ქვეშ მოექცა და "გაურკვეველ" გუნდში ამიტომაც აღმოჩნდა. "ირაკლი დაეჭვდა საკუთარ ლიდერობაში და პოლიტიკური შეცდომაც დაუშვა", - ამბობს ბერძენიშვილი. "ალიანსის" წევრები არ მალავენ, რომ ალასანია სხვადასხვა ოპოზიციურ ძალასთან შეხვედრებს მათ გარეშე მართავდა. თავად ალასანიამ, ზურაბ ნოღაიდელმა და ლევან გაჩეჩილაძემაც დაადასტურეს, რომ უკვე დიდი ხანია, ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მაღალრეიტინგული ალასანიას გადაბირებას ყველა ცდილობდა.

„მე გადავდგი კეთილი ნების ნაბიჯი ერთიანობისკენ. დარწმუნებული ვარ, ისეთ გზას გამოვძებნით, რაც ყველა პოლიტიკური ძალისთვის მისაღები იქნება, მათ შორის - "ალიანსისთვისაც", - ამბობს ირაკლი ალასანია. ერთიანობის მისაღწევად ის ორმაგ თამაშს თამაშობს. ერთი მხრივ, ჭადრაკის დარბაზის სცენაზე ნოღაიდელთან ერთად გამოდის და მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რითაც "ალიანსს" ემიჯნება, მეორე მხრივ კი, „ლიბერალთან" საუბარში ამბობს: "მე ზურაბ ნოღაიდელის გვერდით არ ვდგავარ, არ ვაპირებ არავისთან ახალ ბლოკში გაერთიანებას, "ალიანსი" არ დაშლილა".

თავად "ალიანსში" დაბნეულობა იგრძნობა. მართალია, ალასანიას აქ ისევ გუნდის წევრად თვლიან, მაგრამ ელოდებიან, რომ პარტნიორი შეცდომას გამოასწორებს. დავით ბერძენიშვილი თვლის, რომ მისი დაბრუნებისთვის კარი ყოველთვის ღიაა. ალასანიას დაბრუნებამდე "ალიანსში" შემდგომი ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობენ, ალასანიას გარეშე პროგნოზები კი პესიმისტურია. "ალიანსს" ალასანიას გარეშე ისეთივე მაღალი რეიტინგი აღარ ექნება. თუ ალასანია მაინც ნოღაიდელის მოკავშირეობას დააპირებს, ვფიქრობ, რომ ისიც წააგებს. საბოლოოდ კი უგულავა გაიმარჯვებს", - ამბობს ბერძენიშვილი.

"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ოპოზიციურ კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, მერობის მსურველებს შორის ირაკლი ალასანია სტაბილურ მეორე ადგილს იკავებდა გიგი უგულავას შემდეგ. არჩევნების მოახლოების მიუხედავად, "ალიანსს" წინასაარჩევნო კამპანია არ დაუწყია. ალასანია, როგორც ლიდერი და მერობის კანდიდატი, თითქმის არსად ჩანდა. სხვაობა პირველ და მეორე ადგილს შორის, კვლევების მიხედვით, არ იცვლებოდა. შესაძლოა, ალასანიამ საკუთარი სტაგნაციის მიზეზად "ალიანსთან" ასოცირება მიიჩნია და უფრო აქტიური პარტნიორების ძიება დაიწყო.

თუმცა, საეჭვოა, ახალი და ძალიან დაგვიანებული გაერთიანება მართლაც თბილისის მერის არჩევნების მოსაგებად იყოს შექმნილი. თუ ახალი პარტნიორებისგან ირაკლი ალასანია დახმარებას წინასაარჩევნო კამპანიის ეფექტურად წარმართვაში ელის, ის ან ძალიან მიამიტია, ან სრულიად გაუთვითცნობიერებელი ქართულ პოლიტიკაში.

ზურაბ ნოღაიდელის წინასაარჩევნო რიტორიკა ბოლო დროს ხმების დაცვის მიზნით გამყალბებლებისთვის "ხელების დამტვრევით" და "პოლიტიკური ნეკროლოგების" შედგენის მუქარითაა გაჯერებული. ლევან გაჩეჩილაძემ კი ჯერ კიდევ იანვარში ახსენა პროტესტის "მესამე ტალღა", რომელიც არჩევნების შემდეგ აგორდება. "მერის არჩევნები იქნება ძალიან დიდი მღელვარების დაწყების საბაბი. სააკაშვილის ნატურა არის ასეთი - არაფერს არ გაძლევს, რაც არ უნდა სამართლიანად მოიპოვო. გამოწერს ისეთ ქაღალდს, რომელიც საქართველოს ინტერესების და ქართველი ამომრჩევლის წინააღმდეგ იმუშავებს. მაგრამ ჩვენი ამომრჩეველი ამას ძალიან ადეკვატურ რეაქციას მისცემს", - ამბობდა მაშინ გაჩეჩილაძე.

იგივე განწყობა აქვთ გაჩეჩილაძის ტრადიციულ მხარდამჭერებს - ორგანიზაცია "ქართული აკადემიის" წევრებს, ცნობილ მსახიობებსა და მწერლებს: "არჩევნების გაყალბების შემდეგ ჩვენ მოვახდენთ პარტიულ ორგანიზებას. ყველას ვაჩვენებთ, რომ შეგვიძლია ჩვენი ხმების დაცვა", - ამბობს აკადემიის წევრი ნუკრი ქანთარია.

"ხელისუფლება ადგილობრივ არჩევნებს გააყალბებს და ამას მთელი მსოფლიო დაინახავს. ამ გაყალბებას ქვეყანაში სერიოზული ჭექა-ქუხილი უნდა მოჰყვეს", -  განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ.

"გაყალბება გამოგონილი მითია, ქაოსის ასატეხად. ხელისუფლება ისედაც დიდი ანგარიშით იგებს, მით უმეტეს, როცა ოპოზიციაში ქაოსია", - ამბობს პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი.

ეგრეთ წოდებული "პრაიმერისტებიდან" არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი, "ალიანსისგან" განსხვავებით, არ მონაწილეობს საარჩევნო სიების კორექციის პროცესში. სიების გადამოწმებით ოპოზიციურ პარტიებს შეეძლოთ ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების შანსები შეემცირებინათ, თუ ეს მათი მიზანი იყო.

თავად ალასანია ყოველგვარ არეულობას გამორიცხავს. გაყალბების შემთხვევაში, ის ამომრჩეველთა ხმების დაცვას სამართლებრივი გზებით და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვით აპირებს.

ოპოზიციის ლიდერებთან დაახლოებული წყარო "ლიბერალთან" საუბარში განმარტავს, რომ ახალ გაერთიანებას ირაკლი ალასანია მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ არჩევნებში უგულავას მაქსიმალურად ძლიერი კანდიდატი დაუპირისპიროს, მცირე სხვაობით წაგების შემდეგ კი "ხმების დაცვის" ლეგიტიმური მოტივი მოიპოვოს და ქუჩის აქციები დაიწყოს. ამავე წყაროს ცნობით, "მესამე ტალღისთვის" საჭირო ფინანსებს ახალ გაერთიანებას ზურაბ ნოღაიდელი და ირაკლი ოქრუაშვილი ჰპირდებიან. არც ერთი მათგანის ამბიცია თბილისის მერის არჩევნების მოგება არ არის.

ჭადრაკის სასახლის შეკრება ერთიანობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო. თუმცა, ოპოზიციის გაერთიანება არ მომხდარა.  გაერთიანების მოწოდებას „ეროვნული ფორუმი" და „საქართველოს გზა" გამოეხმაურნენ. მათ კატეგორიულად გამორიცხეს იმ გაერთიანებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, სადაც ნოღაიდელიც იქნება. დღევანდელი მონაცემებით, ერთ მხარეს დარჩა "ალიანსი", რომელიც არჩევნებში ან მერის კანდიდატის გარეშე გავა, ან ნაჩქარევად და მოუმზადებლად დააყენებს სოზარ სუბარის კანდიდატურას; მეორე მხარეს კი არის პოლიტიკური დაჯგუფება, რომლის არჩევნებში მონაწილეობის მიზანია არა 30 მაისს გამარჯვება, არამედ საპროტესტო აქციებისთვის საჭირო მუხტის კიდევ ერთხელ შექმნა.

კომენტარები

დათო (შეუმოწმებელი), მარტი 1, 2010, 16:23:00

"პოლიტიკურ პარტნიორებს შორის გაკეთებული არჩევანი მიანიშნებს, რომ ირაკლი ალასანიასთვის ახლა მთავარი არჩევნებში გამარჯვება კი არ არის, არამედ - არჩევნების შემდეგ მაქსიმალურად დიდი "მესამე საპროტესტო ტალღის" აგორება" - ეს დასკვნა მხოლოდ ოპოზიციის ლიდერებთან დაახლოებულ ერთ წყაროზე დაყრდნობით არის გაკეთებული?

irakli (შეუმოწმებელი), მარტი 1, 2010, 16:56:45

zogjer jobs sul cota moicado kategoriuli daskvnis gakeTebamde, vidre acqarde da Secde

stumari (შეუმოწმებელი), მარტი 1, 2010, 17:58:15

ეს არის არასწორი ინფორმაცია, რომ ქართული აკადემია გაჩეჩილაძეს უჭერს მხარს. მიადევნეთ ხოლმე პოლიტიკურ გადაცემებს თვალი , ან თავად მათ წევრებს დაეკითხეთ და ისე გაეცით ინფორმაცია. ეკა კვესიტაძესთან იყო ნუკრი ქანთარია და თამრიკო ჩიქოვანთან თემურ ნანეიშვილი და ორივემ ღიად გამოხატა, რომ არიან ირაკლი ალასანიას მხარდამჭერები. ნანეიშვილმა ისეთი რაღაცეები ილაპარაკა ჭადრაკის სასახლიდან - რაც საინტერესო უნდა იყოს ჟურნალისტებისთვით. კერძოდ , მათი მოლოდინით, ეს უნდა ყოფილიყო ირაკლი ალასანიას მხრადამჭერი შეკრება. ამის ნაცვლად, დახვდათ ნოღიადელის ბენეფისი: "დაბრაზი პარტიული აქტივისტებით იყო სავსეო" . გამოვიდა, რომ ძალიან ბევრი იქ მისული ადამიანი და სავარაუდოდ, თავად ალასანიაც ელოდებოდა, რომ პოლიტიკური პარტიები ირაკლი ალასანიასთვის პოლიტიკური მხარდაჭერისთვის შეიკრიბნენ. შეხვედრა კი ისე წარიმართა, როგორც ეს ქართულ სამთავრობო არხებს გაუხარდებოდათ შავი პიარის ასაგორებლად. აი, ამას უნდა იკვლევდეთ ახლა. თქვენ კიდევ შეცდომაში შეგყავთ მკითხველი, თითქოს იმ დარაბზში ვინც იჯდა, ყველა აჯანყებისთვის ემზადებოდა. სინამდვილეში, ბევრი ადამიანი ვინც იმ შეხვედრას ესწრებოდა, თავად ალასანიას ჩათვლით, მოტყუებული აღმოჩნდა. გადაამოწმეთ ხოლმე ინფორმაციები და სტერეოტიპებზე ნუ ააწყობთ სტატიას : ისიც გაუგებარია, საიდან გადაამოწმეთ ასეთი დაზუსტებით, რომ ქართული აკადემია არის "ტრადიციულად გაჩეჩილაძის მხრადამჭერი" (სად არის წყარო ამ ინფორმაციის? ეგებ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები იყვნენ გაზაფხულის აქციების დროს ან ეროვნული ფორუმის, მით უმეტეს, რომ ნანეიშვილმა ეროვნულ ფორუმი შეაქო ყველაზე მეტად ალასანიას გარდა, იმ გადაცემაში). ამ დღეებში კი აშკარად დაუფარავად ამბობენ ალასანიას მხარდამჭერები ვართო, სტატია კი არასწორ ინფორმაციას იძლევა. არადა, რა ადვილია ინფორმაციის გადამოწმება .

stumari (შეუმოწმებელი), მარტი 1, 2010, 18:02:14

სტატიაში კი ეს დაკვირვება მომეწონა: ჭადრაკის გაყინული სასახლე და ქურთუკებში ჩაცმული ადამიანები უფრო წარსულის სცენას მოგვაგონებდაო. მართლაც ასეა. :) და მაშინ ისმის კითხვა: ნოღაიდელის ფულის მქონე ადამიანს, რომელსაც უამრავი პარტიული ოფისი აქვს დაქირავებული მთელ საქართველოში, უკეთესი არაფერი შეეძლო დაექირავებინა?:) მაშინ როდესაც მართლაც ყველა ახერხებს უკვე ნორმალური დარბაზების დაქირავებას. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რაც ზემოთ დავწერე, თუ რამდენად ეფექტური სცენა გამოვიდა შავი პიარისთვის და სტერეოტიპებით მოაზროვნე საზოგადოებისთვის. ალასანიამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ვერ გათვალა, რომ ნოღაიდელის მიერ დადგმულ სპექტაკლში ამოყოფდა თავს.

giorgi (შეუმოწმებელი), მარტი 1, 2010, 23:16:50

სუსტი სტატიაა. ვერაფერი გავიგე. ცუდია, რომ პოლიტიკაზე ასეთი პოლიტიკურად გაუნათლებელი ქალები წერენ. სამწუხაროა...

anka (შეუმოწმებელი), მარტი 1, 2010, 23:40:43

giorgi - da, politikurad gaunatlebelms QALEBMA ara da sxvebma rom weron, ase agar dagwydebodat guli?

Ruso (შეუმოწმებელი), მარტი 2, 2010, 00:22:57

მაია, მშვენიერი სტატიაა! მართლა. არ მეგონა, ამდენი ალასანიაალიანსინოღაიდელის ლსნლსნლსნსნს- ღ- ს მოსმენის შემდეგ, ამ ყველაფრის პოლიტიკური მიმოხილვის კიდევ ერთხელ წაკითხვა თუ დამაინტერესებდა, მაგრამ უცებ ჩავიკითხე, ისეა დაწერილი: მარტივად და საინტერესოდ. ამიტომაც , მიკვირს იმ ადამიანების, რომლებმაც ამ სტატიიდან აზრი ვერ გამოიტანეს...რას ვიზამთ. კონსტრუქციული კრიტიკა კარგია, მაგრამ აქ ძირითადად ჩახოხბილს მონატრებულთა და ქალების მოძულეთა კომენტარებს წავაწყდი. მათზე ნერვიულობას არ გირჩევ. იმედია , უფრო საინტერესო დისკუსია გაიმართება ;) :*

ნინო გოგუა, მარტი 2, 2010, 00:53:55

ისე, დღეს ,,მამაკაცური უპირატესობების წარმოჩენის" საერთაშორისო დღეა, თუ რა არის?

ჯერ იყო და რედაქტორის ბლოგში მოეწყო მამლების ჩხუბი, შეძახილით – ქათამი ჩახოხბეთ,

მერე პოლიტიკურად გაუნათლებელი ქალებიო...

გიორგი, მოგვწერეთ თქვენეული ანალიზი. ,,ლიბერალი" საკმარისად ლიბერალურია საიმისოდ, რომ თქვენი კომენტარი შემდეგი ნომრის ,,კომენტარების" განყოფილებაში მოხვდეს, თუ რედაქტორების ყურადღებას მიიქცევს.

სტატია მე მომწონს!  ლოგიკურია და კარგადაც იკითხება :)

 

 

ნინო გოგუა, მარტი 2, 2010, 00:55:45

იქ. რედაქტორის ბლოგში იგუსლიხმება რედაქტორის სვეტი :))

giorgi (შეუმოწმებელი), მარტი 2, 2010, 01:24:28

ნინო გოგუას! მამლების ჩხუბი აუცილებელია იქ, სადაც დედლები კრიახს იწყებენ და ყურებს აყრუებენ. ჩემი დასკვნები უკვე მოგწერეთ: 1. არ მომწონს თქვენი ჟურნალისტების ნაწერები - სუსტია, მარტივი, ბავშვური, არალიბერალური. და 2. თუ პრეტენზია გაქვთ კარგ ჟურნალზე, კარგი სტატიები უნდა გამოაქვეყნოთ. სოროსი იმიტომ გაფინანსებთ, რომ ჰგონია აქ არიქა და მაღალი რანგის ჟურნალისტები დემოკრატიული ქანდარიდან საზოგადოებას და ჩემნაირ საბრალო მასებს მასტერ კლასს გვიჩვენებთ. არ არის მეთქი ასე, ხომ მაქვს აზრის გამოთქმის უფლება? (რაც შეეხება თქვენს ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებას, რასაც თქვენი რედაქტორები იწონებენ, მათთვის მოსაწონ „სტუდენტურ სტატიებს„ უბრალოდ ვერ დავწერ და მომიტევეთ). ანუ ჯვარი მწერია, თქვენი რედაქტორების ყურადღება მივიქციო, მოვეწონო და ჩემი სტატია თქვენთან გამოაქვეყნონ...

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.