საქართველოში 2010 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები პროსახელისუფლებო ჯგუფებმა ძალზედ მტკივნეულად აღიქვეს. მათი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ არჩევნებში პრორუსული კანდიდატის გამარჯვება საქართველოს წაართმევდა მოკავშირეს დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობებში.
მეორე არგუმენტით კი, უკრაინელი ხალხისთვის, დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, პრორუსული ხელისუფლება გაცილებით უფრო საზიანო იქნებოდა, ვიდრე - ერთი შეხედვით, პროდასავლური იულია ტიმოშენკო.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, გაეგზავნა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში 2000-მდე დამკვირვებელი, კიდევ უფრო მეტად ადასტურებს მოსაზრებებს სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" შიშების შესახებ.
ინტერნეტ სივრცეში გაფანტულმა ხელისუფლების მომხრეების უმრავლესობამაც უკრაინის არჩევნები სწორედ ისეთ განსაკუთრებული მნიშვნელობის საფრთხედ აღიქვა, როგორც მთავრობამ.
საინტერესოა, რამდენად შეესაბამებოდა უკრაინის მოვლენების მსგავსი შეფასება რეალობას? რამ გააჩინა ქართულ ისტაბლიშმენტში (ხელისუფლებასა და პროსახელისუფლებო ჯგუფებში) განგაშის სიგნალი?
უკრაინის ახლანდელი არჩევნები, 2004 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ვნებათაღელვით. უფრო ზუსტად, ეს არ იყო ქვეყნის ბედ-იღბლის გადასაწყვეტად წარმოებული მასშტაბური საზოგადოებრივი ბრძოლა, ისეთი, როგორადაც წარმოგვიდგენდნენ "ნარინჯისფერი რევოლუციის" ავტორები ხუთიწლისწინანდელ პროტესტს. უფრო პირიქით, 2010 წელს ამომრჩეველს აშკარა აპათია ეტყობოდა.
უკრაინული პრესის ერთმა კომენტატორმა უკრაინული დილემა - არჩევანი ტიმოშენკოსა და იანუკოვიჩს შორის - შეადარა "გაუპატიურებასა და ძარცვას" შორის არჩევანს. ყოველკვირეულმა გაზეთმა "ზერკალო ნედელიმ" კი პოლიტიკური პერიპეტიები შემდეგნაირად აღწერა: "ამ არჩევნებში მცირე როლი ეკავა იმედს, რწმენას, სიყვარულს, სიძულვილს, ერთგულებას ან ვნებათაღელვას. ამ ემოციებს ჩაენაცვლა სინანული, ინერცია, დაღლილობა, ინდიფერენტულობა და დეპრესია".
ამ მორალური ნიჰილიზმის მიზეზი უკრაინის პოლიტიკური ელიტების უუნარობა გახდა. იუშჩენკოს მთავრობამ ვერ მოახერხა ისეთი კარდინალური რეფორმების განხორციელება, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ კლიმატს რადიკალურად შეცვლიდა; მისმა მთავრობამ ვერც უკრაინას, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების დარეგულირება შეძლო, სხვადასხვა გარე და შიდა ფაქტორების, თუ პირადი პოლიტიკური სისუსტის გამო.
გაზის კრიზისმა ჯერ უკრაინის საგარეო მდგომარეობა შეასუსტა, ხოლო უახლესმა ეკონომიკურმა კრიზისმა ქვეყნის შიდა მდგომარეობაზეც მწვავედ იმოქმედა. ეკონომიკური და საგარეოპოლიტიკური კრიზისის პერიოდში გამწვავდა პოლიტიკური დაპირისპირებები. ამომრჩეველი კი დაიღალა მუდმივი კინკლაობით და პოლიტიკოსთა პირადი ამბიციებით. სწორედ ამ ფაქტორებით აიხსნება საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ უკრაინელების შედარებითი გულგრილობა.
უკრაინული არჩევნების მიმართ დასავლეთის პოზიციაც არ იყო ისეთი მწვავე, როგორც 2004 წელს. დემოკრატიული პროცესების შეფასების თვალსაზრისით, დასავლური სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია შეიძლება დავახასიათოთ, როგორც დადებითი. მიუხედავად იმისა, რომ იანუკოვიჩი 2005 წლის არჩევნებში მასობრივი გაყალბების ბრალდებით ჩამოაშორეს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას, ამჯერად არჩევნების მასობრივი გაყალბების საკითხი არ წამოჭრილა.
გამოკითხვების თანახმად, უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობას სურს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, ამიტომ, პრორუსული იანუკოვიჩის არჩევაც არავის მიუღია დიდ სენსაციად. სინამდვილეში, ტიმოშენკოსა და იანუკოვიჩის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციებს შორის არც ისეთი დიდი განსხვავება იყო, რომ ამას ქვეყნის გეოპოლიტიკური პოზიცია რადიკალურად შეეცვალა.
ერთი სიტყვით, უკრაინის არჩევნები, საქართველოს გარდა, თითქმის არსად აღუქვამთ მტკივნეულ და გადამწყვეტ მოვლენად. ამის მიზეზი სააკაშვილსა და "ნარინჯისფერი რევოლუციის" ავტორებს შორის ახლო ურთიერთობების გარდა, ის პოლიტიკური შეხედულებებიც გახდა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება და პროსახელისუფლო ჯგუფები ხელმძღვანელობენ.
საქართველოს ხელისუფლებისთვის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე ბევრად მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების განმტკიცება. ასეთი მიდგომა გულისხმობს მოსაზრებას, რომ პოსტსაბჭოთა საზოგადოებები (ქართული და უკრაინული) არ არიან მზად დემოკრატიისთვის და ამიტომ, პირველ ეტაპზე საჭიროა მათი ძალდატანებით წარმართვა დასავლური, ევროპული და ამერიკული საზოგადოებებისკენ.
მსგავსი მოსაზრების მქონე ადამიანებისთვის უკრაინაში "პროდასავლური" კანდიდატის (და ასეთად იულია ტიმოშენკო ითვლებოდა) დამარცხება ქვეყანაში დემოკრატიის დამარცხებასაც ნიშნავდა. არადა, უკრაინის მაგალითზე, შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ დაპირისპირებული ჯგუფების არსებობა ჯანსაღი დემოკრატიული ბრძოლის ერთ-ერთი წინაპირობაა.
თუ არ ჩავთვლით უკრაინაში კორუფციის მაღალ დონეს, კანონის მმართველობის სისუსტეს და სხვა სერიოზულ დაბრკოლებებს, ქვეყნის ორ ბანაკად დაყოფა, დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, არათუ კატასტროფულ, არამედ, შეიძლება ითქვას, მომგებიან პოზიციადაც შეგვიძლია განვიხილოთ. მართალია, სოლიდური და ძლიერი ოპოზიციის არსებობა, შესაძლოა, სულაც არ გახდეს დემოკრატიული პროცესების ხელშემწყობი, თუ გავითვალისწინებთ პოლიტიკური გარიგებების როლს უკრაინის მსგავს ახალგაზრდა დემოკრატიებში, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ ორივე დაპირისპირებულ ჯგუფს ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი.
ქვეყნის დასავლეთი და ცენტრალური რეგიონები, ტრადიციულად, პროდასავლურ კანდიდატს უჭერენ მხარს, აღმოსავლეთი და სამხრეთი რეგიონები - პრორუსულს. ამომრჩევლის ამგვარი განაწილება ხელს უშლის იმას, რომ პოლიტიკოსებს შორის დადებულ გარიგებებს გადამწყვეტი როლი ჰქონდეს.
თუმცა, აქვე იბადება კითხვა: როგორ შეიძლება "დემოკრატიაზე" ლაპარაკი, როდესაც ვიცით, რომ უკრაინა რუსეთის გავლენის სფეროში შეიძლება მოექცეს? ეს კითხვა მხოლოდ მათ ებადებათ, ვისაც დემოკრატიაზე და საგარეო პოლიტიკაზე ისეთი წარმოდგენა აქვთ, როგორიც ზოგიერთ ხელისუფლების წევრსა და პროსახელისუფლებო ჯგუფებს.
დემოკრატია, მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს, რაც შეიძლება მეტი ინტერესის გათვალისწინებას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, ინტერესი, თუნდაც ეს პრორუსული იყოს ("პრორუსული" ანუ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მოსურნე), ისეთივე ლეგიტიმურია, როგორც პროდასავლური. მთავარია, რომ ორივე მხარე იცავდეს თამაშის დადგენილ წესებს, არ დაუშვას მეორე მხარის მიერ ხელისუფლების უზურპაცია და მოსახლეობის მეორე ნაწილის ინტერესების უგულებელყოფა.
უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოში პოლიტიკური თამაშის წესები ჯერჯერობით იმ დონეზეც ვერ ჩამოყალიბდა, რომ მმართველ პარტიას არჩევნებში სახელისუფლებო რესურსების გამოყენება მინიმუმამდე შეუმცირდეს ან საერთოდ აეკრძალოს. ჯერჯერობით ზოგიერთი ამომრჩევლისთვისაც სამყარო ისევ ცივი ომით, ორ პოლუსს შორის ბრძოლით გამოიხატება: თუ დასავლეთი იმარჯვებს, სიკეთე იმარჯვებს, თუ რუსეთი - ბოროტება.
ჯერ კიდევ რთულია იმისი ახსნა, რომ საქმე არც ასე მარტივად არის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა იცის ისეთი დიქტატორული რეჟიმების არსებობის შესახებ, რომელთაც დასავლური საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია ჰქონდათ და რომლებიც თავისუფალი სამყაროს იდეალებისგან ძალიან შორს იდგნენ. უკრაინაში, ამ რეჟიმებისგან განსხვავებით, არსებობს, სულ მცირე, ორი სხვადასხვა მოსაზრება, რომელთაგან თითოეულს არჩევნების გზით მიეცა შესაძლებლობა, საკუთარი თავი გამოეხატა.
რჩება კიდევ ერთი კონტრარგუმენტიც, რომელიც, შესაძლოა, საქართველოში პროსახელისუფლებო ჯგუფებმა წამოაყენონ: იანუკოვიჩის პერსონიდან გამომდინარე, განა შეიძლება პატიოსანი თამაშის წესებზე ვისაუბროთ? პასუხი ამ კითხვაზე არის - შეიძლება.
დემოკრატიაში თამაშის წესებს ორი ან ორზე მეტი მონაწილე ადგენს. ერთი მხარის მიერ დადგენილი თამაშის წესები, რამდენად "პროგრესული", "ლიბერალური" თუ "პროდასავლურიც" უნდა იყოს ეს მხარე, დემოკრატიული თითქმის არასდროს არის.
იანუკოვიჩის უგულებელყოფა ისევე შეუძლებელია, როგორც მისი ამომრჩევლების სოლიდური არმიის. მათი უგულებელყოფა ზოგიერთ შემთხვევაში სწორედ დიქტატურის დამყარებას ნიშნავს. ეს კი, შეუძლებელია კეთილდღეობის მომტანი იყოს, რადგან დიქტატურა, დემოკრატიისგან განსხვავებით, მხოლოდ ცალკეული ადამიანების ინტერესების დაკმაყოფილებას გულისხმობს, სხვა ადამიანების ინტერესების შეზღუდვის ხარჯზე.
დასანანია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, რომლებიც თავს "ლიბერალებად" მოიხსენიებენ და "პროდასავლურ" პოლიტიკას უჭერენ მხარს, მსგავსი წარმოდგენები აქვთ დემოკრატიასა და "პროდასავლურობაზე". საინტერესოა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ, სამართლიანი პოლიტიკური თამაშის წესების და დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა და ისევ ფუნდამენტური საკითხების გადაჭრაზე გვიწევს ფიქრი? ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ეს კითხვა რიტორიკული ხდება.
კომენტარები
დათო (შეუმოწმებელი), მარტი 3, 2010, 18:29:11
ალექსი (შეუმოწმებელი), ივლისი 15, 2010, 23:23:06
ახალი კომენტარის გამოქვეყნება