Skip to content

ავტორიზაცია

კომახიძე ჟენევაში


23 თებერვალს ვახოს ბანაკში პირველი გასაუბრება ჩაუტარეს. გასაუბრება არაბუნებრივად დიდხანს, ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა. პირველადი გადაწყვეტილება - ისევ მკაცრი რეჟიმის ბანაკში დატოვებენ თუ უფრო მსუბუქ რეჟიმში გადაიყვანენ, უახლოეს დღეებში უნდა მიიღონ. ვახოს ჰაერივით სჭირდება რეჟიმის შემსუბუქება, რადგან სადაც არის, იქ კომპიუტერზე მუშაობის უფლება არა აქვს, ამის გარეშე კი დაწყებულ ფილმზე მუშაობის გაგრძელება წარმოუდგენელია.
კომახიძის მხარდასაჭერი მიტინგი შვეიცარიის საელჩოს წინ
წამლებით სავსე პარკი, პიჯაკი, პერანგები, მაისურები და მრავალი სხვა წვრილმანი გამატანა ქეთომ - ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის მეუღლემ - ჟენევაში, სადაც 21 თებერვალს ჩავედი. ქეთო შვილის - 9 წლის ლევანის განცდებზეც მიყვებოდა - ძალიან ნერვიულობს, როცა ტელევიზორში მამისადმი მიძღვნილ გადაცემებს უყურებსო. ოჯახისთვის ძალიან მოულოდნელი იყო, რომ ვახომ შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. როგორც ჩანს, მოულოდნელი იყო თვითონ ვახოსთვისაც. მას რომ დარჩენა წინასწარ ჰქონოდა გადაწყვეტილი, მისი ნივთების წაღება მე არ მომიხდებოდა.

 

ვახტანგ კომახიძე საგამოძიებო ფილმს აკეთებს 2008 წლის აგვისტოს რუსულ-ქართულ ომზე. ამ მიზნით, იგი ცხინვალშიც იყო შესული და, როგორც თვითონ ამბობს, საინტერესო მასალები მოაგროვა. ამ მასალების ნაწილი მაჩვენა კიდეც, როცა ჟენევის ერთ-ერთ ბარში ვისხედით და მიყვებოდა, რომ სწორედ ამის შემდეგ გააძლიერა ხელისუფლებამ მისი დევნა. პარლამენტის წევრები, სახელისუფლებო ტელევიზიები სამშობლოს მოღალატის ეპითეტს არ იშურებდნენ. სახლთან რამდენჯერმე დახვდნენ უცნობი პირები და დაემუქრნენ, თუმცა ამის შესახებ მეუღლისთვის არაფერი უთქვამს - ოჯახში რასაც ხედავდნენ, ისიც საკმარისი იყო ნერვიულობისთვის. ბოლო წვეთი, როგორც ჩანს, თბილისის აეროპორტში შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი-ს) მთელი შემადგენლობის დახვედრა იყო. ვახო ჟენევაში მიდიოდა, რათა ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებისგან დამატებითი მასალები მოეპოვებინა. კუდი-ს თანამშრომლები სასაზღვრო კონტროლის საზღვრის მიღმა დახვდნენ და დაემუქრნენ. ჟენევაში ჩასულმა კომახიძემ შვეიცარიის მთავრობისგან თავშესაფარი მოითხოვა.

ვახო ჟენევის აეროპორტში დამხვდა. 21 თებერვალი კვირა იყო, ვახოს კი სწორედ შაბათსა და კვირას აძლევენ ლტოლვილობის მაძიებელთა ბანაკის დატოვების უფლებას. არა მარტო ვახოს, არამედ სხვებსაც. ზოგიერთი მათგანი - ვახოს თანაბანაკელები - აეროპორტშიც ვნახეთ, კიდევ რამდენიმეს ჟენევის ცენტრში, რკინიგზის ვაგზალთან შევხვდით. ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც აეროპორტში შეგვხვდა, რამდენიმე დღის წვერითა და ხელში შოკოლადის დიდი ყუთით, გვეუბნება, - საქართველოში უნდა დავბრუნდე, დიდი ხანია, ევროპაში ვარ და მეტი გაძლება არ შემიძლიაო. მე კი დავიჯერე, მაგრამ ვახო მეუბნება, გიცნო და ამიტომ ამბობს, ასე, თორემ არსად არ პირებს დაბრუნებასო. სხვები, პირიქით, იმას ცდილობენ, როგორ მოიპოვონ ევროპაში ლეგალური ყოფნის უფლება. მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონიდან არის, ან სოფელ პერევიდან, და თავშესაფარს ითხოვენ, - ჩვენი სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და უკან ვეღარ ვბრუნდებითო. მარტო შვეიცარიაში იმდენი „პერეველია", რამდენსაც პერევში არათუ არასდროს უცხოვრია, მგონი, არც კი გაუვლია. სხვაგანაც იგივე ხდება, თითქმის მთელ ევროპაში...

ვახო თავის პრობლემებზე ნაკლებად ლაპარაკობს, ამ ბიჭების ამბებს მიყვება - თავის სტიქიაშია, ამათ ცხოვრებაზე ფილმის გადაღების იდეა აწუხებს. ნახევრად დოკუმენტური, ნახევრად მხატვრული - ქართველი ლტოლვილების რეალური ცხოვრება ევროპაში.

შმაგი, რომელიც ვაგზალზე შეგვხვდა, 5 თვის წინ წამოვიდა საქართველოდან. არალეგალურად გადავიდა ევროპაში, იარა, იარა და შვეიცარიის მთავრობას ჩაბარდა. წესიერი, მშრომელი ბიჭი ჩანს. საქართველოში სამუშაო ვერ ვიშოვე და იძულებული გავხდი, წამოვსულიყავიო. ვახო მიხსნის, რომ უმრავლესობა თავს ქურდობით ირჩენს. აქაური კანონებიც დასწავლილი აქვთ: თუ ნაქურდალის ფასი სამას ფრანკზე ნაკლებია (დაახლოებით 510 ლარი), დანაშაულად არ ითვლება, მხოლოდ ადმინისტრაციული დარღვევაა. ჰოდა, აქაური ფასების არ იყოს, 299.99-ზე ჩერდებიან, რათა ციხეში არ მოხვდნენ. თუმცა, პრობლემა ციხე კი არა, დეპორტაციაა, სამშობლოში დაბრუნება -  ამას ციხეში ყოფნა ურჩევნიათ. რამდენიმე წლის წინ ვენაში ერთმა ქართველმა, რომელიც ასევე ქურდობით ირჩენდა თავს, მითხრა, პირველად როცა დამიჭირეს, ინგლისური და კომპიუტერი ვისწავლე, მეორეჯერ ფრანგულს ვისწავლი, ხოლო სახლში თუ დავბრუნდები, რა უნდა ვაკეთოო.

კიდევ ერთ ბიჭს - ავთოს წინა ჩამოსვლაზე შევხვდი. მეუღლე ჰყავს ირლანდიაში და თვითონაც იქითკენ აქვს გეზი აღებული. 21 წლისაა, მღერის, საოცარი ხმა აქვს, ნებისმიერ ანსამბლს დაამშვენებს. როცა ცოლი შეირთო, ამ უკანასკნელს ირლანდიის ვიზა ჰქონდა, სასწავლებლად უნდა წასულიყო. შეთანხმდნენ, რომ ავთოც მალე გაჰყვებოდა, მაგრამ ვიზა ვერ მიიღო. გასული წლის აგვისტოში ბავშვს ელოდებოდნენ. რაც უფრო ახლოვდებოდა ეს თარიღი, მით უფრო შფოთავდა. ივლისში უკვე ვეღარ მოითმინა და გაიპარა - ბელარუსი, პოლონეთი, ავსტრია, ჩეხეთი, იტალია... თანდათან, ზიგზაგებით მიიწევდა დასავლეთისკენ. იტალიაში პოლიციელებმა დაიჭირეს, სასტიკად სცემეს და 3 დღის ვადა მისცეს ქვეყნის დასატოვებლად. შვეიცარიაში გადავიდა და ჩაბარდა მთავრობას - ისიც ლტოლვილობის მაძიებელი გახდა.

ამასობაში შვილიც შეეძინა. თავისი გეგმა გამანდო, - საფრანგეთში უნდა გადავიდე, იქიდან ინგლისში მატარებლით შევიპარებიო; შესწავლილი ჰქონდა, ეს როგორ იყო შესაძლებელი, შემდეგ კი რამენაირად ირლანდიაში გადავალო. როგორ მოახერხა ამდენი, არ ვიცი - ქართულის გარდა ვერ ერთ ენაზე ვერ ლაპარაკობს, თუ საყველპურო რუსულს არ ჩავთვლით. ეს ყველაფერი შარშან ოქტომბერში იყო. შემდეგ ესპანეთში გადასულა და ახლა იქ არის თურმე. როგორ აპირებს იქიდან ირლანდიაში მოხვედრას, არ ვიცი. საბოლოო ნავსაყუდელად კი, როგორც მაშინ მეუბნებოდა, კანადა აირჩია - გავიგე, იქ სამუშაოს შოვნა უფრო ადვილიაო. თუ კანადაში ჩააღწევს და სამუშაოსაც იშოვის, ძალიან მეეჭვება, რომ ოდესმე სამშობლოში დაბრუნდეს. მის შვილებზე აღარაფერს ვამბობ, - სადაც გაიზრდებიან, იქაურები იქნებიან, იქაურ ადათებს, იქაური ცხოვრების წესს შეითვისებენ, და საქართველო მათთვის უცხო ქვეყანა იქნება.

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იმატა არალეგალურმა მიგრაციამ - როცა საზოგადოებაში ჩაქრა იმედი, რომ რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება. ვახოც ძირითადად ამ ბიჭებზე, მათ პრობლემებზე მელაპარაკება, თან წასასვლელად ემზადება - მისი ბანაკი ჟენევიდან საათ-ნახევრის სავალზე, სოფელ ვალორბეშია და იქ დროზე უნდა გამოცხადდეს. თუმცა, ცხადია, გვერდს არც მის ამბავს ვუვლით - ყველაზე მეტად სწორედ ეს მაინტერესებს. მიყვება, როგორ ემუქრებოდნენ პირადად მას და მის ოჯახსაც. იმედი აქვს, მალე გასაუბრება ექნება და ნაკლებად მკაცრ ბანაკში გადაიყვანენ, საიდანაც გარეთ გამოსვლა უფრო თავისუფლად იქნება შესაძლებელი.

ვახო ერთი პერიოდი თბილისში, ჩრდილების თეატრში მუშაობდა. პარიზში, ტოკიოში, მსოფლიოს მრავალ ქალაქში აწყობდნენ დადგმებს. ფიქრობს, აქაც გააკეთოს ჩრდილების თეატრი და თავი ამით ირჩინოს. ვეხუმრები, - ბანაკში მყოფ ბავშვებს თუ დაასაქმებ და ქურდობაზე ხელს ააღებინებ, ცალკე შვეიცარიის მთავრობა ჩამოგკიდებს მედალს და ცალკე - სამშობლო-მეთქი. ბევრს ვერა, მაგრამ ერთი-ორი ახალგაზრდას დასაქმება, ვისაც ნიჭი აღმოაჩნდება, შეიძლებაო, - სერიოზულად მპასუხობს.

ვახოს რამდენიმე ფილმმა ხელისუფლება განსაკუთრებით გააღიზიანა. არა მხოლოდ გააღიზიანა, ეს ფილმები ხელისუფლებას ყელში გაეჩხირა და ვეღარაფერს უხერხებს. მაგალითად, საგამოძიებო ფილმი 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე, როცა საქართველოს ხელისუფლებამ პროვოკაცია მოაწყო: ქართველმა სპეცსამსახურებმა გალის საზღვართან შეიარაღებული კონფლიქტის იმიტაცია მოაწყვეს, ჩვენსავე ავტობუსს ყუმბარა ესროლეს და ცეცხლი წაუკიდეს, ერთი ქალბატონი ტყვიით დაჭრეს და შემდეგ ცდილობდნენ, ეს ყველაფერი აფხაზებისთვის დაებრალებინათ. და ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდებოდა - ცუდად დადგმული დანაშაულებრივი სპექტაკლი ჟურნალისტებისა და პოლიციელების მონაწილეობით. ვახომ ნათლად აჩვენა, რომ ეს ქართული მხარის პროვოკაცია იყო და ამით კიდევ ერთხელ გააღიზიანა ხელისუფლება.

დღემდე აქტუალურია 5 წლის წინ გადაღებული ფილმი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შესახებ - კითხვები, რომლებიც მაშინ დასვა კომახიძემ, დღემდე პასუხგაუცემელია. მკვლელობას ვამბობ, რადგან ვახო დარწმუნებულია, რომ ეს მკვლელობა იყო. ამ თემაზე ჩვენ ბევრი გვიკამათია - მიუხედავად ხელისუფლების მიმართ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა, რაღაცების დაჯერება მაინც მიჭირს. მაგრამ წლები გადის, კითხვები ისევ პასუხგაუცემელია, და ვახოს ვერსიაც ნელ-ნელა ჩრდილავს ჩემ ეჭვებს...

საქართველოს ხელისუფლებისთვის ყველაზე მტკივნეული თემა მაინც ცხინვალის ომია. კითხვები ბევრია: შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება? საქართველო რუსეთის პროვოკაციას წამოეგო თუ ორმხრივ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი? აგვისტოს დღეებში რა უფრო მეტად აწუხებდა საქართველოს ხელისუფლებას - კონფლიქტის ზონაში მოხვედრილი ადამიანების - როგორც ქართველების, ისე ოსების - ბედი თუ მორიგი პიარი? მართალია თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლება წინასწარ ემზადებოდა ზეიმისთვის - ცხინვალში უკვე ჩატანილი ჰქონდათ მთელი დუჟინი დროშები და ტრიბუნა.  გამარჯვებული პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისთვის,  მაშინ, როცა დიდი ლიახვის ხეობაში გრამი საწვავი არ იყო მომარაგებული, ხოლო დიმიტრი სანაკოევის ე.წ. მთავრობა ისე გამოიპარა ხეობიდან, რომ მოსახლეობა არც გახსენებია?

ვახომ სწორედ ამ თემაზე დაიწყო ფილმის კეთება, რამაც განსაკუთრებით გააღიზიანა ხელისუფლება. დაიწყო მუქარებისა და ცილისწამების ახალი კამპანია. სამშობლოს მოღალატეც გახდა, ოჯახსაც შეეხნენ, 30 წლის წინ არასრულწლოვანი კომახიძის მიერ ჩადენილი გადაცდომაც ამოქექეს არქივიდან. საქართველოში ვინც უნდა დაიცვას, სწორედ ისინი ემუქრებოდნენ. ჟენევაში ჩასულმა თავშესაფარი მოითხოვა - სხვა გზა ვერ ნახა თავისი ოჯახის უსაფრთხოების დასაცავად.

15 წელია, ადამიანის უფლებებს ვიცავ, 5 წელი საქართველოს სახალხო დამცველი ვიყავი და ზუსტად ვიცი, იმის გარანტიას, რომ საფრთხე არ ემუქრება, ვერავინ მისცემს.

კომენტარები

სტუმარი (შეუმოწმებელი), მარტი 2, 2010, 17:00:55

ბატონო სოზარ, მართალი ბრძანდებით, როცა ამბობთ ზუსტად ვიცი, იმის გარანტიას, რომ საფრთხე არ ემუქრება, ვერავინ მისცემსო. ჩვენ ყველა საფრთხის ქვეშა ვართ, ალბათ, რადგან ჩვენც გვაწუხებს ის კითხვები, რაც თქვენ ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით და ცხინვალის ომთან დაწყებით ახსენეთ. ის კი არა, კითხვა ”შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება?” მთელს საერთაშორისო საზოგადოებასაც უნდა აწუხებდეს, ჩემი დაკვირვებით, რათქმა უნდა. და მაინც ვფიქრობ, რომ გამომძიებელი ჟურნალისტი მხოლოდ კითხვებს კი არ უნდა სვამდეს - საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებზე უნდა იძლეოდეს პასუხებს. სხვაგვარად გამოდის, რომ გამომძიებელი ჟურნალისტი ვახო კომახიძე ექსკლუზიური ავტორია თქვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი კითხვებისა და ჩვენ, მაყურებლებს ამ კითხვების ფორმულირების შნოც კი არა გვაქვს? თუ შეიძლება საჭირბოროტო და მნიშვნელოვან კითხვებზე ჟურნალისტის მიერ გაცემული, ფაქტებით დადასტურებული, პასუხები გვიჩვენეთ. დიდი მადლობა. პათოსი მომეწონა. გთხოვთ მომავალშიც ასე გააგრძელოთ

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.