მიზეზი, რის გამოც თბილისის მერის არჩევნების წინ ოპოზიციური პრაიმერის ჩატარების საკითხი დგება, საარჩევნო სისტემაში უნდა ვეძებოთ. პრაიმერის საჭიროება გამოიწვია მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომ არ ყოფილიყო 50%-იანი ბარიერი.
ზუსტი ციფრებით აპელირება გამიჭირდება, თუმცა პირობითად ავიღოთ, რომ თბილისის მოსახლეობის ერთი მესამედი სახელისუფლებო კანდიდატს მისცემს ხმას, მეორე მესამედი სახელისუფლებო კანდიდატის წინააღმდეგ მისცემს ხმას, ხოლო დანარჩენი ნეიტრალური ამომრჩეველია, რომელიც გადაწყვეტილებას არჩევნების დღეს მიიღებს - ხმას მისცემს ხელისუფლების ან ოპოზიციის კანდიდატს.
50%-იანი ბარიერით ამომრჩევლებს შეეძლოთ, მიეცათ ხმა ნებისმიერი კანდიდატისთვის, ვინც მოეწონებოდათ და თან დარწმუნებით ეცოდინებოდათ, რომ მეორე ტური სახელისუფლებო კანდიდატს და რომელიმე სხვა კანდიდატს შორის აუცილებლად შედგებოდა. ახლა კი, როდესაც 50%-იანი ბარიერი არ გვაქვს, ოპოზიცია გაყოფილი იქნება, ნეიტრალური ამომრჩევლის ხმათა ნაწილი კი გადანაწილდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. 50%-იანი ბარიერის არარსებობამ ელექტორატის ნეიტრალური მესამედის გამოთიშვა და არჩევნების პოლარიზება მოახდინა.
ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას მოგების მეტი შანსი აქვს, ხმათა უმცირესობითაც კი. თეორიულად, სახელისუფლებო კანდიდატი შეიძლება მერი გახდეს ხმათა 31%-ით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ 69% ხმას მის წინააღმდეგ მისცემს. ეს საქართველოსთვის ძალზე საშიში შედეგია. მაგრამ თუ პრაიმერის იდეა იმუშავებს და ოპოზიციის საერთო კანდიდატზე იქნება კონსენსუსი, ამომრჩევლის ნაწილი მას მისცემს ხმას, ნაწილი - სახელისუფლებო კანდიდატს, და არჩევნების ბედს მაინც ნეიტრალური ამომრჩეველი გადაწყვეტს.
სამწუხაროდ, ამჟამინდელი სისტემის პირობებში, ამომრჩევლებს ძალიან უხეში გზით უწევთ გადაწყვეტილების მიღება. მათ მხოლოდ ერთი კანდიდატი უნდა აირჩიონ. პრეფერენციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში, ამომრჩეველს შეუძლია კანდიდატებისთვის სარეიტინგო ქულის მინიჭება და იმარჯვებს კონსენსუსის შედეგად არჩეული კანდიდატი, იმის მაგივრად, რომ ამომრჩევლები აიძულონ, აირჩიონ ის, ვინც ყველაზე მეტად არ მოსწონთ.
ხელისუფლებამ საკუთარი გზა გაიადვილა იმით, რომ არ დაუშვა 50%-იანი ბარიერის არსებობა და ოპოზიციურ პარტიებს პრაიმერის ორგანიზება აიძულა. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების ყველაზე უარეს ინსტინქტებზე მოქმედებს. ისინი ცდილობენ იმის გადაწყვეტას, თუ ვინ დაიკავებს ადგილს მაგიდასთან, გაუთავებელი კინკლაობით და დისკუსიებით იმ პარტიების გამოსარჩევად, რომლებსაც უფრო ცოტა მხარდამჭერი ჰყავთ. ამომრჩევლისთვის ეს პროცესი უაზრო და გამაღიზიანებელია. არჩევნების ორგანიზება არც ისე ადვილი საქმეა და სხვადასხვა ოპოზიციურმა ჯგუფმა, დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით, განსაკუთრებული ნიჭი ჯერჯერობით ვერ გამოავლინა. რა თქმა უნდა, ღია პრაიმერზეა საუბარი - ანუ ხელისუფლების მომხრეებს შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა და ამით დისონანსი შეიტანონ. ამ პროცესს ქართული პოლიტიკის ყველაზე ცუდი ასპექტები გამოაქვს სააშკარაოზე.
ქართული პოლიტიკა ცუდია არა იმიტომ, რომ პოლიტიკაა ცუდი ან იმიტომ, რომ საქართველოს რაიმე განსაკუთრებული ნაკლი აქვს. მთავარი პრობლემა სისტემაშია. პოლიტიკური პროცესი ჰგავს ნებისმიერ ჩვეულებრივ აქტივობას, ანუ განისაზღვრება მისი სისტემით. მაგრამ სისტემა არასდროს დაიხვეწება კონკურენციის სტრესის ქვეშ. ამიტომ, ამჯერად სისტემის გასაუმჯობესებლად ჯობს არჩევნების შემდეგი წელი გამოვიყენოთ, როდესაც გაკვეთილები ჯერ კიდევ გვემახსოვრება. მომავალ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ამის გაკეთება უკვე შეუძლებელი იქნება.
კომენტარები
დათო (შეუმოწმებელი), მარტი 3, 2010, 01:15:45
Giorgi Tskhadaia (შეუმოწმებელი), მარტი 3, 2010, 10:08:03
სტუმარი (შეუმოწმებელი), მარტი 3, 2010, 19:55:53
მახო (შეუმოწმებელი), მარტი 4, 2010, 19:40:04
სტუმარი (შეუმოწმებელი), მარტი 5, 2010, 23:08:34
ახალი კომენტარის გამოქვეყნება