"აჰა, ბატონო, გჩუქნით ტელევიზიას მთლიანად. მთელ არხს, რომელიც მთელ საქართველოს ფარავს. მეორე არხი სახელმწიფო არხია და შემიძლია, მასზე ვისაუბრო. პოლიტიკურმა ძალებმა მხარი დაუჭირეს ჩემ ინიციატივას, რომ მეორე არხი სადისკუსიო კლუბად გადავაკეთოთ. დავიღალე პოლიტიკოსების პრეტენზიით, რომ მათ არ აქვთ ტელევიზიაში გამოსვლის საშუალება".
ეს განცხადება, რომელშიც პრეზიდენტს შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ფორმულირებაში შეედავო, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ნოემბერში გააკეთა. ორი წლის შემდეგ "პრეზიდენტის საჩუქარი" ეთერშია.
მეორე არხი, რომელიც 25 თებერვლიდან მთლიანად პოლიტიკურ არხად გადაკეთდა, დღეს ტელევიზიის შენობაში ორ ოთახს იკავებს და მხოლოდ თბილისსა და მის შემოგარენში მაუწყებლობს. ამ არხს არ აქვს საკუთარი ტექნიკური ბაზა. პროდიუსერები კი ამბობენ, რომ გადაცემების ბადე არ არსებობს, რადგან არხს ჯერ არ აქვს განსაზღვრული ბიუჯეტი.
22 თებერვალს 13 პოლიტიკურ პარტიასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას შორის მემორანდუმი გაფორმდა, სადაც პუნქტებადაა გაწერილი, თუ რა ფორმისა და შინაარსის უნდა იყოს მეორე არხის ის გადაცემები, რომელშიც მემორანდუმზე ხელისმომწერი პოლიტიკური პარტიები მიიღებენ მონაწილეობას.
აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელშეწყობით მომზადებული მემორანდუმი ამბობს, რომ მეორე არხი, ტრადიციულად, საპარლამენტო სხდომებსა და საკომიტეტო მოსმენებს პირდაპირ ეთერში გადასცემს; ასევე, პირდაპირი ეთერით კვირაში ერთხელ აუცილებლად გავა პოლიტიკური დებატები. საღამოს ამ განხილვების შემოკლებულ ვერსიას გაიმეორებენ. სასესიო კვირას განხილვის საგანი ის კანონპროექტები იქნება, რომლებიც პარლამენტში განიხილება, ხოლო არასასესიო კვირა სხვა პოლიტიკურ თემაზე დებატებს დაეთმობა.
მემორანდუმში მკაცრადაა განსაზღვრული, რომ დებატებში მონაწილეობა როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ.
ყოველ საღამოს კი, მეორე არხის პრაიმთაიმში 22.00-დან 23.00-მდე ერთი საათი მთლიანად დაეთმობა მემორანდუმზე ხელმომწერ 13 პოლიტიკურ პარტიას. გადაცემა "თავისუფალი ტრიბუნა" სრულიად თავისუფალი იქნება სარედაქციო ჩარევისგან.
ახლად გარემონტებულ, საღებავების სუნით გაჟღენთილ სტუდიაში არხის პროდიუსერები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები "თავისუფალი ტრიბუნის" ფორმატზე უკვე დავობენ.
ირაკლი ალასანიას პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ვაკო ავალიანი ამბობს, რომ ერთსაათიან გადაცემას გამზადებულს მიიტანს. კონსერვატორებმა და კიდევ სამმა პარტიამ სტუდია "მონიტორის" საგამოძიებო ფილმის ჩვენება გადაწყვიტეს. გია თორთლაძემ კი თავად გადაწყვიტა გადაცემას გაძღოლოდა და სტუდიაში, რომელიც მთელი ერთი საათი მის განკარგულებაში იყო, სტუმრები მიიწვია.
მეორე არხის მთავარი პროდიუსერი დოდო შონავა ამბობს, რომ 2009 წლის თებერვალში საზოგადოებრივ მაუწყებელში იმ მიზეზით დაბრუნდა, რომ საპარლამენტო არხის კონცეფციის შემუშავება დაავალეს. მისი თქმით, ოპოზიციის გაზაფხულის აქციებმა მემორანდუმის შემუშავების პროცესი შეაფერხა.
2009 წლის ივლისში პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას კიდევ ერთხელ ახსენა მეორე არხი: "ვთხოვ პარლამენტს, სექტემბრის ბოლომდე, ყველა პროცედურა დაასრულოს, იმისათვის, რომ მეორე არხთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივა განხორციელდეს". ახალი მეორე არხის შექმნა მან მის მიერ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებს მიათვალა.
მემორანდუმის განხილვა მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში განახლდა.
მართალია, NDI-ის ოფისში 13-მა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, თუმცა ბევრი მათგანი ამ მემორანდუმით უკმაყოფილოა. ნაცვლად მოთხოვნილი თავისუფალი ხუთსაათიანი ეთერისა, მათ მხოლოდ ერთი საათი გამოუყვეს. არხის ეთერს "ნაციონალური მოძრაობა", საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია თანაბრად გაიყოფს. თითო პარტიას თვეში ორი საეთერო საათი ეკუთვნის.
არხის პროდიუსერებს იმედი აქვთ, რომ მეორე არხზე რაიმე სახის ჟურნალისტური პროდუქტიც გავა. ისინი ამზადებენ ყოველდღიურ თოქ შოუს "არგუმენტის დრო", სადაც სტუდიაში მოწვეული აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები წამყვანისა და მოწვეული ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ. თუმცა, დაუგეგმავი ბიუჯეტის პირობებში, გავა თუ არა ეს გადაცემა ეთერში, არავინ იცის.
არხის ხელმძღვანელები ამჟამად რამდენიმე დაგეგმილი გადაცემისთვისაც არჩევენ წამყვანებს, თუმცა დანამდვილებით როდის ჩაუშვებენ ამ პროექტებს ეთერში, ვერ ამბობენ.
მემორანდუმი არ ავალდებულებს მეორე არხს, გააშუქოს ოპოზიციის მიერ მოწყობილი აქციები და არც იმაზე ამბობს რამეს, იმ შემთხვევაში, თუ არხმა რომელიმე მოთხოვნა არ შეასრულა, პასუხს რით აგებს.
"მემორანდუმი უნდა შესრულდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმეს ვჩუქნით ამ არხს, ეს არის არხი, რომელიც თავის ფუნქციას მემორანდუმის მიხედვით განახორციელებს", - აღნიშნავს ჭანტურია.
საქართველოს გზა, რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, ახალი მემარჯვენეები, ქალთა პარტია, ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო და ლეიბორისტები - ამ პარტიებმა მემორანდუმზე ხელი არ მოაწერეს.
"ხელისუფლება დემოკრატიულობის "მირაჟის" შექმნას და ამ "დათმობით" მედიაში მნიშვნელოვანი პრობლემის გადაფარვას ცდილობს. არ ვაპირებთ, რომ ამ თემაზე "დავახურდავოთ" მედიის პრობლემები. ვითხოვთ მედიის გათავისუფლებას პოლიტიკური ტერორისგან და პოლიტიკური ცენზურისგან", - ამბობს რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი.
"იტყვიან, რომ ოპოზიციისთვის ღიაა ერთი არხი, რეალურად კი ეს არხი ვერ შეძლებს იმ საინფორმაციო ნაკადის დაბალანსებას, რომელიც თუნდაც საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემებიდან მოდის, თავი რომ დავანებოთ ხელისუფლებაზე მომუშავე სხვა ტელევიზიებს", - მიიჩნევს ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე.
სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი ლევან გახელაძე პოლიტიკური პარტიებისთვის საეთერო ნაწილის გადაცემას საქართველოში შექმნილი პოლიტიკური პროცესების თავისებურებით ხსნის. "ბიბისი-ზე ეს არ ხდება იმიტომ, რომ იქ არ არსებობს არასაპარლამენტო ოპოზიციის ცნება, იქ პოლიტიკური პროცესი მთლიანად პარლამენტშია გადატანილი. მეორე არხი უნდა შეიკრას იდეურად, რომ პოლიტიკური პროცესი იქნას გადატანილი ამ არხზე", - ამბობს ლევან გახელაძე და ამატებს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საქართველო ამგვარი მაუწყებლობის ტიპით პიონერია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ მეორე არხის მთავარი ფუნქციაა, პოლიტიკური პარტიებისთვის მოსახლეობასთან უკეთესი კომუნიკაციის საშუალების მიცემა. "სწორედ ეს არის დემოკრატია, როდესაც პოლიტიკოსებს აქვთ მოსახლეობასთან ურთიერთობის საშუალება და მოსახლეობას აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება", - ამბობს დავით ბაქრაძე.
პოლიტიკური პარტიებისთვის მეორე არხის ეთერის დათმობის ერთ-ერთი მიზეზი თავად ოპოზიციის პროტესტი გახდა. "ჩვენს სარედაქციო ბადეში ცვლილებების შეტანა იმ აქციების შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აქ სირცხვილის დერეფნებში გვატარეს. მოდიოდა ბრალდებები, რომ ჩვენ ვცვლით მათ სათქმელს. მაშინ გადავდგით ეს ნაბიჯი. მხოლოდ ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მე ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი", - ამბობს დოდო შონავა.
მეორე არხის პროდიუსერების თქმით, საპარლამენტო არხად გადაკეთება ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ამაღლებას ისახავდა მიზნად. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად მათ საპარლამენტო ტელევიზიების უცხოური ანალოგების - ამერიკული C-SPAN-ის, BBC PARLIAMENთ-ისა და გერმანული FENIX-ის გათვალისწინებით მოამზადეს კონცეფცია.
ამერიკული C-SPAN პროგრამული ბადის ძირითად ნაწილს აშშ-ს კონგრესისა და სენატის სხდომების და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების ტრანსლაციას უთმობს.
პირდაპირ ეთერს მეორე არხი დღესაც უთმობს პარლამენტის სხდომებს, მაგრამ მას იმდენად ცოტა მაყურებელი ჰყავს, რომ საერთო სატელევიზიო რეიტინგებში „მეორე არხი" დღემდე საერთოდ ვერ ხვდებოდა. საღამოს 10-დან 11 საათამდე, სწორედ იმ დროს, რასაც ახალი პოლიტიკური არხი ოპოზიციას „ჩუქნის", ტელემაყურებლების 70%-ზე მეტი ნაციონალურ არხებს უყურებს (მაგალითისთვის, 18 თებერვლის მონაცემებით, პრაიმ-ტაიმში მაყურებელი ასე განაწილდა: "რუსთავი2" - 34%; "იმედი" - 38%; პირველი არხი - 4%). მაყურებელთა დარჩენილი 25% კი ქართულ საკაბელო და უცხოურ არხებზეა გადანაწილებული. საკაბელო ქართული არხების - „კავკასიისა" და „მაესტროს" მაქსიმალური რეიტინგი, ამავე მონაცემებით, 4-5%-ია.
არასაპარლამენტო ოპოზიცია, დიდი ხანია, ლაპარაკობს მედია გაშუქების არათანაბარ პირობებზე და იმ პრობლემებზე, რომელთაც ეს მათ არჩევნების წინ უქმნით - ოპოზიციური პარტიების პროგრამები და მათი ლიდერების განცხადებები, მათივე თქმით, არასაკმარისად, ან ხშირად არასწორი ინტერპრეტაციით ვრცელდება. საკაბელო არხები კი, ცხადია, ვერ ახერხებენ ნაციონალური მაუწყებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის სრულფასოვნად დაბალანსებას. იმისათვის, რომ ახალი ტრიბუნა - „მეორე არხი" - ოპოზიციამ ეფექტურად გამოიყენოს, მხოლოდ მათი მონდომება არ კმარა. თუ არხს დანარჩენი 23 საათის განმავლობაში მაყურებელი არ ეყოლება, დიდი შანსია, მას არც საღამოს 10-დან 11-საათამდე უყუროს ვინმემ. აუდიტორიის უდიდეს ნაწილს კი ოპოზიციის აქტივობის შესახებ საკუთარ ვერსიას ამ არჩევნების წინაც სახელისუფლებო არხები მიაწვდიან.
კომენტარები
ახალი კომენტარის გამოქვეყნება